ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზები და ოსები უკრაინის ომში
რამდენიმე დღის წინ აფხაზურ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ხერსონთან, ნაპოვნია ცნობილი აფხაზი მებრძოლის როლანდ ჩაგავას (მეტსახელად "პულია") ნეშტი. ჩაგავა აფხაზეთის ე.წ. კა-გე-ბეს სპეცრაზმის ოფიცერი და სპეცოპერაცია "კოდორი 2007"-ის მონაწილე იყო. 2023 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა სოფელ კრინკასთან მიმდინარე ბრძოლების შემდეგ, რა დროსაც რუს ოკუპანტებს უკანდახევამ მოუწიათ.
როლანდ ჩაგავა 2007 წელს იმ აფხაზ ტყვეებს შორის იყო, რომლებიც ქართულმა სპეცსამსახურებმა კოდორში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. კოდორის სპეცოპერაცია 2007 წლის 20 სექტემბერს ჩატარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 17 სექტემბერს შს სამინისტროში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ზემო აფხაზეთის მიმართულებით მშენებარე ახალი გზის გასწვრივ დაახლოებით 10-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ტერიტორიას ზვერავდა. გზა კოდორის სოფლებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებდა. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოების შესამოწმებლად დაგეგმილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა. 19 სექტემბერს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დაგეგმა სპეცოპერაცია და მესტიაში სპეცრაზმის 80-კაციანი ჯგუფი ჩავიდა. ოპერაცია მეორე დილით დაიწყო. ორმხრივი შეტაკებისას ქართულმა მხარემ გაანადგურა დაჯგუფების მეთაური იგორ მუზავატკინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და მისი მოადგილე არტურ ზორინი, რუსეთის სამხედრო ძალების მაიორი და ე.წ. "მშვიდობისმყოფელთა მისიის" წევრი. დაიჭრა ორი აფხაზი, ხოლო დაჯგუფების შვიდი წევრი ქართულმა მხარემ დააკავა. დაკავებულ დივერსანტებს შორის იყვნენ: ირაკლი ხორავა, როლანდ ჩაგავა, კობა ჩერქეზია, სურენ დილინიანი, ზურაბ მურადიანი, მუხადინ კიჩევი და ჯამბულ ოვანესიანი. დაკავებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ისინი მსახურობდნენ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ნაწილში. 2007 წლის 14 სექტემბერს ისინი სამხედრო ავტომანქანით გადაიყვანეს ტყვარჩელის მე-5 მაღარომდე, საიდანაც დაევალათ კოდორის ხეობაში სხვადასხვა ობიექტისა და ახალი გზის დაზვერვა დივერსიული აქტის მოსაწყობად. ჯგუფს შეიარაღებაში აღმოაჩნდა ავტომატები, ტყვიამფრქვევი, ყუმბარსატყორცნები და სხვადასხვა ტიპის ხელყუმბარები. დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა ერთ თვეში ისინი გაათავისუფლეს, როგორც კეთილი ნების ჟესტი ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენის ფორმატში.
"კოდორის სპეცოპერაცია, რუსული სპეცსამსახურების კრახი და ნადირობა ქართველ მონაწილეებზე"
ლაშა ბერულავა, "ოდიში ნიუსის" რედაქტორი: - 2007 წლის სექტემბერში კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპეცსამსახურის არცთუ მრავალრიცხოვან ოპერაციებს შორის. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ორი რუსი ოფიცერი, დივერსიული ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც სამხედრო ინსტრუქტორები იყვნენ და აფხაზეთის ე.წ. არმიაში ხელშეკრულებით მსახურობდნენ. ამას რუსული მხარის დიდი გაღიზიანება მოჰყვა. გაკეთდა განცხადებები, თითქოს ქართველებმა პირდაპირ გახსნეს ცეცხლი, რაც სიმართლე არ იყო, რადგან ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანა 7 კაცი, რომლებმაც იარაღი დაყარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მაშინვე უნდა დაეხოცათ. შემდგომ რუსულმა მხარემ ტყვეების გათავისუფლება მოითხოვა, შეთანხმება შედგა და გაეროს მისიამ ისინი აფხაზურ მხარეს გადასცა. რის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ ტყვეები, საჯაროდ არ გახმაურებულა. არ არის გამორიცხული, ისინი რომელიმე ქართველშიც გაცვალეს.
ეს სპეცოპერაცია იყო რუსული სპეცსამსახურების კრახი და სერიოზული ჩავარდნა. ოპერაციამ ნათლად გამოავლინა, რომ რუსი ინსტრუქტორები აფხაზურ არმიაში იმყოფებოდნენ და დივერსიულ აქტებს გეგმავდნენ. ქართულმა მხარემ ოფიციალური მტკიცებულებებით დაადასტურა და გაეროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით აფხაზური დივერსიული ჯგუფი შეყვანილი იყო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა და იქ დივერსიული ოპერაცია იგეგმებოდა. ასევე ქართულმა მხარემ მტკიცებულებების სახით დაადასტურა, რომ რუსი პოლკოვნიკი და კიდევ ერთი რუსი ოფიცერი უშუალოდ მონაწილეობდნენ აფხაზური არმიისა და შეიარაღებული ფორმირებების გაწვრთნაში და აფხაზეთში მსახურობდნენ. ეს ის ფაქტი იყო, რასაც რუსული მხარე მანამდე კატეგორიულად უარყოფდა. რუსებს არ აწყობდათ დახოცილი ოფიცრების ვინაობის გამჟღავნება. რამდენიმე დღის განმავლობაში მათი გვარები საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია გავრცელდა და დიდი ხმაურიც მოჰყვა, მათ შორის რუსულ მედიაში. მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული "სამშვიდობო ძალების" სარდალი სერგეი ჩაბანი იყო. სანამ დახოცილთა ვინაობა გასაჯაროვდებოდა, ქართველმა ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, იცნობდა თუ არა ლიკვიდირებულ რუს ოფიცრებს, რაზეც მან განაცხადა, რომ არა. შემდგომში ცნობილი გახდა დახოცილთა ვინაობა და გაირკვა, რომ მათ შორის განსაკუთრებული ფიგურა იყო პოლკოვნიკი იგორ მუზავატკინი. რუსმა ჟურნალისტებმა მოიძიეს მისი სამხედრო ბიოგრაფია და დადგინდა, რომ მას უშუალო შეხება ჰქონდა რუსეთის სამშვიდობო ძალებთან. ის მაიკოპიდან ჩავიდა აფხაზეთში და ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამშვიდობო დანაყოფებს. ლიკვიდაციამდე ერთი წლით ადრე გალის რაიონში დისლოცირებული 559-ე სამშვიდობო მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური იყო და თათბირებზე სწორედ სერგეი ჩაბანს ხვდებოდა - იმ ჩაბანს, რომელმაც მასთან ნაცნობობა უარყო. ასეთი დეტალების გამჟღავნება დიდი სკანდალი იყო და ამ ფაქტმა კრემლი ძალიან გააღიზიანა. მაშინ რუსულ მედიაში, კერძოდ, "რია ნოვოსტიში", გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "აფხაზ მესაზღვრეებზე" თავდასხმის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების გამოვლენასა და დასჯას ითხოვდა.
რუსების შურისძიების პირველი სამიზნე გახდა დიმიტრი კორძაძე, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი. ის 2010 წლის მაისში ბათუმში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. მკვლელობა მალევე გაიხსნა. დადგინდა, რომ მათ ეს მკვლელობა დაუკვეთეს აფხაზმა კრიმინალმა ვალმერ ბუთბამ და დე ფაქტო დეპუტატმა სლავიკ ვარდანიამ რუსეთის გრუ-ს ორ თანამშრომელთან ერთად. აფხაზებმა შემსრულებლებს გასამრჯელოდ 42 000 აშშ დოლარი მისცეს. 2013 წლიდან კი იწყება "კოდორი 2007"-ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ნადირობა. 2013 წელს დააკავეს კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, რომელიც "კოდორი 2007"-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო (შამათავას ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიესაჯა და შარშან გათავისუფლდა). დაკითხვაზე დაიბარეს "კოდორი 2007"-ის სპეცრაზმელები და მათ ოპერაციის დეტალებსა და სხვა მონაწილეებზე ეკითხებოდნენ. 2013-2014 წლებში "კოდორი 2007"-ის ხუთი სპეცრაზმელი ერთმანეთის მიყოლებით საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 2012 წელს შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს ალექსანდრე დანელია და სერგო უბილავა. გატაცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაადასტურეს, რომ ისინი ტყვედ ჰყავდათ. სპეცრაზმელები კოდორის ოპერაციის საკითხებზე დაკითხეს. დანელია მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა 2013 წლის ნოემბერში სახლში გარდაცვლილი იპოვეს — მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სწორედ რომან შამათავას საქმის გამომძიებელმა აღმოაჩინა მისი ცხედარი. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. რაც შეეხება სერგო უბილავას, რომელიც კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი იყო, ის პატიმრობაში დატოვეს. ოჯახი აცხადებდა, რომ მას ცრუ ჩვენების მისაღებად გარკვეულ მედიკამენტებს აძლევდნენ და პატიმარი 2014 წლის მარტში სწორედ მედიკამენტების მოქმედების გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად ციროზი დასახელდა; 2014 წელს გარდაიცვალა შალვა თათუხაშვილიც. ის კუდ-ის სპეცრაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე იყო. გამოძიება მას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა. მისი მამა აცხადებდა, რომ მას აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და რამდენჯერმე გაიტაცეს კიდეც. შალვას ემუქრებოდნენ, რომ მის შვილს ააფეთქებდნენ. ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზად სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასახელდა, თუმცა სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა; იმავე 2014 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თათუხაშვილის მძღოლი ივანე ივანიძე. 2014 წლის ოქტომბერში ასევე დაიღუპა ზვიად ლაგვილავა, რომელიც სპეცოპერაციის მონაცემების ნაწილში ერთ-ერთი დამგეგმავი იყო. ოფიციალური ვერსიით, ის ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს შენობაში აფეთქების შედეგად დაიღუპა - სააბაზანოში დამონტაჟებული ამორტიზებული წყლის გამაცხელებელი ავზის აფეთქების გამო. წლების შემდეგ, 2024 წლის აპრილში, აფეთქება მოხდა სასროლეთ "ბეთლგრაუნდის" ტერიტორიაზე, რის შედეგადაც სამი კაცი დაიღუპა - ორი შემთხვევითი სტუმარი, ერთი ინსტრუქტორი და დარაჯი, იური ლომიძე, რომელიც "კოდორი 2007"-ის მონაწილე იყო. გამოძიების ცნობით, დარღვეული იყო ელექტრო თუ თბოენერგიის უსაფრთხოების წესები. ესეც "რუსული ხელწერა" იყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" აფხაზეთიდან 70-ზე მეტი "მოხალისე" დაიღუპა. "კავკაზსკი უზელის" ცნობით, დაღუპულია უფრო მეტი –- ნაწილი როგორც მოხალისე, ნაწილი, როგორც რუსული არმიის ჯარისკაცი. რუსეთში აფხაზეთის "ელჩმა" საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე აფხაზეთიდან მებრძოლთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულად შეაფასა. მისი თქმით, მებრძოლთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან აფხაზები მონაწილეობენ არა მხოლოდ "მოხალისეებად", არამედ რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეებადაც - მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და აღრიცხული არიან როგორც რუსი სამხედროები. ამასთანავე, დიდია დაკარგულთა რაოდენობაც, რომლებიც გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ შედიან.
უკრაინაში აფხაზი "მოხალისეების" დიდი ნაწილი გაწევრებულია ინტერნაციონალურ ბრიგადა "პიატნაშკაში", რომელიც 2014 წლის ივნისში შეიქმნა. მისი დამფუძნებელია ახრა ავიძბა, მეტსახელად "აფხაზი". პირველი მასშტაბური დანაკლისი "პიატნაშკამ" მარიუპოლში განიცადა, როდესაც "აზოვის" ჯგუფმა მათი მოიერიშე დანაყოფი პრაქტიკულად გაანადგურა. ამ შენაერთმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა 2022 წლის აგვისტოშიც, როდესაც ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში განთავსებული "პიატნაშკას" შტაბი უკრაინულმა "ჰაიმარსებმა" დაბომბა, მას შემდეგ, რაც ორი საათით ადრე რუსმა ბლოგერმა სოციალურ ქსელში ამ შტაბიდან ვიდეოსიუჟეტი გაავრცელა. მაშინ ახრა ავიძბა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ათზე მეტი ბოევიკი კი ცოცხლად დაიწვა. ამ ბრიგადაში ძირითადად ახალგაზრდა აფხაზები და ოსები იბრძვიან, თუმცა უკრაინაში არიან 1992-93 წლების აფხაზეთის ომის მონაწილეებიც. გასული წლის ნოემბერში მოკლეს აფხაზური ორგანიზაცია "არუაას" უმაღლესი საბჭოს წევრი, 1992-93 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანი დამეი კვიწინია. ის ალექსანდრე ნეველის სახელობის სადაზვერვო-საიერიშო ბრიგადაში მსახურობდა.
უკრაინის ომში ლიკვიდირებულებს შორის არიან ის რუსებიც, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში ხარკოვის ოლქში მოკლეს რუსი სამხედრო ტასბოლატ იბრაშევი, რომელსაც რუსული პროპაგანდა 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირს" უწოდებდა. კრემლის პროპაგანდის მტკიცებით, ის ქართველ სპეცრაზმელებს წინ მარტო, ტყვიამფრქვევით გადაუდგა და მათი ასეული შეაჩერა. 2024 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხმა "ზვეზდამ" მას სიუჟეტიც მიუძღვნა სათაურით "ტასბოლატ იბრაშევი - რუსი სპარტელი". 2019 წლის დეკემბერში იბრაშევი ცხინვალის რეჟიმის მაშინდელმა დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მედლით "სამხრეთ ოსეთში მშვიდობის სადარაჯოზე სამსახურისთვის" დააჯილდოვა; 2022 წლის მარტში უკრაინაში მოკლეს რუსი პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც აგვისტოს ომში 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკს მეთაურობდა და, სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. გიორგი ანწუხელიძის წამების ვიდეოკადრებში, რომლებიც მისი მკვლელობის შემდეგ გავრცელდა, ფიგურირებს 10-ზე მეტი მწამებელი. მათგან 8 უკვე ლიკვიდირებულია - ოთხი 2009 წელს ქართულმა სპეცსამსახურებმა მათსავე ეზოებში ააფეთქეს, ხოლო 2025 წელს უკრაინელებმა დახოცეს კიდევ ოთხი: ყაზბეგ ტიმოვი, ალან ბეროევი, ალან კაზაჩკოვი და სერგეი ლიაკინი.
ეკატერინე ბასილაია