ირანის ვერშემდგარი პოეტი და უზენაესი ლიდერი - კვირის პალიტრა

ირანის ვერშემდგარი პოეტი და უზენაესი ლიდერი

"მე ვარ ღარიბი სულით, არასრულყოფილი სხეულით და მცირედი ღირსებით, რაც შენ მომანიჭე, მაგრამ ყველაფერს გავწირავ რევოლუციისა და ისლამისთვის", - მიმართა ალაჰს აიათოლა ალი ხამენეიმ 2009 წელს.

ირანში ალი ხამენეის სიტყვა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე, სანამ მისი შეუზღუდავი ძალაუფლების წინააღმდეგ დიდმა საპროტესტო ტალღამ არ იფეთქა, ტალღამ, რომელიც წინა პროტესტებისგან მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვით ძალზე განსხვავდება­. სამ ათწლეულზე მეტია, აიათოლა ალი ხამენეი თავისი ქვეყნის უზენაესი ლიდერია. თუმცა გარე სამყარომ მასზე არცთუ ისე ბევრი იცის, მით უმეტეს, მის უცნაურ ბავშვობასა და ახალგაზრდობის დროინდელ გატაცებებსა და ოცნებებზე. კაცს, რომელიც აიათოლას ტიტულს ატარებს, რომელიც სიტყვასიტყვით "ალაჰის ნიშანსა" და "სასწაულს" ნიშნავს, უყვარს მებაღეობა და პოეზია. თუმცა ოფიციალურ პრესასა და ინფორმაციაში მისი პიროვნების შესახებ მხოლოდ მწირი და მისგანვე ნებადართული­ ცნობებია გამოქვეყნებული.

11 წლის სასულიერო პირი

ალი ხამენეი დაიბადა 1939 წლის 19 აპრილს ქალაქ მაშჰადში, ირანის წმინდა­ ქალაქში. აქ მდებარეობს იმამ რეზას (მერვე­ შიიტი იმამი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის იმ 12 შთამომავლიდან ერთ-ერთია, რომლებსაც შიიტი მუსლიმანები თაყვანს სცემენ) მავზოლეუმი. მაშჰადი რელი­გიური ქალაქია ცოცხალი კულტურული და პოლიტიკური ცხოვრებით, რაც, როგორც ჩანს, ხამენეისთვის შთაგონების წყაროდ იქცა... პატარა ალი, რომელიც 8 შვილიდან მე-2 იყო, ძმების მსგავსად მამის გზას გაჰყვა და სასულიერო პირი გახდა. ეს კი, როგორც მკვლევრები წერენ, ადვილი არჩევანი არ იყო შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობისას, რადგან შაჰი იყო მონარქი, რომელიც რელიგიას დრომოჭმულად და საეჭვოდ მიიჩნევდა.

"ალი ხამენეი სასულიერო პირი ძალიან­ პატარა, 11 წლის ასაკში გახდა, - ამბობს­ მეჰდი ხალაჯი, რომელიც აიათოლას ბიოგრაფიას წერს, - ის სასულიერო პირის სამოსელს ქუჩაში, ბავშვებთან თამაშის დროსაც ატარებდა და ამის გამო ხალხი დასცინოდა. მას ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა". თავად ალი ხამენეი კი ასე აღწერს მაშინდელ ცხოვრებას: ,,ვცხოვრობდით მაშჰადში. ჩვენი სახლი შედგებოდა სულ ერთი ოთახისგან, რომელსაც ათი ნაბიჯი სიგრძე და ექვსიც სიგანე ჰქონდა, ოთახის ქვეშ კი იყო ნესტიანი და დახუთული მიწური, სადაც ჩავდიოდით ხოლმე, როდესაც მამასთან მოდიოდნენ რჩევის საკითხავად. ძალიან გვიჭირდა, ბევრჯერ უვახშმოდ დაგვიძინია".

