გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე: ორივე მხარის ვერსია - რა მოხდა სინამდვილეში თემქაზე 2025 წლის 1-ლ ოქტომბერს?!
თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის გამო ვნებათაღელვა არ წყდება. მოკლული ბიჭის დედა, ეკა კუპატაძე, გამოძიების დასრულებას ელოდება და ითხოვს მისი შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე ყველა პირი საბრალდებო სკამზე დაჯდეს. მათ შორის დაისაჯონ ის პირებიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა მომხდარი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმეში ბრალდებულებს დანაშაულის კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებულ არასრულწლოვნებს ბრალი დაუმძიმა. ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილს უშუალოდ ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ამ საქმეზე დაკავებულია კიდევ მისი სამი მეგობარი.
შვილისთვის ბრალის დამძიმების შემდეგ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედამ. სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ციხეში შიმშილობა დაიწყო მისმა არასრულწლოვანმა შვილმაც. გიგა ავალიანის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანი პროკურატურამ 20 დეკემბერს დააკავა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამავე მუხლით დააკავეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი - ანა ნასყიდაშვილი. აქედან ერთ თვეში კი პროკურატურამ ორივეს ბრალი დაუმძიმა. დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება ჯგუფურად, ანა ნასყიდაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ამ საქმეზე დაკავებულია გიორგი რიკაძეც, რომელიც მკვლელობის დღეს გაბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

"დემეტრე უდანაშაულოა, ის ბრალს არ აღიარებს"
სოფო ძნელაძე, დემეტრე ჩიქოვანის დედა: - ჩემი მოთხოვნაა პროკურატურამ წაიღოს უკან ის ბრალი, რომელიც ჩემს შვილს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაუყენა. ჩვენ დიდ დიღომში ვცხოვრობთ. დემეტრე ამ ბავშვების მეგობარია. ჩემი შვილი თემქაზე გაბაშვილსა და რიკაძესთან ერთად ერთადერთხელ, 29 სექტემბერს იყო - უნდა ვნახო ვიღაც, დაველაპარაკო, საქმე მაქვსო. ერთ საათში წამოვიდნენ. როგორც მერე გავიგეთ, ეს ბავშვები იქ 30 სექტემბერსაც წასულან, მაგრამ იქ დემეტრე აღარ ყოფილა, ეს გამოძიებითაც დადგენილია.
რა საუბარი ჰქონდათ, ეს დეტალები არ ვიცი. დემეტრე უკონფლიქტო ბიჭია, არასდროს კანონთან პრობლემა არ ჰქონია, სკოლაში მის გამო არავის დავუბარებივარ. დემეტრეს რომ სცოდნოდა, იქ რამე მზადდებოდა, გამორიცხულია წასულიყო. სუსტი მტკიცებულებაც კი არ დევს საქმეში დემეტრეს წინააღმდეგ. ავალიანის ოჯახი გარიგდა გენპროკურორთან, ისინი სახელმწიფომ იმიტომ აირჩია, რომ უფრო დასჭირდებათ, პედაგოგები არიან, ჩვენ კი ჩვეულებრივი ხალხი ვართ, ჩემი მეუღლე 25 წელიწადია სპეცრაზმში მუშაობს, ომის ვეტერანია, ჩვენ წესიერი შვილები გავზარდეთ.
- მიმოწერებით ცნობილია, რომ ბიჭები სამი საათი ელოდებოდნენ გიგა ავალიანს სასწავლო ცენტრის კართან, ამაზე რას იტყვით?
- ერთი საათი იყვნენ თემქაზე, მერე წამოვიდნენ. სამი საათი იქ არ მდგარან. საერთოდ არ უნახავთ იმ დღეს ეს ადამიანი.
- მიმოწერაში ერთი ბრალდებული ამბობს, არ გავუსწორდით დღეს, რადგან დედასთან ერთად იყოო, იმ დღეს დემეტრეც იქ იყო?
- დემეტრე იქ 29 სექტემბერს იყო, მერე ვირუსი დაემართა და ძალიან ნერვიულობდა ამას, იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. სპორტსმენია, თებერვალში საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. ხუთი-ექვსი დღე, შეიძლება მეტიც, ძალიან ცუდად იყო. არ დაუმალავს გამოძიებისთვის, თემქაზე მეგობრებთან ერთად რომ იყო. არც ის არის გასაკვირი, თემქაზე რომ გაჰყვა, რადგან იცოდა, საშკას თემქელი შეყვარებული, ნია იმნაძე ჰყავდა. საშკამ უთხრა, ვიღაც უნდა ვნახო, პატარა საქმე მაქვს, წავალთ და დავბრუნდებითო. დემეტრე ერთი საათიც არ ყოფილა იქ, ეს ზუსტად ვიცი. საშკა მეგობარ გოგოს, ანა ნასყიდაშვილს რომ წერს, 3 საათია ველოდებიო, საუბარია 30 სექტემბერზე, როცა დემე იმ დღეს იქ არ ყოფილა.
- საქმის მასალებში დევს მიმოწერა, სადაც თქვენი შვილი ეკითხება პოლიციაში დაკითხულ რიკაძეს, ჩემზე რა თქვესო, ისიც პასუხობს, "მესამე რომ იყო თქვენთან, მესამეო, ჯერ შენზე არაფერს ვამბობთ, თუ შეგვეკითხებიან, ვიძახით, არ ვიცით, გავიყოლეთ, უბნელია", პასუხობს ის, ეს ფაქტი არ ადასტურებს, რომ მომხდარი იცოდა თქვენმა შვილმაც?
- 17 ოქტომბერს დიდ დიღომში მოდის პოლიცია და ეძებენ რიკაძეს, მის დედ-მამას უწყება რომ ჩააბარონ - ეს ფარული მოსმენების საქმეში დევს. რიკაძის მამას ურეკავს მისი მეგობარი, როგორც ჩანს, დიდ დიღომში ცხოვრობს ისიც და ეუბნება, პოლიცია დადის დიღომში, შენს შვილს ეძებენო. მათ ორი სახლი აქვთ დიდ დიღომში. როგორც ჩანს, ერთ სახლში რომ მივიდნენ და იქ არავინ დახვდათ, თუ კარი არ გაუღეს, არ ვიცი, უკვე დაიწყეს აქტიურად ძებნა. პოლიციის უწყებაში პირდაპირ ეწერა, რომ უნდა ჩაებარებინათ უწყება გიგა ავალიანის სხეულის განზრახ დაზიანებაზე. ამის შემდეგ დიდ დიღომში ყველამ გაიგო ეს ამბავი და, რა თქმა უნდა, გავიგეთ ჩვენც. 17 ოქტომბერს, როცა ბიჭები პოლიციაში დაიბარეს, დემეტრე წერს მათ, მოვალ პოლიციასთანო, ისინი პანიკაში არიან და ეუბნებიან, არა, დემე გთხოვ, არ მოხვიდე, რამეში არ გაიშაროო. მაგ ჩანაწერებს აქვს გაგრძელება: დემეტრე ეუბნება, დედაჩემს ვკითხე, რომ მივიდე პოლიციაში, რა მოხდებაო. მართლა მკითხა, მიდი, მაგრამ მეც წამოგყვები-მეთქი, ვუთხარი. ისინი ეუბნებიან, არა, გთხოვ, არ მოხვიდეო. დემეტრე ეკითხება, მე რა შუაში ვარ, მეკაიფებიო? ესეც დევს საქმის მასალებში. დემეტრე კინაღამ გაგიჟდა, გამოვარდა თავისი ოთახიდან, ეს რაებს მწერს, მას არავისთვის უთქვამს, ამას თუ აპირებდაო.
- შემაშფოთებელია ბრალდებული ბიჭისა და მისი მეგობარი გოგოს ანა ნასყიდაშვილის დიალოგი. ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ ბრალდებული შურისძიებას აპირებს. დაკავებული გოგოს პასუხებშიც არის წაქეზება, უმძიმესი დიალოგია, რომ სწყურია სისხლი, რომ სახეზე უნდა დააწეროს... ეს დიალოგები არ ადასტურებს, რომ დანაშაული დაგეგმილია?
