როგორ ამოვიღო თავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიიდან? - კვირის პალიტრა

როგორ ამოვიღო თავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიიდან?

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

როგორ ამოვიღო თავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიიდან?

- დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები ინახება 5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში ან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ასევე, თუ უშუალოდ თქვენ გქონდათ შეტანილი მონაცემები დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.

ვცხოვრობ კორპუსის ბინაში მეოთხე სართულზე. კორპუსში შემოვიდა "სითიკომი". ლიფტს არ ვიყენებ, მაგრამ ამხანაგობის თავმჯდომარე ითხოვს თვეში 20 ლარის ჩარიცხვას "სითიკომის" ანგარიშზე. დაგროვდა საკმაო თანხა. რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა და რა შეიძლება გავაკეთო, როცა არ მინდა ამ კომპანიის მომსახურება?

- თავმჯდომარეს წერილობით მოსთხოვეთ კრების ოქმი, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე საჭიროა კრების ჩატარება და ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა. ასევე მოითხოვეთ ამხანაგობის წესდება, ხელშეკრულება „სითიკომთან“ და ხარჯთაღრიცხვა. თუ არ გსურთ ლიფტით სარგებლობა, დაუფიქსირეთ აღნიშნული განცხადებით თავმჯდომარეს და არ გადაიხადოთ კომპანიის მომსახურების თანხა. თუმცა ასევე გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებთ.

ამერიკიდან შევიძინე ავტომობილი, რომელიც სამ წელზე მეტია მყავს. ჰქონდა დაზიანება და შევაკეთე, გავიფორმე ოფიციალურად და ვმოძრაობ თბილისში. მომდის ჩვეულებრივ ვიდეოჯარიმები და პატრულსაც გავუჩერებივარ და დავუჯარიმებივარ. ჩემმა ახლობელმა გადაამოწმა ახლახან მანქანის მონაცემები და მეუბნება, რომ საერთაშორისო ძებნაზეა, რომ მანქანა მოპარულია. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ გავაჩერე მანქანა. რა შეიძლება გავაკეთო? საკმაოდ ძვირი მანქანაა, გამოსავალი რა არის? მითხრა საზღვარზე არ გადახვიდე, თორემ ჩამოგართმევენო.

- საპატრულო პოლიცია ამოწმებს შიდა ბაზებს, ასევე ვიდეოჯარიმები არ უკავშირდება საერთაშორისო ძებნას, პრობლემა, როგორც წესი, ჩნდება საზღვარზე, ექსპერტიზისას ან ხელახალი გადაფორმებისას.

პირველ რიგში უნდა გადამოწმდეს მანქანა VIN-კოდით INTERPOL-ში, VTIS report-ში და აშშ-ის პოლიციის insurance claim ჩანაწერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად და როგორ შეიძინეთ ავტომანქანა, ამერიკულ აუქციონზე (Copart, IAAI და ა.შ.), რომელსაც აქვს თავისი სტანდარტები და ასევე აუქციონზე შეძენაში ხომ არ გეხმარებოდათ შუამავალი კომპანია, რომელთანაც გაქვთ ხელშეკრულება, რომელიც მსგავს რისკებს აზღვევს.

ვინაიდან თქვენ ხართ კეთილსინდისიერი შემძენი, გონივრული იქნება ზიანის თავიდან აცილების მიზნით დადასტურებული მტკიცებულებით, რომ მანქანა მოპარულია, მიმართოთ იმ კომპანიას და აუქციონს, ვისგანაც შეიძინეთ ავტომანქანა და მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

მაქვს ნასამართლეობა, მსუბუქი ბრალდებით ვიყავი გასამართლებული და მქონდა პირობითი სასჯელი, მაგრამ გაქარწყლებულია დიდი ხანია. ეს ინფორმაცია ინახება თუ არა სადმე და თუ ინახება, ვის აქვს ამ ინფორმაციასთან წვდომა? შეუძლია თუ არა ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობას გამოითხოვოს ეს ინფორმაცია?

- ცნობის ასაღებად უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტოს, მისი აღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. აღნიშული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ამდენად მისი გამოთხოვა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ, თუ სამსახურის ხელმძღვანელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიმართავს მომსახურების სააგენტოს, თქვენი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სააგენტო არ გასცემს ცნობას. თუმცა შესაძლებელია ხელმძღვანელმა თავად დაგავალოთ აღნიშნული ცნობის წარდგენა, რადგან ეს შეიძლება იყოს თქვენი დასაქმების ერთ-ერთი წინა პირობა.

ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ვიცავ ყველანაირ წესრიგს, რადგან ძალიან კაპრიზი მეზობლები მყავს. მყავს ჩვილი ბავშვი, რომელიც ღამით ტირის, დამყავს ხელში ატატებული და ისე ვაძინებ. გვერდითა მეზობელი მუდმივად მიბრახუნებს კედლებზე, რამაც ძალიან დამსტრესა. აქვს თუ არა ასე მოქცევის უფლება?

- მართალია, რომ მეზობელს გააჩნია თმენის ვალდებულება, თუმცა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში არა. ვინაიდან ბავშვი ყოველღამ ტირის, შესაძლოა ეს მისთვისაც სტრესულია.

სამწუხაროდ, თქვენ ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებთ ამ ინციდენტის აღმოსაფხვრელად. ალბათ, აჯობებს, რომ დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რომ თქვენი ბავშვის ღამით გაღვიძება და ტირილი არც თქვენთვის არის სასიამოვნო, არც თქვენ ხართ სახარბიელო მდგომარეობაში, იქნებ როგორმე გაითვალისწინოს თქვენი მდგომარეობა.

ბინა მაქვს გაქირავებული, სახელმწიფოსაც ვუხდი საშემოსავლოს 5%-ს. დამქირავებელმა ორი თვის წინ დაცალა ბინა, დაარღვია ხელშეკრულება, რომელიც მოქმედია. ჯერჯერობით ვერ ვიშოვე ახალი დამქირავებელი. როგორ დავუმტკიცო სახელმწიფოს, რომ ამჟამად არა მაქვს ბინა გაქირავებული. ხელშეკრულების გაუქმებაზე ყოფილ მდგმურს არა აქვს ხელი მოწერილი, ისე წავიდა. როგორ მოვიქცე?

- გადახედეთ თქვენს ხელშეკრულებას, რა წინა პირობები გაქვთ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. ზოგადად ხელშეკრულების არსებითი დარღვევა (ბინის მიტოვება, ქირის გადაუხდელობა) გაძლევთ უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოთ ხელშეკრულება. ამდენად მიმართეთ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილია და აღარ მოგიწევთ საშემოსავლოს 5%-ის გადახდა.

ვარ "სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებული. გამოძიება დაწყებულია და დაკავებულია გიგა წულეისკირი, იძებნებოდა დირექტორი მურისიძე, რომელიც უცხოეთში დააკავეს. ამ დრომდე ზარალი ანაზღაურებული არა გვაქვს. "სფერო ჰოლდინგის" სხვა თაღლითები, მაგალითად, იურისტი სოფო პეტრიაშვილი თავისუფალია, ვითხოვთ მის დაკავებას, მაგრამ არ იჭერენ, არადა, სწორედ მისი შეთითხნილი ხელშეკრულებით გაგვაბეს მახეში. ასევე დამნაშავეა ყველა ის აგენტი, ვინც მოგვატყუა. მათ შორის დამნაშავეები არიან ცნობილი სახეები, რომლებიც არეკლამებდნენ ამ ბანდიტებს და სწორედ ამ რეკლამების გამო აღმოვჩნდით ამ დღეში. როცა დაზარალებულად გვცნეს, მოვითხოვე მათი დაკავებაც, მაგრამ არავინ აკავებს. თუ არსებობს ბრძოლის სხვა ბერკეტიც, რომ მათ ვუჩივლო? ქუჩაში ვართ დარჩენილი, დროული რეაგირებაა საჭირო, რა შეიძლება გაკეთდეს?

- აღნიშნული საქმე ძალიან მოცულობითია, საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას და დეტალების ცოდნას. თუ მიგაჩნიათ, რომ სხვა პირებსაც აქვთ მოცემულ საქმეში ბრალეულობა, მიმართეთ პოლიციას. რაც შეეხება სამოქალაქო კუთხით დავას, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარე ხართ თქვენ და მოპასუხეს წარმოადგენს კომპანია "სფერო ჰოლდინგი" და აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული პირები ვერ იქნებიან მოპასუხეები.

- ონლაინმაღაზიაში ნივთი ვიყიდე, თანხა ჩავრიცხე ანგარიშზე და რომ მომიტანეს, არ აღმოჩნდა ისეთი, რაც მქონდა შეკვეთილი. კურიერს მოვთხოვე უკან წაღება, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა, მე არა ვარ იმ მაღაზიის თანამშრომელი, კურიერი ვარო. დავუკავშირდი ისევ იმათ, ვისგანაც მქონდა გამოწერილი, მაგრამ ნივთს უკან არ იბრუნებენ. რა შეიძლება გავაკეთო, ვის მივმართო, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი ხომ არსებობს?

- მომხმარებელს უფლება აქვს შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი. ეს წესი იმიტომ მოქმედებს, რომ ელექტრონული ვაჭრობის დროს მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას პირადად შეაფასოს და მოიწონოს საქონელი, ამიტომაც უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი. თუ გამყიდველი არ იბრუნებს ნივთს და ირღვევა თქვენი უფლებები, უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154, ასევე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დარეკოთ ცხელ ხაზზე 0322054422. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.

- ერთ-ერთი საიტიდან გამოვიწერე ნივთი, ამანათი ჩემამდე არ მოსულა. ველოდები სამ თვეზე მეტია. გადამზიდმა ფირმამ ნივთი დაკარგა. რა შეიძლება გავაკეთო?

- მოითხოვეთ აღნიშნული ნივთის ღირებულების დაბრუნება და ასევე თუ მისი ტრანსპორტირების ან სხვა ხარჯებიც გაქვთ გაწეული, იმ ხარჯების ანაზღაურებაც.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები