"ყველაფერი "ჟუჟუნა წვიმით" დაიწყო. ქართულ მუსიკას რომ მოვუსმინე, აღვფრთოვანდი" - დედით ქართველი პარიზელი ბიჭი თავის გამოთლილ ფანდურზე ქართულ სიმღერას - კვირის პალიტრა

"ყველაფერი "ჟუჟუნა წვიმით" დაიწყო. ქართულ მუსიკას რომ მოვუსმინე, აღვფრთოვანდი" - დედით ქართველი პარიზელი ბიჭი თავის გამოთლილ ფანდურზე ქართულ სიმღერას ასრულებს

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა, წარმატებულმა მომღერალმა - ლუკა წიკლაურმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით - ჩემო გულის კაცო, დაე, გაგიცნოს მთელმა საქართველომ... ვიდეოს სოციალურ ქსელში ასი ათასობით ნახვა და დიდი აღფრთოვანება მოჰყვა... პარიზში დაბადებული და გაზრდილი, დედით ქართველი - მათე რამოსი თავის გამოთლილ ფანდურზე უკრავს და ქართულ სიმღერას ასრულებს...

მათე რამოსი თავის ცხოვრებასა და საქართველოზე გვესაუბრა...

- დავიბადე და აღვიზარდე საფრანგეთში, ქალაქ პარიზში. ბავშვობიდან ყოველ წელს ჩამოვდიოდი საქართველოში. სოფელში ყოფნა ძალიან მიყვარდა - ბუნებასთან სიახლოვე, ბებიაჩემთან ერთად გატარებული დრო და სხვა ბავშვებთან თამაში. თბილისში ყოფნაც მიყვარდა, განსაკუთრებით, სტუმრიანობა.

- დედა საქართველოს სიყვარულს სულ გინერგავდათ?

- დედაჩემის, ლელა ცინდელიანის სიყვარულს საქართველოს მიმართ ალბათ მუცლიდან ვგრძნობდი. პარიზში ქართულ ფილმებს და მულტფილმებს ვუყურებდი. განსაკუთრებით მიყვარდა ქართველების სტუმრობა. ეკლესიამ შემაყვარა საქართველო. პარიზში ქართულ ტაძარში დავდიოდი, სადაც ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და სიყვარული სუფევდა... დეიდებს და ბებიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ საქართველოსადმი სიყვარულის გაღვივებაში. დღემდე ასე გაგრძელდება.

- საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გიწევდათ ყოფნა?

- უფრო მეტად თბილისში. მაგრამ აგარაკი გვაქვს თბილისთან ახლოს და იქაც ბევრ დროს ვატარებდი. ისე, საქართველოს ბევრი კუთხე მაქვს ნანახი: სვანეთი, კახეთი, თუშეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ქართლი, ხევი და იმერეთი. ყველა მიყვარს

- ქართული როგორ ისწავლეთ ასე სრულყოფილად?

- სახლში დედა ქართულად გველაპარაკება. ალბათ, სიმღერაც დამეხმარა. სხვათა შორის, ესპანური ასე ვისწავლე. ერთი პერიოდი, ლათინურმა მუსიკამ და ცეკვებმა გამიტაცა. ბევრს ვუსმენდი და სიტყვებს იქიდან ვსწავლობდი, ასევე ვიცი ინგლისური და ფრანგული.

- ქართველი მეგობრები გყავთ?

- ქართველი მეგობრები მყავს. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. პირველი ქართველი მეგობრები საფრანგეთში შევიძინე პარიზის ქართულ ეკლესიაში. მოგვიანებით, ქართული კულტურის კერა ,,ლაზში" ვმღეროდი, სადაც ბევრი ადამიანი გავიცანი. საქართველოში ბავშვობიდან ვმეგობრობ დედაჩემის კლასელების შვილებთან. დღემდე ძალიან ახლოს ვართ. ცამეტი წლის რომ ვიყავი, პირველად ავედი მონასტერში ძამის ხეობაში და იქ გავიცანი ბერები, რომლებთანაც გულითადი მეგობრობა მაკავშირებს.

- ქართული სამზარეულო მოგწონთ?