ოჯახი

...მაგრამ ალი ხამენეი არ ნებდებოდა. ის დაქორწინდა და ექვსი შვილი შეეძინა. მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ირანის უზენაესი ლიდერის მეუღლეა. ის იშვიათად ჩნდება საჯაროდ, თუმცა მისი ოჯახის რამდენიმე წევრი მაღალ თანამდებობაზეა. აიათოლასა და მის ცოლს 4 ვაჟი და 2 ქალიშვილი ჰყავთ: მოსტაფა, მოჯტაბა, მასუდი, მეისამი, ბოშრა და ჰოდა.

რამდენიმე ხნის წინ ირანულმა ვებსაიტებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ ირანის უზენაესი ლიდერის მეუღლესთან, რომელშიც ის ხამენეის მზრუნველ ქმრად წარმოაჩენს. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ უზენაესი ლიდერის მეუღლე ერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა, მაგრამ არავინ იცოდა მისი ვინაობა, სანამ აიათოლა ხამენეიმ მისი მონახულება არ გადაწყვიტა.

კომუნისტებთან მეგობრობა

არაერთი წყაროს ცნობით, ადრეულ წლებში ალი ხამენეი პოეტებთან ჩაის სმითა და საუბრით იყო გატაცებული, ის მხარს უჭერდა შაჰის მთავარ მტერს - გადასახლებულ სასულიერო ლიდერსა და მის მასწავლებელს, აიათოლა რუჰოლა ხომეინის. აიათოლა ირანში ისლამური მმართველობის დამყარებისთვის იბრძოდა, ალი ხამენეი კი ცდილობდა მისი გზავნილების გავრცელებას ქვეყანაში. ამისათვის შაჰის პოლიციამ ის ექვსჯერ დააპატიმრა.

1970-იან წლებში შაჰის დამხობას მარქ­სისტული ჯგუფებიც ცდილობდნენ. ამიტომ სასულიერო პირი ალი ხამენეი საპატიმროში კომუნისტებთან მოხვდა. მკვლევრები წერენ, რომ ხამენეი ციხეში კარგად იქცეოდა. ჰუშანგ ასადი, რომელმაც მასთან­ ერთად თვეები გაატარა, ამბობს, რომ ის კარგი მოსაუბრე და მზრუნველი თანასაკ­ნელი იყო, კომუნისტი ლიდერი მოჰამედ ალი ამოი კი იხსენებს, რომ ალი ხამენეი ერთ-ერთი ყველაზე საღად მოაზროვნე მუსლიმანი პატიმარი იყო, ის კომუნისტებს ნაჯებად ანუ უწმინდურებად არ თვლიდა და მათგან ჭურჭელს არ აცალკევებდა.

"ის ძალიან კარგი ადამიანი იყო", - თქვა ასადიმ, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, უფიქრია თუ არა, რომ ხამენეი ოდესმე ირანის უზენაესი ლიდერი გახდებოდა, კატეგორიული უარი განაცხადა: "არასდროს!"

წლების შემდეგ პარიზში მცხოვრები ყოფილი თანასაკნელი დიდი იმედგაცრუებით უყურებს ალი ხამენეის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.კომუნისტის აზრით, მისმა ყოფილმა თანასაკნელმა უღალატა იმ საქმეს, რისთვისაც ეს ორი კაცი ოდესღაც ერთად იბრძოდა: "ის თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცი­დან დიქტატორად გადაიქცა, ახლა ბატონი ხამენეი უფრო დიქტატორია, ვიდრე შაჰი"!

პოეტი და სულიერი ლიდერი

როგორც ამბობენ, ალი ხამენეის პოეზიის ნიჭი დიდად არ ჰქონდა, მაგრამ შრომისმოყვარე და შეუპოვარი იყო. ნიჭის გარეშე შრომა და შეუპოვრობა მას დიდ პოეტად ვერ აქცევდა, სამაგიეროდ, ეს თვისებები კარგად გამოიყენა რევოლუციონერობისა და სულიერი ლიდერობისთვის. ცნობილია ასევე, რომ მას მოსწონს, როცა უზენაეს პოეტად და უზენაეს ლიდერად მოიხსენიებენ. ხამენეი დღესაც რეგულარულად მართავს პოეზიის საღამოებს ახალგაზრდა პოეტებისთვის თავის კაბინეტში და მათ შემოქმედებაზე ესაუბრება.

