„მაქვს განცდა, რომ საქართველოში კარტელური გარიგებები ნამდვილად არის, მაგრამ...“
მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დავოსის ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც, ცხადია, ეკონომიკურთან ერთად არსებითი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, საქართველო არ მიუწვევიათ, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, საქართველოს ხელისუფლება მაღალ ფასებზეა კონცენტრირებული - სუს-ი სუპერმარკეტებში შევიდა და დოკუმენტებს ამოწმებს, პრემიერმა კი განაცხადა, რომ მაღალი ფასების მიზეზი ქვეყანაში ბევრი მარკეტის არსებობაა... რეალურად რა კავშირია ბევრ მარკეტსა და მაღალ ფასებს შორის, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი და საერთოდ, რა მოლოდინები არსებობს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
- დავიწყოთ იმით, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ნურც ზედმეტად გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობდა, რომ საქართველო იქ ოფიციალურად ყოფილიყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება ფასების საკითხს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ზოგადად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა, იმიტომ, რომ უშუალოდაა დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, თუ ფასები მაინც მაღალია, ფასების ზრდა, როგორც წესი, "აფერმკრთალებს" ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ დადებით შედეგებს. პრობლემა ის არის, რომ
საქართველოში განსაკუთრებით მაღალია სასურსათო პროდუქტების ფასები, ხოლო სურსათი არის სამომხმარებლო კალათის უმთავრესი განმსაზღვრელი კომპონენტი, განსაკუთრებით, შეჭირვებული ოჯახებისთვის, რადგან მათი ბიუჯეტის ლომის წილი სწორედ სურსათ-სანოვაგეზე მოდის. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, *როგორ იქნება ეს ფასები ისე დარეგულირებული, რომ სურსათის გაძვირება მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის არ იყოს ძალიან მტკივნეული.
როგორც წესი, ფასების რეგულირების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ერთია ფასები, რომელთაც ადგენს ან უშუალოდ სახელმწიფო, ანდა უფრო განვითარებული ფორმაა, თუ ადგენენ სპეციალური მარეგულირებელი ორგანოები. ჩვენთანაც არის მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც არეგულირებენ ტარიფებს ელექტროენერგიაზე, გაზზე, საკომუნიკაციო საშუალებებზე. ასევე არის ისეთი საკითხებიც, როცა ფასები "უხილავად" არის დაკავშირებული კონკურენციასთან. თუ კონკურენცია ჯანსაღი არ არის, მაშინ, ბუნებრივია, ხდება გარკვეული კარტელური გარიგებები, რაც ფასების ზრდას იწვევს.
კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი და ეს არის იმპორტდამოკიდებული ქვეყნის პრობლემა. სამწუხაროდ, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, რამდენადაც იმპორტი თითქმის სამჯერ მაინც აღემატება ექსპორტს. სამომხმარებლო კალათაშიც სადღაც 67-68% იმპორტული საქონელია. როდესაც ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და საქონელი იმპორტით შემოდის, ავტომატურად ხდება იმპორტიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტიც. კერძოდ,
თუ საქონელი გაძვირებული ფასით შემოდის, ეროვნული ვალუტა როგორი სტაბილურიც არ უნდა იყოს, იმპორტული საქონელი ჩვენთვის მაინც გაძვირებული იქნება.
ასე რომ, ფასებთან მიმართებაში აი, ეს საკითხები არსებობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჯანსაღი კონკურენციის არსებობაა; კონკურენცია იმისთვის, რომ ბაზარზე არ იყოს შექმნილი რამე, თუნდაც ხელოვნური ბარიერი ახალი კონკურენტის შემოსვლისთვის, ხოლო თუ არსებობს რაიმე ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, მის მოშლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის ადრე არსებობდა მიდგომა, რომლის მიხედვითაც, უნდა ემოქმედა ანტიმონოპოლიური რეგულირების სტრუქტურას. მაგალითად, საქართველოში პირველად ანტიმონოპოლიური სამსახური გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში შეიქმნა, შემდეგ კი ტერმინოლოგია შეიცვალა და სამსახურს კონკურენციის ხელშეწყობის ინსტიტუცია ეწოდება.
მნიშვნელოვანია შესწავლა, ხომ არ არსებობს ბაზარზე კარტელური გარიგებები ან ახალი კონკურენტებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერები, რომლებსაც შესაძლოა ქმნიდეს როგორც სახელმწიფო, ისე კარტელურ გარიგებაში მონაწილე სუბიექტები.
ეს პროცესი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საკითხი ფართო კონტექსტში დააყენა - ეს არა მხოლოდ კონკურენციის სააგენტოს, არამედ სურსათის უვნებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების შესასწავლი თემაცაა. მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში დარჩეს და არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება. ყურადსაღებია პარლამენტის როლიც - თუ კანონმდებლობაში ხარვეზია, პარლამენტმა შესაბამისი კომისია უნდა შექმნას და საკითხი დაარეგულიროს. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობასა და ბიზნესს შორის ჯანსაღ კომუნიკაციას. ისიც უნდა ითქვას, რომ სოლიდარობის პრინციპი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებასაც გულისხმობს, თუმცა, ბუნებრივია, ბიზნესი წაგებაზე ვერ იმუშავებს. სხვა სიტყვებით, საერთო ჯამში, საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არ მოხდეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტება.
- პრემიერმა აქცენტი მარკეტების სიჭარბეზე გააკეთა, რომ ესეც მაღალ ფასებს განაპირობებს. ფიქრობთ, მარკეტების რაოდენობის შემცირება პროდუქტს გააიაფებს? ან ეს სხვა პრობლემებს, მაგალითად, უმუშევრობას ხომ არ გამოიწვევს, რომ არაფერი ვთქვათ ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე?
- "ბევრი" და "ცოტა" პირობითი, ფარდობითი ცნებებია, რას ნიშნავს "ბევრი" და რას ნიშნავს "ცოტა". მთავარია არა სუპერმარკეტების რაოდენობა, არამედ ის, თუ ვინ დგას მათ უკან. თუ რამდენიმე ქსელს ერთი და იგივე პირი აკონტროლებს, ეს აზიანებს კონკურენციას, რადგან ბაზარზე კონკურენცია იზღუდება. ეს საკითხი კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ძირითადად მაღალპროფესიული კადრებითაა დაკომპლექტებული, უნდა შეისწავლოს და ფაქტები დაადგინოს; ხოლო თუ პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზშია, პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები უნდა მიიღოს ან ახალი რეგულაციები შემოიღოს.
- პრემიერის მიერ ამ კომისიის შექმნა რამდენად ოპტიმალურად მიგაჩნიათ? არის ეს კომისია რეალურად პრობლემის მომგვარებელი?
- როცა ასეთი კომისია იქმნება, მასში მონაწილეობს ყველა ის წარმომადგენელი, რომელსაც ამ ფუნქციის განხორციელება ეხება. ამ შემთხვევაშიც, რამდენადაც საჯარო ინფორმაცია მაქვს, იქ შესულია ყველა ის სტრუქტურა, რომელთაც ეს ევალებათ.
ახლა ერთ მტკივნეულ თემას გავიხსენებ "ნაციონალური" მმართველობიდან: როდესაც ბენდუქიძე მოსკოვიდან საქართველოში ჩამოიყვანეს, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება იყო, იმ მოტივით, იქ კორუფცია არისო. ეს მცდარი მიდგომაა, ეს იგივეა, რომ ექიმთან მივიდეს კაცი და უთხრას, თავი მტკივაო, ექიმმა კი ურჩიოს, მოდი, თავი მოიჭერი და აღარ გეტკინებაო. თუ ანტიმონოპოლიურ სამსახურში კორუფცია იყო და ამის გამო უნდა გაუქმებულიყო, მაშინ კორუფცია იყო მთელ საქართველოშიც და ხომ დანაშაული იქნებოდა გვეფიქრა ქართული სახელმწიფოს გაუქმებაზე!
მიხეილ სააკაშვილს უყვარდა მთავრობის სხდომების საჯაროდ, ტელევიზიით გადაცემა. ერთხელაც პრეზიდენტი აღშფოთებული საუბრობდა, საქართველოში მარილი გაძვირდა, მონოპოლიაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსასპობადო. მთავრობის სხდომაზე წამოდგა შს მინისტრი და უთხრა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, სამინისტროს მარაგებიდან ქსელში მარილი გავიტანეთ, ფასები დავწიეთ და მონოპოლია აღარ არისო. გახარებულმა პრეზიდენტმა მას უთხრა, ახალ დავალებას გაძლევ, შეისწავლე, რა ხდება შაქრის ბაზარზე, იქაც მონოპოლიაა და იმასაც უნდა ვებრძოლოთო.
ახლა ნახეთ კურიოზული საკითხი - მაშინ, როცა ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს და მის ნაცვლად ფორმალური, ქმედუუნარო სამკაციანი სააგენტო შექმნეს, შსს-მ, რომელიც ძირითადად პოლიციაა, მარილის მონოპოლია საკუთარი მარაგების ბაზარზე გატანით "დაამარცხა". იბადება პასუხგაუცემელი კითხვები, საიდან ან რატომ ჰქონდა სამინისტროს ამდენი მარილი? რა ფასად იყიდა ან რა ფასნამატით გაყიდა? რომელ ქსელში გაიტანა, როცა სახელმწიფოს სავაჭრო ქსელი არა აქვს? და სად წავიდა ამოღებული თანხა? ასეთ მტკივნეულ ეპოქაში ვცხოვრობდით, ხოლო თითქმის ყველა ის, ვინც დღეს მთავრობას აკრიტიკებს ფასების დარეგულირების საკითხში, მაშინ, უკეთეს შემთხვევაში, ხმას არ იღებდა.
დღეს კი, რა თქმა უნდა, ის კომისია, რომელიც შეიქმნა, ინსტიტუციურად გამართლებულია. მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და პროცესი მკაცრად კანონის ჩარჩოებში დარჩეს.
- ვიდრე ამას ვნახავთ, თქვენ რას ფიქრობთ, ფასების სიძვირე ხელოვნურია? ამ მაღალ ფასებს რა განაპირობებს და როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს?
- ოპოზიცია ხშირად ამბობს, მოდი, შევამციროთ ან გავანულოთ გადასახადები და ფასები დაიწევსო. რეალურად, ფასები გადასახადების ცვლილებით კი არა, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით დადგინდება. თუ ბიზნესს გადასახადებს შეუმცირებ, ის ფასს კი არ დასწევს, არამედ მეტ მოგებას მიიღებს. ამიტომ ფასების შესამცირებლად აუცილებელია რეალური კონკურენტული გარემო.
იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ფასების მაღალ დონეს ზოგადად იმპორტი და უშუალოდ საწვავის ფასის ზრდა განაპირობებს, ქვეყნის შიგნით კი - კარტელური გარიგებები. ამ ყველაფერს კანონის ფარგლებში შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.
- ცოტა ხნით მაღალი ფასები გვერდით გადავდოთ, ქვეყანაში არ არის კარტელური გარიგებები?
- მე მაქვს განცდა, რომ ასეთი გარიგებები ნამდვილად არის, მაგრამ ერთია განცდა და მეორე - საკითხის კვალიფიციურად შესწავლა. მე, როგორც მეცნიერს, რომც მქონოდა სურვილი, ამას ვერ შევისწავლიდი, რადგანაც ამისთვის საჭიროა კანონმდებლობით აღჭურვილი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, კანონის საფუძველზე გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტები და შეისწავლოს. სწორედ ამიტომ არსებობს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო.
- რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი რაღაც შედეგამდე მიგვიყვანს?
- ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ პოზიტიურ შედეგს მოიტანს, თუმცა მთავარია, რამდენად შთამბეჭდავი იქნება ის და გამოიწვევს თუ არა ფასების მნიშვნელოვან შემცირებას. იქ, სადაც იმპორტი ძვირდება, ასეთი კომისიაც პრაქტიკულად უძლური იქნება, თუმცა კარტელური გარიგებების შემთხვევაში, მას შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ამიტომ ფრთხილ პოზიტიურ შედეგებს ველი, თამამი პროგნოზის გაკეთებისგან კი ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
- მაღალ ფასებზე მუდმივად არის ლაპარაკი და პრემიერმა ახლა გააკეთა განცხადება, თითქოს აქამდე ეს პრობლემა არ ყოფილა. კორუფციაზე წლებია მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი, მაგრამ ახლა დასჭირდათ და დაიჭირეს ყოფილი პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები. ეს ყველაფერი ხომ არ არის რაღაც შიგა დინებების შედეგი და რეალურად რას მოიტანს?
