პუტინის „ზამთრის ომი“ უკრაინელების სრულ „გაყინვამდე“, ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასაც დაემუქრა
ახალი წლის შემდეგ უკრაინას ყოველღამ განსაკუთრებული სისასტიკით ბომბავს რუსეთი, რაც მოსალოდნელი იყო უკრაინაში ყინვების დადგომისთანავე, რადგან პუტინი თავის გენერალიტეტს ამეორებინებს "ზამთრის ომის" ტაქტიკას, რაც შეიძლება მეტი ჰიდრო- და თბოელექტროსადგური გაანადგურონ უკრაინის ტერიტორიაზე.
ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში კრემლმა ისევ დაიწყო "ზამთრის ომის" ფაზა, უკრაინის მილიონობით მოსახლეს ისედაც მოეხსენება, რადგან პუტინმა ეს სპეციალურად დაამთხვია უკრაინაში ყინვების დადგომას, ისევე როგორც 2023, 2024 და 2025 წლების ზამთრის პერიოდებში.
თუმცა ამ ახალი წლის "ზამთრის ომი" განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა უკრაინის ქალაქების და პირველ რიგში დედაქალაქ კიევის მილიონობით მცხოვრებისთვის, რადგან რუსულმა მიზანმიმართულმა საჰაერო დარტყმებმა თბოელექტროსადგურებზე, ისინი სახლებში გათბობისა და შუქის გარეშე დატოვა, თანაც ოცგრადუსიან ყინვაში.
გასაგებია აგრესორი რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანი - მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივობით გადასცდა გერმანია-საბჭოთა კავშირის ომსაც კი და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თითქმის ოთხწლიანი გამუდმებული შეტევების შემდეგ ჯერ დონბასიც კი ვერ დაიპყრეს ბოლომდე (არადა, მათ ამ მიმართულებაზე შეტევა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან კი არა, ჯერ კიდევ 2014 წელს დაპყრობილი დონეცკიდან წამოიწყეს), კრემლი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის "გაყინვას" ცდილობს, რათა მათ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან კაპიტულაციის შესაძლებლობის თაობაზე შესჩივლონ.
აქამდე უკრაინის სრული ჩაბნელება და "გაყინვა" ოკუპანტ რუსეთს შემდეგი მიზეზის გამო არ გამოსდიოდა.
რუსეთმა თითქმის ყველა თბო- და ჰიდროელექტროსადგურიც რომ გაუთიშოს, უკრაინა სრულ ბლექაუტში მაინც არ აღმოჩნდება, რადგან დღეისათვის ფუნქციონირებს სამი ატომური ელექტროსადგურის (როვენსკის, ხმელნიცკისა და იუჟნო-უკრაინსკის) 9 ატომური რეაქტორი (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვს ატომურ ენერგობლოკს კი ომის დაწყებიდან რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ), რომლებიც, საერთო ჯამში, 52 მლრდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას იძლევიან, რაც უკრაინაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარია.
თბო- და ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ატომური ელექტროსადგურების დაბომბვას ყველაფერზე წამსვლელი პუტინი ჯერ ვერ ბედავს, თუნდაც იმიტომ, რომ დაბომბილი და ჰერმეტულობა დარღვეული ატომური რეაქტორიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ მაღალრადიოაქტიურ ნუკლიდებს ქარი, ადრე თუ გვიან, რუსეთის საჰაერო სივრცეშიც შეიტანს და თავად კრემლისკენაც კი წაიღებს, როგორც 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ატომური ენერგობლოკის ავარიისა და მისი დამცავი კონსტრუქციის დარღვევის შემდეგ მოხდა.
თითქოს უკრაინული ატომური ელექტროსადგურების "ხელშეუხებლობა" უკრაინის მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ ამ ზამთარში სრულ სიბნელესა და სიცივეში არ დარჩეს, თუმცა აგრესორი რუსეთი აქაც ცდილობს გამოსავლის პოვნას და საჰაერო დარტყმები დაიწყო არა უშუალოდ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურებზე, არამედ იმ ქვესადგურებზე, რომლებზეც გაივლის ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროდენი ერთიან ენერგოსისტემაში ჩართვამდე.
მაგრამ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სპეციალური განცხადება გააკეთა, რუსეთი აპირებს საჰაერო დარტყმები მიაყენოს უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ქვესადგურებს, რათა გათიშოს კავშირი ატომურ ბლოკებსა და უკრაინის ერთიან ენერგოქსელთან და მოსახლეობა შუქისა და გათბობის გარეშე დარჩესო.
და მართლაც, რუსულმა კამიკაძე-დრონებმა დაიწყეს უკრაინის იმ ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევები, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებში გამომუშავებულ ელექტროენერგიას საერთო ელექტროქსელში მიმართავენ. და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი - ასეთი ქვესადგურები, როგორც წესი, ატომური ელექტროსადგურების სიახლოვესაა განთავსებული და არის დიდი საფრთხე, რომ მორიგი რუსული პლანირებადი საავიაციო ბომბი, უპილოტო "გერანი" თუ ფრთოსანი "კალიბრი", ამ ქვესადგურს ასცდეს და ატომური რეაქტორის შენობა დააზიანოს.
ატომური ენერგობლოკების შენობები მშვიდობიან პერიოდში ისეა დაპროექტებული და აგებული, რომ მცირე ზომის თვითმფრინავის შემთხვევით დაჯახებას უნდა გაუძლოს.
ასევე დაგაინტერესებთ: "ყინულის მატლი": ამერიკელების ზესაიდუმლო პროექტი გრენლანდიაში - რა მისია ეკისრებოდა "საუკუნის ბანაკს" მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში
ტრამპმა ატომური „ჯორჯიიდან“ ირანს „ტომაჰავკები“ დაუმიზნა... რა მოხდება ხვალ?
თბილისში აწყობილი და შემდეგ მოპარული გამანადგურებლები ამერიკის ცაში
ყველაზე უსაფრთხო ზონა რეაქტორის საამქროა, სადაც პერსონალი უშუალოდ რეაქტორთან მუშაობს. ის სპეციალურად შექმნილი რკინაბეტონის გუმბათის ქვეშაა განთავსებული. ბეტონის სისქე 1 მეტრზე მეტია. ის არმირებულია სპეციალური ლითონებით და გამაგრებულია სხვა ტექნოლოგიური მეთოდებით. გუმბათს შეუძლია გაუძლოს 10-ტონიანი კორპუსის დარტყმას, რომელიც 750 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც საშუალო ზომის თვითმფრინავის ეკვივალენტია.
თუმცა, თუკი ასეთი ატომური რეაქტორის შენობის გუმბათს მოხვდა ბუნკერსაწინააღმდეგო გამჭოლი მოქმედების საავიაციო ბომბი ან ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის ქობინი (თუნდაც მარტო კინეტიკური მოქმედების "ორეშნიკი"), გუმბათი ვერ შეძლებს მათი ზემოქმედების სრულ შეკავებას.
ატომური ენერგობლოკების მიზანმიმართულ დაბომბვას გაერო საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბირთვულ ტერორიზმად აკვალიფიცირებს, მაგრამ როდის მორიდებია ან შეშინებია გაეროსი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს?!