„ობეხე“ შემოვიდა... ანუ რა კავშირია პროდუქტების ფასებსა და მთავარ სპეცსამსახურს შორის?!
"ობეხე" შემოვიდა" - საბჭოთა კავშირის დროს, ქარხნების, მაღაზიებისა თუ რესტორნების ხელმძღვანელებისთვის ეს იყო ყველაზე თავზარდამცემი ამბავი და ითარგმნებოდა: "დაგაჯდა სიკვდილის ბუზი". დიახ, წითელ იმპერიაში იყო სტრუქტურა, რომლისაც ზოგჯერ
КГБ-ზე მეტად ეშინოდათ. ეს გახლდათ ОБХСС (Отдел по борьбе с хищениями социалистической собственности - სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის განყოფილება).
ОБХСС-ისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა იყო ნაცნობ პარტიულ ბოსებში საქმეების ჩაწყობა და დიდი ქრთამი. ვერ ჩააწყობდი და მრავალწლიანი ციხე გელოდა. თუმცა ზოგჯერ ქრთამიც ვერ გიშველიდა, რადგან ОБХСС-ს ზემოდან ჰქონდა დავალებული კონკრეტული დირექტორის "გაფუჭება". მიზეზი შეიძლება ათასგვარი ყოფილიყო - სხვას უნდოდა ეს შემოსავლიანი ადგილი, ან პარტიულმა ბოსებმა ჩათვალეს, რომ საწარმოს ხელმძღვანელი იმაზე მეტს "ჭამდა", ვიდრე ეკუთვნოდა.
საბედნიეროდ, უკვე 36 წელია, საბჭოთა კავშირი პატრონს ჩაბარდა და მასთან ერთად ОБХСС-КГБ-ებიც. იმედია, საბოლოოდ დაგვავიწყდება და გარკვეული მოვლენები არ გაგვიჩენს მასთან ასოციაციებს, მაგრამ... "სუს-ი შევიდა სუპერმარკეტებში" დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც "ობეხე შემოვიდა".
თუმცა დავიწყოთ თავიდან...
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ძალიან კარგია, როდესაც მთავრობა ინტერესდება საკითხით - არის თუ არა სასურსათო პროდუქტზე, მედიკამენტებსა და ბენზინზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ასევე, ნებისმიერი ინიციატივისას, თუ სწორად არ იქნება შერჩეული მისი განხორციელების ფორმები და მეთოდები, ძნელია რაიმე წარმატებაზე საუბარი.
სუს-ს აქვს რამდენიმე მთავარი ფუნქცია: სადაზვერვო საქმიანობა (ცოტა ხნის წინ მას მიუერთეს დაზვერვის სამსახური, რომელიც მანამდე დამოუკიდებელ სტრუქტურად არსებობდა), კონტრდაზვერვა ანუ უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენა, ტერორიზმთან ბრძოლა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები და კორუფციასთან/სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა. შესაბამისად, ცოტა უცნაურია, როდესაც მთავარი ქართული სპეცსამსახური სასურსათო პროდუქტების ფასების დარეგულირების საკითხში ერთვება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, წინა ხელისუფლებისას მიხეილ სააკაშვილმა რთველის მონიტორინგი თავდაცვის სამინისტროს რომ დაავალა. თუმცა, თუ მიზანი ზეწოლა და ბიზნესის კონკრეტული სეგმენტის "შეშინებაა", მაშინ სუს-ის ჩართულობა უკვე აღარ არის უცნაური... იმედია, ზოგიერთი ექსპერტის მიერ გამოთქმული ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

ფასებს არეგულირებს ბაზარი - ეს ორჯერ ორი ოთხია. ელემენტარული ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე -„"თხა ვიყიდე, თხა გავყიდეს" პრინციპით არავინ იმუშავებს. თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, ვნახავთ - მეტ-ნაკლებად ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როდესაც სახელმწიფო ცდილობდა ფასების წარმოქმნაში უხეშად ჩარეულიყო ან თავად დაეწესებინა, ეს მთავრდებოდა ცუდად: დეფიციტით, ეროვნული ვალუტის რყევით და ა.შ.
რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი სფეროები, სადაც სახელმწიფო აწესებს და უნდა დააწესოს კიდეც ტარიფები - მაგალითად, ენერგეტიკის სფერო. სხვა შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შეეცდება ბაზრის მსხვილ სეგმენტებში წინასწარ განსაზღვრული ფასების დაწესებას, ეს არის "წინ წარსულისკენ" - აქედან ერთი ნაბიჯია სახელმწიფო საწარმოებამდე, სახელმწიფო მაღაზიებამდე თუ გეგმიურ ეკონომიკამდე.
რა თქმა უნდა, ბაზარზე შეიძლება არსებობდეს ხელოვნურად მაღალი ფასები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს კარტელურ გარიგებასთან - რამდენიმე მსხვილი მოთამაშე თანხმდება, აწესებენ ფიქსირებულ ფასს, ინაწილებენ ბაზრებს, მიწოდების წყაროებს და ა.შ. კარტელური გარიგებების ერთ-ერთი მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი არის თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა ანუ ერთმანეთში შეთანხმებული მოთამაშეები ყველანაირ პირობას ქმნიან, რომ მათ "არეალში" სხვა კომპანიამ არ გაიჭაჭანოს. "კვირის პალიტრაში" არაერთი ჟურნალისტური მოკვლევა გამოქვეყნებულა ამ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით - დაწყებული ბენზინის ბიზნესით და მედიკამენტების ფასით დამთავრებული.
როგორ უნდა იმოქმედოს კარტელური გარიგებების შემთხვევაში სახელმწიფომ, ეს კანონმდებლობით გაწერილია. ამისთვის არსებობს სპეციალური ორგანოც - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. არსებობს კანონიც "კონკურენციის შესახებ". ამ სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი კომპანიიდან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია. თუ დადასტურდა კარტელური შეთანხმება, მაშინ კონკრეტული იურიდიული პირი ჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავლის 5%-ს. დარღვევის განმეორების ან არაღმოფხვრის შემთხვევაში კომპანია ისევ ჯარიმდება - თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავლის 10%-ს.
თუ დავუშვებთ, რომ დისტრიბუტორებსა ან სუპერმარკეტების ქსელის მფლობელ კომპანიებს შორის იყო კარტელური შეთანხმება, მაშინ კონკურენციის სააგენტოს ეძინა? რატომ არ იმოქმედა? გამოდის, მისი ხელმძღვანელები ტყუილად იღებენ ხელფასს. ან შესაძლოა, ამ სტრუქტურას სხვა პრობლემები აქვს - მაგალითად, რესურსების ნაკლებობა ან რიგი მიმართულებებით მეტი უფლებამოსილების მინიჭება. საკანონმდებლო ცვლილებებით ამის დარეგულირება შეიძლება.
ისიც გვესმის, რომ მაღალ ფასებთან "ომი" პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია. თუმცა ამის გაკეთებაც შეიძლებოდა ისე, როგორც ზემოთ ვთქვით, კონკურენციის სააგენტოს მეშვეობით და შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით. თუ გამოვლინდებოდა კარტელური გარიგება და ფასები დაიწევდა, პოლიტიკური ქულები მოქმედ მმართველ გუნდს დაეწერებოდა, აბა სხვა ვის?!
ბიზნესკომპანიებთან სპეცსამსახურის მეშვეობით ურთიერთობამ შესაძლოა გააცოცხლოს ის მანკიერებები, რაც "ობეხეს" დროს იყო. კერძოდ, გაჩნდეს სურვილი, რომ ვიღაცა რაღაცის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან "დალაგდეს", იპოვოს "კრიშა", რომ მეორედ აღარ შეაწუხონ და ა.შ. ასეთი "არაფორმალური" ურთიერთობების რისკი არანაკლებ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ვიდრე კარტელური გარიგებები.
P.S. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები ინტენსიურად იმართება, რაც კარგია - დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. ბიზნესმენთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლებელია ფასების დაწევა, ოღონდ ამას გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა დაიწიოს ფასებმა...
ვნახოთ... ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ერთობლივი გამოსავლის მოძებნა და არა ხელების გადაგრეხა.
გიორგი კვიტაშვილი