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური მოვლენა და გადაწყვეტილებაა, თუნდაც ამის უკან გარკვეული შიგა დინებები იდგეს. როდესაც კორუფციის წინააღმდეგ იწყება ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება დაკავებულ პრემიერ-მინისტრს, საუბარია იმაზე, რომ მას ბიუჯეტიდან ფული არ მოუპარავს, მაგრამ სახლში 6,5 მილიონი დოლარი ჰქონდა შენახული და მისი წარმომავლობა ლეგალური არ არის - იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყო და ეს ფული ბიზნესიდან, წესით, არ უნდა ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა და იყო მისი გათეთრების მცდელობა. მართალია, მე დადებითად ვაფასებ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მიღწევებს - განსაკუთრებით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ასოცირების შეთანხმებას თუ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ეს მას კორუფციის შესახებ კითხვებისგან არ ათავისუფლებს. წარმოუდგენელია, შინ ნაღდი ფულის სახით გქონდეს 6,5 მილიონი დოლარი. ბიზნესმენებსაც კი თანხა ბანკებსა და სხვადასხვა აქტივში აქვთ. ეს ფულის გათეთრების მცდელობაზე მიუთითებს, შესაბამისად, ამის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტია.
ნებისმიერ შემთხვევაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სჯობს პოლიტიკური მოსაზრებებით მასზე თვალის დახუჭვას, რადგან ეს სახელმწიფოსთვის ძალიან დამაზიანებელია. მეტიც, კორუფციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ახალი რეიტინგებით საქართველო პროგრესს განიცდის და არა მხოლოდ ევროკავშირის ყველა კანდიდატ, არამედ ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი უსწრებს. ასევე მომეწონა მთავრობის ამბიციური განცხადებაც, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაბალი კორუფციის მქონე ქვეყნების სამეულში უნდა შევიდეს. ეს წინსვლა რეალურია, მას დასავლური ინსტიტუტები ერთიანი მეთოდოლოგიის საფუძველზე ადგენენ. ასე რომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მისასალმებელია და ის ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ აქტს წარმოადგენს.

"მსოფლიო წესრიგი ინგრევა?!"
- რაც დღეს საერთაშორისო დონეზე ხდება, ოპტიმიზმის განცდას არ ქმნის, რადგან არსებული მსოფლიო წესრიგი ინგრევა. ის, რასაც შევეჩვიეთ და რაც მისაღები იყო, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, იშლება. შესაბამისად, შესაძლოა გაერო დაბალეფექტიანი ინსტიტუტი იყო, მაგრამ მას თავისი სიტყვა მაინც ჰქონდა, მათ შორის უშიშროების საბჭოს, სადაც ხუთ მუდმივ წევრს ვეტოს უფლება აქვს. რაღაცნაირად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არსებობდა, ახლა კი ეს ინგრევა და, ასე ვთქვათ, კარგადაც არ ინგრევა. წარმოიდგინეთ, ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, სხვა ქვეყნების საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა მოხდეს ხელისუფლების ხელოვნური ცვლილებაო. ამის გამო აშშ-ში რამდენიმე სააგენტოც კი გააუქმეს, დატოვეს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა ჩაერიონ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებათა ცვლილებაში. გასაგებია, არ უნდა ჩაერიონ, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ, არცთუ დიდი ხნის წინ ვენესუელის პრეზიდენტი მეუღლითურთ როგორ გაიტაცეს. მოჰყვა ამას ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება? არ მოჰყოლია. მიიჩნიეს, რომ რეჟიმის ცვლილებას შესაძლოა უარესი ვითარება მოჰყოლოდა, ამიტომ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტთან ღია მუქარის საფუძველზე დაალაგეს ახალი ურთიერთობა. მერე პრეზიდენტმა ტრამპმა არ დამალა და თქვა, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ამერიკელებს ნავთობზე უფრო თავისუფალი წვდომა ჰქონდეთო. როცა ასეთი თამაშის წესებია, ეს რაზეა დაფუძნებული? მხოლოდ ძალაზე. აღარაფერს ვამბობ იმ გაუგებარ სიტუაციაზე, რომ ვაშინგტონს გრენლანდია მოუნდა. გაუგებარია, თუ აშშ-ს გრენლანდია უნდა, მაშინ ჩინეთს რატომ არ უნდა უნდოდეს მისივე ისტორიული და თანაც ჩინელებით დასახლებული ტერიტორია - ტაივანი? რატომ არ უნდა უნდოდეს რუსეთს უკრაინა, კავკასია? რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, პუტინთან საუბარი მქონდა და ძალიან კმაყოფილია, რომ მე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება მოვახერხე, იმიტომ, რომ ის 30 წელი ცდილობდა ამის გაკეთებას და ვერ შეძლო, თან "ეს ხომ მისი ტერიტორიააო". თუ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ტერიტორიაა, ესე იგი, საქართველოც მისი ტერიტორია ყოფილა, ხომ? ანუ მსოფლიო უკვე გადაინაწილეს. ისიც გავიხსენოთ, როგორ აგულიანებდა ამერიკის პრეზიდენტი ირანელ პროტესტანტებს, დახმარება გზაშიაო, თუმცა მალევე გადაიფიქრა. ამიტომ პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არა მაქვს.
ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ალიევის სიტყვებს. მას არ უთქვამს, საქართველოზე სატრანსპორტო დერეფანი არ იქნება და იქნება მხოლოდ ზანგეზურის დერეფანიო. მან თქვა, რომ ეს უკანასკნელი იქნება საქართველოზე გამავალი დერეფნის დამატებაო. აქ უფრო სერიოზული პრობლემაა და მოდი, უფრო დეტალურად გავარჩიოთ: პირველი - შუა დერეფანი ჩინური პროექტის, "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ნაწილია. როდესაც 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ამ პროექტის შესახებ განაცხადა, შუა დერეფანი საერთოდ არ არსებობდა. იყო მხოლოდ ჩრდილოეთი დერეფანი, რუსეთზე გამავალი, და სამხრეთი დერეფანი, ირანსა და თურქეთზე გამავალი. საქართველოს მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა - ტრადიციულად იმართებოდა და იმართება აბრეშუმის გზის კონფერენციები, რათა "ერთი გზა, ერთი სარტყელის" რუკაზე შუა დერეფანი გაჩენილიყო. თუმცა მისი დატვირთვა ჩრდილოეთ დერეფნის ტვირთბრუნვის მხოლოდ 12% იყო, რაც ნიშნავს, რომ პრინციპულად შუა დერეფანი ჩრდილოეთის კონკურენტი ვერ იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები ამოქმედდა, ჩრდილოეთ დერეფანმა აქტუალურობა დაკარგა. თავისი პრობლემები აქვს სამხრეთ დერეფანსაც. ირანი სანქცირებულია, მასთან ურთიერთობა გართულებული აქვთ არა მხოლოდ აშშ-სა და ევროპას, არამედ მეზობელ თურქეთსაც. ამიტომ გახდა საჭირო შუა დერეფნის, ანუ საქართველოზე გამავალი მარშრუტის ამოქმედება.
ხაზგასასმელია ერთი რამ - რომ არა საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული ყარაბაღის კონფლიქტი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს სწორედ ზანგეზურის დერეფნით დაუკავშირდებოდნენ. ეს გზა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს არსებობდა და ბევრად მოკლეა, ვიდრე საქართველოს გავლით დაკავშირება. სწორედ ამ კონფლიქტმა წამოსწია წინ საქართველოს მნიშვნელობა. თუმცა დღეს საქართველოს დერეფანში უკვე დიდი თანხებია ჩადებული, გაყვანილია ნავთობსადენები და გაზსადენი, რაც სერიოზული ინვესტიციაა. ასევე აშენდა რკინიგზის ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი. შესაბამისად, აქ ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს.
