"აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია - ხელს შევუწყობთ ნატო-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ - ასევე, ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ, რომ ვინმემ, ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე დომინირება მოახერხოს" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია - ხელს შევუწყობთ ნატო-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ - ასევე, ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ, რომ ვინმემ, ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე დომინირება მოახერხოს"

პენტაგონმა აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გამოაქვეყნა, - დოკუმენტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

განახლებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იქნება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ოთხ მთავარ პრიორიტეტს ასახელებს: სამშობლოს დაცვა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავება „ძალის მეშვეობით და არა კონფრონტაციით“, აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის აღებული პასუხისმგებლობის გადანაწილება, აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმთავრესი პრიორიტეტი სამშობლოს დაცვაა. ამიტომ, დეპარტამენტი სწორედ ამას მიანიჭებს პრიორიტეტს, მათ შორის ამერიკის ინტერესების დაცვას დასავლეთ ნახევარსფეროში. ჩვენ უზრუნველვყოფთ აშშ-ის სამხედრო და კომერციულ წვდომას განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიებზე, პანამის არხზე, ამერიკის ყურესა და გრენლანდიაზე. ჩვენს დროში მონროს დოქტრინის მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, ევროპამ მის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„დეპარტამენტი ხელს შეუწყობს ნატო-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ, აშშ-ის მხრიდან კრიტიკული, მაგრამ შეზღუდული მხარდაჭერით. ეს გულისხმობს, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის აღებას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, ევროპის პასუხისმგებლობაა. ასევე, დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან, რათა მათ თავდაცვის ხარჯების შესახებ აღებული ვალდებულება შეასრულონ. ასევე, დეპარტამენტი ტრანსატლანტიკური თავდაცვითი და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაფართოებასა და ბარიერების შემცირებაზე იმუშავებს, რათა თავდაცვითი მიზნების მისაღწევად კოლექტიური შესაძლებლობები მაქსიმალურად გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა კვლავ მნიშვნელოვანია, მისი გლობალური ეკონომიკური სიძლიერის წილი მცირდება“, - აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტი. გააგრძელეთ კითხვა