- ეს არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გოგოსთან ამტკიცებს, რომ მაგარი ბიჭია. ამ მიმოწერაზე ჩემს შვილს საშინელი რეაქცია ჰქონდა. კარგად იკვეთება, რომ ნია იმნაძემ (საშკას შეყვარებული - ავტ.) ეს არ იცოდა. საშკა ამბობს, ნიამ არ უნდა გაიგოს ეს, თორემ დამშორდებაო. დემეტრე პირველად, შეუტყობინებლობის გამო რომ დააკავეს, პროკურორი სასამართლოზე ამბობდა, როგორ გაიგოო. სხვა არაფერი არსებობს, რომ დემეტრემ ამ დანაშაულის შესახებ 19 რიცხვამდე იცოდა. რიკაძეს აკავებენ ექვს რიცხვში. როდესაც გიგა ავალიანი გარდაიცვალა, გაბაშვილი უკვე დაკავებული იყო. 13 ნოემბერს ჩვენი სახლი გაჩხრიკეს, 14 ნოემბერს დემეტრეს ჩამოართვეს ტელეფონი; წავედით დაკითხვაზე და ყველა კითხვას გასცა პასუხი. ჩვეულებრივად გამოგვიშვეს სახლში. 22 დეკემბერს გიგა ავალიანის ოჯახს ჰქონდა დაგეგმილი აქცია. 20 დეკემბერს დილით მოვიდნენ პოლიციელები და დააკავეს დემეტრე, დააკავეს გოგონაც, ანა ნასყიდაშვილი, შეუტყობინებლობისთვის, არც ჰქონიათ სამხილი, ისე გადაუკვალიფიცირეს საქმე. დემეტრეს ერთი ჩვენება აქვს მიცემული, სადაც პროკურატურას ყველაფერზე გასცა პასუხი. დემეტრე უდანაშაულოა, ის ბრალს არ აღიარებს.
- თქვენ როდის გაიგეთ, რომ ამ ბიჭებთან ერთად თქვენი შვილი იყო თემქაზე?
- დაკითხვაზე რომ მივედით პოლიციაში და ჰკითხეს თემქაზე ბოლოს როდის იყავიო, მაშინ. 13 ნოემბრამდე არაფერი უთქვამს ბავშვს. დემეტრე სომხეთში მიდიოდა სპორტიდან და მაგაზე იყო გადართული. ჩემი შვილი იქ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა. დემეტრე ახლა შიმშილობს. ჩემი მეუღლე და შვილები იყვნენ მასთან და სთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ უარს ამბობს. როცა მირეკავს, ვეხვეწები, შეწყვიტოს შიმშილობა, მეც შევწყვეტ-მეთქი, მაგრამ უფროს ძმას უთხრა, რომ მომისაჯონ სასჯელი და რომ მკითხავენ, სასჯელს რაზე იხდიო, რა ვუთხრა, რომ ადამიანის მოკვლაში მივიღე მონაწილეობაო? ვერ ვაჩუქებ ჩემს უდანაშაულო შვილს ვერავის, გამორიცხულია!
- არაერთი სპეციალისტი ამბობს, რომ თავში მუშტის ერთი ჩარტყმით გიგა ავალიანი ასეთ უმძიმეს დაზიანებას ვერ მიიღებდა.
- ჩვენებებში ყველა ექიმი წერს, როცა გიგა ავალიანი კლინიკაში მოიყვანეს, ნაკაწრიც არ ჰქონიაო. იქნებ ნახოთ ეს ვიდეო და მიხვდებით, თავი რატომ აქვს გახეთქილი, დაეცა ადამიანი. ნაკაწრი არა აქვს, კოპი არა აქვს, სისხლის ერთი წვეთი არა აქვს... ვიდეოში კარგად ჩანს, ის ბიჭი რომ წაიქცა, ბავშვები ეუბნებიან ერთმანეთს, ფეხები ააწევინე ჩქარა. გამოფხიზლდი, ბიჭოო, უყვირიან. ქვა, რომელზეც ეკა კუპატაძემ თქვა, ეს ჩაარტყეს ჩემს შვილსო, მოვიდა პასუხი, რომ მასზე არავის დნმ არ არის. გიგა ავალიანს კლინიკაში პირველი კატე რომ გაუკეთეს, წერია, არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევასო, მეორე კატეს რომ უკეთებენ, თავში უკვე გაჟონვა მიმდინარეობდა. დედა რომ ამბობს, თავის ფორმა შეეცვალაო, შეეცვლებოდა, გაჟონვა მიდიოდა და თავი მთლიანად სისხლით გაივსო.
