„გადაიხადე და ითამაშე“ ანუ რას გულისხმობს ტრამპის „ახალი გაეროს“ მსგავსი  „მშვიდობის საბჭო“?! - კვირის პალიტრა

„გადაიხადე და ითამაშე“ ანუ რას გულისხმობს ტრამპის „ახალი გაეროს“ მსგავსი  „მშვიდობის საბჭო“?!

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც წინა კვირას გაიმართა,­ ისტორიაში, ალბათ, უფრო არა ეკონომი­კური, არამედ გეოპოლიტიკური ძვრებით შევა.­ ტრამპის ახალი ინიციატივა, ე.წ. მშვიდობის საბჭო, გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვისაც და პირველ რიგში, ალბათ, გაეროსთვის, მით უმეტეს­, რომ გაერო სამიზნედ თავად ტრამპმა დაასახელა. მან ტრიბუნიდან პირდაპირ­ მიანიშნა­ გაეროს არაეფექტურობაზე და განაცხადა,­ რომ ახალი საბჭო იქნება ქმედე­ბაზე ორიენტირებული: "ნეტავ გაეროს მეტის გაკეთება შეეძლოს. როცა საბჭო ჩამო­ყალიბდება, შევძლებთ გავაკეთოთ ის, რაც გვსურს".

გლობალური უსაფრთხოების არქიტექ­ტურა ყოველთვის დიდი კატაკლიზმების­ შემდეგ იგებოდა - პირველი მსოფლიო ომის დასრულება კაცობრიობამ "ერთა ლიგის" დაარსებით სცადა, მეორე მსოფ­ლიო ომის შემდეგ კი, სწორედ ამერიკელების ინიციატივით, გაერო დაფუძნდა.­ ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ტრამპი,­ რომელიც საკუთარ თავს "რვა ომის დამამთავრებელ"­ ლიდერად მოიხსენიებს, "ახალი გაეროს" მსგავსი რამის შექმნას ცდილობს, თან ისე, რომ ევროპის ცენტრში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური რუსეთ-უკრაინის ომი საკითხი ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. თუმცა ამ ომზე დავოსის ფორუმზე თქვა, რომ მან "ყველაფერი გააკეთა" და ახლა ომის დასრულება ზელენსკისა და პუტინის პასუხისმგებლობაა...

"მშვიდობის საბჭოს" სადამფუძნებლო ქარტია ფუნდამენტურად ცვლის ტრადიციულ დიპლომატიურ პროტოკოლს და აფუძნებს კორპორაციული მართვის მოდე­ლს, სადაც წევრობა განისაზღვრება არა სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობით, არამედ 1 მილიარდი დოლარის­ ოდენობის ყოველწლიური საწევრო შენა­ტა­ნითა და "ტრანზაქციული უსაფრთხოების" დოქტრინის უპირობო აღიარებით. დოკუმენტი ადგენს "სწრაფი რეაგირების" მანდატს, რომლის მიხედვით, კონფლიქტების გადაწყვეტა ეფუძნება პრაგმატულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გარიგებებს,­ რომელთა აღსრულების ვადაც კრიზისულ სიტუაციებში მკაცრად რეგლამენტირებულია. აშკარაა, რომ ტრამპის ეს იდეა რადიკალურად ეწინააღმდეგება გაეროს იდეას. თუ გაეროს ფუძემდებლური იდეა სუვერენულ სახელმწიფოთა თანასწორობასა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობას ეფუძნებოდა, ტრამპის "მშვიდობის საბჭო" უფრო ახლოს დგას კორპორაციული მართვის მოდელთან. ეს არის გადასვლა პოლიტიკური გაერთიანებიდან აქციონერთა საზოგადოების პრინციპზე. 1 მილიარდი დოლარის "საწევროს" საერთო არაფერი აქვს იალტის ან პოტსდამის კონფერენციებთან და, ალბათ, უფრო ფეოდალურ ეპოქას გვახსენებს, როდესაც ძალაუფლება და გავლენა პირდაპირ იყიდებოდა.

