„საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს...“
დონალდ ტრამპის დაფუძნებულ "მშვიდობის საბჭოში", რომელიც, გეგმის თანახმად, მუშაობას დაიწყებს ღაზაში კონფლიქტის მოგვარებით და შემდეგ გააფართოებს საქმიანობას სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად, საქართველოს ადგილი არ აღმოჩნდა. ჩვენმა მეზობელმა ყველა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მიიღეს მიწვევა, თუმცა საქართველო იქ არავინ დაპატიჟა, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მიიწვიეს დავოსში გამართულ მორიგ ეკონომიკურ ფორუმზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კარგა ხნის განმავლობაში - ჯერ კიდევ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევამდე და შემდეგაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპისა და მათი ხედვები ისე ემთხვეოდა ერთმანეთს, აშშ-სთან უცებ გააუმჯობესებდნენ ურთიერთობას, ეს ასე მარტივი არ აღმოჩნდა. მეტიც, ახლა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებისგან სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ თურმე აშშ-ის პრეზიდენტი "დიფ სთეითის" გავლენაში მოექცა - მაგალითად, ის "დიფ სთეითის" დაკვეთით ევროპას ანგრევინებს" და ა.შ. ფაქტი კი ის არის, რომ აშშ ჩვენი რეგიონით სულ უფრო მეტად ინტერესდება - ზანგეზურის დერეფნის ამერიკული ინვესტიციებით მშენებლობა უკვე რეალობაა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჩვენს მეზობლებს თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა, საქართველოს ხსენება კი ისევ არსად არის. ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტად ქრება არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდანაც კი... ამ დროს ხელისუფლება ფიქრობს ქვეყანაში პოლიტიკური დებატები დააბრუნოს, მასთან დაახლოებული სასულიერო პირები ოპოზიციასთან შერიგებაზე ლაპარაკობენ, ოპოზიცია კი ისევ გაერთიანების იდეით "იტანჯება". რას ნიშნავს ყოველივე ეს და სად მიიყვანს ეს პროცესები საქართველოს? - გვესაუბრება პოლიტიკური ინიციატივის "ჯერ საქართველო" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი:
- იმ ყველაფერს, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. ძალიან გვინდა მათი განცხადებების დავიჯეროთ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო", მოკლედ, მაგათ ლაპარაკს ბოლო ისეთი მოჰყვება ხოლმე, გვიკვირს კი არა, გვაშფოთებს... ავიღოთ მათივე თქმით, "ჯანსაღი დებატებისკენ" მოწოდება. ამისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა, ამას სჭირდება შესაბამისი პირობებისა და ფონის შექმნა. გარდა ამისა, მეორე მხარეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განწყობა და სურვილი, რომ გაიზიაროს შენი მოწოდება, როგორც გულწრფელი შეთავაზება. მაშინ, როდესაც წინადღეს დებატების დაბრუნებაზე ლაპარაკობ და მეორე დღეს ვხედავთ რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედებას სასამართლოს სხდომათა დარბაზებში, ეს ნამდვილად ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ვინმემ დაიჯეროს ხელისუფლების და მასთან დებატებს დათანხმდეს.
"ჯერ საქართველო" იმავე საღამოს გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, მაგრამ დებატებს აქვს თავისი წესი, წანამძღვრები, რის გარეშეც ის ფიქციაა. ამასთანავე, თუ მართლაც გინდა ჯანსაღი დებატების გამართვა, ის უნდა გაიმართოს არსებული ხელისუფლების პირველ პირებთან. ისე არ უნდა იყოს, რომ შეიქმნას მხოლოდ ილუზია, ეფექტი, რომ არის დებატები, რომ ეს იყოს მხოლოდ ემოციების ნიაღვარი, მხოლოდ ოპტიკის შექმნა, რომელსაც შემდგომ "ქართული ოცნება" სათავისოდ "გაყიდის" უცხოეთში, როგორც პოლიტიკური პროცესების "განორმალურების" ტენდენციას. ყოველივე ის, რაც კობახიძის განცხადების შემდეგ მოვისმინეთ "ქართული ოცნებისგან", ჩემი აზრით, ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს, საბოლოოდ კი ეს გულწრფელი განცხადება არ არის.
ასეთივე განცხადებები მოვისმინეთ ცალკეული სასულიერო პირებისგან. მოწოდებები შერიგებისკენ გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც ერთხანს ძალიან ენერგიულად უჭერდნენ მხარს "ქართული ოცნების" კურსს.
ჩემი აზრით, "ოცნების" წიაღში მიმდინარე პროცესებმა გაახსენა მათ, რომ დადგა შერიგების დრო. მოკლედ, ამ მოწოდებების რეალურ მოტივებზე სერიოზული კითხვები იბადება.
- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესსაც შევეხოთ მოკლედ. ბოლო თვეების საკრალურ თემად არის გადაქცეული გაერთიანება-არგაერთიანების საკითხი. როგორ ფიქრობთ, დღეს ამის პერსპექტივა თუ ჩანს და რა შეიძლება მოიტანოს ამან შედეგად, როდესაც უახლოეს მომავალში არჩევნები არ იგეგმება?
- ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია. შეიძლება ითქვას, ის, რასაც პოლიტიკას ვუწოდებთ, ქვეყანაში აღარ არსებობს. დიახ, არის გულწრფელი ემოციები, არის განცხადებები, მოქმედებები, მაგრამ ამას მწყობრ, სტრუქტურირებულ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სწორედ ოპოზიციურ სპექტრს, თორემ ხელისუფლება რასაც აკეთებს, კი ვიცით - მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკა ჩაკვდეს, რათა შესატყვისი პოლიტიკური ინსტრუმენტები გაუქმდეს. არადა, ამ ინსტრუმენტების აღორძინება, დანერგვა და ეფექტიანად გამოყენება არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა.
არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს საყვედურს ვამბობ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინდივიდუალურ თავდადებაზე, მაგრამ დღეს ვცხოვრობთ ისეთ ვითარებასა და ეპოქაში, როდესაც ინდივიდუალური თავდადება ვერ გადაწონის ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ მიდგომას. პარტიული ოპოზიციური სპექტრი ვერ უმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. არავინ არავის ნიშნს არ უგებს და არც ჩასაფრებული ვარ, სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა კრიტიკულად გადააფასონ განვლილი პერიოდი და თუ მათი რესურსი არ არის საკმარისი ძირეული ცვლილებებისთვის, იფიქრონ დამატებით რესურსზე. ეს შეიძლება იყოს აღმოცენებადი პარტიული სტრუქტურები, მე მათ ვუწოდებდი პოლიტიკურ სტარტაპებს, რომელთა ჩამოყალიბებისა და პოლიტიკურ პროცესში შესვლის დრო უკვე დადგა. აქედან გამომდინარე, თუ ახალი მოთამაშეების ჩამოყალიბების პროცესი იქნება მზარდი, მე არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებდი, არ შეუშალონ ხელი მას. ეს არ უნდა გადაიქცეს შიდა კონკურენციად და კინკლაობად, რადგან ეს საერთო მიზნებს დააზიანებს. არ ჩამითვალოთ ზედმეტობაში, მაგრამ ასეთ სტარტაპად მივიჩნევთ ჩვენს პოლიტიკურ ინიციატივას "ჯერ საქართველო". ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ვერც ერთი ცენტრი თუ ჯგუფი ვერ აიღებს საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი მთავარი დევიზი, რომ "ძალა ერთობაშია", უნდა გამოიხატოს იმ პროცესშიც, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფებას ემსახურება. რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად უნდა მოხდეს განახლებული ენერგიის, რესურსის შედინება.
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დროის დეფიციტი, რაც განპირობებულია გარე კონიუნქტურით, რომელიც ძალზე შემაშფოთებლად ვითარდება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხდება უამრავი რამ როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა და ჩვენი ქვეყანა არსად, არც ერთ დიდ თუ პატარა თემასთან კავშირში არ ფიგურირებს. პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ისეთი მწარე რეალობის წინაშე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" და მასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა ქვეყანა მოაქციეს საკუთარ თავთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. დამეთანხმებით, რომ ასეთი მდგომარეობა, როდესაც თავი მართალი გგონია და მთელი მსოფლიო თურმე შენთან მტყუანია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაადგება ვერც ქვეყნის უსაფრთხოებას და ვერც მის განვითარებას.
- სწორედ ამ საკითხით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ინტერვიუ. გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს დავოსში, ტრადიციულ ეკონომიკურ ფორუმზე, ასევე ტრამპის შექმნილ "მშვიდობის საბჭოში", სადაც ყველა ჩვენი მეზობელი დაპატიჟეს; ახლახან ცნობილი გახდა, რომ თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თუმცა საქართველო ამ ვიზიტის დაგეგმვისასაც არავის გახსენებია. სიმართლე გითხრათ, არც მახსენდება აშშ-ის ასეთი მაღალი რანგის პირის კავკასიაში ვიზიტი, რომლსაც საქართველოს გარეშე ჩაუვლია, "შემოგვირბენდნენ" ხოლმე მაინც.
- არათუ "შემოგვირბენდნენ", გვახსოვს პირდაპირი ვიზიტები საქართველოში არცთუ შორეულ წარსულში. ახლა კი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხსენებაც არ არის, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან სამწუხარო სურათს ქმნის.
