5000-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი ანუ როგორ შევაჩეროთ „ჩუმი სიკვდილის“ შემოტევა?! - "რით ვერ დამთავრდა ფონიჭალა? რამდენი სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს?"
რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "კოკაინი", "ჰეროინი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", "მეთადონი", "მორფინი", "მდმა" და გამომშრალი მარიხუანა ამოიღო. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი... "მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა და მაინც ამდენ ნარკორეალიზატორს იჭერ ქვეყანაში, ბევრი მომხმარებელი რომ გყავს და ნარკოტიკი თავისუფლად იყიდება, ეს ნარკოპოლიტიკის კრახია. რაც ყველაზე მთავარია, არ ხდება დაბალანსება იმისა, რაც არის ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი - გარდა იმისა, რომ მიწოდება უნდა შემცირდეს, ასევე უნდა შემცირდეს მოთხოვნა. სანამ მოთხოვნა არ შემცირდება, ეს კატასტროფა არ გაჩერდება", - გვეუბნება პარტია "ფედერალისტების" წევრი, ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
- კარგია, რეალიზატორებს რომ აკავებენ, მაგრამ ამის უკან ის პირები დგანან, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ და მათ რას ვუპირებთ? რეალურად, მოვაჭრე ჩნდება მაშინ, როცა ბაზარზე არის მოთხოვნა. შესაბამისად, ამ 88 კაცის უკან დგას დიდი რაოდენობით ნარკოტიკის მომხმარებელი. ისინი ხომ არ გამქრალან, ისინი არსებობენ.
მათი ნაწილი შეიძლება იყოს მომხმარებელი, ნაწილი - დამოკიდებული, რომელსაც ნარკოტიკი სჭირდება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამდენი დაჭერებისა, ბაზარზე, რომელიც სრულიად უკონტროლოა, არც ერთ ნარკოტიკზე დეფიციტი არ შექმნილა. ასევე, ბიტკოინების აპარატების რაოდენობა ქვეყანაში კი არ იკლებს, იმატებს და ყველამ იცის, რისთვის დგას ამდენი. მოთხოვნა მაღალია და მიწოდებაც - შესაბამისი. რაც უნდა ვებრძოლოთ მიწოდებას, მოთხოვნა თუ იგივე დარჩა, გაჩნდება ახალი გზები და ახალი ნარკოტიკული საშუალებები.
- მაინც რა გზით ხვდება ამდენი ნარკოსაშუალება ბაზარზე და რატომ არის ის უკონტროლო?
- მოთხოვნაა და ამიტომ ხვდება. მოთხოვნა გარკვეული პროცენტით შეიძლება შემცირდეს მომხმარებლებში, მაგრამ ვინც დამოკიდებულია, ის მაინც შეიძენს სხვადასხვა გზით ნარკოტიკს. როცა მოთხოვნა არაა შემცირებული, ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჩნდება ბევრად მძიმე, იაფი და კუსტარული ნარკოტიკი. ასე მოხდა ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ, როცა გაჩნდა "კრაკადილი", "ჯეფი", "ვინტი", სააფთიაქო ნარკომანია, რომელსაც დღესაც კი ებრძვიან, ოღონდ, ებრძვიან შედეგს და არა მიზეზს. თუ მიზეზი არ დავადგინეთ, რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს და როგორ შევამციროთ მოთხოვნა, ეს პრობლემა მუდმივად გვექნება. რაც არ უნდა გამკაცრებული და რეპრესიული იყოს ნარკოპოლიტიკა (და, რა თქმა უნდა, გამსაღებლების მიმართ იყოს ძალიან რეპრესიული), თუ ნარკომომხმარებელს არ მივეცით შესაბამისი სერვისი და მას კვლავ მოუწია არალეგალური ნარკოტიკის შოვნამ, ამაზე შავი ბაზარი ძალიან იოლად რეაგირებს.
რით ვერ დამთავრდა ფონიჭალა? რამდენი სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს? რამდენი სპეცოპერაციაც არ უნდა ჩატარდეს, თუ მოთხოვნა იქნება, ეს ბაზარი სულ იარსებებს! წლებია ვუყურებთ, ერთი და იგივე ყავისფერი ჭიშკარი და თაღებიანი სახლებია თითქმის ყველა კადრში.
