გამარჯვების მექა-ნიკა
სათაურმა არ მოგტყუოთ: მექანიკური არაფერი ყოფილა იმ მოძრაობების გარდა, რომლებიც ათასჯერ გაუკეთებია და თვალდახუჭული ასრულებს, დანარჩენი კი მთლიანად ემოცია იყო ყინულზეც, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც, მწვრთნელებისა თუ მეტოქეების მილოცვებისას... ნიკა ეგაძე პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელიც მამაკაცთა თანრიგში ევროპის ჩემპიონი გახდა! ორი დღით ადრე შეფილდში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოსთვის ისტორიული ოქრო მოიგო ლუკა ბერულავა/ანასტასია მეტელკინას წყვილმა, თუმცა ქართველ ნათლიას არც ნათლული ჩამორჩა და ბრიტანელი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხუთჯვრიანი დროშა მანაც ააფრიალა. "შეფილდ არენაზე" ნაჩვენებ ისტორიულ გამარჯვებამდე ნიკა ეგაძე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა - საციგურაო მოედნის ძებნაში თბილისიდან ბათუმში გადაბარგებული ბოლო წლებია მოსკოვში ვარჯიშობს სახელგანთქმული მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით. ზამთრის ოლიმპიური თამაშების (მილანი/კორტინა, 6-22 თებერვალი) დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო დღეების ემოციები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაუზიარა:
- ნიკა, გილოცავთ ისტორიულ ოქროს! დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვით, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რომ ევროპის ჩემპიონი ვარო... რამდენიმე დღე უკვე გავიდა, მეტ-ნაკლებად ემოციებიც ჩაცხრა. ახლა რას გრძნობთ?
- ახლა უკეთესად ვაცნობიერებ, რა მოხდა, მაგრამ მაინც არის მომენტები, როცა ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, მართლაც ევროპის ჩემპიონი ვარ?! ეს არის სიხარული, სიმშვიდე და უდიდესი მადლიერება, თითქოს დიდმა გზამ ერთ წამში გაიარა თვალწინ.
- მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყავით და მცირე ოქროც დაიმსახურეთ. გასაგებია, რომ პირველი დღის წარმატება სპორტსმენს თავდაჯერებას მატებს, მაგრამ, მეორე მხრივ, იზრდება პასუხისმგებლობა და ნერვიულობაც - ლიდერობას შენარჩუნება უნდა!
- მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობას სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოაქვს. ვგრძნობდი წნეხს, მაგრამ იმავდროულად, ძალასაც. ჩემს თავს ვუთხარი, ეს შენი მომენტია, უბრალოდ, გადი და ისიამოვნე.
- ტელეეკრანზე ისე ჩანდა, რომ მოკლე პროგრამის დასრულებისას მეტი ემოცია გქონდათ, ვიდრე ჩემპიონობის შემდეგ. მოგვეჩვენა?
- არ მოგჩვენებიათ. მოკლე პროგრამის შემდეგ ემოცია გაუკონტროლებელი იყო, თითქოს ყველაფერი, რაც გულში იყო დაგროვილი, წამიერად ამოვიდა ზემოთ, ჩემპიონობის შემდეგ კი უფრო ჩუმი, ღრმა განცდა მოვიდა, ისეთი, რომლის გამოხატვასაც სიტყვები არ ეყოფა.
- დაჯილდოებისას უჩვეულოდ მშვიდი ჩანდით - მთელი ემოცია ყინულზე დახარჯეთ?
- კვარცხლბეკზე ვიდექი და მეჩვენებოდა, თითქოს დრო გაჩერდა. ემოცია ყინულზე დავტოვე, იქ კი მხოლოდ სიმშვიდე იყო და მადლიერება საკუთარი თავისა და განვლილი გზის მიმართ.
ძალიან ემოციური იყო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე კვარცხლბეკზე დგომა. იმ წამებში განსაკუთრებულად მძაფრად ვიგრძენი, რა პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა წარადგენდე შენს სამშობლოს. უსაზღვროდ მიხაროდა და ძალიან ვამაყობდი, რომ საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე. ეს იყო წუთები, რომელიც გულში სამუდამოდ დარჩება.