ზანგეზურზე გამავალი ახალი დერეფანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, როგორ შევხედავთ მას. თუ დერეფანში არ გაივლის სათანადო რაოდენობის ტვირთები, იქ ინვესტირება მომგებიანი ვერ იქნება.
გავიხსენებ ანაკლიის პორტის პროექტს - ის ვერ შედგა, რადგან არ იყო ტვირთები, რაც იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გათვალისწინებული ჩინეთის ინტერესები, მხოლოდ ცენტრალური აზიის ტვირთები კი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომაც ითხოვდა ანაკლიის კონსორციუმი საქართველოს მთავრობისგან 400 მილიონი დოლარის ოდენობის საფინანსო გარანტიას, რათა ტვირთების არარსებობის შემთხვევაში ზარალი აენაზღაურებინათ და წაგებაზე არ გასულიყვნენ. პრაქტიკულად, ამან ჩაშალა ეს პროექტი. ერთი სიტყვით, ჩინური ინტერესების გარეშე დერეფანი ვერ იმუშავებს. ამიტომაც მიიღო საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება და ესეც ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პორტის 51%-ს სახელმწიფო იტოვებს. საუბარია დარჩენილ 49%-ზე, სადაც ჩინური კომპანიის არსებობა აუცილებელია, რათა მათ ჰქონდეთ ინტერესი საქონლის წამოსაღებად.
ახლა ნახეთ, როგორი ვითარებაა - შარშან 8 აგვისტოს თეთრ სახლში პომპეზური სპექტაკლი დაიდგა, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მშვიდობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მხოლოდ შესაბამისი ტექსტის პარაფირებას მოაწერეს. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულება ვერ დაიდება, სანამ სომხეთი კონსტიტუციას არ შეცვლის. მშვიდობიანი შეთანხმება ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობას გულისხმობს, ხოლო სომხეთის მოქმედ კონსტიტუციაში კი არცახის (ანუ მთიანი ყარაბაღის) ინტერესები "შავით თეთრზეა" დაფიქსირებული. კონსტიტუციური ცვლილებებისთვის კი, პირველ რიგში, სომხეთის პრემიერმა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა მოიგოს. პრეზიდენტ ალიევის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მას ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება აწყობს, რადგან ის მისთვის მშვიდობის გამყარების გზაზე კომფორტული პარტნიორია. თუმცა, თუ სომხეთში კონსტიტუცია არ შეიცვალა, ეს საკითხი ისევ ჰაერში დარჩება გამოკიდებული.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხანდახან "ცუღლუტობენ", როცა ზანგეზურის დერეფანს შუა დერეფნის განშტოებად მოიხსენიებენ. შუა დერეფანი ჩინური პროექტია, ზანგეზურზე კი პეკინს ჯერჯერობით სიტყვაც არ დაუძრავს - არც როგორც განშტოებაზე და არც როგორც შუა დერეფნის ალტერნატივაზე. კავშირი მხოლოდ მაშინ დადასტურდება, თუ აშშ გადაწყვეტს გაატაროს ამ დერეფანში ჩინური ტვირთები. ამასთან ერთად, გლობალური არასტაბილურობის ფონზე, მიწოდების გლობალური ჯაჭვების შესანარჩუნებლად პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ორი დერეფანი აღქმული იყოს არა როგორც ალტერნატიული, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი სატრანსპორტო არტერიები. ეს გამორიცხავს კრიზისს მათგან ერთ-ერთზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში. ამიტომ მივესალმები ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას. ფაქტია, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც ზუსტად ასე წარმოაჩინა საკითხი დავოსის ფორუმზე, ზანგეზურის დერეფანი შუა დერეფნის დამატება იქნებაო.
