"უფროსები ახალი წლის ღამეს ცივ იარაღსაც ისვრიან და მოზარდებს რა უნდა მოვთხოვოთ... სამწუხაროა, რომ ადამიანები საკუთარ და სხვის სიცოცხლეს ამხელა რისკის - კვირის პალიტრა

"უფროსები ახალი წლის ღამეს ცივ იარაღსაც ისვრიან და მოზარდებს რა უნდა მოვთხოვოთ... სამწუხაროა, რომ ადამიანები საკუთარ და სხვის სიცოცხლეს ამხელა რისკის ქვეშ აყენებენ. პიროტექნიკის დასამზადებლად გამოყენებული მეტალის ფხვნილები შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზიც კი გახდეს"

პიროტექნიკის გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე. ე.წ. ასაფეთქებლების და ფეიერვერკების გამო უამრავი ადამიანი დაზიანებულა, თუმცა, ამ "უწყინარ" გართობაზე მაინც ვერ ამბობენ უარს. როგორ მოვიქცეთ, რომ ახლობლები არ დავაზიანოთ და მხიარულება მწუხარებად არ გვექცეს? - ამ შეკითხვით დერმატოლოგ ქეთა მიქელაძეს მივმართეთ:

- პიროტექნიკით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით მწვავდება ახალი წლის პერიოდში, რადგან ამ დროს, ასაფეთქებლებს ყველაზე აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, ამ დღეებში ექიმებს ყოველთვის გვყავს პაციენტები სამწუხაროდ, სახის, თვალის დაზიანებით, კიდურების დამწვრობით და სხვა ჩივილებით. ჩვენს კლინიკაშიც, ყოველწლიურად ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ როგორც მსუბუქი, ზედაპირული კანის დაზიანება, ასევე, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა... გვქონია შემთხვევა, როცა თამაშის დროს, ერთმა მოზარდმა მეორეს ჯიბეში ასაფეთქებელი ჩაუგდო, მერე ამ ბავშვმა ჯიბეში ხელი ჩაიდო და თითები იმდენად დაუზიანდა, რომ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც წესი, ასეთ "უწყინარ" გართობას სერიოზული გართულებები ახლავს.

- ყველაზე რთულ შემთხვევაში, რა ზიანის მოტანა შეუძლია ე.წ. ასაფეთქებელს?

- პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული გართულება შეიძლება იყოს: თითის დაკარგვა, თვალის დაზიანება, რომელმაც პაციენტი შეიძლება სიბრმავემდეც მიიყვანოს, ასევე, სახის ისეთი დაზიანება, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება: დაზიანებულ ადგილზე ნაწიბური, ან იარა რჩება და პაციენტს შეიძლება პლასტიკური ქირურგიც დასჭირდეს, თუმცა, მანამდე ქირურგის და ოფთალმოლოგის ჩარევაა საჭირო. ყოფილა შემთხვევები, როცა პიროტექნიკის გამოყენებამ დროებითი, ან მუდმივი სიყრუე გამოიწვია. უფრო მეტიც: პიროტექნიკის გამოყენებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნას და გართობა სავალალო შედეგით დასრულდეს. ამის დასტურია ახლახან, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარი ამბავი: იქ, ერთ-ერთ ბარში შუშხუნებს ინახავდნენ, დახურულ სივრცეში პიროტექნიკა აალდა, შენობა ცეცხლის ალში გაეხვია და 40 ადამიანი დაიღუპა, 100 კი - უმძიმესი დაზიანებით და დამწვრობით, კლინიკაში გადაიყვანეს. მსგავსი ფაქტები ყოველწლიურად ხდება, არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში.

gzyir7wq-1771773423.jpg

- პიროტექნიკას უფროსები ბავშვების გასახარებლად ყიდულობენ, რა უნდა ვიცოდეთ, როცა ასეთ სახიფათო გასართობს ვყიდულობთ?

- სამწუხაროდ, მაღაზიებსა და ბაზრობებზე დიდი ოდენობით იყიდება თვითნაკეთი, კუსტარული წესით დამზადებული პიროტექნიკა, რომელიც სათანადო წესების დაცვით არ არის დამზადებული. არსებობს პიროტექნიკა, რომელიც ასე თავისუფლად არ უნდა იყიდებოდეს, რადგან მოხმარების განსაკუთრებული წესები აქვს და დაუშვებელია, არასრულწლოვანმა მშობლის გარეშე გამოიყენოს. ასევე დიდი რაოდენობით იყიდება ვადაგასული, უხარისხო ასაფეთქებლები, რომელიც ბავშვს კი არა, მოზრდილსაც დააზიანებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და მშობელი უნდა იყოს პასუხისმგებელი, როცა ბავშვისთვის პიროტექნიკას არჩევს. ის უნდა აძლევდეს სიფრთხილის მაგალითს და თუ ბავშვი ასაფეთქებელს მაინც გამოიყენებს, ეს მშობლის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. სიფრთხილე მეტ-ნაკლებად დაგვიცავს იმ გართულებებისგან, რაც პიროტექნიკის გამოყენებას ახლავს თან. საბოლოო ჯამში, მაინც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე მივდივართ: დიდმა თუ პატარამ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პიროტექნიკის გამოყენების წესები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს საფრთხეში ჩავიგდებთ.

- თუმცა, ბავშვები ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და პიროტექნიკას უფროსების დაუკითხავადაც კარგად ყიდულობენ...

