"ბებია მიყვებოდა, უცებ მესმის შრიალის ხმა, ხეები ამოძრავდა, ავიხედე მაღლა და ანგელოზი დავინახეო" - ვინ იყო სისო მხეიძე, რომელმაც ერთ ღამეში უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა
თბილისიდან რუსთავში მიმავალ გზაზე აღმართულია უზარმაზარი ლითონის ჯვარი, რომელსაც, ალბათ, ხშირად ყურადღებას არც ვაქცევთ. არადა, ამ ტერიტორიაზე მოქალაქეები ყოველდღე ჩვენი წინაპრების უამრავ ძვალს პოულობენ... დღეს დიდ ადამიანზე, სისო მხეიძეზე მინდა გიამბოთ; ადამიანზე, რომელმაც ერთ ღამეში უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მასზე სასაუბროდ მის შთამომავალს, წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის დიაკონს დავით გოგიაშვილს ვესტუმრეთ.
- მამაო, ახლახან შევიტყვე თქვენი წინაპრის, დიდი ბაბუის სისო მხეიძის შესახებ...
- მართლაც საოცარი კაცი იყო. მისი შვილი, ჩემი ბებო, ნათელა მხეიძე, გარდაცვალებამდე სულ უფლის დიდებაში იყო. ჩემები მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში ცხოვრობდნენ. ისინი სოფელ ჟონეთიდან იყვნენ ჩამოსახლებული. ჟონეთი დავით და კონსტანტინე მხეიძეების, ამ დიდი წმინდანების სოფელია და ბებია სულ სიამაყით ამბობდა, ჩვენ ამ დიდი წმინდანების შტო ვართო. სულ ლოცვაში იყო. მახსოვს, ბოლოს მოძღვარი რომ მოვუყვანეთ, ბებიას ჰკითხა: ნათელა, იქ რომ წახვალ, ხომ ილოცებ ჩემთვისო? ვილოცებ, აბა რას ვიზამ, იქაც ჭურჭელს კი არ გამარეცხვინებენ, ვიჯდები და ვილოცებო.
ბებია არაერთ ამბავს იხსენებდა. მათ შორის ერთია გამორჩეული: 17 წლის ვიყავი, გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში უნდა წავსულიყავი. მე და ჩემმა ბიძაშვილმა დათოიემ გადავწყვიტეთ ჩვენი სალოცავი მოგველოცა. სახლთან ახლოს მთავარანგელოზთა ტაძარი იდგა. მაშინ უმოქმედო იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ავდიოდით, ვალაგებდით და ვლოცულობდით ანგელოზებისა და ღვთის წინაშეო.
დილითაც დავადექით სალოცავის გზას. აღმართზე ავდივართ და უცებ მესმის შრიალის ხმა. არც ქარი იყო, არც ნიავი და მოულოდნელად ხეები ამოძრავდა. ავიხედე მაღლა და ვხედავ ანგელოზი მოფრინავს, ოღონდ ფრთები არ ჰქონდა. თავზე გადაგვიფრინა, ხეებს გაედო და შრიალიც ამან გამოიწვიაო... ბებიას ვკითხე, არ შეგეშინდა, რამხელა იყო-მეთქი. ადამიანისხელა, 15-16 წლის მოზარდს ჰგავდა.
მე არ შემშინებია, უკან რომ გავიხედე, დათოიე იყო გაშეშებული, ნათელა, შენც დაინახეო? ნუ გეშინია დათოიე, არაფერს დაგიშავებს, ანგელოზიაო, ჰყვებოდა ბებია... ფერებსაც კი აღგვიწერდა, მთავარნაგელოზი მიქაელი იყოო. ტაძარს წრე დაარტყა და საკურთხეველში შეფრინდაო. ბებია ამბობდა, მთელი ცხოვრება იმის დალოცვით მოვდივარო...
მამამისი, სისო მხეიძე, იმ დროისთვის უღრესად განათლებული კაცი იყო. ერთი კაცი მეორისგან ფულს რომ ისესხებდა, ხელმოწერა არ იცოდნენ და სისო აწერდა ხელს როგორც შუამავალი. სისო ბაბუას მამა იესე და დედა მართაც ნაკითხი ხალხი იყო. სისოს უფროს ორ ძმასაც, სანქტ-პეტერბურგში ჰქონდა დამთავრებული უმაღლესი. თუმცა ორივეს უბედურება შეემთხვა. საქართველოში ინგლისელები ნავთობს მოიპოვებდნენ და ჭაბურღილის აფეთქებისას დაიღუპნენ. იესეს შეშინებია, ამ ჩემს ნაბოლარა შვილსაც რომ მივცე განათლება, ესეც სადმე წავაო და წიგნებს უმალავდა. მწყემსად ჰყავდა გაშვებული და სისოს ჩუმად მიჰქონდა იქ წიგნები. საბოლოოდ მაინც ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა... შემდეგ გურძემის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას და რამდენიმე საგანს ასწავლიდა. თუკი ვინმეს სამედიცინო დახმარება დასჭირდებოდა, წამლები მას მიჰქონდა, ნემსაც თავად უკეთებდა ავადმყოფს, სისო მხეიძე ხალხის დიდი ქომაგი იყო.
ძალიან მორწმუნე კაცი იყო და ერთ დღესაც სოფელში ხალხი შეკრიბა, თავის ეზოში მღვდელი მიიყვანა და ნათლისღების ღამეს უამრავი ადამიანი მოინათლა. ამბობენ, 70-მდე მარტო ბავშვი იყოო. ნათლობა მარანში გაიმართა, რადგან წმინდა ადგილად ითვლებოდა. ადრე მამები ჯვრისწერასაც კი, როცა ეკლესია არ იყო, მარანში ატარებდნენ. კომუნისტებს ყველგან თავისი ხალხი ჰყავდათ და ეს ამბავი მათ ყურამდე მალე მივიდა. დაუწყეს დევნა, თუმცა რა დევნა სჭირდებოდა, უკვე 1937 წელი იდგა და ერთ ღამეს აიყვანეს.
მთლად ჰაერზე ხომ არ მოჰკიდებდნენ ხელს, საბუთი უნდა შემდგარიყო, რომელზეც მინიმუმ სამი კაცის ხელმოწერა იყო საჭირო. ხელმომწერებიდან ორი ასაკოვანი იყო, ერთიც 18-19 წლის ბიჭი. ის ადვილად დაიყოლიეს და მოაწერინეს ხელი საბუთზე, ვითომ სისო ბაბუა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზატორი იყო... წელიწად-ნახევარი მეტეხის ციხეში იჯდა. მოგვიანებით დახვრეტეს...
იმ დროისთვის სისოს 5 შვილი ჰყავდა. პირველი მეუღლე გარდაეცვალა და მისგან ორი შვილი დარჩა, თამარი და ნინა. ამის შემდეგ მოიყვანა ჩემი დიდი ბებია მართა. ისიც ერთადერთი განათლებული ქალი იყო სოფელში. სისოს მართასგან შეეძინა ბებიაჩემი ნათელა, ლილი და გიორგი, რომელიც 3 წლისა იყო, მამა რომ დაუხვრიტეს. სანამ სისოს დაიჭერდნენ, ორი წლით ადრე მართა გარდაიცვალა და 5 შვილს სისო მარტო ზრდიდა. რომ დაიჭირეს, უფროსი შვილი თამარა 14 წლის იყო და მეტეხის ციხეში დადიოდა "პერედაჩებზე". ერთხელაც რომ ჩავიდა, "პერედაჩი" აღარ მიიღეს, მამაშენი დახვრიტესო. იქვე წაქცეულა გოგო, ქვაზე დაურტყამს თავი და მას მერე მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა. სისოს დახვრეტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ მოსკოვიდან საბუთი მოვიდა, სისო მხეიძეს 10 წლით გადასახლება მიესაჯოსო.
- სად დახვრიტეს, თუ იცით?
- რუსთავიდან თბილისისკენ რომ მიდიხარ, ტრიალი მინდორია და იქ, მარჯვნივ ლითონის ჯვარიცაა. დღეს იქ საწარმოა და გვეუბნებიან, სულ ძვლები ამოდისო. მანდ ათასობით ქართველია ჩახოცილი. გვინდა ჩვენი რუსთავ-ქალაქის უსაყვარლეს მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს ვთხოვოთ, ამ წმინდა ადგილას აღიმართოს დიდი ჯვარი და აშენდეს სალოცავი, ჩვენი უკვდავი წინაპრების უკვდასაყოფად.