- ქართული სამზარეულო, როგორც ყველას, მეც ძალიან მიყვარს. არ ვიცნობ ადამიანს, რომ არ მოსწონდეს ქართული კერძები. სხვათა შორის, საფრანგეთში ძალიან მოდაშია ქართული რესტორნები. თავად დავდივარ ჩემს ფრანგ ძმაკაცებთან ერთად და მათაც ძალიან მოსწონთ. რა თქმა უნდა, თავისი სადღეგრძელოებით და სიმღერებით. სუფრა სიმღერის გარეშე მოსაწყენია „პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო, ნეტავი ვისა გლოვობენ, არ ვიცი, არ იციანო..." - ბებიაჩემის და ხშირად მახსენებს ამ კახური სიმღერის სიტყვებს.

- ქართული დღესასწაულები გიყვართ?

- ძალიან მიყვარს ეკლესიური დღესასწაულები და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვმონაწილეობ.

- როგორ შეძელით ფანდური დაგემზადებინათ?

- დედა და მამა მევიოლინეები არიან. დეიდა და ბაბუა მხატვრები. ხელოვნებასთან ახლოს ვარ ბავშვობიდან. ხან რით ვიყავი გატაცებული, ხან - რით. ბავშვობაში, მამაჩემს ხშირად დავყავდი ვიოლინოს ხელოსნებთან. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რაში გამომადგებოდა, მაგრამ თურმე გამომადგა. ფანდურის გამოთლა დიდი ხანია მინდოდა. მეგობარი მყავს ქართული საკრავების ოსტატი - ზურაბ ღამბაშიძე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.

საფრანგეთში, მამაჩემის მეგობარმა მთხოვა დახმარება, რომ მისი ქარიშხლისაგან წაქცეული ხე მომეჭრა. ეს დიდი და ლამაზი ცაცხვი რომ დავინახე, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ბოლო წლების სურვილი და გამოვთალე ფანდური. პირველი ცდისთვის კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, მეორეც გავაკეთე, მაგრამ გამიტყდა დამუშავების დროს. საფრანგეთში რომ ჩავალ, შევაკეთებ.

სიმღერას რაც შეეხება ბავშვობიდან ვმღერი. ყველაფერი "ჟუჟუნა წვიმათი" დაიწყო. კონსერვატორიაში დავყავდი დედაჩემს, ჩემს დასთან ერთად და გზაში გვასწავლიდა სამივე ხმას. რომ ვწვებოდით დასაძინებლად, მაშინაც ვმღეროდით. ერთხელ, სვანეთში მივდიოდით, დაახლოებით 14 წლის ვიქნებოდი და გზაში დეიდაჩემს გამოვართვი ტელეფონი, რომ მუსიკისთვის მომესმინა. ქართულ მუსიკას რომ მოვუსმინე, აღვფრთოვანდი. ვიფიქრე, რომ ეს ის არის, რასაც სულ ვეძებდი. ამ დღიდან არ შემიწყვეტია სიმღერა.

- სოციალურ ქსელში, თქვენმა ვიდეომ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია...

- ხანდახან ვიდეოებს ვიღებ, სადაც ვმღერი და ჩემიანებს ვუგზავნი. ეს სიმღერა ჩემს მეგობარს - ლუკა წიკლაურს გავუგზავნე. მისი შეფასება მაინტერესებდა. მოეწონა და შემეკითხა, თუ შეეძლო, რომ დაედო მის "ფეისბუქგვერდზე". დავთანხმდი, არ მეგონა, რომ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანი დადებითად აფასებს შენ სიმღერას, გლოცავს და გეფერება. ბევრმა მომწერა თბილი სიტყვები, რაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და ამავე დროს, საპასუხისმგებლო.

- რა მოგწონთ ქართულ ტრადიციებში, ან პირიქით?

- ქართულ ტრადიციებში ყველაზე მეტად მომწონს ის, რაც სტუმართმოყვარეობას, მეგობრობას, ვაჟკაცობას უკავშირდება, სიყვარულს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ქართული ძალიან მიყვარს, ობიექტური ვერ ვიქნები, რომ უარყოფითი მხარე დავინახო.

- თქვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება საქართველოს?

- ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან უკავშირდება საქართველოს, მისი განუყოფელი ნაწილია. მგონია, რომ საქართველოში ვიცხოვრებ, მაგრამ როდის და როგორ, ჯერ არ ვიცი.

(სპეციალურად საიტისთვის)