"ერთ ქეიფში 25 ლიტრი ღვინის დალევა შეეძლო და სმას სამ ლიტრიანი თიხის დოქით იწყებდა" - რას ჰყვება გურამ ურჩუხიშვილი თამადობაზე, ქართულ სუფრასა და ტრადიციებზე
ისტორიკოსი და მომღერალი გურამ ურჩუხიშვილი ორივე საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ამავე დროს, ანსამბლ „წინანდლის“ სოლისტია მისი დაარსების დღიდან და არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. ის გახლავთ ქართული ტრადიციული სუფრის აღიარებული თამადა და ამჯერად, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ბატონი გურამი საინტერესო ექსკურსს გვთავაზობს - იხსენებს გასული საუკუნეების ცნობილ თამადებს, ნაწარმოებს „საქართველოს ზნეობანი“ და რა თქმა უნდა, დღევანდელ დღემდეც მოვედით.
გურამ ურჩუხიშვილი:
- საქართველოში ხალხს ბევრი კარგი თამადა ახსოვს. ყველაზე ძველი დროის თამადა, რომელიც ისტორიას შემორჩა, სამეგრელოს მთავარ დადიანს ჰყოლია კარზე, ეს იყო შედან ჭილაძე (XVII საუკუნე) . სახელგანთქმულ თამადაზე იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერდა: „მისი ქება თვით ირანის ხელმწიფის, შაჰ სეფის ყურამდეც მივიდა“. XVIII საუკუნეში ცნობილი იყო ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძე. გადმოცემის თანახმად, ერთ ქეიფში 25 ლიტრი ღვინის დალევა შეეძლო და სმას სამლიტრიანი თიხის დოქით იწყებდა. XIX საუკუნეში კი გამოირჩეოდნენ ალექსანდრე ორბელიანი, რაფიელ და დავით ერისთავები.
ძველად არ იყო აუცილებელი თამადა დიდგვაროვანი ყოფილიყო. გლეხთა წრიდან გამოსულ დარბაისელ კაცს, ხშირად იწვევდნენ თავადების ოჯახებში სათამადოდ. ისინი მაღალ წრეებში მიღებულ თამადებად ითვლებოდნენ და გვარიანადაც ასაჩუქრებდნენ. საუკუნეებით გადმოცემული სუფრასთან ქცევის წესები ყველა სუფრის წევრისთვის სავალდებულო იყო, თუმცა ზღვარს არ უნდა გადასცდენოდა და ამა თუ იმ პიროვნებისადმი დამამცირებელი არ უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერს კარგად აგვიწერს თავის ნაწარმოებში „საქართველოს ზნეობანი“, XVII საუკუნის ქართველი მეფე-პოეტი არჩილ II.
„ბატონის დარბაზის კარი რა გინდ რომ მაღალი იყოს,
თავმოხრით უნდა შევიდეს, არც ლაჯში თავი გაიყოს“.
ზომიერება მართებს სუფრასთან მყოფ კაცს, რომელიც გვიან შემოსწრებულ პატივსაცემ პიროვნებას თავის გვერდით ადგილს შესთავაზებს.
„უმცროსმან კაცმან უფროსი არ უნდა დაიწვიოსო,
ადგეს სჯობს, ისრე მჯდომელმან ქვემორე დაიწიოსო,
საჩოქეთ რა შეიყარნენ, უწინ მან წაიწიოსო,
არცა უხამსად დამდაბლდეს, არც ბეწვად აიწიოსო".
დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოებში „საქართველოს ზნეობანი“, ფაქტობრივად, სუფრასთან ქცევის ეთიკური ნორმებია ჩამოყალიბებული. მეფეს პატარა ნიუანსიც კი არ გამორჩენია. მართალია, ნაწარმოები გვიან შუა საუკუნეებშია დაწერილი, მაგრამ ნათლად ჩანს წინა საუკუნეების გადმოძახილი - ქართველი ერი როგორ ითვისებდა ყოველივე კარგს და დროთა მსვლელობისას უკუაგდებდა უარყოფითს. არჩილის აზრით, ცუდად გაზრდილი ახალგაზრდა, რომელიც სუფრასთან არავითარ ეთიკურ ნორმებს არ იცავს, უხერხულობაში აყენებს და არცხვენს საკუთარ აღმზრდელს.
„კულით და ყანწით, სხვებითაც, სასმელს ვინ აწრუწუნებსა,
ვინ კბილებითა ბატონთან თხილს ამსხვრევს, ალაწუნებსა,
მცოდინარესა მეფესა უთუოდ გაამგუნებსა.
ავსაქციელი მარტვილი მამას მწვე დააჭმუნებსა".
- ბატონო გურამ, თელავში ვინ იყვნენ ცნობილი თამადები?
- კოტე ბახუტაშვილი ყოფილა ცნობილი თამადა, რომელიც 1883 წლიდან თელავში ასწავლიდა ღვინის სმის და თამადობის წესებს. მას უთამადია ისეთ სუფრებზე, რომლებსაც ესწრებოდნენ ილია, აკაკი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, ვასილ ბარნოვი. კოტე იმდენად პოპულარული იყო ქალაქში, რომ 1908 წელს თელავის საზოგადოებამ მას თამადობის 25 წლის იუბილე გადაუხადა. გასული საუკუნის 60-70-იანი წლების საუკეთესო თამადებიდან გავიხსენებ ბატონ დავით კეჟერაძეს, მას სადღეგრძელოს წარმოთქმის განსაკუთრებული მანერა ჰქონდა.