- წინადღით ბერულავა-მეტელკინას წყვილმა საქართველოს ისტორიული ოქრო მოუტანა. დიდ სიხარულთან ერთად, ეს დამატებითი მოტივაციაც იყო, რომ ისტორიის ნაწილი ნიკა ეგაძეც გამხდარიყო?
- ბერულავა-მეტელკინას გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი სიხარული იყო, ასევე დამატებითი იმპულსი, შეგრძნება, რომ ახალი ისტორია იწერება და შენც შეგიძლია მისი ნაწილი გახდე.
- მეწყვილესთან ერთად სრიალი თუ გიცდიათ და რას ფიქრობთ, რა არის მთავარი განსხვავება ინდივიდუალურ და წყვილთა ასპარეზობას შორის?
- მეწყვილესთან სრიალი არ მიცდია, მაგრამ ვფიქრობ, სრულიად სხვა სამყაროა, ორმაგი პასუხისმგებლობითა და ნდობით. რაც შეეხება ინდივიდუალურ სრიალს, იქ მარტო ხარ საკუთარ თავთან.
- ვიცი, რომ პატარაობიდანვე ცდილობდით რთული ნახტომების შესრულებას და რამდენჯერმე მძიმედაც დაშავდით. დღეს რომელია თქვენი საყვარელი ილეთი?
- რთული ნახტომები ბავშვობიდან მიზიდავდა, ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვეძებდი საკუთარ საზღვრებს, დღეს კი ჩემი საყვარელი ელემენტია ლუცი - როცა გამოდის, განსაკუთრებულ თავისუფლებას გაძლევს.
- დაცემა ყოველთვის მტკივნეულია, ყინულზე - ორმაგად. რა გაძლევდათ მოტივაციას, რომ ყოველ ჯერზე წამომდგარიყავით, არაერთი მოტეხილობისა და ოპერაციის მიუხედავად, ბრძოლა გაგეგრძელებინათ?
- დაცემა ყოველთვის მტკივნეულია ფიზიკურად და მენტალურად, მაგრამ ყოველ ჯერზე წამოდგომას მაიძულებდა ამ სპორტის სიყვარული, რწმენა, რომ ეს გზა ტყუილად არ ამირჩევია. ხანდახან დანებებაზეც მიფიქრია, მაგრამ ყველა შემთხვევაში სრიალის სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა!
- ფეხში დღემდე გაქვთ რკინის კონსტრუქცია: მენტალური სირთულე არასდროს შეუქმნია იმის გაცნობიერებას, რომ მყარად დგომასა და ურთულეს ნახტომებს ორგანიზმში ჩანერგილ "უცხო სხეულს" უნდა უმადლოდეთ?
- თავდაპირველად, რთულია იმის გათავისება, რომ შენს სხეულში რკინაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სისუსტე კი არა, პირიქით, სიმტკიცის სიმბოლო ხდება. ეს ჩემი ისტორიის ნაწილია.
- რას გრძნობს სპორტსმენი, როცა ჰაერში ხტება და ურთულესი ბრუნების შესრულებას იწყებს - ილეთებს მექანიკურად ასრულებთ თუ რაიმეს გაფიქრებასაც ასწრებთ?
- ახტომისას თითქოს დრო ნელდება. ბევრი რამ ავტომატურადაც ხდება, მაგრამ იმის გაფიქრებას მაინც ასწრებ, რომ ყინულზე სწორად დაეშვა და ასპარეზობის გაგრძელება შეძლო.
- ნიკა ეგაძის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალია: პირველ რიგში დედა, რომელსაც უდიდესი როლი აქვს მოციგურავედ თქვენს ჩამოყალიბებაში; პირველი მწვრთნელი ლელა ჩოფიკაშვილი; ცხადია, ეთერ თუთბერიძე და მაკა გიორგობიანი, რომელსაც არა მხოლოდ თქვენს წარმატებაში, ქართული ციგურაობის უპრეცედენტო მიღწევებში აქვს მთავარი წვლილი!
- ჩემს ცხოვრებაში ამ ქალბატონებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. დედა - ეს არის სიყვარული, რომელიც არასდროს იკლებს; ლელა ჩოფიკაშვილი - პირველი ნაბიჯები და სრიალის საფუძველი; ეთერ თუთბერიძე - უმაღლესი პროფესიონალიზმი; მაკა გიორგობიანი კი ადამიანი, რომლის მონდომების და ხელშეწყობის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდით.
- პროგრამის მელოდიას თავად არჩევთ?
- როცა მელოდია შენს შინაგან მდგომარეობას ემთხვევა, სრიალი სხვანაირი ხდება. მიყვარს მუსიკა, რომელიც გიყვება, გაგრძნობინებს და გაძლევს საშუალებას, საკუთარი ისტორია ყინულზე დატოვო.
- იტალიელმა მოციგურავე მატეო რიცომ, რომელსაც დამაჯერებელი სხვაობით აჯობეთ, გამარჯვება გულწრფელად მოგილოცათ. საციგურაო სამყაროში ასეთი მეგობრული დამოკიდებულება ჩვეული ამბავია? სპორტის სახეობათა უმრავლესობაში კონკურენტები გულზე დიდად არ ეხატებათ...
- კონკურენციასთან ერთად ფიგურული ციგურაობა დიდ სითბოსაც იტევს. ყინულზე ვიბრძვით, მაგრამ მის მიღმა ერთმანეთის პატივისცემა და მხარდაჭერაა - ასეთი დამოკიდებულება სპორტს განსაკუთრებულს ხდის.

- 2022 წლის ოლიმპიადაზე საუკეთესო ათეულში მორის ყვითელაშვილი მოხვდა. ევროპის ჩემპიონატზე მოგებული ოქრო გვაიმედებს, რომ თანაგუნდელის შედეგს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ. სხვათა შორის, მორისმა ინტერვიუში მითხრა, რომ დიდი ხანია, რომელიმე ქართული ცეკვის ყინულზე გადატანა უნდა. ამაზე თქვენც ხომ არ გიფიქრიათ?
- ქართული ცეკვის ყინულზე გადატანის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
- ოთხი წლის წინ პეკინის ოლიმპიადაზე საქართველომ პირველად იასპარეზა ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში და ყველასათვის მოულოდნელად მეექვსე ადგილი მოიპოვა. წელს წარმატების კიდევ უფრო კარგი შანსი გვაქვს... მილანისთვის როგორ ემზადებით?
- გუნდური შეჯიბრება ჩვენთვის განსაკუთრებულია. ეს არის განცდა, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, თანაგუნდელებზეც ფიქრობ. გუნდურობა მილანისთვის მზადებაშიც გვეხმარება.
- იმის გამო, რომ თბილისში საციგურაო მოედანი არ იყო, ჯერ ბათუმში გადახვედით სავარჯიშოდ და საცხოვრებლად, მოგვიანებით კი მოსკოვში. სამშობლოსგან შორს ყოფნა არ გიჭირთ?
- ძალიან რთულია. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მიყვარს, უზომოდ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ის რამდენიმე კვირა, სამშობლოში რომ ვატარებ მშობლებისა და მეგობრების გარემოცვაში. ამიტომ ძალიან მიხარია, მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლას მთელი სამი თვით რომ შევძლებ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს ავტომანქანები, მსიამოვნებს მათი მოვლა, განახლება, დითეილინგი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩემი მანქანა თბილისშია და იშვიათად ვნახულობ. როცა დრო გვაქვს, მე და ლუკა ბერულავა კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობთ. ცხადია, ონლაინ, რადგან სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ. ყოველდღიური ვარჯიშებიდან ასეთი "გადახვევები" აუცილებელია გონების "გასუფთავებისთვის".
- შეფილდში თქვით, რამდენიმე თვის წინ ლუკა ჩემი ნათლია გახდაო.
- გასულ ზაფხულს გავიგე, რომ არასწორად ვიყავი მონათლული და გადავწყვიტე, ქართულ ეკლესიაში მოვნათლულიყავი. ნათლიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია - ლუკა ბერულავა ჩემი უახლოესი მეგობარია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებით. ნათლობა თბილისში გაიმართა და მე და ლუკა უკვე ნათესავებიც ვართ.
- თქმა არ უნდა, ევროპის ჩემპიონის წოდება თავდაჯერებას შეგმატებთ, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებში გაცილებით ძლიერი მეტოქეები გელით... ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?
- ევროპის ჩემპიონობა დიდ ძალას გაძლევს. ჩემთვის მთავარი იქნება უშეცდომო სრიალი და გულწრფელი გამოსვლა. კონკურენტები ძლიერები იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საკუთარ თავთან ბრძოლაა.