თუ ტვირთების მოცულობა დიდი იქნება, მაშინ ზანგეზურისა და საქართველოზე გამავალი შუა დერეფანიც დაიტვირთება. ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ, მიუხედავად იმისა, ზანგეზურის დერეფანი შუა დერეფანთან შედარებით უფრო მოკლეა, იქ ჯერ ინფრასტრუქტურა შესაქმნელია, მაშინ როცა ჩვენთან ეს ინფრასტრუქტურა უმთავრესად უკვე არსებობს. ამიტომ მოკლევადიან პერიოდში ზანგეზურის დერეფანი კონკურენციას შუა დერეფანს ფიზიკურად ვერ გაუწევს, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი კონკურენცია შესაძლებელია, რაც სულაც არ იქნება ცუდი. ამიტომ საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას. მას შეუძლია მიიღოს დიდი გემები, რაც ზრდის ტვირთბრუნვასა და ამცირებს ტარიფებს. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად დასავლეთის უკმაყოფილებისა, პროექტში ჩინელების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან ძირითადი ტვირთი ჩინურია და მის გარეშე ანაკლიის პორტი ვერ იმუშავებს.
სად "არის" რუსეთი დღეს
- ჩვენ ვხედავთ, რომ ვაშინგტონს უნდა რუსეთის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაამთავროს, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ შეილახოს უკრაინის ინტერესები, რადგან უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები. სანაცვლოდ მოსკოვი თვალს ხუჭავს ამერიკის ამბიციებზე გრენლანდიაზე. ვენესუელის პრეზიდენტი საერთოდ გაიტაცეს და ტრამპმა თქვა, რომ ის, რაც დასავლეთ ნახევარსფეროშია, მისი ინტერესების სფეროა. გაყვეს მსოფლიო, ხომ? მთავარი ის არის, რომ ამ ჭიდილში საქართველომ არ დაკარგოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამიტომაც აუცილებელია სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნება. არ შეიძლება ჩვენი ზომის ქვეყანამ ზედმეტად იაქტიუროს, რათა ერთ-ერთი პარტნიორის გული მოიგოს, ხოლო მეორე პარტნიორთან ისე გაიფუჭოს ურთიერთობა, რომ მერე ამას რაღაც სერიოზული დანაკარგები მოჰყვეს. ამიტომ პირველ რიგში სიფრთხილეა საჭირო. ერთი-ორი თვის წინ კიდევ შეიძლებოდა მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული საუბარი, საით მიდიოდა მსოფლიო, ახლა კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამერიკას ეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც იტყოდა, მე მჭირდება გრენლანდიაო, ან კანადა აშშ-ის ერთ-ერთი შტატი უნდა გახდესო? ახლა წარმოიდგინეთ, თუ გრენლანდია გახდა აშშ-ის ნაწილი, და ამისი ალბათობა დიდია, მაშინ ეს ხომ ნიშნავს, რომ ნატოც დაიშლება, რასაც ევროპის სახელმწიფოებიც აღიარებენ.
იმავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი აყალიბებს "მშვიდობის საბჭოს" და ეს ხომ რეალურად გაეროს ალტერნატივაა, თანაც შეიყვანეს ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი და ბელარუსი. ფაქტობრივად, ტრამპი სულაც არ დაგიდევთ, რომ საბჭოში იყვნენ დემოკრატიული ქვეყნები. ასეთ ვითარებაში კი, ისიც არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, რომ ამ საბჭოში საქართველოს არ ეძახიან. შესაძლოა რაღაც ვითარებაში ეს კარგიც კი აღმოჩნდეს. რუსეთის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რუსეთის ფაქტორი ისაა, რომ ტრამპის პირით უკვე გაცხადდა, კავკასია მისი ზონაა. ირანისთვის აშშ-ის კონტროლირებადი ზანგეზურის დერეფანი მიუღებელია. დასავლეთს დერეფნის გახსნა უნდა, ოღონდ რუსული კონტროლის გარეშე. აი, ესაა მთავარი გეოპოლიტიკური თამაში. ჩვენი ინტერესი საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქციური დატვირთვა და ანაკლიის პორტის მშენებლობაა. ამას პრაგმატული, ფრთხილი პოლიტიკა და, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობა სჭირდება. მართალია, გლობალურად ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია, მაგრამ გონივრული პოლიტიკითა და სტრატეგიული მოთმინებით ჩვენსმცირე ქვეყანას შანსი აქვს ამ რთულ ვითარებაში საკუთარი ადგილი იპოვოს და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და განიმტკიცოს.
რუსა მაჩაიძე