თელავის კოლორიტი იყო, განუმეორებელი ხმის ტემბრი ჰქონდა ბატონ ფანცქალა სიდამონიშვილს. ის თამადობასთან ერთად, ბრწყინვალედ მღეროდა. პოპულარული თამადა იყო ბატონი ვახტანგ დათიშვილი (ხრაკუნა), ბრძენი თამადების რიცხვში შედიოდა, ხატოვანი სიტყვების ოსტატი გახლდათ. ასევე, ბატონი კარლო მუკბანიანი იყო ღვინის კარგი მსმელი და მჭექარე თამადა.
დავით კეჟერაძესთან ერთად ვყოფილვარ სუფრაზე, ამ პიროვნებას ანდამატის ძალა ჰქონდა. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა მოსკოვიდან იგორ მოისეევის ცეკვის ანსამბლის წევრები ესტუმრნენ თელავს და სუფრას ბატონი დავითი უძღვებოდა. მან ბრწყინვალედ იცოდა რუსული ენა. ჩემთვის ის დღე იყო დაუვიწყარი, ურთულესი რამ შეძლო. ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ და სუფრის დიდი ტრადიციებიც მოგვყვება, რუსებს კი ეს ტრადიცია არა აქვთ, ამიტომ, მათი ლექსიკა მწირია ამ კუთხით. რამხელა დიდოსტატი იყო დავით კეჟერაძე, რომ რუსულად ნათქვამ სადღეგრძელოებსაც იგივე ძალა ჰქონდა, როგორიც ქართულს.
- წინა საუკუნის გამორჩეული თამადებიდან, პირადად ვის შეხვედრიხართ?
- მეოცე საუკუნის კორიფეები იყვნენ შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, კოტე ჩოლოყაშვილი, სიმონიკა სხირტლაძე, დოდო აბაშიძე და სხვები.
სხირტლაძე ამბობდა ხოლმე:
„ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი, / ბულბულს დავსვამ ჭიქაზე, / ვარდის ტოტზე დაჩვეული / ჩვენთან ჯდომას იკადრებს!“
ვახუშტი კოტეტიშვილს შევხვდი რამდენჯერმე, ძლიერი თამადა იყო. ერთხელ, თელავში გვეწვია ქორწილში, სადაც მასპინძელმა მე დამაყენა თამადად. ბატონი ვახუშტი ცოტა მოგვიანებით მობრძანდა. როცა დავინახე, ცოტა დავიზაფრე. მერე ვიფიქრე, რაც არის - ეგ არის, ღვინომაც გამათამამა და გავაგრძელე ჩემი საქმე.
სუფრა რომ ახმაურდა, მოგეხსენებათ, ღვინოს თავისებური ჭრა აქვს, წამოდგა ბატონი ვახუშტი. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, უხერხულია, რომ ვამბობ, მაგრამ ფაქტია. მან თქვა: არა მგონია, რომ ასეთ თამადას ყოველდღე უსმენდეთო. ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება.
- თამადობა სადღეგრძელოს გარდა, ღვინის სმასაც გულისხმობს, მაგრამ თუ არიან ისეთები, ვინც ღვინოს არ სვამენ.
- არიან... თუმცა, ღვინო იმხელა შთაგონებას იძლევა, ძველი ნათქვამია „თითოც დავლიოთ, მოგვემატება მკლავში ღონე და სიტყვის ლაზათი“. არ შეიძლება თამადობა უღვინოდ. მე თავად წამიყვანია სუფრა დალევის გარეშე, გარკვეული მიზეზების, თუნდაც ექიმის რეკომენდაციის გამო, მაგრამ მიგრძნია, რომ ის მუხტი არ არის, ის ცეცხლი არ ანთია სუფრაზე.

- თქვენი აზრით, ლექსის თქმა ყოველი სადღეგრძელოს მერე აუცილებელია?
- ვცდილობ, ზომიერება დავიცვა, რომ ლხინი პოეზიის საღამოდ არ იქცეს. იმას, ვინც ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ლექსს ამბობს, გაუჭირდება სუფრის გაძღოლა. სუფრის წევრებს ლექსი უნდა მოენატროთ, მხოლოდ განსაკუთრებულ სადღეგრძელოებზე (მაგალითად, სამშობლოს, წინაპრების, მომავლის...) უნდა ითქვას, რომ მსმენელს გული აუტოკდეს. სიყვარულის სადღეგრძელოს დროს ლექსი აუცილებელია, სიტყვას ხატოვანებას და ფერადოვნებას აძლევს.
- წელს, საახალწლო დღეებში სად ითამადეთ?
- ერთს გამოვყოფ. კახეთში, ლოპოტაზე ჩამოვიდნენ ჩვენი სახელოვანი ახალგაზრდა ფეხბურთელები, 4-5 ბიჭი იყო მეუღლეებთან ერთად. დიდი სიამოვნება მივიღე მათთან ყოფნით და არა მგონია, იმათაც იგივე არ განეცადათ იმიტომ, რომ ჩემთან ერთად ჩვენი ანსამბლიც იყო. ჩემი ბიჭების გარეშე აღარსად მივდივარ. თითქოს სცენარი გვქონდეს, ისე მიგვყავს სუფრა, სადაც შეზავებულია ქართული ფოლკლორი, ქალაქური და ლირიკული სიმღერები.
- სიმღერა სუფრის განუყოფელი ნაწილია, რომელი სიმღერით ასრულებთ ხოლმე თამადობას?
- სიმღერასთან ერთად თამადობა, ემოციების აპოთეოზია. რა თქმა უნდა, ქართული სუფრა იხსნება „მრავალჟამიერით“ და ამავე სიმღერით სრულდება. ეს არის სიცოცხლის მარადიული გაგრძელების ჰიმნი, ამიტომა აქვს საქართველოს ყველა კუთხეს თავისი „მრავალჟამიერი“. შეიძლება ითქვას, რომ კახური „მრავალჟამიერი“ ამ სიმღერის მწვერვალია.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)