- გეთანხმებით, მოზარდის მართვა რთულია, მაგრამ რჩევა-დარიგებით და სწორი მიდგომით შევძლებთ მსგავსი ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ. უნდა გავაკონტროლოთ, რას ყიდულობენ ჩვენი შვილები. მე ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანებს პიროტექნიკის ყიდვა არ უნდა შეეძლოთ, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება და თითოეული მათგანი ხარისხიანი და ლიცენზირებული უნდა იყოს. შეიძლება მოზარდმა შეიძინოს ასაფეთქებელი საშუალება და ეზოში მყოფი ბავშვები, ცხოველები, ფრინველები დააზიანოს. ყველა ასაფეთქებელს გამოყენების თავისი წესი აქვს და ეს წესები მკაცრად უნდა დავიცვათ. როგორც ვიცი, პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვები ჩვენთანაც არის, მაგრამ ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მაინც უმთავრესია. საკუთარ თავზე ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი ჯანმრთელობა ასე დავიცვათ. მოზარდებს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა უფროსები ახალი წლის ღამეს ცივ იარაღსაც ისვრიან! ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მადლობა ღმერთს, წელს მსხვერპლი არ გვქონია, მაგრამ ძალზე სამწუხაროა, რომ ადამიანები საკუთარ და სხვის სიცოცხლეს ამხელა რისკის ქვეშ აყენებენ და არ უფრთხილდებიან.

rctb-nlo-1771773459.jpg

- ფიზიკური ტრავმების გარდა, კიდევ რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკას?

- პიროტექნიკის დასამზადებლად, სპეციალურ მეტალის ფხვნილებს იყენებენ, რომელიც აფეთქების შემდეგ ჰაერში იფანტება, დიდხანს რჩება და ადამიანის ორგანიზმშიც აღწევს. შესაძლებელია, ეს სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს, მათ შორის, ალერგიული, მწვავე და ქრონიკული დაავადებებისა. ამგვარმა ფხვნილმა შეიძლება ორგანიზმში სერიოზული ძვრები გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს რესპირატორული და სხვა ტიპის დაავადებების განვითარებას. ვიდრე ქარი, წვიმა, ან თოვლი არ გაფანტავს, ამგვარი ფხვნილი ჰაერში უფრო დიდხანს ნარჩუნდება.

ჩემთვის არანაკლებ მტკივნეული საკითხია ის მავნებლობა, რომელიც პიროტექნიკას ცხოველებისთვის მოაქვს. ჩვენს ქვეყანაში ბევრი უსახლკარო, მიუსაფარი ცხოველი გვყავს, მათ ისედაც დიდი გასაჭირი აქვთ, მაგრამ ახალი წლის ღამეს თითოეული მათგანი ყველაზე მეტად მეცოდება: ცხოველებს ხმაურის შიში აქვთ, ყოფილა შემთხვევა, როცა აფეთქების შედეგად, ძაღლს გული გასკდომია! ეს არამარტო ქუჩის ცხოველებს ემართებათ, ახალი წლის ღამის მსხვერპლი შინაური ცუგებიც ხდებიან, განსაკუთრებით კი, პატარა ძაღლები.

არანაკლები განსაცდელი აქვთ ფრინველებს: ისინი იღუპებიან არა მარტო ხმაურის, არამედ, ფიზიკური დაზიანების შედეგად, შეშინებული ფრინველები ხმაურის გამო იბნევიან, ორიენტაციას კარგავენ და კედლებს, ხეებს, ან ბოძებს ეხეთქებიან. სხვათა შორის, ცხოველებსა და ფრინველებში დაყრუების ფაქტებიც ხშირია, რადგან მათ გაცილებით სუსტი სმენის აპარატი აქვთ, ვიდრე, ადამიანებს. ამიტომ, მეტი ემპათია უნდა გამოვიჩინოთ არა მარტო ადამიანების, არამედ, ცხოველების მიმართაც. ეს ყველაფერი პატარებსაც უნდა ავუხსნათ, რომ მათი უწყინარი გართობა დიდ უსიამოვნებად არ გადაიქცეს.

pvbxjzmz-1771773442.jpg

ცნობისათვის: პიროტექნიკის არასწორ შენახვას და გამოყენებას, მსოფლიოში რამდენიმე ტრაგედია მოჰყვა:

წელს, შვეიცარიაში, ახალი წლის ღამეს ტრაგედია დატრიალდა: კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე, ხალხმრავალ ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. აფეთქების მიზეზი სწორედ პიროტექნიკა იყო.

2000 წელს, ნიდერლანდების ქალაქ ენშედეში, ფოიერვერკების საწყობში გაჩენილმა ხანძარმა დიდი აფეთქება გამოიწვია. დაიღუპა 23 ადამიანი, დაშავდა 1000-მდე. აფეთქებამ მთელი საცხოვრებელი კვარტალი გაანადგურა - დაახლოებით, 400 სახლი.

2016 წელს, ინდოეთში, კოლატინგალის ტაძარში მიმდინარე დღესასწაულის დროს, ფოიერვერკის ნაპერწკალი საწყობს მოხვდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა. დაიღუპა 110-ზე მეტი ადამიანი, 350-ზე მეტი კი, მძიმედ დაშავდა. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა იყო.

2001 წელს, ტრაგედია დატრიალდა პერუში, ქალაქ ლიმაში, სადაც პიროტექნიკის ბაზრობაზე მომხდარმა აფეთქებამ 291 ადამიანი შეიწირა. ვიწრო ქუჩებში განთავსებულ ასეულობით მაღაზიის გამო, ხალხმა გაქცევა ვერ შეძლო, რაც სავალალო შედეგით დასრულდა.

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა მექსიკაში, 2016 წელს: ქალაქ ტულტეპეკში მდებარე პიროტექნიკის ცნობილ ბაზრობაზე, 42 ადამიანი დაიღუპა. ბაზრობა მანამდეც რამდენჯერმე დაიწვა, თუმცა 2016 წლის შემთხვევა დიდი ტრაგედიით დასრულდა!

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)