ალი ხამენეი 23 წლის იყო, როდესაც აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ დაიწყო­ მოძრაობა შაჰის თეთრი რევოლუციის წინააღმდეგ, რაც გულისხმობდა ირანის მოდერნიზაციას მიწების ფერმერებისთვის გაყოფით და ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებით. ირანელი სასულიერო პირების უმეტესობა ორივე მიზანს ეწინააღმდეგებოდა.­ ქვეყნის მდიდარი მიწის მესაკუთრეები მხარს უჭერდნენ ირანულ სემინარიებსა და სასულიერო პირებს, ხოლო ირანელი სასულიერო პირების უმეტესობისთვის ქალები მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც არ უნდა ჰქონოდათ იგივე უფლებები, რაც მამაკაცებს.­ შაჰისთვის მიწერილ წერილში რუჰოლა ხომეინი წერდა, რომ ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებამ შეიძლება მათი პროსტიტუციაში ჩაბმა გამოიწვიოს.

მეჩეთებსა და რელიგიურ ცენტრებში ისლამური რევოლუცია გაჩაღდა. ალი ხამენეი იმ მრავალ სასულიერო პირს შორის იყო, რომლებიც რუჰოლა ხომეინის გამარჯვებისთვის იბრძოდნენ.

1979 წელს შაჰი დაემხო. დევნილი აიათო­ლა ხომეინი პარიზიდან ირანში დაბ­რუნდა და ისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა. ირანს სასულიერო პირები მართავდნენ და ალი ხამენეი ერთ-ერთი მათგანი იყო. 40 წლის მამაკაცი ახალი მმართველის უახლოესი წრის წევრი გახდა. ხამენეი პრაგმატულ სასულიერო პირად ითვლებოდა, თანამშრომლობდა მთავრობის სხვადასხვა ფრაქციასა და ოპოზიციის ლიდერებთანაც კი. ის ბევრ მათგანს ციხეში ყოფნის დროიდან იცნობდა. აგრძელებდა ურთიერთობას პოეტებთანაც. ალი ხამენეიმ თანდათან საზოგადოებრივი აღიარებაც მოიპოვა, ძირითადად, ორატორული უნარის წყალობით. 1980 წლის თებერვალში ის თეირანში პარასკევის ლოცვის იმამად - წინამძღოლად დაინიშნა. მილიონობით ადამიანი ყოველ პარა­სკევს­ ტელევიზიით ისმენდა მის ქადაგ­ებებს, რომლებშიც ეკონომიკის, კულტურისა და ომის შესახებ მთავრობის პოლიტიკას ახმოვანებდა. ხამენეის საყვარელი­ თემა მტერზე ანუ "დოშმანზე" საუბარი იყო. თუმცა არასდროს ყოფილა მგზნებარე პროპაგანდისტი და განაგრძობდა ხელისუფლების უფრო ჰუმანური სახით წარმოჩენას, ვიდრე ის სინამდვილეში იყო.

