ტრამპმა ატომური „ჯორჯიიდან“ ირანს „ტომაჰავკები“ დაუმიზნა... რა მოხდება ხვალ?
ირანის გარშემო თავს იყრის უძლიერესი ამერიკული საჰაერო და საზღვაო დაჯგუფება, ანუ ხდება სწორედ ის, რაც აკლდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - ა.წ.-ის დამდეგს ირანის სიახლოვეს რომ დაეწყო სამხედრო ოპერაცია ამ ქვეყანაში ხელისუფლების დემონსტრანტებზე მასობრივი ძალადობის შესაწყვეტად.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს: "...ჩვენ გვყავს არმადა, უზარმაზარი ფლოტი, რომელიც ირანისკენ მიემართება, ყოველი შემთხვევისთვის. შეიძლება ჩვენ არ დაგვჭირდეს მისი გამოყენება, ვნახოთ", - არის თუ არა ეს პირდაპირი მუქარა თეთრი სახლიდან, რომ ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს, როგორც ეს ერთხელ მოხდა გასული 2025 წლის 22 ივნისს, როდესაც შვიდმა ამერიკულმა "სტელსის" ბომბდამშენმა 14 ზემძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო 14-ტონიანი ბომბი დააყარა ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებს, ხოლო ამერიკულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა 30 ერთეული "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებების გასანადგურებლად?
ყოველ შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საბრძოლო პოზიცია უკვე დაიკავა ამერიკულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა "ჯორჯიამ", რომელსაც 154 ერთეული "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტის მიწვდენა შეუძლია ირანის ნებისმიერ წერტილამდე.
ირანის ტერიტორიულ წყლებს უახლოვდება ამერიკული ატომური ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" თავისი 90 გემბანის საბრძოლო თვითმფრინავითა და თანმხლები საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფით, რომელშიც შედის საესკადრო ნაღმოსანი, ფრეგატი კორვეტები და ატომური წყალქვეშა ნავიც.
ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების აეროდრომებზე გადასროლილია 80-ზე მეტი ამერიკული დამრტყმელი თვითმფრინავი და რამდენიმე საჰაერო ტანკერი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მათი ჰაერში საწვავით დამატებით გაწყობა ირანისკენ გაფრენის შემთხვევაში.
ასევე ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჩატანილია "პეტრიოტის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებმაც უნდა მოიგერიონ ირანული ბალისტიკური რაკეტების შესაძლო საპასუხო დარტყმები მიმართული ისრაელისა და ამ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ.
მოკლედ, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ამერიკული სამხედრო მანქანის მობილიზება ირანის გარშემო, რასაც ემატება ისრაელის სამხედრო მზადებაც, რადგან თუკი მართლაც მოხდა ამერიკული საჰაერო დარტყმა ირანზე, მას, დიდი ალბათობით, მხარს აუბამს ისრაელის საბრძოლო ავიაციაც.
მზადება მიდის მეორე მხარესაც - ირანი არ მალავს, რომ სრულ მზადყოფნაში ჰყავს შეიარაღებული ძალები და მასზე თავდასხმის შემთხვევაში ის ამერიკული და ისრაელის რაკეტებისა და თვითმფრინავების შეტევების მოგერიებით არ შემოიფარგლება - ირანული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე კამიკაძე-დრონები საპასუხოდ აუცილებლად შეუტევენ ისრაელის ქალაქებსა და ამერიკულ სამხედრო ბაზებს რეგიონში, როგორც გასული წლის 12-დღიანი ისრაელ-ირანის საჰაერო ომის დროს.
ამერიკული საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზება ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთის ზღვაში სხვა ამერიკელ პრეზიდენტებსაც მოუხდენიათ ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაშინებლად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მისულა, თავი შეუკავებიათ, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი სულ სხვა შემთხვევაა - მან ეს ერთხელ უკვე გაბედა, როდესაც გასული წლის 22 ივნისს ირანის ბირთვული ობიექტების საჰაერო დაბომბვის ბრძანება გასცა. ასე რომ, პრეცედენტი უკვე არსებობს, ისევე როგორც ისრაელის სამხედრო ავიაციის საბრძოლო მოქმედებები ირანის საჰაერო სივრცეში.
მაგრამ რჩება ერთი მთავარი კითხვა:
გასულ წელს, როდესაც ამერიკა ბომბავდა ირანს, ამის მთავარ საბაბად წარმოდგენილი იყო ირანის ბირთვული ობიექტების მუშაობის შეჩერების აუცილებლობა, რომ ირანს არ დაემზადებინა ბირთვული იარაღი, მაგრამ ხვალ ამერიკულმა "ჯორჯიამ" ფრთოსანი "ტომაჰავკები" რომ გაუშვას ირანისკენ, ამის რა საბაბი შეუძლია მოიგონოს პრეზიდენტმა ტრამპმა?
ასევე დაგაინტერესებთ: რა ძალებს მოუყარა თავი ამერიკამ ირანის წინააღმდეგ და როდის დაიწყება დიდი ოპერაცია?!
გეოპოლიტიკური "ცისფერი მთები" ანუ გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი... ოღონდ ალაგ-ალაგ?!
ასეთი საჰაერო დარტყმა აშშ-ს წლის დასაწყისში რომ მიეყენებინა, როდესაც ირანის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს ხელისუფლების ბრძანებით "კალაშნიკოვებს" პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ, კიდევ შეიძლებოდა მისი გამართლება იმით, რომ ამერიკამ "დემოკრატიის დაცვის" მიზნით წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენა ირანის ხელისუფლების იმ ძალოვანი სტრუქტურების შტაბბინებსა და ყაზარმებს, რომლებიც ქუჩაში საკუთარ მოსახლეობას ხვრეტდნენ.
მაგრამ დღეს, როდესაც დემონსტრაციები ირანის ქალაქებში ფაქტობრივად ჩახშობილია და შიშით ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოდის საპროტესტოდ, ისეთი რა ძლიერი არგუმენტი შეუძლია გამოძებნოს თეთრი სახლის ამჟამინდელმა ბინადარმა, რომ სრულად გაამართლოს ირანზე ახალი საჰაერო დარტყმა?