ქართული საგალობლის საიდუმლო… - კვირის პალიტრა

ქართული საგალობლის საიდუმლო…

უნიკალური ქართული გალობა საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ყალიბდებოდა. ძმები კარბელაშვილები, ფილიმონ ქორიძე, არტემ ერქომაიშვილი... - ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შთამომავლობას შეუნარჩუნეს და გადასცეს ქართული გალობის განუმეორებელი ხიბლი, თუმცა ამ საქმეს მოამაგენი დღესაც ჰყავს.

ჩვენი სტუმარია მალხაზ ერქვანიძე, რომელმაც ჯერ კიდევ 1988 წელს, ანჩისხატის ტაძარში ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც მივიწყებულ ქართულ საგალობლებს ასრულებდა. ამჟამად ის მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტია:

- ბატონო მალხაზ, გალობას მართლმადიდებლურ ეკლესიაში  განსაკუთრებული დატვირთვა აქვს...

- გალობა წირვა-ლოცვის განუყოფელი ნაწილია, ხშირად მას "ცად აღმყვანებელსაც" უწოდებენ. გალობა, ეს არის უფლის სადიდებლად აღვლენილი ლოცვა, რომელმაც ადამიანში რელიგიური გრძნობები უნდა გააღვივოს. მეფის რუსეთის დროს და შემდეგაც - კომუნისტების ბატონობისას, ძველი ქართული გალობის ტრადიციები დაიკარგა და მის  აღდგენას მრავალი წელი დასჭირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ტრადიციები შენარჩუნდა და დღემდე მოვიდა.

- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი კარგი მგალობელი გახდეს?

- ამ საქმეს ძალიან დიდი რწმენა და თავდადება სჭირდება. პირველ რიგში მგალობელი სახარებას უნდა კითხულობდეს, ეკლესიურ სწავლებას კარგად უნდა იცნობდეს და ასრულებდეს. ამ საქმეს განსაკუთრებული გულმოდგინება და ქრისტიანული სული სჭირდება, რადგან რწმენის გარეშე შენს ლოცვას უფალი არ შეიწირავს. შეიძლება ტექნიკური თვალსაზრისით ზუსტად, შეუცდომლად იგალობო, მაგრამ თუ მთელი სულითა და გულით არ გალობ, ეს ის არ იქნება, რაც უნდა იყოს. მგალობელს იმპროვიზაციის ნიჭი და უნარიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ  სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, თუ ეს საქმე მართლა არ უყვარს. რწმენის, შრომისა და ჯაფის გარეშე მგალობლად ვერავინ ჩამოყალიბდება. ამის დასტურად უნდა გავიხსენო საკმაოდ ცნობილი მაგალითი: იყო ასეთი ბერი, რომელსაც რომანოზ ტკბილად მგალობელი უწოდეს. მას სმენა საერთოდ არ ჰქონდა და როდესაც გალობას იწყებდა, ყველა სთხოვდა გაჩუმებულიყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც, ბერი კი თავისას არ იშლიდა. ბოლოს, რომანოზმა უფალს შესთხოვა, რომ მისთვის გალობის ნიჭი მიეცა, მართლაც, ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება, რის შემდეგაც იმდენად ლამაზად ასრულებდა საგალობლებს, რომ რომანოზ ტკბილად მგალობელი დაარქვეს.

- თქვენ როგორ დაინტერესდით ქართული გალობით?

- მე ჯერ ეკლესიაში მოვედი და მერე ჩავერთე ამ საქმეში, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება: იგებენ, რომ ამა თუ იმ ტაძარში კარგად გალობენ და მოსასმენად მოდიან, ჯერ საგალობლებით იხიბლებიან და ამის შემდეგ იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას. საბედნიეროდ, ქართულმა საგალობლებმა ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანა ეკლესიაში.

- ბატონო მალხაზ, ძალიან ბევრ ტაძარში საგალობლებს მანდილოსნები ასრულებენ, თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ მგალობლები მამაკაცები უნდა იყონ. თქვენ რა აზრისა ხართ ამ საკითხზე?