ჩვენ თუ მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთში არ დავაბალანსეთ და არ შევქმენით ზიანის შემცირების მძლავრი მექანიზმები, ეს პრობლემა არასდროს დასრულდება. გაჩნდება კუსტარული, უფრო დაბინძურებული და უფრო მძიმე ნარკოტიკი, იმიტომ, რომ დღეს შავ ბაზარს ბევრად მეტი ტექნიკური და მაღალტექნოლოგიური საშუალებები გაუჩნდა, ვიდრე 5 ან 10 წლის წინ ჰქონდა.
რატომ არის დღეს ძალიან გავრცელებული სააფთიაქო ნარკომანია? - იმიტომ, რომ ვინც ამ მედიკამენტებს მოიხმარდა, მათთვის არანაირი სამედიცინო ღონისძიება არ ჩატარებულა, მათთვის არავის შეუთავაზებია ჩამანაცვლებელი პრეპარატები ან სამკურნალო საშუალებები, ამიტომაც გახდნენ ამ პრეპარატზე დამოკიდებული. დამოკიდებული ადამიანი კი ყველა გზას ეძებს, რომ კვლავ მოიპოვოს ნარკოტიკი დღეს იაფად, ხვალ - ძვირად.
შსს-ს ცნობით, ამოღებულია სრულიად სხვა ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც აქამდე არ იყო ბაზარზე, მაგალითად, "კოკაინი", ისევ გამოჩნდა "ბუპრენორფინი", რომელიც კარგა ხანს არ იყო შავ ბაზარზე (რადგან მისი მოცულობა პროგრამებით იყო უზრუნველყოფილი), "პრეგაბალინი" მუდმივად ფიგურირებს - ხან ისრაელიდან შემოაქვთ, ხან თურქეთიდან, ირანიდან და ამაში ჩართულია პირთა ძალიან დიდი ქსელი, ვინც უზრუნველყოფს შავი ბაზრის სტაბილურობას. თუ არ ვაღიარეთ, რომ ამის უკან დგანან მომხმარებლები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მანამდე ეს პრობლემა გაუარესდება.
როცა შავ ბაზარზე დეფიციტი იქმნება, ბაზარს შემოაქვს ბინძური, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომლებიც იწვევს ზედოზირებას, ფსიქოზს და სხვა უმძიმეს გართულებებს.
შსს-ს აქვს თავისი საქმე და სწორად იქცევა, როცა გამსაღებლებს აკავებს, მაგრამ საპირწონედ მეორე მხარეა ცარიელი, ანუ 90% თუ მიდის საპოლიციო ღონისძიებებზე, 10%-იც არ არის სამედიცინო მომსახურებაზე.
- სიკვდილიანობა და ზედოზირება რომ ავიცილოთ თავიდან, სახელმწიფოსთვის რა უნდა იყოს პრიორიტეტული?
- დასჯა და მზრუნველობა ერთმანეთთან დაბალანსებული უნდა იყოს. რეალიზატორი უნდა დასაჯონ და ეცადონ, მომხმარებელმა და დამოკიდებულმა ადამიანმა ნარკოტიკი აღარ მოიხმაროს, ან თუ მაინცდამაინც არა აქვს გადაწყვეტილი ფხიზელი ცხოვრება, მიიღონ სამედიცინო დაწესებულებაში. საჭიროა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება, უნდა იყოს ინფორმირებულობა და ამას ჰქონდეს სისტემური ხასიათი და არა კამპანიური. მსოფლიოში არსებობს გამოცდილება, კვლევები, ევიდენსი, რომელზეც დამყარებულია თეორიები, პრაქტიკული საქმიანობა და ა.შ. ამისთვის არსებობენ ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებმაც იციან, ეს როგორ გააკეთონ და უნდა გამოიყენონ ისინი. პრობლემას როგორც ებრძვიან, ვხედავთ.
მაინტერესებს, ვინ დაისაჯა, გამოაქვეყნონ ინფორმაცია და სტატისტიკა, ამ 2000 რეალიზატორიდან ყველა წავიდა უვადო პატიმრობაზე, თუ ისევ გამოვიდნენ საპროცესო გარიგებით? ხომ ამბობენ, ამდენი დავაკავეთო, გაგვაგებინონ, აქედან რამდენს მიესაჯა 20 წელი ან უვადო პატიმრობა, ეს ყველაფერი ხომ ციფრებია?
