ახვრებო, დაახვიეთ! - კვირის პალიტრა

ახვრებო, დაახვიეთ!

როგორც იქნა, დაადგა საშველი და დღეს მთავრობის საბოლოო შემადგენლობა დასახელდა!

ამას წინათ ხომ თქვა ივანიშვილმა, - "პალაჟენიას" რომ დავაყენებთ, ანუ წელიწად-ნახევრის თუ ორი წლის შემდეგ, პოლიტიკიდან წავალო!

ე.ი. პრემიერის ფუნქციებს ავტომატურად ვიცე-პრემიერი შეასრულებს, ვიცე-პრემიერი კი კახა კალაძე გახლავთ.

უნამუსო უნდა ვიყო, ახლავე რომ ქილიკი დავიწყო, - კალაძემ რა იცის ენერგეტიკის, არაფერი გამოუვა-მეთქი; ამიტომ ცოტა ხანს გავჩუმდები; ცოტა ხანს-მეთქი...

მანამდე კი, სანამ საბოლოოდ დავიწყებას მიეცემა, ისევ სააკაშვილზე ვიტყვი ორიოდე ტკბილ სიტყვას: ეგ მგონი, გვაშაყირებს! მგონი რა - რო გვაშაყირებდა და მასხრად გვიგდებდა, ვიცოდი, მაგრამ ახლაც რომ აგრძელებს?! დღეს ადგა და ისევ გუბერნატორები დანიშნა!

კარგი, მიშა, ითამაშე, ითამაშე, ოღონდ მალე ამოდი, საჭმელი ჭამე, იმეცადინე (ისე, რაღად გინდა?) და ისევ ჩადი...

ამასობაში კი ჩასაძირად განწირულ გემს ზედიზედ ტოვებენ, "ბოიშმამითხოვნია" და, ერთ კონკრეტულ ნახევრად შინაურ ცხოველს სრულიად სამართლიანად შედარებული ადამიანები.

მახსოვს, დიდი ხნის წინ, როდესაც ზვიად გამსახურდია გააძევეს საქართველოდან სამხედრო გადატრიალების დროს, აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი (პრეფექტები ერქვათ მაშინ), ნაგვემი დასვეს ახალი წლის ღამეს და ტელევიზორში ალაპარაკეს:

- მოგიწოდებთ, განუდგეთ თვითმარქვია პრეზიდენტს! - რატომ იყო თვითმარქვია პრეზიდენტი, არ ვიცი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ისეთი ნაცემი იყო, ძლივს ვიცანი ეკრანზე, არადა, ჩემი კურსელი ბრძანდებოდა (ისე, დიდად არც მე ვგიჟდებოდი გამსახურდიას ხელისუფლებაზე და ვაკრიტიკებდი კიდეც, მაგრამ მაინც ის დრო სჯობდა: გალში პრეფექტს და სოხუმში მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა! ახლა ჭიაბერაშვილს ნიშნავს გუბერნატორად კახეთში).

ახლა, რატომ გამახსენდა ეს ძველი ამბავი: რატომ და, ის საწყალი ნაპრეფექტალი, კიტოვანის ჯეელებმა როგორ "დაამუშავეს", წარმომიდგენია და ყველა ვერ უძლებს ალბათ წამებას; მაგრამ აქ, ამ ცივილიზებულ საქართველოში, ვინ აძალებს "ნაცმოძრაობის" უბეში (სხეულის სხვა ნაწილი რომ არ ვახსენოთ) 9 წელიწადი თბილად მოკალათებულ ტიპებს, რომ გამოდიან და რიგ-რიგობით "გმობენ" ყოფილ ხელისუფლებას?!

არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ციხის საზიზღარი კადრების ნახვისთანავე მიაფურთხეს ეშმაკს, მაგრამ ის ხალხი, ვინც "დინჯად ფიქრობდა" და გუშინ-გუშინწინ, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ "ნაცებს" "მოეხაზათ", "მოიფიქრა", რომ თურმე სულ საშინელი "ზეწოლის" ქვეშ მუშაობდა, არ არიან "ქვეწოლის" ღირსები?!

ივანიშვილმა გამოაცხადა, - ჩვენ პროფესიონალები გვჭირდება და არავის გავუშვებთ სამსახურიდან, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენიაო!

კი, ბატონო, ჯანდაბას: მასწავლებელს აპატიებთ, რომელიც მიტინგზე ბრძანების გამო დადიოდა და მოსწავლეებსაც დააპროწიალებდა (მე არ ვაპატიებდი, მაგრამ არავინ მკითხავს); თუ აწი აღარ იზამს, მოსამართლესაც აპატიებთ, რომელიც პროკურორის ბრძანებებს ასრულებდა (მე არ ვაპატიებდი, მაგრამ არავინ მკითხავს); თუკი ახლა თქვენ გიერთგულებენ, გამგეობის თანამშრომლებს აპატიებთ, რომ კარდაკარ დაეხეტებოდნენ და "ნაცებისთვის" ხმებს ხან მათხოვრობდნენ, ხან მუქარით ჰგლეჯდნენ ხალხს (მე არ ვაპატიებდი, მაგრამ არავინ მკითხავს)...

მაგრამ სწორედ მე და ჩემს კოლეგებს გვკითხავს და სწორედ თქვენ არავინ გეკითხებათ, ვაპატიებთ თუ არა ჩვენს ე.წ. კოლეგებს იმ სიცრუეს, მარაზმს, დაცინვას, "გაპრავებას", ხელისუფალთა უკანალის (აქ "უბეს" ვეღარ დავწერდი, მაინც მოგვიხდა "მისამართის" დაზუსტება) კოცნით საკუთარი უკანალის გასივებას!

და ღმერთმა არ ქნას, რომ შეგეშალოთ და ამ ახვრებმა ("ახვარი" თურმე სხვის ხარჯზე მცხოვრებს ნიშნავს) ახლა უკვე ამ ხელისუფლებასთან ასოცირებული არხებიდან დაგვიწყონ ჭკუის სწავლება ("რა გვექნა, პროფესიონალია, ხომ მოინანია, თურმე რა დღეში იყო იქ"), - ავანსად გაცემულ კეთილგანწყობას ძმრად გადენთ და არ გეწყინოთ.

P.S. ავად ვარ, გრიპი ვერ მოვიშორე და სიცხეც მაქვს. ალბათ ამიტომაც ვარ ასეთი აგრესიული. P.S.-ში რამე მშვიდის და იმედიანის დაწერას ვაპირებდი და აი, სწორედ ახლა გამოქვეყნდა "იმედიანი" და არა იმედიანი ინფორმაცია: არველაძე "იმედიდან" წავიდა და ტელევიზია პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდებაო. ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენმა "კოლეგებმა" უკვე დაიწყეს ყოფილი პატრონების "დაგმობა" - გულთმისანი ვარ, რა!

რაც შეეხება მთავრობას და ავანსად გაცემულ კეთილგანწობას - მართლა იმედი მაქვს ბევრი მათგანის წესიერების და რადგან ყველაფერი შედარებითია, უბრალოდ გაგახსენებთ წინა ხელისუფლების ზოგიერთ მინისტრს: ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, კალმახელიძე, ქობალია, ახალაია პირველი, ახალაია მეორე, გოროზია, შაშკინი, იაკობაშვილი, ლომაია...