საინტერესო გამოცოცხლება უძრავი ქონების ბაზარზე - კვირის პალიტრა

საინტერესო გამოცოცხლება უძრავი ქონების ბაზარზე

უძრავი ქონების ბაზარი ახალი გარიგებების მოლოდინშია. როგორც ამ ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, არჩევნების შემდეგ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გამოცოცხლების პერსპექტივა გაჩნდა. ბროკერების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომერციული ფართებით დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა და იმედი აქვთ, რომ ეს დაინტერესება სულ მალე გარიგებებით დასრულდება. თუმცა, მეორად ბაზარზე კვლავ აქტუალურია ვალში გაყიდული ქონება, რაც სოციალური პრობლემის გარდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბაზრის ფასებზე.

ვაჟა ცუცქირიძე, უძრავი ქონების სააგენტო "პრივატსერვისის" ხელმძღვანელი: "არჩვენების შემდეგ საკმაოდ თვალშისაცემია გამოცოცხლება უძრავი ქონების ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ საინტერესო გამოცოცხლებაც კი არის. მოთხოვნა გაიზარდა საცხოვრებელ ბინებზეც, კომერციულ ფართებზეც და ზოგადად დეველოპერულ საქმიანობაზეც. არჩევნების პერიოდში ვითარების დაზვერვა ხდებოდა, ამიტომაც შეჩერებული იყო ტრანზაქციები. ფასებში ეს გამოცოცხლება ჯერ არ ასახულა, რადგან ფაქტობრივად ახლა შემოვიდნენ ინვესტორები და მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები. ინვესტორებს ამ ეტაპზე უფრო მეტად კომერციული ფართები, მშენებლობები და წარმოებები აინტერესებთ.

ჯერჯერობით, კომერციული ფართების მოთხოვნის თვალსაზრისით ისევ თბილისის ცენტრალური უბნები ლიდერობენ: რუსთაველი, ჭავჭავაძე, აღმაშენებელი, პეკინი, ვაჟა-ფშაველა და პავლოვის ნაწილი. უცხოელი ინვესტორები უფრო მაღაზიებისთვის ფართის შეძენით არიან დაინტერესებული. მაქსიმალური ფასი, ჩამოთვლილ ქუჩებზე არსებული კომერციული ფართის შემთხვევაში, კვადრატულ მეტრზე 5 000 დოლარს აღწევს. ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო როცა გარიგებები შედგება, ალბათ შემდეგ უკვე ეს ყველაფერი უძრავი ქონების ფასშიც აისახება. არ იფიქროთ, რომ ვითარება უძრავი ქოენების ბაზარზე ისე გამოსწორდა, რომ 2007 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდა, მაგრამ ასე სწრაფად, არჩვენების შემდეგ პერიოდში ასეთი გამოცოცხლება არასდროს მომხდარა. ბუნებრივია, როცა ასეთი დასაწყისია, უკეთესის მოლოდინი გვაქვს.

სვათა შორის, შეინიშნება დაინტერესება მიწის ნაკვეთებით, სადაც სამომავლოდ შესაძლებელია აწარმოო მშენებლობა. დაუსრულებელი მშენებლობებით ინვესტორები არჩვნებამდეც ინტერესდებოდნენ, მაგრამ ახლაც და მაშინაც ისეთი სამშენებლო ობიექტის შეძენა სურთ, რომელიც ვალდებულებისგან თავისუფალია.

რაც შეეხება საცხოვრებელ ფართებს, ბაზრის ამ სეგმენტზე ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურობს. ფასი არც აქ არ შეცვლილა, რადგან მიწოდება ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალია. ფასი იცვლება მაშინ, როცა მიწოდება მცირდება და მოთხოვნა იზრდება. სხვათა შორის, გაიზარდა ახალმშენებლობების რაოდენობაც და ამანაც გავლენა იქონია უძრავი ქონების ბაზარზე. თანაც, წარსულის გათვალისწინებით, მენაშენეები ბაზარს სთავაზობენ უკვე დასრულებულ ფართებს. გამომდინარე აქედან, მომხმარებელი პირველ რიგში სწორედ ახალმშენებლობებით ინტერესდება და უკვე შემდეგ მეორადი ბინებით. კრიზისის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამან თავისთავად მოიტანა დადებითი შედეგიც და ბევრი მშენებლობის დასრულება ან უკვე შესაძლებელი გახდა, ან დასრულების სტადიაშია. თანაც, არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაზარმა მომხმარებელს მცირე ფართის ბინები შესთავაზა, რამაც ასევე გამოაცოცხლა ბაზარი".

ალექსანდრე ჯაფარიძე, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი, ცენტრალური ევროპის ქვეყნების უძრავი ქონების ასოციაციის ქსელის ნამდვილი წევრი: "როგორც ალბათ ყველა ბიზნესმენს მეც მომწონს, რომ ბიზნესმენი მოდის ხელისუფლების სათავეში. ეს არის ელემენტარული გათვლა იმისა, რომ ჩვენს გასაჭირს გაითვალისწინებს. უძრავი ქონების ბიზნესი კრიზისის და აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბაზარზე კატასტროფულად გაზრდილია ქირისა და გირაოს ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი, ბანკში არსებული ვალის გამო ფაქტობრივად ქუჩაში დარჩა. ტრანზაქციები, რომლებიც აისახება საჯარო რეესტრში, რეალურად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას კი არ უკავშირდება, არამედ ამ ქონების ვალში გადაფორმება ხდება. ერთი კარგავს, ხოლო მეორე იძენს. ასეთ ვითარებაში, კონკრეტული ბინა შეიძლება 500 ათასი დოლარი ღირდეს, მაგრამ ვალში მყოფი ადამიანი 70 ათასად შეელიოს. ასეთი მაგალითები კი მნიშვენლოვან გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე.

არ მგონია, რომ ამ ბიზნესში გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი ძვრები მოხდეს. გაზაფხულიდან კი მნიშვნელოვან გამოცოცხლებას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში არსებული უძრავი ქონებით დაინტერესებას, ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენების განვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და ბიზნესი ძალიან მჭიდროდ არის დამოკიდებული ერთმანეთზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასე არ იქნება. პოლიტიკაში მონაწილე პირებს არ უნდა ჰქონდეთ ბიზნესი არც ფორმალურად და არც რეალურად. ანტიმონოპოლიური კანონი ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს. ეს ხალხი, ინვესტორები, ფულს ჩადებენ ამ ქვეყანაში თუ რეალური ძვრები მოხდება. ადრეც იყო შემთხვევები, როცა ვიღაცას, მაგალითად, შაქრის შემოატანა უნდოდა, მაგრამ არ შემოატანინეს. ვიღაცამ შენობა იყიდა და ხელისუფლების ზეწოლით იძულებული გახდა, მისთვის სულ სხვა პროფილი მიეცა. ტენდერები, აუქციონები ყველასთვის თანაბარ პირობებში უნდა ტარდებოდეს. საქართველოში ასე ჩანდა, რომ თითქოს ბევრი რამ იყიდებოდა, მაგრამ რეალურად ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერ იყიდდი. ახალმა ხელისუფლებამ ჯერ რეალური ძალაუფლება უნდა დაგვანახოს".

(სპეციალურად საიტისთვის)