"რამდენიმე ოჯახი აშშ-დან უკვე დაბრუნდა საქართველოში. ბედნიერებაა, რომ ჩემი აღზრდილები ქართულად ფიქრობენ და აზროვნებენ" - რას ნატრობს ცუცა კაპანაძე - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ოჯახი აშშ-დან უკვე დაბრუნდა საქართველოში. ბედნიერებაა, რომ ჩემი აღზრდილები ქართულად ფიქრობენ და აზროვნებენ" - რას ნატრობს ცუცა კაპანაძე

ბოლო წლებში, საქართველო ათასობით ადამიანმა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. ბევრმა ოჯახმა ბავშვებიც თან წაიყვანა, რაც ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისია. ემიგრანტი ბავშვები ორ სამყაროს შორის იზრდებიან: უცხო ქვეყანაში ახალი ენა, ახალი სკოლა, უცხო წესები ხვდებათ და სწორედ ამ დროს სჭირდებათ ისეთი ადამიანების თანადგომა, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ.

როგორ ცდილობენ ქართველი მსახიობები ემიგრანტ ბავშვებს მშობლიური ენის და საქართველოს სიყვარული გაუღვივონ, ამის შესახებ ნიუ-იორკში მცხოვრები, არაერთი ქართველისთვის საყვარელი მსახიობი, ცუცა კაპანაძე გვიამბობს:

- ყველამ ვიცით, რომ ამერიკაშიც ბევრი ქართული ოჯახი ცხოვრობს. საბედნიეროდ, ნიუ-იორკში არსებული "ქართული კულტურის ცენტრი" სწორედ აქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებზე ზრუნავს. გამიმართლა, რომ ამ ცენტრის პედაგოგი ვარ - ბავშვთა თეატრში პატარების ჯგუფს ვასწავლი. მე თვითონაც, უკვე 19 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. ჩემი პატარები რომ არა, ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა.

untitled-1769275003.jpg

- ეს ბავშვები ამერიკაში დაიბადნენ?

- დიახ, ჩემს ჯგუფში ძირითადად, აქ დაბადებული ბავშვები არიან. რამდენიმე მათგანი საქართველოდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ძალიან მცირე ასაკში. მშობლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი შვილები ქართულ ხელოვნებას, თეატრს, მუსიკას ეზიარონ. უღრმესი მადლიერება უნდა გამოვთქვა "ქართული კულტურის ცენტრის" დამაარსებლის, ვიქტორ სირელსონის მიმართ - მისი სახელი და გვარი ნიუ-იორკში თითქმის ყველა ქართველმა იცის. სწორედ მან და მისმა ქართველმა მეუღლემ - ლიკა ბახტურიძე-სირელსონმა დააარსეს "ქართული კულტურის ცენტრი", რომელიც უკვე 30 წელია მოქმედებს და დიდ საქმეს აკეთებს: აშშ-ში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. ნიუ-იორკს სხვა ქალაქებმაც მიბაძეს, სადაც ქართველები ცხოვრობენ და ასეთივე ცენტრი სხვა შტატებშიც გახსნეს: ილინოისში, ფილადელფიაში, ნიუ-ჯერსიში და ა.შ.

cucas-bavshvebi-1769275418.jpg

- როგორც ვიცი, ტაძრებთანაც არის სამრევლოები, სადაც ქართულ წერა-კითხვას ასწავლიან...

- დიახ, სადაც ქართული ტაძარია, ყველგან არის ქართული სკოლა და ბავშვები წერა-კითხვას და ლაპარაკს სწავლობენ. ჩემი აზრით, ამ საქმეში პატარებს ყველაზე მეტად თეატრი შველით. თეატრს თავისი ხიბლი და მაგია აქვს. მე 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ვასწავლი და ისინი დიდი ინტერესით სწავლობენ ქართულ ლექსებს, სიმღერებს, უყურებენ ქართულ მულტფილმებს, რომლებსაც ვაერთიანებ და სცენაზე პიესების სახით ვდგამ. ეს ბავშვებს ეხმარება, რომ ქართულ მეტყველებას მიეჩვიონ და ენა გაიტეხონ. სწორედ ასე დავდგით შარშან სპექტაკლი "ჟოზე და მისი მეგობრები" - რამდენიმე მულტფილმი გავაერთიანე და ქართული ანბანი ბავშვებს სიმღერით ვასწავლე - თან, სიმღერას სწავლობდნენ, თან, ქართული ანბანს. მე ცხოვრება თეატრის გარეშე ვერ წარმომიდგენია და ბედნიერი ვარ, რომ ეს სიყვარული ბავშვებსაც გადავდე! ცხადია, ასეთ პატარა ბავშვებთან მუშაობა ძნელია, მაგრამ ისე ცდილობენ და იმხელა ენერგიას მაძლევენ, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