აუცილებელია შავი ბაზრის კვლევა. თუ აღმოჩნდა, რომ ჭარბობს ისეთი ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას, ეს ნიშნავს ბევრ დაავადებულ ადამიანს. მაგალითად, თუ ოპიატია, მას გასართობად არავინ იკეთებს, ის დამოკიდებულ ადამიანს სჭირდება. როცა ადამიანი პროპორციულად მოიხმარს ოპიატს, უნდა იფიქრო, რა გააკეთო: უნდა გააფართოო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, მოახდინო გარკვეული ინტერვენცია, შექმნა ამბულატორიული მკურნალობის სქემები და ჰაიდლაინები, რომელიც გააიაფებს სტაციონარულ მკურნალობას და ა.შ. დღეს ამბულატორიული მკურნალობა შეუძლებელია, რადგან მასში ექიმები ვერ იყენებენ იმ პრეპარატებს, რომლებიც პაციენტს სჭირდება.
თუ აღმოჩნდება, რომ კოკაინი დიდი რაოდენობითაა, გამოდის, ადამიანების დიდი რაოდენობა მოიხმარს კოკაინს, რაც თავისთავად უფრო ართულებს სიტუაციას - კოკაინის მომხმარებელიც ხდება დამოკიდებული, რაც იწვევს ძალიან მძიმე ქცევით და ფსიქიკურ აშლილობებს. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა ტიპის სერვისი, ფსიქოთერაპიული დახმარება, ნარკოლოგების კონსულტაცია და ა.შ. როდესაც ხედავ, რომ დიდი რაოდენობით "პრეგაბალინის" მოხმარებაა, გამოიყვანე ეს ადამიანები სინათლეზე, უთხარი, ვინც ხართ მასზე დამოკიდებული, ვინც არასამედიცინო მიზნით მოიხმართ ამ საშუალებას, მოდით ჩემთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევძლებ თქვენს დახმარებას, შავ ბაზარზე არ მოგიწევთ მისი ყიდვა, ვეცდები, მოვახდინო დიაგნოსტირება, შეგამცირებინოთ დოზა, ჩავანაცვლოთ სხვა პრეპარატებით, ჩაგიტაროთ მკურნალობა, რომ აღარ იყოთ დამოკიდებული. თუ სტიმულატორები აღმოჩნდა, სულ სხვა ტიპის დახმარებაა საჭირო და ა.შ. - ანუ ყველა ქმედებას სჭირდება უკუქმედება. თუ ხედავ, რომ დიდი რაოდენობის ნარკოტიკებია ქვეყანაში და ფართო მოხმარებაა, ძალიან სწრაფად უნდა დაგეგმო შესაბამისი სერვისების განვითარება. მაგრამ როცა ამის უკან ვერ ხედავ ადამიანებს, მაშინ სამართალდამცავების ბრძოლა და ოპერაციების ჩატარება აზრს კარგავს - 88 რეალიზატორს მიემატება 90, მერე 100, 150 და ა.შ. სახელმწიფო ახალს არაფერს აკეთებს, ერთადერთი სავალდებულო მკურნალობაა, რომელიც უაზრობაა. მათ უნდათ ეს პრობლემა 20-ადგილიანი სავალდებულო მკურნალობით გადაჭრან. სავალდებულო მკურნალობაში ამხელა თანხის გადახდა შედეგის მომტანი არ არის, უბრალოდ, გარკვეული პერიოდით ადამიანების გაქრობაა მხედველობის არიდან, ვინაიდან ვინც იქიდან დაბრუნდება, მათი ძალიან დიდი პროცენტი კვლავ გააგრძელებს მოხმარებას. ჰაიდლაინიც კი არ დევს, ამ მკურნალობის დროს რას აპირებენ, რა ხდება, რა პროტოკოლია, რა შედეგს ველოდებით. ყველაფერი ციფრებია - რამდენმა კაცმა გაიარა, რა პრობლემა იყო, ხომ უნდა გვითხრან, იქნება კარგად აკეთებენ ყველაფერს და ეს პრობლემა მოგვარებულია?
მკვეთრად უნდა გაფართოვდეს ზიანის შემცირების პროგრამები, უნდა ხდებოდეს შავი ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ნივთიერებების ანალიზი (დღეს სახელმწიფომ არც იცის, რა ტრიალებს ქვეყანაში). აუცილებელია ამბულატორიული და ჩანაცვლებითი თერაპიის რეალური ხელმისაწვდომობა. უნდა შეწყდეს სავალდებულო მკურნალობის იმიტაცია, ეს არ ამცირებს მოთხოვნას, არ ამცირებს სიკვდილიანობას და არ მუშაობს - ფაქტია.