"ზვიად გამსახურდიამ ქართული ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმომცა და დამავალა, დამემოწმებინა მათი უშიშროების აგენტობა" - როგორ უახლოვდებოდა სა - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიამ ქართველი ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმომცა და დამავალა, დამემოწმებინა მათი უშიშროების აგენტობა" - როგორ უახლოვდებოდა საქართველოს დიდი უბედურება

ბლოგის წინა სტატიის გამოსვლის შემდეგ ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ის მოვლენები ახსოვდა ან გარკვეული შეხება ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან. მათ შორის რამდენიმე ჩემი კოლეგა-მეგობარი იყო, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე -უშიშროების სისტემიდან. ძალზე ბევრი საინტერესო წვრილმანი/ნიუანსი დაზუსტდა და ახალი გარემოებებიც გაირკვა. თუმცა ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ.

გავიხსენოთ, თუ რა ენით აღუწერელი ეიფორია სუფევდა საქართველოში 1990 წლის ბოლოს, როდესაც ახდა დიდი ხნის ოცნება და ქვეყნის სათავეში დემოკრატიულად არჩეული ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. სამწუხაროდ, 1991 წელი მათი მმართველობის ერთადერთი სრული წელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ეს წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია (მაშინ საბჭოთა კავშირის/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებულმა სამოქალაქო ომმა ბიძგი მისცა დამანგრეველ პროცესებს, რომლებმაც ათწლეულით უკან დასწია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება). სამწუხაროდ, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უშიშროების სისტემას არ ენდობოდა და მის საპირწონედ შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლიერებდა.

1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" ფრაქციის დეპუტატი დილარ ხაბულიანი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე 1992 წლის 5 იანვრამდე იმუშავა. თუმცა ბოლოს მანაც პირველი პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურა. ზ. გამსახურდია „ავტობიოგრაფიაში“ აღნიშნავდა: „პირველი სხდომა შედგა 1990 წლის 14 ნოემბერს, რომელმაც თითქმის ერთხმად ამირჩია საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. ჩემი ხელმძღვანელობით პარლამენტმა დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოში... კრემლის რეაქცია უსისხლო რევოლუციაზე, საქართველოში კომუნისტური მმართველობის დასრულებაზე, უკიდურესად უარყოფითი იყო. გორბაჩოვის მხრიდან ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მუქარა გახშირდა, მოსკოვი განსაკუთრებით შეაშფოთა კგბ-ს ფაქტობრივმა გაუქმებამ, ცენტრისთვის საიმედო პერსონალის მოხსნამ და, ასევე, ახალმა დანიშვნებმა... რესპუბლიკის მილიცია სულ უფრო და უფრო პასიურობდა და არ იღებდა ზომებს პუტჩისტების დანაშაულებრივი ქმედებების ჩასახშობად, რადგან მათთან ფარულად იყო დაკავშირებული და ეხმარებოდა შს მინისტრი ხაბულიანი და შსს-ს მთელი ხელმძღვანელობა... 1991 წლის 27 დეკემბერს სატელევიზიო ანძის დამცველმა გვარდიელებმა, ბ. ქუთათელაძის მეთაურობით, პრეზიდენტს უღალატეს და ტელეანძა პუტჩისტებს გადასცეს“.

აქ ერთი ლოგიკური კითხვა უნდა დაისვას: ვინ არჩევდა და ნიშნავდა ამ პიროვნებებს (თუნდაც თენგიზ კიტოვანსა და დილარ ხაბულიანს)? რა თქმა უნდა - თავად გამსახურდია!

dilar-xabuliani-zviad-gamsaxurdia-da-tengiz-kitovani-1769151712.jpg

დილარ ხაბულიანი, ზვიად გამსახურდია და თენგიზ კიტოვანი

თუმცა 1991 წლის მაისის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატის, ვ. ადვაძის პირადი დაცვის ოთხი წევრის დადგენა-დაკავება ზვიად გამსახურდიამ სწორედ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, დილარ ხაბულიანს დაავალა. როგორც ცნობილია, 13 მაისს ეს პირები დააკავეს და მათი დოკუმენტებით დადგინდა, რომ ოფიციალურად ისინი საბჭოთა კავშირის შსს-ს ოფიცრები იყვნენ. იმავე დღეს დილარ ხაბულიანმა „მრისხანე“ მიმართვა გაუგზავნა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ბ. პუგოს. ამჟამად ძნელია ზუსტად თქმა, თუ ვინ მოიფიქრა და ვისი ინიციატივა იყო ან ამ ტექსტის შედგენა, ან საბჭოთა იმპერიის ერთგული დარაჯის, შემდგომში გე-კა-ჩე-პეს წევრის, ბორის პუგოსთვის გაგზავნა. „მიმართვის“ ტექსტს ქვემოთ გთავაზობთ:

„ამა წლის მაისის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა თქვენი სამინისტროს ოთხი შეიარაღებული თანამშრომელი: 1. ჯგუფის უფროსი, მილიციის მაიორი მიხეილ პეტრეს ძე მაქსიმოვი, პირადობის მოწმობა No 12268; 2. მილიციის უფროსი ლეიტენანტი ვალერი ვლადიმერის ძე კანაკინი, პირადობის მოწმობა No 12257; 3. მილიციის ლეიტენანტი ალექსანდრე ვლადიმერის ძე იურინი, პირადობის მოწმობა No 12345; 4. მილიციის ლეიტენანტი სერგეი ვიქტორის ძე პრიდიუსი, პირადობის მოწმობა No 15355, რომელნიც თქვენი დაწესებულების სახელის აღნიშვნებით, დაუდგენელ საქმიანობას ეწეოდნენ ქალაქში. ბოლოს ჩვენ მივაკვლიეთ მათ საცხოვრებელს, რომელიც მდებარეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, პრეზიდიუმის კანდიდატის ვ. ადვაძის საარჩევნო შტაბ-ბინაში. ისინი არ დაემორჩილნენ ჩვენს მოწოდებას, წაგვყოლოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, პიროვნების დასადგენად, ხოლო მათმა ნაცნობმა ადგილობრივმა პირებმა ფიზიკური წინააღმდეგობაც კი გაგვიწიეს. აღნიშნული პირები იძულების წესით იქნენ წარმოდგენილნი რესპუბლიკის პროკურატურაში, მათ აღმოაჩნდათ იარაღი.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით გთხოვთ გაგვცეთ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

1. ვისი გადაწყვეტილებით ან მითითებით მოავლინეს საქართველოში თქვენი სამინისტროს ზემოხსენებული თანამშრომლები, იცოდით თუ არა თქვენ მათი მივლინების შესახებ და თუ იცოდით, რატომ არ შეატყობინა თქვენმა სამინისტრომ ჩვენს სამინისტროს ამ მივლინების შესახებ?

2. რატომ არ გამოცხადდნენ ხსენებული პირები საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში და არ წარმოადგინეს იქ თავიანთი მივლინების ქაღალდი?

3. არსებობს თუ არა მოსკოვის სამძებრო განყოფილებასთან („მურთან“) რაიმე კოოპერატივი, რომელიც ემსახურება კერძო პირების დაცვას, და თუ არსებობს, გააფორმა თუ არა მან მოქ. ვ. ადვაძესთან რაიმე ხელშეკრულება მისი პირადი დაცვის თაობაზე? სად არის ხელშეკრულების დედანი ან ასლი?

4. მოსკოვის სამძებროს („მურის“) უფროსის განცხადებით, ზემოხსენებული თანამშრომლები გამოითხოვა საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისცა მათ დავალება, რომლის შესახებაც თვით „მურის“ უფროსმაც არაფერი იცოდა. რამდენად შეესაბამება ასეთი მტკიცება სინამდვილეს?

5. ხსენებული თანამშრომლების თქმით, მოქ. ვ. ადვაძე მათთან დააკავშირა შუამავალმა, რომლის ვინაობასაც ისინი არ ამხელენ. არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ამ პიროვნების ვინაობა?

6. რამდენადაც პირველ დღეს მოსკოვის „მურის“ მორიგემ ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელს ტელეფონით განუცხადა, რომ ასეთი თანამშრომლები საერთოდ არ ირიცხებიან საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხომ არ არიან ისინი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, რომელნიც ოპერატიული მოსაზრებებით ინიღბებიან „მურის“ ყალბი წიგნაკებით, რაც საკმაოდ ხშირია ამ ორგანიზაციის პრაქტიკაში?

7. გთხოვთ გვაცნობოთ, იცოდა თუ არა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ან სხვა ოფიციალურმა პირებმა ხსენებულ თანამშრომელთა საქართველოში მივლინების შესახებ?

რამდენადაც ხსენებულ პირთა უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გთხოვთ, მოავლინოთ საქართველოში თქვენი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლები, რომლებიც მოგვაწვდიან ამომწურავ ოფიციალურ ცნობებს ხსენებულ პირთა შესახებ“.

boris-pugo-1769151677.jpg

ლატვიის სსრ სუკის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ბორის პუგო

აღნიშნული ოფიციალური მიმართვა, რომელსაც უფრო დაკითხვის ფორმა ჰქონდა, მეორე დღეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაშიც“ გამოქვეყნდა. რისი ჩვენება უნდოდა საქართველოს ხელისუფლებას ან ამ მიმართვით, ან მისი საქვეყნოდ გამომზეურებით? განსაკუთრებით კომიკურია აღნიშნული მიმართვის მე-6 პუნქტი, სადაც პუგოს სთხოვენ გაამხილოს, ხომ არ იყვნენ დაკავებულები: „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, რომელნიც ოპერატიული მოსაზრებებით ინიღბებიან „მურის“ ყალბი წიგნაკებით“. გასაკვირია, როდესაც ბორის პუგოს ამუნათებდნენ: აბა, გვითხარი, დაკავებულები კა-გე-ბეს ოფიცრები ხომ არ არიანო? ნუთუ „მიმართვის“ ავტორებმა არ იცოდნენ, რომ წლების მანძილზე პუგო ლატვიის სსრ სუკ-ის თავმჯდომარე იყო, თავად იყენებდა ამ ხერხს, ახლა დილარ ხაბულიანს გაუხსნიდა გულს და საიდუმლო ინფორმაციას გაამჟავნებდა? სამწუხაროდ, იმ წლებში ძალზე ხშირი იყო ამგვარი პროვინციალური დილეტანტიზმის „ნავარდი“.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს დააინტერესებს, თუ როგორ იყო ჩართული ოთხი შეიარაღებული უცხო პირის დადგენა-დაკავების ოპერაციებში საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი? წესით და რიგით, ეს მისი (უპირველესად კონტრდაზვერვის) „გასამარგლი ბოსტანი“ იყო, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სუკი ამ მოვლენებში საერთოდ არ მონაწილეობდა. ამას კი ძველი და ახალი პიროვნულ-იდეოლოგიური მიზეზები გააჩნდა: პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სუკს არ ენდობოდა. 1990-1991 წლების დრამატული მოვლენები პირდაპირ და ძალზე უარყოფითად აისახა საქართველოს უშიშროების სისტემაზე. ამ მოვლენებში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დიდი უარყოფითი მუხტი შეიტანა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამაც: “სუკის” და “კრემლის აგენტების” ძახილმა, უშიშროების ორგანოების საქმიანობის ხელაღებულმა და მოუზომავმა განქიქებამ, ამ სისტემის ძველი, გამოცდილი თანამშრომლებიდან ეროვნული სულისკვეთების კადრების შეურჩევლობამ, ძირშივე მოსპო ახალი, ქართული სპეცსამსახურის შექმნის შანსი.

პირველი პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკა, სამწუხაროდ, მეტწილად არანაირ ობიექტურ კრიტერიუმებს არ ითვალისწინებდა, დიდი იყო კუთხურობისა და პიროვნული სიმპათია-ანტიპათიის გავლენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოსტებზე, კადრების შერჩევის დროს.

ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" კი წერს საქართველოს სსრ სუკი ფაქტიურად გავაუქმეო, თუმცა ეს სასურველის რეალობად წარმოდგენის მცდელობა უფროა. საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის არც სტრუქტურული რეფორმირება და არც საკადრო შემადგენლობის გადახალისება იმ პერიოდში არ მომხდარა! ზ. გამსახურდიას მხოლოდ სუკის აგენტების სიები აინტერესებდა და თანამდებობაზე დატოვებას ან დაწინაურებას იმათ ჰპირდებოდა, ვინც ამ სიებს მიუტანდა.

1990 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოს სუკის ხელმძღვანელი ტარიელ ლორთქიფანიძე იყო, შემდეგ კი - 1990 წლის ნოემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე უშიშროებაში სამი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (ოთარ ხატიაშვილი, თამაზ ნინუა და ანზორ მაისურაძე ) შეიცვალა. პროფესიონალიზმის სხვადასხვა დონე, საკუთარი კადრები… რა გასაკვირია, რომ ამ საკადრო ციებცხელებას კარგი არაფერი მოუტანია არც საქართველოს უშიშროების სისტემისათვის და არც თავად გამსახურდიასთვის. საქართველოს სუკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლები მხოლოდ რამდენიმე თვე თუ რჩებოდნენ პოსტზე. ბოლოს ანზორ მაისურაძე იყო მოვალეობის შემსრულებელი (1991 წლის 30 სექტემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე) და მას მოუწია საქართველოს პრეზიდენტის კაპრიზების შესრულება. ფაქტია, რომ გამსახურდია სუკის არც ერთ ხელმძღვანელს არ ენდობოდა და მათთან მუდმივ კონფრონტაციაში იყო.

zviad-gamsaxurdia-1769151642.jpg

ზვიად გამსახურდია მართლაც რომ ტრაგიკული პიროვნება იყო...

აი, რას იხსენებს გენერალი ანზორ მაისურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში (სტილი უცვლელია): „ერთხელ ცხონებულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამიძახა და ერთ-ერთ ადამიანზე მკითხა, - არ მითხრა, რომ ეს კაცი თქვენთან არ თანამშრომლობსო?

- რატომ მეკითხებით-მეთქი?

- იმიტომ, რომ შენზე ამბობენ, ყველაფერი იცისო.

დავუდასტურე, რომ იყო ჩვენთან, თანამშრომლობდა და მეორე დღესვე მივუტანე წერილობითი ინფორმაცია. წაიკითხა ყურადღებით. ვთხოვე, რომ არაფერი ეგრძნობინებინა იმ კაცისთვის, სპეცსამსახურებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, და თუ რაიმე აინტერესებდა, შეეძლო დაევალებინა, ისიც აუცილებლად შეუსრულებდა. მისაღებში რომ გამოვედი, აგერ არ დამხვდა ის კაცი?! გადამეხვია, გადამკოცნა...“

ა. მაისურაძე შემდეგ აცხადებს: „პრეზიდენტ გამსახურდიას ისიც ვუთხარი, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, გაქვთ უფლება, იცოდეთ, ვინ არის აგენტი, მაგრამ ამის გასაჯაროების უფლება თქვენც კი არ გაქვთო. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის, რათა უკეთ მართოს ქვეყანა, უკეთ შეარჩიოს კადრები. აგენტურა არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ეს ინსტიტუტი ქვეყნის შინაური თუ გარეშე მტრების გამოსავლენად და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად. სწორი და მართალი ხელისუფალი იქნება ის, ვინც ამ პრინციპს განახორციელებს“. თუმცა გამსახურდიასა და უშიშროების შეფს შორის ურთიერთობა მალევე სერიოზულად დაიძაბა. მაისურაძე იხსენებს: "პრეზიდენტმა გამსახურდიამ ქართული ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმომცა და დამავალა, დამემოწმებინა მათი უშიშროების აგენტობა... მე ვუპასუხე, რომ არც ერთი, ვინც იმ სიაში ეწერა, აგენტი არ იყო, რასაც დავადასტურებ ყოველთვის და ყველასთან. რომ ყოფილიყვნენ, არც იმას ვიტყოდი, რადგან ჩემი პროფესიონალიზმი და ღირსება ამის უფლებას არ მაძლევს. მითხრა, რომ ერთ კვირაში დაგირეკავ და შენი თანამდებობაზე ყოფნა და სამსახური შენს პასუხზე იქნება დამოკიდებულიო. ვუპასუხე, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ და თქვენი კაბინეტიდან პირდაპირ შინ მივდივარ-მეთქი. ერთი კვირის თავზე მირეკავს და მეუბნება, - შენ მე მატყუებ და ამიტომ სამსახურიდან გაგდებ! არ გამგდების-მეთქი...“

ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. კა-გე-ბე?" - რატომ იცავდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს რუსი მილიციელები?!

პუტინის კომპლექსები: "კაბლუკებზე" "შემხტარი" კრემლის ბინადარი, დაბულინგებული მერკელი და მთავარი კითხვა: უწოდა თუ არა სააკაშვილმა პუტინს "ლილიპუტინი"?!

დომინანტურად "ფეხებგაჩაჩხული" პუტინის 50 ელფერი: "რუსეთის დიქტატორის ბოტოქსიანი სახე კვლავ ჩანს ტელეეკრანზე. "ჩრდილოეთის მბრძანებელმა" "უკვდავების წამალი" რომ იშოვოს, სულ დავღუპულვართ და ეგაა"

ნადირობა პრეზიდენტებზე ამერიკულად - პროსაბჭოთა ირანელი პრემიერის დამხობა, ალიენდეს ტრაგიკული აღსასრული, მოუხელთებელი კასტრო და "მოპარული" მადურო

საბჭოთა იმპერიის რყევის დასაწყისშივე საქართველოს უშიშროების სისტემაში სამი ჯგუფი გამოიკვეთა: ერთნი, ძველი „ჩეკისტები“, საბჭოთა/რუსული იმპერიული პოლიტიკის უსიტყვო მხარდამჭერნი და „ცენტრის“ ერთგულნი რჩებოდნენ. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა იდეურად იყო მიუღებელი. მეორე ჯგუფი, - ძირითადად1983 წლის შემდეგ სისტემაში მოსული ახალგაზრდა ოფიცრები, რომლებიც საქართველოს პატრიოტები იყვნენ და ფარულად ცდილობდნენ უშიშროების სისტემაში ეროვნული სულისკვეთების შეტანას. მესამე ჯგუფს კი „ნეიტრალური მედროვეები“ წარმოადგენდნენ, რომლებიც ფრთხილად ელოდნენ გამარჯვებულის გამოვლენას, რათა მას მიმხრობოდნენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1991 წლის ბოლომდე ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოს უშიშროების სისტემა კვლავ „ცენტრიდან“ ფინანსდებოდა. ამიტომ ხელმძღვანელობა და ოპერატიული შემადგენლობა იძულებული იყო, საკავშირო სუკის მითითებები გაეთვალისწინებინა. ათწლეულობით ნაგები „საბჭოთა ცერბერის“ შერყევა ასე მარტივი არ გახლდათ: მოსკოვს ძალზე ბევრი ოპერატიულ-ტექნიკური და ფინანსური ბერკეტი ჰქონდა, მართვის ცენტრალიზებული ვერტიკალის შესანარჩუნებლად. 1990-1991 წლებში საქართველოს უშიშროების სისტემის ხელმძღვანელებსა და წამყვანი განყოფილებების (1, 2, 5 და 7) უფროსებს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული პროფესიულ-პიროვნული „ძაფები“ აკავშირებდათ რუს კოლეგებთან. გარდა ამისა, ქართველ „ჩეკისტებს“ რუს კოლეგებთან კა-გე-ბეს სხვადასხვა ინსტიტუტ-სკოლა-კურსებზე სწავლის წლები და ერთობლივ სპეცოპერაციებში მონაწილეობაც ჰქონდათ გასახსენებელი.

ამიტომ მათ ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეებიც კარგად იცოდნენ. როგორ ფიქრობთ, რომელი მხარე გამოიყენებდა ამ ინფორმაციას უკეთესად? - რა თქმა უნდა, მოსკოვი, რომელსაც ქართველი „ჩეკისტების“ გადაბირების გაცილებით მეტი საშუალება (იდეოლოგიური, მატერიალური და კომპრომატები) გააჩნდა. ასე რომ, ზვიად გამსახურდიას საქართველოს უშიშროების სისტემისადმი უნდობლობის ობიექტური მიზეზები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას ეროვნული სპეცსამსახურის შექმნისთვის საფუძველ/საძირკველი არ ჩაეყარა და ამის მცდელობა არ ჰქონოდა.

(მეორე ნაწილის დასასრული)