- როცა ბიჭები რამდენიმე დღე საუბრობენ, რომ უნდა გაუსწორდნენ გიგა ავალიანს, რამდენიმე დღე ელოდებიან მას სამსახურთან, საუბრობენ შურისძიებაზე, ბოლოს ორი არასრულწლოვანი აედევნება სამსახურიდან გამოსულს, ურტყამენ, აყენებენ სასიკვდილო დაზიანებას, ეს არ არის ჯგუფური დანაშაული?
- მეც ასე მეგონა, მაგრამ იურისტმა განმიმარტა, მაგალითად, მე ვინმეს მუშტი რომ დავარტყა, თქვენ ტელეფონით გადაიღოთ, თქვენ ამ დარტყმაში მონაწილეობა არ მიგიღიათ, ეს ვერ იქნება ჯგუფურიო. ეკა კუპატაძე ყველას ერჩის, რომ შეეძლოს, დიდ დიღომს ააფეთქებდა.
- თქვენ როგორ მოიქცეოდით, ეკა კუპატაძის მდგომარეობაში რომ იყოთ?
- დამნაშავეა თუ უდანაშაულოა, მორალურად აქვს უფლება, ადამიანები, რომლებიც შემხებლობაში არ არიან, ყველა ლანძღოს და მკვლელი უწოდოს? თქვენ აუცილებლად მეტყვით, რომ ის გამწარებულია. მშობლებს რომ მიწერა ულტიმატუმით, საშკამ დაადოს ხელი რიკაძესო, იცით, რატომ უნდოდა ეს? იმიტომ, რომ ვიდეოში საშკას მუშტი ჩანს, ქვა კი არ ჩანს.
ჩვენ ველოდებოდით, რომ ამ ქალს პროკურატურა გასცემდა ყველა კითხვაზე პასუხს, მაგრამ მას რომ არ ეშიმშილა, ადგნენ და ჩემს შვილს მუხლი შეუცვალეს, ეს იმიტომ, რომ ეკა კუპატაძე გააჩერონ. კიდევ კარგი, დახვრეტა არ არის, თორემ საზოგადოება ლინჩის წესით გაგვასამართლებდა. მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ...
„თუკი ყველა არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მე ავიღებ ჩემი შვილის წილ სისხლს“

ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანის დედა:
- ქალბატონო ეკა, ჩიქოვანის დედა შიმშილობს პროკურატურასთან და ირწმუნება, რომ მისი შვილი ამ საქმის თანამონაწილე არ არის.
- ჩიქოვანი 29 სექტემბერს ნამდვილად იყო ჩასაფრებული, უბრალოდ, ვერ მოკლა გიგა იმიტომ, რომ იმ დღეს ჩემი შვილი ვერ მოიხელთეს. მეორე და მესამე დღეს იმიტომ ვერ მოვიდა, რომ სიცხე ჰქონდა. სიცხე რომ არ ჰქონოდა, ხომ მოვიდოდა? საქმის მასალებში საკმაოდ მსუყედ არის მტკიცებულება, რომ ჩიქოვანი ნამდვილად ეხმარებოდა მათ დანაშაულის მომზადებაში, ამიტომ ედავებიან ჯგუფური დანაშაულის მომზადებას. დედამისი რომ ამბობს, მე ვიშიმშილებ და ჩემი შვილი გამოუშვითო, ამაზე მამაჩემმა დაუწერა, მაშინ მოდი, მეც ვიშიმშილებ და გიგა გამიცოცხლეთო. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამდენი დღეა შიმშილობს და სასწრაფო არ დასჭირდა. რატომ არა აქვს პასუხი, რატომ მოვიდა მისი შვილი ჩვენს სასწავლო ცენტრთან და რატომ ელოდებოდა სამი საათი ქუჩაში გიგას გამოსვლას? მეგობრებს რატომ გამოჰყვა, ან რაზე ისაუბრეს?
ალექსანდრე გაბაშვილი რომ წერს - ვციტირებ ზუსტად მის სიტყვებს - სამი საათი ვუსატკავეთო, რატომ უსატკავეს? დემეტრე ჩიქოვანი სამი საათი რომ ერთ კორპუსთან სკამზე იჯდა, ჩემი ფანჯრის წინ, და უყურებდა მხოლოდ იმ ადგილს, სადაც ჩემი ფანჯარა ჩანს, არ დაინტერესდა, სამი საათი აქ რატომ ვსხედვართ, რისთვის წამომიყვანეთ, განა რა სალაპარაკო გაქვს იმ ვიღაცასთან ამდენიო? აქედან რომ წავიდნენ, დიდ დიღმამდე გზაშიც ხომ იყვნენ საკმაო ხანს ერთად, იქაც არ ჰკითხა, რატომ ვიყავით იქ ამდენ ხანსო? ან გზაში არ უსმენდა, როცა ეს ბიჭები ამას გეგმავდნენ?
იცით, ის ქალი როდის აყვირდა? ვიდრე მის შვილს დაიჭერდნენ, რადგან მიხვდა, რომ დაიჭერდნენ. საქმის მასალებშიც ჩანს, რომ ამ ამბის შესახებ იცოდა. სად იყო მანამდე, თუნდაც წინადღით ეყვირა, ვიდრე საქმის მასალები გადმომეცემოდა, ახლა რომ აფრიალებს ჩემი შვილის გვამის სურათებს. მე რომ ქუჩაში ვყვიროდი, საქმის მასალები მინდა-მეთქი, თურმე სახლში ჰქონდა ეს ტომები, თურმე ის ვიდეო უკვე ნანახი ჰქონდა. ეთქვა, ნახე, ეკა, როგორ სადისტურად მოგიკლეს შვილი, გვერდით დაგიდგები, რომ სიმართლე გაირკვესო. მე ისიც არ ვიცოდი, ჩემს შვილს რა დაემართა და დიაგნოზის დასმაში რომ ექიმს დავხმარებოდი, 112-ში დავრეკე 1-ლი ოქტომბრის ღამით და ვკითხე, მითხარით, ვინ დარეკა ამა და ამ მისამართზე და ვინ გამოიძახა სასწრაფო, მომეცით იმის ნომერი, რომ დავურეკო, გავიგო, რა მდგომარეობაში ნახეს ჩემი შვილი-მეთქი. 112-ში რა მიპასუხეს იცით, ხვალ უნდა მოხვიდე, განცხადება დაწერო და ორი დღის შემდეგ მიიღებ პასუხსო. ისიც კი არ გამაგებინა 112-მა, რა ნომრიდან დაურეკეს და ამათ კი ამ დროს ყველაფერი იცოდნენ. მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა ჩემი შვილის მდგომარეობა, და ახლა ამბობს, მაშინ გავიგე ყველაფერი, როცა რიკაძეს ეძებდნენო. რიკაძესა და გაბაშვილს თუ 17 ოქტომბერს შეტყობინება მიუვიდა, თუ ჩიქოვანი არაფერ შუაში იყო, რატომ აფორიაქდნენ, ხომ საეჭვოა? მაგ ქალს ბევრი რამ წამოსცდა. რეალურად 15 ოქტომბერს გურამ რიკაძესთან, რომელიც ერთ-ერთი მკვლელის მამაა, მიდის მისი კრიმინალი მეგობარი და მან დაულაგა, როდის ვის რა უნდა ეთქვა, მათ შორის, ჩიქოვანსაც. იმ გურამ რიკაძისა და მისი კრიმინალი მეგობრის დალაგებული სიტყვებით ილაპარაკეს, როცა ჩვენება მისცეს 13 ნოემბერს. მიმოწერებში ეკითხება ჩიქოვანი, რა თქვეს ჩემზეო. რატომ ელოდებოდა პოლიციისგან დაკითხვას და რატომ ეკითხებოდა, ჩემზე რა ინფორმაცია აქვთო. ეს არის სწორედ იმ გურამ რიკაძისა და მისი მეგობრის დალაგებული საქმე, ისინი გზადაგზა ქმნიდნენ ალიბებს. მერე, როცა დალაგებულები არიან, იქაც წერენ, აუ, ბიჭო, ჩვენ რას გვტენიან, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ვაფშე ტოო.
14 ოქტომბერს, მაშინ, როცა ნია იმნაძე დაიკითხა, იცით, ალექსანდრე გაბაშვილმა რა გააკეთა ალიბისთვის? გიგა ამ დროს ცოცხალი იყო და ვაპირებდით საზღვარგარეთ წაყვანას. უკვე ანგარიში გვქონდა გახსნილი დასახმარებლად, რადგან ნახევარი მილიონი გვჭირდებოდა. ნიას დაკითხვის დღეს 20 ლარი ჩარიცხა ალექსანდრე გაბაშვილმა ჩემი შვილის ანგარიშზე ვითომ გიგას დასახმარებლად, იმიტომ, რომ ალიბი შეექმნა. პროკურატურაში ბრიყვი არავინ არის. ორ-ორი ადვოკატი ჰყავთ, მოვიდნენ სასამართლოზე და დაასაბუთონ, რომ ვტყუი. მე მისი შვილი არც მიხსენებია, იმიტომ, რომ პროკურატურამ მანამდე დაიჭირა, სანამ მე საქმეს გადმომცემდნენ.
სამართალდამცავებს რომ დაუსხლტდნენ, ჩემი არ ეშინიათ? თუკი ყველა შესაბამისი მუხლით არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მე ავიღებ ჩემი შვილის წილ სისხლს. ჩიქოვანი დედა რომ ამბობს, იმ დღეს ჩემი შვილი იქ რომ ყოფილიყო, ეს დანაშაული არ მოხდებოდაო. სად გაზომა მისი ადამიანობა? ის თქვან, რომ არ გამოჰყოლოდა ჩიქოვანი და რიკაძე თუნდაც მანამდე, მათ გარეშე გაბედავდა რამეს გაბაშვილი? მოკრივე ბიჭები რომ წამოიყვანა, რა უნდოდათ ჩვენს სახლთან? ანგელოზად რომ გამოჰყავს თავისი შვილი, მიაკითხეთ იმ სკოლას, სადაც სწავლობდა მეათე კლასში, დაელაპარაკეთ მის დამრიგებელს, მოიკითხეთ იმ სკოლაშიც, სადაც მერე გადაიყვანეს. მე-11 კლასში შარშან თვალით არ უნახავთ მასწავლებლებს. გაიკითხეთ, ამ დამნაშავეებს როგორ აწიოკებული ჰყავდათ დიდი დიღომი, მათ უბნებში გამოჰკითხეთ ხალხი და გაიგებთ, ვინც არიან. არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და ამიტომ მეტ დეტალს არ გავასაჯაროებ. იცით, რამდენი ვინმეა დასაჭერი? ყველას სახელი და გვარი წინ მიდევს, ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე. ტყუილი თქვეს, ქვაზე არ აღმოჩნდა დნმ-ის კვალიო, ჯერ არ მოსულა პასუხი და საიდან მოიტანეს ეს? ექსპერტიზის გაყალბებას ხომ არ ცდილობენ?
რატომ წაშალა ნია იმნაძემ ყველა მიმოწერა? მისი ოჯახის ახლობელმა, რომელიც გახარიას მოადგილე იყო შს სამინისტროში, ისე წააშლევინა, რომ გამოძიება მიმოწერის აღდგენას ვერ ახერხებს. იმნაძის ტელეფონია ერთადერთი, სადაც ყველაფერი განადგურებულია, რატომ გაანადგურა? ერთადერთი დარჩენილია 13 ზარი და ხუთი დედის ზარია, ოთხი - მამის, ხოლო დანარჩენი ოთხი - მეგობარი გოგონების. მან სამი ჩვენება მისცა და ყველა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. მიდის ხელახალი გამოძიება და იმნაძესაც აუცილებლად დაიჭერენ, იმიტომ, რომ ბევრი მტკიცებულება არსებობს. გაბაშვილის, რიკაძის ტელეფონებიდან ჩანს, რომ ის საქმის კურსში იყო. ბევრი ახალი დეტალი გამოჩნდება.
თეა ხურცილავა