რაც შეეხება დავოსს, უნიკალურია "ქართული ოცნების" ხელისუფლების თვისება, რომ ერთსა და იმავე მოცემულობას მოარგოს ისეთი სახელი, როგორიც მას აწყობს. მაგალითად, როდესაც გვიწვევდნენ დავოსში, ეს მათთვის დიდი პატივი და მისასალმებელი მოვლენა იყო, ახლა როცა არ გვეძახიან, დავოსის ფორუმმა დაკარგა თურმე თავისი მნიშვნელობა და მეათეხარისხოვანი ღონისძიება გახდა. ერთი წუთით დავუშვათ, რომ საქართველო დავოსში წარმოდგენილი ყოფილიყო რომელიმე თანამდებობის პირის მიერ, საინტერესოა, რას იტყოდა, ან როგორ იტყოდა, ან საერთოდ, ვინ შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც დამაჯერებლად, კომპეტენტურად და კვალიფიციურად მიიტანდა ქართულ სათქმელს? ამ კითხვებზე პასუხს თუ შევეცდებით, ვფიქრობ, ძალიან დამთრგუნველ სურათს მივიღებთ.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რომ არავინ გვეხმიანება, არავინ გვახსენებს? გლობალურ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, აგერ ჩვენს სიახლოვეს, მთლად ყურის ძირში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უმნიშვნელოვანესი პროცესი მიდის და რატომ თუნდაც მოკითხვის, კონსულტაციის ან ინფორმირების დონეზე მაინც არავინ ურთიერთობს საქართველოს ხელისუფლებასთან? ჩემი აზრით, აქ იმდენად გეოპოლიტიკაზე არც არის ლაპარაკი, ფაქტია, თანამედროვე სამყარო ცდილობს ამ გეოპოლიტიკური კლიშეებისგან დაცლას. აგერ ახლახან გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია ინტერესები, ინტერესები და სხვა არაფერი.
სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევენ ანგარიშგასაწევ პარტნიორად, რომელსაც აქვს უნარი, ესა თუ ის შეთანხმება თუ პირობა შეასრულოს სათანადოდ და ჯეროვნად. ვფიქრობ, ეს არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამჯობინებს ჩვენი ქვეყანა იყოს აბსოლუტურად მივიწყებული, სრულიად განზე გამდგარი პროცესებისგან. როდესაც ვლაპარაკობთ პატარა და საშუალო ქვეყნების ბედზე, თუ შენ არა ხარ აქტიური, მომთხოვნი, მიმწოლი და არ გამოდიხარ საკუთარი ინიციატივებით, მაპატიეთ და, კალთას ნამდვილად არავინ დაგახევს. ამდენად, ყოველივე ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "ქართულ ოცნებას" საგარეო პოლიტიკა არა აქვს, ის, რასაც ესენი აკეთებენ, "დელეცობაა"... შედეგად მივიღეთ ქვეყნის სრულიად განულებული პროფილი - როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნელ-ნელა ივიწყებენ და ეს ამ ხელისუფლების მიზანმიმართული მოქმედების შედეგია. ამასთანავე, გვესმის ჩვენი პარტნიორების ლაპარაკი ქვეყანაში გავლენიანი ჯგუფების ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აფილაციაზე. ესეც ქმნის ფონს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მიიჩნიონ სრულიად არასანდო და არაკომპეტენტურ პარტნიორად.
- ეს ყველაფერი რას მოუტანს ქვეყანას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზანგეზურის დერეფნის პროექტი მალე რეალობად იქცევა. მოგეხსენებათ, მის მშენებლობაში სომხურ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან ერთად, ამერიკული კომპანიებიც ჩაერთვნენ და გაფორმდა შეთანხმებები. შეიქმნა კონსორციუმი, რომლის 74%-ის მფლობელია აშშ, დანარჩენი 26%-ის - სომხეთი. საინტერესო ისაა, რომ ამ კორიდორით არა მხოლოდ აზერბაიჯანული ტვირთები, არამედ ცენტრალური აზიის ტვირთებიც გაივლის და ეს გზა თურქეთის შავ ზღვამდე ჩავა. ცხადია, ამ პროექტის განხორციელებას დრო დასჭირდება, მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ რა ელის შუა დერეფნის საქართველოზე გამავალ გზას?
- ამ კორიდორის მშენებლობა და საზოგადოდ, აშშ-ის კავკასიისადმი ინტერესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია კითხვა, რას მოუტანს ეს გზა საქართველოს, იქნება თუ არა მომგებიანი ჩვენთვის? სამწუხაროდ, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასიხარულო არაფერი გვაქვს. ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში და მოუმზადებლები ვხვდებით, კარგს არაფერს გვიქადის.
მივიწყებულ ქვეყანას ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენია, ასეთი მცირე რესურსებისა და ამდენი საფრთხის მქონეს, ემუქრება უსაფრთხოების სრულად განულება, განვითარებასა და კონკურენტუნარიანობაზე უარის თქმა, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნა.
ქვეყნის სახელმწიფოდ ქცევა გადის მის ფუნქციაზე, როლზე, სარგებლიანობასა და საჭიროებაზე, დღეს შექმნილი ვითარება კი ქმნის იმის უდიდეს საფრთხეს, რომ სახელმწიფოდ კი არა, უბრალოდ გეოგრაფიად ვიქცეთ, რომელსაც მხოლოდ ნომინალურად ექნება დროშა, გერბი და ჰიმნი. სამწუხაროდ, საქართველოს ემუქრება იქცეს კონკრეტული და საეჭვო ინტერესების გამტარ გეოგრაფიულ სივრცედ, რომელსაც ვერაფერი ექნება საერთო არათუ სახელმწიფოსთან, არამედ სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანასთანაც კი. შეიძლება ძალიან დრამატულად ჩანს ჩემი ნათქვამი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკის უკიდურესი შედეგი ასეთი იქნება.