თუმცა, ტრამპის ამ ინიციატივას აქვს გარკვეული მიმზიდველობაც. მაშინ, როდე­საც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი­ წევრების ვეტოს უფლება პრობლემების არა დაუყოვნებლივ გადაჭრას, არამედ გაჭიანურებას და გართულებას იწვევდა­ და ხშირად მხოლოდ შეშფოთებით მთავრდებოდა, ტრამპის მიდგომის მომხიბვლელობა­ ოპერატიულობაა. ამასთან, "გადაიხადე და ითამაშეს" პრინციპი უზრუნველყოფს უზარმაზარი ფინანსური რესურსის მობილიზებას, რაც შეიძლება ეფექტურადაც იქნეს გამოყენებული, თუნდაც პოსტკონფლიქტური პრობლემების მოგვარებისთვის. გარდა ამისა, იდეოლოგიური ბარიერების მოხსნა საშუალებას აძლევს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ისრაელი, საუდის არაბეთი და თურქეთი, დასხდნენ ერთი მაგიდასთან და მიაღწიონ რეალურ შეთანხმებებს დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე... თუმცა "დიდმა გარიგებამ" ძლიერ მოთამაშეებს შორის, შესაძლოა პატარა სახელმწიფოების ინტერესები შეიწიროს, რაც ქმნის საშიშ პრეცედენტს - სამართალი არის ის, რასაც ძლიერი და მდიდარი განსაზღვრავს... აშშ-ის მიერ გაეროს გვერდის ავლით მსგავსი სტრუქტურის შექმნა პირველ რიგში­ ევროპასთან დაპირისპირებას ნიშნავს. ამიტომ ამ საბჭოში გაწევრებაზე უარი თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ თქვა, მეტიც, ჩინეთიც უარს ეუბნება ტრამპს.

ბიძინა ლებანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორi, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის­ მკვლევარი:

- ტრამპის ინიციატივას დიდი პერსპექტივა არ უჩანს. ევროპელებმა, თუ არ ვცდები, ბულგარეთისა და უნგრეთის გარდა, უარი თქვეს ან თავი შეიკავეს გაწევრებაზე. რა ქვეყნებიც მიიწვია, ეს უფრო პიარს ემსახურება, ვითომ რვა ომი დაამთავრა და სახელადაც "მშვიდობის საბჭო" დაარქვა. რაღაც თავისი, კერძო, გაეროს ალტერნატივა შექმნა, მაგრამ ჯერჯერობით ამას მთლად სერიოზულად ვერ მივიღებთ - არც სტრუქტურა აქვს და არც ის ვიცით ზუსტად, რას ემსახურება. მგონი, ტრამპმა­ თავისთვის იხალისა. ისეთი ჰეტეროგენული ქვეყნებია, რა უნდა გააკეთონ ერთად, გაუგებარია. ტრამპმა ეგო დაიკმაყოფილა და, თავისი აზრით, პრესტიჟი აიწია.

- თავისთავად ის ფაქტი, რომ მთავარი "გრეით პაუერი" ცდილობს ამას, რა გზავნილია მსოფლიოსთვის? ამასთან, ტრამპი რაღაც სარგებლის გარეშე რომ არაფერს აკეთებს, ფაქტია.

- ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აქამდე არსებულ მსოფლიო წესრიგს ანგრევს, ან, მინიმუმ, არყევს, ფაქტია. რაც სჯეროდათ, ან ბევრს სწამდა, რომ მსოფლიოში არსებობდა ე.წ. წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი, რაც ბოლო 30-40 წელი ავად თუ კარგად ფუნქციონირებდა, ბევრი ნაკლოვანებით, მაგრამ მაინც, დღეს ასეთი ფორმით აღარ არსებობს. უპირველესად ეს ამერიკის დამსახურებაა, ამერიკა იყო მსოფლიო წესრიგის მთავარი­ გარანტი და თვითონვე შეცვალა ეს პოლიტიკა. თუმცა მთლად ტრამპსაც ვერ მივაწერთ ყველაფერს. მან დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ ძალთა ბალანსი მსოფლიოში მაინც იცვლებოდა. უნიპოლარული მსოფლიო­ იცვლება და ხდება უფრო მულტიპოლარული - ჩინეთი ძლიერდება ეკონომიკურად, რუსეთი მაინც, ასე თუ ისე, ცალკე პოლუსია, ინდოეთიც იზრდება ეკონომიკურად... ამერიკასაც უწევს გადაწყობა. უბრალოდ, ტრამპი ამას აკეთებს ძალიან არაორდინარულად, ან ძალიან იდიოტურად, თავისებურად. ეს შლის ან ასუსტებს აქამდე არსებულ ალიანსებს. ტრამპი აღარ უყურებს პოლიტიკას ისე, თითქოს ამერიკას სჭირდება მყარი ალიანსები იმავე ევროპასთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი იქნება ამერიკისთვისვე. ეს ე.წ. მშვიდობის სამიტიც ამის ნაწილია, მაგრამ ძლიერ ორგანიზაციად რომ გადაიქცეს, არა მგონია, რადგან ძალიან ჰეტეროგენული სახელმწიფოების ჯგუფია. ამის მაგალითია "ბრიკსიც", რომელიც ვითომ ალტერნატივად კი ითვლება, მაგრამ წევრი სახელმწიფოების ინტერესები იმდენად განსხვავებულია, ვერაფერზე თანხმდებიან. ესეც რაღაც მსგავს­ ორგანიზაციას წააგავს, განსაკუთრებით, ყველა თუ გაწევრდა, ვინც მიიწვია. თუმცა უკვე ცხადია, რომ ბევრი არ გაწევრდება,­ მაგალითად, ევროპელები. ამიტომაც გაუგებარია, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს ამ ორგანიზაციამ. ტრამპმა შექმნა თავისთვის რაღაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია - სურს შემოიკრიბოს ლიდერები, ხელი ჩამოართვას, იყოს ყურადღების ცენტრში და ამით თავი წარმოაჩინოს საერთაშორისო არენაზე. ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ ევროპაში და ტრამპის ეს სამიტი იმდენად არარელევანტურად მიაჩნიათ, რომ მასზე არც საუბრობენ. შეიძლება ტრამპის ეს პირადი ინიციატივა იმას ემსახურება, რომ მომავალ წელს ნობელის პრემიის მოგებაში დაეხმაროს. თუ უნდა, შემოიკრიბოს ისეთი ქვეყნები, რომელთა ლიდერებსაც სხვა ტრიბუნა არა აქვთ და აქ იძულებული იქნებიან კვერი დაუკრან, კი ბატონო, შეიძლება ეს მოსწონს...

- გასაგებია, რომ ეს "მშვიდობის სამიტი" არ ჩანს მაინცდამაინც პერსპექტიული,­ მაგრამ, როდესაც ჩვენი რეგიონიდან მიწვეულია ყველა, ჩვენ გარდა, მათ შორის აზერბაიჯანიც და სომხეთიც, ეს რას ნიშნავს?

- სომხეთი და აზერბაიჯანი რატომაც მიიწვიეს, გასაგებია - მათ შორის ომი ტრამპმა დაამთავრა, მათ შუაში იჯდა როგორც დიდი მშვიდობისმყოფელი. საქართველო შეიძლება, უბრალოდ, გამორჩათ, ან არ ჩათვალეს საჭიროდ. არა მგონია, საქართველო იმ პრინციპით გამოეყოთ, რომ რუსეთის სატელიტი ქვეყანაა. ბოლოს და ბოლოს, ბელარუსი მიიწვიეს, რომელიც მართლა რუსეთის ვასალია. შეიძლება ამათ ვინმე გაანაწყენეს ტრამპის ადმინისტრაციაში და შემდეგ იქ ლობირება გაუწიეს, რომ არ მიეწვიათ - არც ეს არის გამორიცხული, თორემ საქართველოს იგნორირება დიდი გეოპოლიტიკური მოტივაციით არა მგონია მომხდარიყო.

- გრენლანდიის თემასაც შევეხოთ, ამ საკითხის როგორ მოგვარებას უნდა ველოდოთ?

- ტრამპმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. სცადა გრენლანდია მიეერთებინა, ეყიდა ან რაღაც ფორმით კონტროლი დაეწესებინა. ერთი მხრივ, ამას სტრატეგიულად აზრი აქვს, მაგრამ სტრატეგიულად არც დანია და გრენლანდია არიან წინააღმდეგი, რომ სამხედრო ბაზებით დაწყებული, რესურსების ათვისებით დამთავრებული, ამერიკას ამის საშუალება მისცენ. მეორე ისევ ტრამპის ინდივიდუალური ფაქტორია - შემოიერთებდა იმ მიწას და ისტორიაში ჩაიწერებოდა, რომ ტრამპმა ამერიკისთვის ტერიტორიის ყველაზე დიდი შესყიდვა გააფორმა, მაგრამ, სავარაუდოდ, არ ელოდა ევროპელების ასეთ წინააღმდეგობას. დაახლოებით იგივე შეცდომა დაუშვა, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს. ეს მასშტაბით ერთმანეთს არ შეედარება, მაგრამ ტრამპმა ევროპელების რეაქცია სათანადოდ ვერ შეაფასა. ევროპელებსაც ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ თუ გრენლანდიას წაიღებდა, მერე კიდევ სხვა დათმობებს მოითხოვდა. ამიტომ აქ გაავლეს წითელი ხაზი. ტრამპს მიანიშნეს, რომ ეს მათთვის მიუღებელია, თუ ის დაუწესებდა ტარიფებს, ესენიც დაუწესებდნენ და იმ ეკონომიკურ ინსტრუმენტსაც გამოიყენებდნენ, "ბაზუკას" რომ უწოდებენ. ამასთან, ის 2-2 ჯარისკაცი რომ გაგზავნეს, რა თქმა უნდა, სიმბოლური იყო, მაგრამ ამ ფაქტორმა შემაკავებელი როლი ითამაშა - მინიმუმ, რაღაც ესკალაცია მოხდებოდა ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს შორის.

ამერიკის ადმინისტრაციაში ალბათ შეაფასეს რისკები, რას მოიტანდა ასეთი ფორმით გრენლანდიის ანექსია თუ ათვისება­, და ჩათვალეს, რომ ჩიტი ბდღვნად­ არ ღირდა და დაიხიეს უკან...

- კიდევ ერთი საკითხი, ირანთან დაკავშირებით ტრამპმა კიდევ შეიცვალა პოზიცია­ და ისევ თქვა, რომ დახმარება გზაშია. რა ალბათობა არსებობს იმისა, რომ ირანში მართლა რამე შეიცვალოს?

- ირანი ვენესუელა არ არის, იქ ვერ შეხვალ ორი ვერტმფრენით და პრეზიდენტს ვერ მოიტაცებ. რომც მოიტაცონ, ეს არაფრის გარანტია არ არის. აქამდე რატომ არ დაარტყეს, როცა პროტესტის პიკი იყო, ახლა ეს პროტესტი შენელებულია. რა არის მანდ ამერიკის ოფშენები, რთული სათქმელია. ფაქტია, ირანის ხელისუფლება დასუსტებულია ჯერ ისრაელთან ომის შემდეგ, მერე ეკონომიკური სანქციებით, მაგრამ ვითარებას მაინც აკონტროლებს. რა შეუძლია ამ შემთხვევაში ამერიკას? კი ბატონო, მიიყვანენ ავიამზიდებს და შეიძლება დაარტყან წერტილოვნად, ინფრასტრუქტურა გაუნადგურონ. ეს გამოიწვევს საჯარო სერვისების მოშლას - არ ექნებათ შუქი, ინტერნეტი, საჭმელი; ან, ვთქვათ, ირანის ლიდერშიპს დაარტყან, ვიღაცები დახოცონ, როგორც აკეთებდნენ ხოლმე, მაგრამ ამით რამდენად შეიცვლება რეჟიმი, რთული სათქმელია. პირიქითაც შეიძლება მოხდეს: ხამენეი მოკლან, მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდიიდან ან სხვა აქტორებიდან უარესი რადიკალიზმი დაიწყოს. თუ რეჟიმის შეცვლა უნდათ, მაშინ ჯარით უნდა შევიდნენ, მაგრამ ამას არ გააკეთებენ. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ეგეთი იდიოტები არ არიან, რადგან მერე ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩაეფლობიან. დიდი ალბათობით, სახმელეთო ოპერაცია არ იქნება, გარედან დარტყმებით კი ვერაფერს მიაღწევენ.

რუსა მაჩაიძე