bavshvebi-1-1769275502.jpg

- როგორ ფიქრობთ, ეს ბავშვები საქართველოში დაბრუნებას ისურვებენ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა. ერთ-ერთი ნატალიკო კალაძეა, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ახლა მანდ სწავლობს და გიჟდება, საქართველო ისე უყვარს! არდადეგების დროს ჩამოვიდა, კი უხაროდა, რომ ძველი მეგობრები ნახა, მაგრამ წამოსვლის ხანს გამოგვიცხადა: მე საქართველოში ვბრუნდები, იქ ჩემი კლასელები მელოდებიანო. სწავლა რომ დამთავრდება, კიდევ ერთი ბავშვის ოჯახი ბრუნდება, თან გული მწყდება და თან, მიხარია. ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც ნეიროქირურგიას სწავლობს, ხშირად ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ჩამოვა და თავის ხალხს უფასო ოპერაციებს ჩაუტარებს. ამგვარ ფაქტებს რომ ვხედავ, იმასაც ვხედავ თუ რა გულმოდგინედ სწავლობენ ჩემი პატარები ქართულ ლექსებს და სიმღერებს, რაღაცნაირად მჯერა, რომ ეს ბავშვები სამშობლოს დაუბრუნდებიან. ამას ისიც ხელს უწყობს, რომ ბავშვები ზაფხულში საქართველოში მოდიან, იმდენ რამეს ნახულობენ, მათი ბებია-ბაბუებიც ცდილობენ, რომ ბავშვებმა გაიხარონ, ამიტომ, უმრავლესობას საქართველოში ყოფნა ძალიან მოსწონს და უხარია.

- თქვენ როგორ ახერხებთ პატარა ბავშვებს ასწავლოთ ისეთი სერიოზული ლექსები, როგორიცაა, მაგალითად, მუხრან მაჭავარიანის "საბა", ან "შენ, სისხლო ჩემო"?

- დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი ლექსებით და სიმღერებით შევძლებ, ამ ბავშვებს საქართველო შევაყვარო! მე არ მიყვარს, პატარა ბავშვებს ენას რომ უჩლექენ, პირიქით, სერიოზულ ნაწარმოებებს ვასწავლი, რომ მეტი იფიქრონ და იაზროვნონ. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერს კარგად სწავლობენ, ამიტომ, მირჩევნია მე ავიტკივო თავი, მეტი ენერგია დავხარჯო და მაინც ვასწავლო. რა თქმა უნდა, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის და თეატრის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ჩვენი თეატრი ერთგვარი თავშეყრის ადგილია ქართული ემიგრაციისთვის. არც ისე დიდი ხნის წინ, საშობაო-საახალწლო კონცერტი ჩავატარეთ, რომელიც ლიკა ბახტურიძე-სირელსონმა გააკეთა, ეს შემაჯამებელი კონცერტი იყო, სახელწოდებით - "შთამომავლობა".

cuciko-1769276139.jpg

- რას იტყოდით თქვენი თეატრის აღზრდილებზე?

- ბედნიერებაა, რომ ეს ბავშვები ქართულად ფიქრობენ და აზროვნებენ. ისინი პატარაობიდან ერთად მოდიან და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. პირველი თაობა, რომელიც ჩვენს თეატრში გავზარდეთ, უკვე 22-23 წლისაა. დღესაც ერთი ოჯახივით არიან და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. მათთან ერთად, მთელი ევროპა შემოვიარეთ, საქართველოშიც ითამაშეს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში.

იცით, მე მარტო მათი კი არა, ამ თაობის დიდი იმედი მაქვს - მჯერა, რომ ისინი საქართველოსთვის ბევრ რამეს გააკეთებენ და ჩვენს ქვეყანას უკეთეს მომავალს შეუქმნიან. ძალიან განათლებული თაობა მოდის, ამ ბავშვებმა იმდენი რამ იციან, რომ მე მაგალითად, ვერ ვეწევი! გაოცდებით, აქ დაბადებულ ბავშვებს თავიანთი ქვეყანა როგორ უყვართ! ბევრმა ქართული ფანტასტიკურად იცის, დღესასწაულებზე ქართული სამოსით დადიან და ჩვენი ქვეყნით ამაყობენ... ცხადია, ეს "ქართული კულტურის ცენტრის" და მისი პედაგოგების დამსახურებაა.

cuca-1769276556.jpg

- როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმები და თქვენი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამჟამად, ახალ სპექტაკლზე ვმუშაობ - ეს არის ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს". ეს მშვენიერი ნაწარმოები ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ხატიას როლს ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე - ოდრი ბაღათურია თამაშობს. ბავშვებს ვურჩიე, ჯერ ფილმი ენახათ, რის შემდეგაც, შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ოდრი მიმეორებდა: ცუცა, მე ბრმა ვარ, ბრმა! - ფილმში ვნახე, რომ ბრმა ვარო. ძნელია, ბავშვებმა ყველაფერი ბოლომდე აღიქვან, მაგრამ მათ გულში ხომ ჩარჩება, რასაც სცენაზე ასრულებენ? რაც მთავარია, ქართული ლიტერატურის, ხელოვნების და საქართველოს სიყვარულს სწავლობენ. გარდა ამისა, აპრილში, დედა-ენის დღისადმი მიძღვნილი, ტრადიციული კონცერტი გვაქვს და მუხრან მაჭავარიანის "საბას" ვამუშავებთ; ეს იქნება პატარა სპექტაკლი, სადაც ნაჩვენები იქნება ლუდოვიკო XIV-ის სასახლე, რა ამაოდ ელოდება მის დახმარებას სულხან-საბა ორბელიანი და რას განიცდის ამ დროს. ბავშვები ქართულ სამოსში იქნებიან გამოწყობილი, ქართულ სიმღერებს და ცეკვებს შეასრულებენ.

- დაბოლოს, მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ჩემი მომავალი აუცილებლად საქართველოსთან ერთად წარმომიდგენია! მინდა, რომ მალე ჩამოვიდე! ბედობას, 2 იანვარს, ჩემი დაბადების დღე იყო, სანთელი რომ ჩავაქრე, ეს ჩავუთქვი და თან, ვინატრე: ნეტავი, მსოფლიოში და ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და ყველა ქართველს ერთმანეთი უყვარდეს-მეთქი!

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)