საშიში "წინასწარმეტყველება": „მშვიდობის საბჭო" ერთდროულად აბსურდულიც არის და სახიფათოც“ - The Independent - კვირის პალიტრა

საშიში "წინასწარმეტყველება": „მშვიდობის საბჭო" ერთდროულად აბსურდულიც არის და - სახიფათოც“ - The Independent

დონალდ ტრამპის ახალი წამოწყება ყველაზე აშკარა ნიშანია მისი ექსპანსიურ-ინტერვენციონისტური განზრახვებისა და როგორი უცნაურებიც უნდა იყვნენ ისინი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ“, - წერს გაზეთ „ინდეფენდენტის“ (The Independent) საერთაშორისო კორესპონდენტი ბელ ტრიუ სტატიაში სათაურით: „ჩვენ პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ, რასაც მოვისურვებთ - დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭო" ერთდროულად აბსურდულიც არის და სახიფათოც“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ჩვენ ვაპირებთ მთელ მსოფლიოში მშვიდობა დავამყაროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თავისი „მშვიდობის საბჭოს“ გახსნისას დავოსში (შვეიცარია), 19 ქვეყნის ლიდერების თანდასწრებით.

სცენაზე მყოფი ფიგურები, რომლებიც გარკვეულ უხერხულობას გრძნობდნენ, ერთი შეხედვითაც მრავლისმეტყველნი ჩანდნენ. მათ შორის იყვნენ უნგრეთის ავტორიტარული პრემიერი ვიქტორ ორბანი, ასევე, აშშ-ის ტრადიციული და ძლიერი მომხრეები ნატოში და ევროპაში.

თუმცა - ყველა არა: დიდი ბრიტანეთი, მაგალითად, ჯერჯერობით თავს იკავებს - ლონდონი უკმაყოფილოა „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთის მიწვევით.

ბევრი მათგანი, ალბათ, შეშფოთებულია დონალდ ტრამპის არაერთგზის განცხადებებით, რომელთა თანახმად, მას იმდენი დამსახურება აქვს, რომ არავინ არაფერი უნდა თქვას, თუ იგი გრენლანდიას დაეპატრონება (ან ისლანდიას, როგორც ხშირად იმეორებდა). თუ აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ მოქმედებას გააგრძელებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის შეიძლება ომიც ატყდეს ანუ ნატო თავის 77-წლიან არსებობას დაასრულებს.

მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი.

მისთვის დამახასიათებელი არეულ-დარეული, სუმბურული ლაპარაკით, დონალდ ტრამპმა მიზანში გაერო ამოიღო, გააკრიტიკა, არაფრის გამკეთებელი არისო და საკუთარ თავს მიულოცა, რომ მან, თვითონ, მარტოდმარტომ, რამდენიმე ომი დაასრულა. გარდა ამისა, ყველას აცნობა, რომ დაიწყო „მშვენიერი, მუდმივი და დიდებული მშვიდობიანი პერიოდი“.

დონალდ ტრამპმა მის ირგვლივ შეკრებილ ლიდერებს - აზერბაიჯანიდან პარაგვაიმდე - მიმართა: „თქვენ ყველაზე უძლიერესი ადამიანები ხართ მსოფლიოში“. შემდეგ კი დაამატა: „ჩვენ, პრაქტიკულად, ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ, რასაც მოვისურვებთ“.

სწორედ ეს იწვევს შეშფოთებას.

არის იმის შიში, რომ ამ კლუბს ანუ „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზის სექტორში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის გასაკონტროლებლად შეიქმნა, იმდენად ფართო წესდება აქვს, რომ შეიძლება გაეროს ტოლფასი, მისი ეკვივალენტიც კი იყოს. დონალდ ტრამპი დიდი ხანია, ცდილობს გაეროს ჩანაცვლებას - საერთაშორისო უნივერსალურ ინსტიტუტს, რომელიც სძულს და სიძულვილს არც მალავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საბჭო“ გაეროს გარკვეულ ფუნქციებს შეითავსებს და ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ორგანიზაციას აშშ-ის პრეზიდენტი მოძველებულად გამოაცხადებს (თუმცა მან მოგვიანებით თქვა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობა გაეროსთან ერთად განხორციელდებაო).

მიწვევა საბჭოში გაწევრების მიზნით დაეგზავნა მსოფლიოს 60 ქვეყნის ლიდერს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც, რის გამოც დიდი ბრიტანეთი უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ საბჭოს წევრობისაგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს და სიტუაციას დააკვირდება.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ საბჭოს დამატებითი აბსურდულობა შესძინა - „მზად ვარ, საბჭოს მუდმივი წევრი გავხდე, ამისთვის კი მილიარდ დოლარს რუსეთის იმ ფინანსური აქტივებიდან გადავიხდი, რომელიც აშშ-ში არის გაყინული", უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

დიპლომატები კულისებს მიღმა ლაპარაკობენ და შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ეს კლუბი, რომლის თავმჯდომარე დონალდ ტრამპია, როგორც ჩანს, უვადო იქნება, რათა აშშ-ის ლიდერმა თავის ხელში მოიქციოს საერთაშორისო გლობალური გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. (პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგაც).

როგორც მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციებიდან ჩანს, საბჭოს წესდებით, დონალდ ტრამპს უფლება ექნება, წევრები დანიშნოს და გაათავისუფლოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წევრთა ორი მესამედი კანდიდატურას მოიწონებს ან ვეტოს დაადებს.

უპასუხოდ რჩება კითხვები, სად იქნება „მშვიდობის საბჭოს“ შტაბ-ბინა, როგორი იქნება მისი სამართლებრივი სტატუსი და ის, თუ რა გავლენას მოახდენს საბჭოს გადაწყვეტილებები სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების, იგივე გაეროს მუშაობაზე.

ნიშანდობლივია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საჯაროდ მოაწერეს ხელი „მშვიდობის საბჭოს“ დაფუძნებას, აღმოჩნდა კატარიც, საუდის არაბეთიც, იორდანიაც, თურქეთიც და არაბთა გაერთიანებული საემიროებიც. ამ ქვეყნებმა - ყველამ იცის, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც შეუძლია, ისრაელს ღაზისა და, საერთოდ, პალესტინის შესახებ ნებისმიერი ზავის პირობების შესრულება აიძულოს.

სხვა ქვეყნები - ისეთები, როგორებიცაა მაროკო, უზბეკეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი, ალბათ, წევრობაზე მოტივირებულები არიან იმით, რომ რაღაც გარკვეულ, მაგრამ შეზღუდული გავლენებისათვის ბერკეტებს მიიღებენ.

როგორც ტელეარხ „ალ ჯაზირას“ უთხრა დოქტორმა ანდრეას კრიგმა, ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, „საბჭოს წევრობა ბევრი ქვეყნის ლიდერისათვის თეთრ სახლთან პირდაპირი კავშირით უზრუნველყოფას ნიშნავს“ და ისინი თავს იზღვევენ სამომავლოდ, რომ „საბჭოდან არ გარიცხავენ“. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა არგენტინა, რომელმაც ხელი მოაწერა წესდებას, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დონალდ ტრამპის ყურადღებას იმსახურებს, ე.წ. დონროს დოქტრინის საფუძველზე. როგორც ცნობილია, დოქტრინა მიმართულია აშშ-ის გავლენის გასაძლიერებლად, დასავლეთ ნახევარსფეროში ანუ, როგორც თვითონ ტრამპი თვლის, აშშ-ის „უკანა ეზოში“.

ასევე დაგაინტერესებთ: გაეროს დასასრულის დასაწყისი?! - ყველაფერი ტრამპის "მშვიდობის საბჭოზე", რომელში გაწევრებაც მილიარდი დოლარი ღირს

სკანდალური სტატია: „ნარკომანებითა და მოხუცი ჯარისკაცებით სავსე ბრიტანეთის არმია? მე არასოდეს თავი ასე დაუცველად არ მიგრძნია“ - The Daily Telegraph

ზელენსკი ტიმოშენკოს დაიჭერს?! - ახალი კორუფციული სკანდალი უკრაინაში: დეპუტატების მოქრთამვის საქმე

"2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

დიდი დრო არ გასულა იმ დღიდან, როცა დონალდ ტრამპმა კარაკასი დაბომბა და ვენესუელის ლიდერი გაიტაცა, როცა კოლუმბიისა და კუბის ლიდერებს დაემუქრა და კვლავ განაცხადა დაინტერესება პანამის არხის მიმართ. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ჰავიერ მილეის არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გასული წლის ოქტომბერში, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს იგი იმავე მილეის მიმართ - აშშ-ის პრეზიდენტი უსისტემოდ მოქმედებს, მისი ყურადღება შეზღუდულია, ხოლო ქცევა - უპროგნოზო.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე ათეულობით ქვეყანამ ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ ხელშეკრულებას (წესდებას). მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პრემიერს ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა არ მიუღია, საბჭოს წევრი, ალბათ, ისიც იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ზოგიერთ ლიდერი გეგმავს, საბჭოს წევრი გახდეს, მაგრამ მათი წევრობისათვის პარლამენტის დასტურია საჭირო, ხოლო იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიწვეულნი არ იყვნენ, ითხოვეს, რომ ნება მისცენ საბჭოს შეუერთდნენ.

გაურკვეველი რჩება, რისი მიღწევა სურს დონალდ ტრამპს, როცა ისეთ საკვანძო დაინტერესებულ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა, ჩინეთი, კანადა, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ჯერ ან არავითარი ვალდებულება არ აუღიათ საკუთარ თავზე, ან უკვე თქვეს „არა“.

თუმცა, რაც უნდა მოხდეს, მრავალწევრიანი საბჭოს შექმნა ყველაზე დამარწმუნებელი მოწმობაა იმისა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში, რომლის დროსაც ახორციელებს ლოზუნგს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და იზოლაციონიზმის დემონსტრირებას ახდენს, სინამდვილეში ამბიციურ ინტერნაციონალისტად უნდა ჩაითვალოს.

დონალდ ტრამპი ექსპანსიონისტია, იმ ბიზნესმენის აზროვნებით, რომელიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო