ტრაგიკომედია რუსულად: სამ ასოზე გაშვებულ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვისთვის რუსული სასამართლო უკრაინელი ოფიცრისგან 2,2 მლრდ რუბლის კომპენსაციას მოითხოვს - კვირის პალიტრა

ტრაგიკომედია რუსულად: სამ ასოზე გაშვებულ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვისთვის რუსული სასამართლო უკრაინელი ოფიცრისგან 2,2 მლრდ რუბლის კომპენსაციას მოითხოვს

თითქმის ოთხი წელი დასჭირდა რუსეთს იმის ოფიციალურად ასაღიარებლად, რომ 2022 წლის 13 აპრილს ორი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ მართლაც მოხვდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას“, რის შედეგადაც დაზიანებული „მოსკვა“ მეორე დღეს ჩაიძირა...

ეს გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ყველაზე დიდი წყალწყვის სამხედრო ხომალდის ჩაძირვის ფაქტი, რომელსაც კრემლი ვერ გაექცეოდა, თუმცა დღემდე რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები და პროპაგანდა ჯიუტად უარყოფდნენ უკრაინული „ნეპტუნების“ მოხვედრას, ხოლო „მოსკვას“ ჩაძირვას მხოლოდ მის ბორტზე გაჩენილ ხანძარს აბრალებდნენ...

1-moskva-1769158984.png
უკრაინული „ნეპტუნების“ მოხვედრის შედეგად დაზიანებული და ცეცხლწაკიდებული რუსული სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ნელ-ნელა იძირება...

და, აი, 2026 წლის 22 იანვარს რუსეთის ფედერაციის დასავლეთის მე-2 საოლქო სამხედრო სასამართლო თავის ოფიციალურ პრესრელიზში აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას -სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა ბრალი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 406-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ანდრეი შუბინს იმის გამო, რომ მან 2022 წლის 2 და 13 აპრილს უბრძანა თავის ხელქვეითებს, მიეყენებინათ სარაკეტო დარტყმები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატ „ადმირალ ესენისთვის“ და სარაკეტო კრეისერ „მოსკვასთვის“, რის შედეგადაც „ადმირალი ესენი“ დაზიანდა, ხოლო ორი რაკეტის მოხვედრის შედეგად კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც, ექვსი საათის შემდეგ, ის ჩაიძირა...

რუსული სასამართლო ასევე პირველად ამჟღავნებს კრეისერ „მოსკვაზე“ დაღუპული ეკიპაჟის წევრების რაოდენობას - თუკი თავიდან და შემდგომშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით ამტკიცებდა, რომ „მოსკვაზე“ ხანძრის შედეგად მხოლოდ ერთი დაღუპული და 27 უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო, რუსმა მოსამართლემ აქაც სიცხადე შეიტანა - ფრეგატ „ადმირალ ესენზე“ თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა, ხოლო სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ ორი უკრაინული რაკეტის მოხვედრისა და ამის შემდეგ გაჩენილი ხანძრისა და დაკვამლინების შედეგად, საერთო ჯამში, დაიღუპა ეკიპაჟის 20 წევრი, 24-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ხოლო რვა კი - უგზო-უკვლოდ დაიკარგაო ანუ „მოსკვას“ დაახლოებით, 400-კაციანი ეკიპაჟმა დაკარგა 28 მეზღვაური...

2-moskva-1769158984.jpg
რუსეთის ფედერაციის დასავლეთის მე-2 საოლქო სამხედრო სასამართლოს პრესრელიზის სქრინშოთი...

ეს რუსული სამხედრო სასამართლო თავის განაჩენში ამტკიცებს, რომ სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ თურმე, არ მონაწილეობდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (როგორც კრემლიდან სპეციალური მითითებით „მორიდებით“ ეძახიან რუსეთ-უკრაინის თითქმის ოთხწლიან ფართომასშტაბიან ომს რუსეთში) და შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ასრულებდა „ჰუმანიტარულ ოპერაციას“, სამოქალაქო გემების უსაფრთხო ცურვის უზრუნველსაყოფად... თითქოს სწორედ „მოსკვამ“ არ მიუშვირა თავისი ქვემეხების ლულები კუნძულ ზმეინიზე უკრაინელ მესაზღვრეებს და მათ დანებება მოსთხოვა, უკრაინელებმა კი საპასუხოდ ეს უზარმაზარი, 186 მ სიგრძისა და 11 ათასი ტონა წყალწყვის რუსული სარაკეტო კრეისერი რადიოეთერში... სამ ასოზე გააგზავნეს, რაც მსოფლიო მემად გადაიქცა...

და, ამ ომში პუტინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხილის - სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული რაკეტებით ჩაძირვის გამო, რუსულმა სამხედრო სასამართლომ უკრაინელ ოფიცერს - ანდრეი შუბინს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობის განაჩენი და... 2,2 მლრდ რუსული რუბლის კომპენსაციის გადახდა დააკისრა...

ასევე დაგაინტერესებთ: გეოპოლიტიკური "ცისფერი მთები" ანუ გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი... ოღონდ ალაგ-ალაგ?!

მეორედ გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის თავზე ტრამპი საბოლოოდ აბობოქრდა-გაძლებს კი ის ოვალურ კაბინეტში კიდევ სამი წელი?

რუსული რაკეტით რუსეთის მაცხოვრებლებზე - როგორ ბომბავს პუტინი თავისივე ხალხს

სირიელი ქურთები კაპიტულაციას აცხადებენ, თურქეთის მორიგი გამარჯვება ახლოაღმოსავლეთში, რაც მას ისრაელთან კიდევ უფრო დააპირისპირებს...

2,2 მლრდ რუსული რუბლი დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 29 მლნ დოლარია და გასაგებია, რომ ეს უკრაინელი ოფიცერი მისი გადამხდელი არ არის (ისე, წესით, ზელენსკის ხელისუფლებამ ამ თავის ოფიცერს რუსული ბრალდების თანხის ერთი პროცენტიც რომ გადაუხადოს, პუტინის „სიამაყის“ - შავ ზღვაში ყველაზე დიდი რუსული სამხედრო ხომალდის „მოსკვას“ ჩაძირვისთვის, ყველაზე სამართლიანი იქნებოდა) და არც რუსულ მართლსაჯულებას ჩაბარდება მუდმივი პატიმრობის მოსახდელად. უბრალოდ, რუსმა სამხედრო პროკურატურამ და სამხედრო სასამართლომ თავისი მოვალეობა მოიხადეს, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვისა და მისი ეკიპაჟის ნაწილის დაღუპვის საქმე გამოიძიეს და შედეგიც გამოაქვეყნეს, რითაც... უდიდესი პრობლემაც გაიჩინეს...

3-moskva-1769158984.jpg
უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის - „ნეპტუნის“ გაშვების მომენტი...

საქმე ის არის, რომ რუსეთის ფედერაციის დასავლეთის მე-2 საოლქო სამხედრო სასამართლოს პრესრელიზის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ის მათი ოფიციალური საიტიდან... გაქრა, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებში მიხვდნენ, რომ ამით რუსეთმა პირველად, თავისდაუნებურად, ოფიციალურად აღიარა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ორი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნის“ მოხვედრის შედეგად ჩაძირვის ფაქტი, რისი აღიარებაც კრემლის სპეციალური მითითებით, აკრძალული გახლდათ წლების განმავლობაში...

უბრალოდ, უკრაინულმა „მედიაზონამ“ მოასწრო რუსული სამხედრო სასამართლოს ამ პრესრელიზის "სქრინშოთის" დროული გადაღება, სანამ მას წაშლიდნენ...