- საერთოდ, გალობა მამაკაცის საქმეა, ასეა დადგენილი ეკლესიური კანონებით. მე ვფიქრობ, რომ კაცმა კაცის საქმე უნდა აკეთოს, ქალმა კი - ქალისა. თუმცა, დღეს ძალიან ბევრ ტაძარში გალობენ მანდილოსნებიც, ვინაიდან ისინი უფრო აქტიურობენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველმა ქალებმა ამ საქმეშიც გვაჯობეს ინტერესით, თავდადებითა და მონდომებით, თუმცა აქ სხვა მიზეზიც არსებობს…- საერთოდ, გალობა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. როდესაც კაცი საათობით დგას ტაძარში და გალობს, მას შესაბამისი ხელშეწყობაც უნდა ჰქონდეს. როდესაც ადამიანს ოჯახი და შვილები ჰყავს, ბუნებრივია, ვერ შეძლებს, რომ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე იშრომოს, ჩვენ კი სწორედ ასე ვაკეთებთ ჩვენს საქმეს.

- ესე იგი, დღეს ქართულ გალობას მხარდამჭერი და დამფინანსებელი არა ჰყავს?

- სამწუხაროდ, ამ საკითხშიც მატერიალისტები გავხდით, მხოლოდ იმას ვაფასებთ, რაც ჩანს და რასაც თვალით ვხედავთ. ტაძრებს აგებენ იმიტომ, რომ ტაძარი ჩანს და ხელშესახებია, მაგრამ ქართულ გალობასაც ხომ სჭირდება პატრონი და ქომაგი? ძალიან ნიჭიერი, კარგი ახალგაზრდები წამოვიდნენ, ბევრი მათგანისაგან შეიძლება ქართული გალობის საუკეთესო სპეციალისტი ჩამოყალიბდეს, მაგრამ თუ მატერიალური ხელშეწყობაც არ ექნებათ, ეს ახალგაზრდები წავლენ და თავიანთ ნიჭს სულ სხვა საქმეს მოახმარენ. სამწუხაროდ, ამაზე არ ფიქრობს ხალხი, ვისაც მატერიალური საშუალება აქვს, რომ ქართული გალობის მომავალზე იზრუნოს. იმედია, ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ვინმეს მაინც გაუჩნდება სურვილი, რომ ქართულ გალობას მიხედოს!

- ბატონო მალხაზ, ამ რამდენიმე წლის წინ სერიოზული დაპირისპირება იყო ბერძნული და ქართული გალობის მომხრეთა შორის. რატომ მოხდა ასეთი რამ?

- ეს დაპირისპირება ახლაც არსებობს. ალბათ ეს ადამიანის ბუნების ბრალიცაა. ცნობილია, რომ ამერიკელებს არა აქვთ თავისი საეკლესიო მუსიკა, ამიტომ იქ არის ასეთი ტრადიცია: უცხო ჰანგებს დაადებენ თავიანთ ტექსტებს და ასე ასრულებენ. ეს სავსებით მისაღები და გასაგებია, როცა არა გაქვს შენი, ტრადიციული მუსიკა, მაგრამ როცა გაქვს, რაში უნდა დაგჭირდეს სხვისი მუსიკის გამოყენება? ქართული პოლიფონია მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც უნიკალური მოვლენა. როდესაც შენი მუსიკა სხვასთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგას, რატომ გინდა სხვას მიბაძო?! საქართველოში ბერძნული გალობის დამკვიდრების მცდელობა, ეს არის აბსურდი, უფრო მეტიც, ეს - უგუნურებაა. აბა ერთი შევთავაზოთ ბერძნებს, რომ ქართული გალობა დაამკვიდრონ თავიანთ ეკლესიებში, რამხელა სკანდალი მოჰყვება ამას!

საქართველოში უნდა ისმოდეს ის ღვთივსულიერი გალობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისმოდა, მგონი ეს არც ქართულ ეკლესიას ავნებს და არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)