ვინ იყო ერეკლე მეფის შთამომავალი, ირანის გენერალი, რომელმაც "ირანის გათავისუფლების" არმია ჩამოაყალიბა - კვირის პალიტრა

ვინ იყო ერეკლე მეფის შთამომავალი, ირანის გენერალი, რომელმაც "ირანის გათავისუფლების" არმია ჩამოაყალიბა

"1971 წელს, გენერალმა, მეუღლესთან ერთად, ირანი დატოვა და პარიზში გადასახლდა. რევოლუციის პერიოდში მან „ირანის გათავისუფლების არმია“ („აზადეგან“) ჩამოაყალიბა" - ცნობილი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში - ვასილ პაპავა ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის.

ვასილ პაპავა:

- შაჰის ირანის გენშტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი, ფერეიდნელი ქართველი - ბაჰრამ არიანა 1906 წლის 17 მარტს, ქ. თეირანში დაიბადა. დედამისი წარმოშობით ქართველი (მეფე ერეკლე II-ს შთამომავალი) იყო, მამა სადრ-ედ-დინი – მოსამართლე. ბაჰრამის ნამდვილი სახელი ჰოსეინ მანუჩეჰრი გახლდათ, რომელიც 1950 წელს შეიცვალა. ბაჰრამ არიანამ საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემია დაამთავრა და 1955 წელს, პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხიც მიიღო. როცა 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ირანში ინგლისისა და საბჭოთა კავშირის ჯარები შეიჭრნენ, მან ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ბოლოს, ბრიტანელებმა დააპატიმრეს. 1964–1965 წლებში, სამხრეთ ირანში (ისპაანი, ხუზესთანი, ფარსი) წარმატებით აღკვეთა ადგილობრივი ტომების გამოსვლა მიწის რეფორმის წინააღმდეგ. 1965-დან 1969 წლამდე გენერალი არიანა არმიის შტაბს ხელმძღვანელობდა.

შაჰი აცნობიერებდა ჯარის პოლიტიზაციის საფრთხეს და ცდილობდა ხელი შეეშალა ნებისმიერი მცდელობისთვის, რომ სამხედროები ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ამისთვის ის აქტიურად იყენებდა "სავაქს" – საიდუმლო პოლიციას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა ჯარისა და ოფიცერთა კორპუსის გაკონტროლების საქმეში. ასეთი კონტროლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო გენერალ ბაჰრამ არიანას საქმე. მიუხედავად წარმატებებისა, არიანა შაჰისთვის საფრთხის წყაროდ იქცა. მისი რადიკალური ნაციონალისტური შეხედულებები, მათ შორის, არაბული ანბანის ლათინურით ჩანაცვლებისა და „შაჰნამეს“ ყურანის ნაცვლად პოპულარიზაციის იდეები, რეჟიმის სტაბილურობისთვის საფრთხედ აღიქმებოდა. არიანა არც მალავდა თავის ამბიციებსა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, რაც ეწინააღმდეგებოდა შაჰის ავტორიტარულ პოლიტიკას. „სავაქი“ ყურადღებით აკვირდებოდა არიანას ქმედებებს, აგროვებდა მის წინააღმდეგ კომპრომატებს და ავრცელებდა ჭორებს მისი „საშიში ამბიციების“ შესახებ.

1969 წელს, მდინარე შატ-ელ-არაბის გარშემო შექმნილი კრიზისის შემდეგ, შაჰმა გენერალი არიანა თანამდებობიდან გადააყენა და აიძულა ირანი დაეტოვებინა. ფორმალურად, ეს „საპატიო გადადგომად“ წარმოაჩინეს, თუმცა ფაქტობრივად, ეს იყო „სავაქი“-ს ზეწოლის შედეგი, რომელმაც გამოიყენა თვალთვალი, შანტაჟი და პროპაგანდა პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად. არიანას საქმე გახდა ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებდა „სავაქი“ რეპრესიულ მეთოდებს ჯარის კონტროლისა და არასასურველი ფიგურების მოსაშორებლად.

1971 წელს, გენერალმა, მეუღლესთან ერთად, ირანი დატოვა და პარიზში გადასახლდა. რევოლუციის პერიოდში მან „ირანის გათავისუფლების არმია“ („აზადეგან“) ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციის წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ფუნდამენტალისტ მონარქისტებს“, რომლებიც ფეჰლევიანთა დინასტიის აღდგენას ცდილობდნენ. „აზადეგან“-ის მთავარი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობდა და მასში გაწევრებულნი იყვნენ როგორც ნაციონალისტები, ასევე, ზომიერი მემარცხენეები და მონარქისტები.

„აზადეგან“-ის მტკიცებით, ირანში 12-ათასი მომხრე, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებშიც ჰყავდა. ორგანიზაციას მხარს აქტიურად უჭერდა შაჰის ადმირალი - ქამალ ჰაბიბოლაჰი, რომელიც ხომეინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო სპეცოპერაციებში უშუალოდ მონაწილეობდა. მაგალითად, 1981 წლის აგვისტოში, „აზადეგან“-ის მებრძოლებმა, ჰაბიბოლაჰის ხელმძღვანელობით, რამდენიმე სამხედრო კატერი გაიტაცეს. მოგვიანებით, ორგანიზაცია ირანის უშიშროების ძალებმა განადგურეს.

ბაჰრამ არიანა 1985 წლის 27 ივნისს, პარიზში გარდაიცვალა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ისრაელში საარქივო მასალებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. ამ დოკუმენტებში ნაჩვენებია, რომ ისრაელი ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელიც ირანში ატომური ენერგეტიკის დაარსებისა და ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენების სათავეებთან იდგა. ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, დიმონისა და სორეკის ისრაელის ატომური ცენტრების სპეციალისტები სამშენებლო მოედნებზე მუშაობდნენ და 1979 წლის რევოლუციის დაწყებამდე მოასწრეს, ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბუშირში საფუძველი ჩაეყარათ ატომური რეაქტორისთვის, ისპაანში კი, საკვლევი რეაქტორის შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი შეედგინათ...

(სპეციალურად საიტისთვის)