ali-khamenei-reading-book-01-1769370885.jpg

ხამენეი და ამერიკელი ოფიცერი

ალი ხამენეი იმდენად დაუახლოვდა აიათოლა ხომეინისა და მის გარემოცვას, რომ რევოლუციური ხელისუფლების არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა: 1979 წელს რევოლუციური საბჭოს წევრი­ გახდა, ოდნავ მოგვიანებით კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ხომეინის პირადი წარმომადგენელი თავდაცვის უმაღლეს საბჭოში. იყო ისლამური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. მეთაურობდა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსაც". ალი ხამენეი იყო ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი ირანში ამერიკელი­ დიპლომატების ტყვედ აყვანის გამო შექმნილი კრიზისის დროს, როცა ირანელმა­ სტუდენტებმა 50-ზე მეტი ამერიკელი დიპლომატი მძევლად აიყვანეს. მძევლებს შორის იყო ოფიცერი ჯონ ლიმბერტი. ერთ დღეს, ტყვეობიდან ხუთი თვის შემდეგ, ციხეში მას მოულოდნელი სტუმარი ეწვია - ალი ხამენეი. ორმა მამაკაცმა დაახლოებით 10 წუთი ისაუბრა. მათი საუბარი ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ჩაწერა. ამერიკელს სურდა საკუთარი ცოდნა ირანსა და ირანელებზე ხამენეიზე ზემოქმედებისთვის გამოეყენებინა, თუმცა, როგორც ლიმბერტი აღნიშნავს, ხამენეი არ იყო სულელი და მშვენივრად მიხვდა, რომ ამერიკელი მას დასცინოდა.

ღმერთის რჩეული

1981 წლის ივნისში მოჯაჰედების ოპოზიციურმა დაჯგუფებამ ალი ხამენეის ტერაქტი მოუწყო. მაგნიტოფონში დამონტაჟებული ბომბი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ის პრესკონფერენციას მართავდა. აფეთქებამ მარჯვენა ხელის პარალიზება გამოიწვია. "არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, - იხსენებდა ალი ხამენეი, - ვგრძნობდი, რომ სიკვდილის პირას ვიყავი. მომდევნო დღეებში ვფიქრობდი: "რატომ გადავრჩი?" და მივხვდი, რომ ჩვენს ზეციურ მამას ჩემი გადარჩენა გარკვეული მიზნით სურდა".

images-1-1769370885.jpg

პრეზიდენტი

ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულიყო, რომ ხამენეი პრეზიდენტად აირჩიეს. ისლამურ რესპუბლიკას დასაწყისი არასტაბილური ჰქონდა. მისმა პირველმა პრეზიდენტმა რუჰოლა ხომეინის კეთილგანწყობა­ დაკარგა და იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, მეორე დაბომბვისას დაიღუპა.­ ალი ხამენეი პრეზიდენტად 1981 წლის ოქტომბერში აირჩიეს, როცა სადამ ჰუსეინის მიერ ირანთან ომის დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხამენეი იყო პირველი სასულიერო პირი, რომელიც პრეზიდენტი გახდა, თანაც ორი ვადით. ერაყთან რვაწლიანი ომი ბევრი პოლიტიკოსისა და სასულიერო პირისთვის იყო შესაძლებლობა, საკუთარი ძალა ეჩვენებინა.­ ალი ხამენეიმ ამით სრულად ისარგებლა. როგორც პრეზიდენტი, ის რეგულარულად სტუმრობდა ფრონტს. არსებობს რამდენიმე ფოტო, სადაც ხამენეი ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებთან ერთად პურს ტეხს.

უზენაესი ლიდერი

როდესაც აიათოლა ხომეინი 1989 წლის ივნისში გარდაიცვალა და სასულიერო მრჩეველთა ასამბლეა ახალი ლიდერის ასარჩევად შეიკრიბა, ალი ხამენეი ყველაზე მისაღები, უწყინარი კანდიდატურა იყო. თუმცა ირანში დღემდე დისკუსიის თემაა ის ფაქტი, რომ ხამენეი უზენაეს ლიდერად აირჩიეს მაშინ, როცა ის ფორმალურად დიდი აიათოლას ანუ მარაჯას ტიტულს ჯერ კიდევ არ ატარებდა. ამისთვის ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლაც კი გახდა საჭირო. არ შეიძლება ცალკე არ გამოვყოთ ისლამურ რევოლუციაში აიათოლა ჰაშემი რაფსანჯა­ნის როლი, რომელიც აიათოლა რუჰოლა ხომეინის შემდეგ ირანში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. მან მრჩეველთა ასამბლეის სხდომაზე ხამენეის კანდიდატურას აქტიური ლობირება გაუწია. რაფსანჯანის მხარდაჭერის გარეშე ხამენეის არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მომავალში ისინი პოლიტიკური მეტოქეები გახდნენ.

და კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორც ჩანს, გადამწყვეტი გარე­მოება: როგორც ცნობილია, ალი ხამენეი­ არ ჩარეულა აიათოლა რუჰოლა ხომეინისა და მის მიერ სიცოცხლეშივე დასახელებულ მემკვიდრეს, აიათოლა მონტაზერის შორის გაჩაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც ამერიკული იარაღის შესყიდვის სკანდალს უკავშირდება. ალი ხამენეი, როგორც პრეზიდენტი, ცდილობდა ამ კონფლიქტისგან განზე გამდგარიყო, მაგრამ საბოლოოდ მისი ერთგულება მას ერგო, ვისაც მეტი ძალა აღმოაჩნდა: ამ შემთხვევაში რუჰოლა ხომეინის.­ ასეთი გადამწყვეტი დაპირისპირების დროს დუმილი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რაც კი მანამდე ალი ხამენეის მიუღია და რამაც, მკვლევრების აზრით, განსაზღვრა ირანისა და საკუთრივ მისი ბედი!

ხამენეი მხოლოდ 49 წლის იყო, მაგრამ გაცილებით ხანდაზმულად გამოიყურებოდა... "ის ჩვეულებრივი ადამიანია და ვფიქრობ, ეს მისი წარმატების გასაღებია, - ამბობს მისი ბიოგრაფი მეჰდი ხალაჯი, - ის ყველაფერს გეგმავდა, ყველაფერზე ფიქრობდა. როდესაც ლიდერი გახდა, არაფერი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი, რაც მან წარმატებისთვის გააკეთა, იყო ზუსტი და დახვეწილი გეგმა "რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" გასაძლიერებლად და მათზე დაყრდნობითა და მათი უფლებამოსილების გაფართოებით მან განიმტკიცა ძალაუფლება, ძალიან ძლიერი ლიდერი გახდა".

აბსოლუტური ძალაუფლება

ალი ხამენეის ახლა იგივე აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, რაც შაჰს 60-70-იან წლებში ჰქონდა. მის ხელშია როგორც მთავრობა და პარლამენტი (უზენაეს ლიდერს ნებისმიერ მათ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება აქვს, ასევე შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მთავრობისა და პარლამენტის თანხმობის გარეშე), ასევე სასამართლო და ჯარი, თუმცა ფეჰლევის დინასტიის ბოლო მმართველისგან სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას ეწევა. შაჰი მთელ მსოფლიოში მოგზაურო­ბდა და ფუფუნებით ტკბებოდა, ალი ხამენეი კი ირანს არასდროს­ ტოვებს. მისი ყველაზე დიდი სიამოვნება, როგორც ჩანს, პატარა ბაღის მოვლაა. თუმცა დასავლურ პრესასა და ოპოზიციურ წრეებში ხშირად საუბრობენ ხამენეისა და მისი ოჯახის ზღაპრულ სიმდიდრეზე, რომელიც ოფიციალურად არ ჩანს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შვილებიდან მეორე ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, უზენაესი ლიდერის არაოფიციალურ მემკვიდრე პრინცად ითვლება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებშია ჩართული.

მოწინააღმდეგე ნათესავები

87 წლის უზენაესი ლიდერის ნათესავების უმეტესობა მის მმართველობას კრიტიკულად უყურებს. ოჯახის პოლიტიკური შეხედულებები ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც ხამენეის დამ, ბადრი ხამენეიმ, 2022 წლის 6 დეკემბერს გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ძმის "დესპოტური ხალიფატი" გააკრიტიკა. მან დაგმო მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობა და ელიტურ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" (IღGჩ) იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

ბადრის ხუთი შვილიდან ერთი ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალიშვილი ფარიდე რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის ლექსის წაკითხვისთვის, რომელშიც უკანასკნელი შაჰის ქვრივს, ფარაჰ ფეჰლევს ადიდებდა.

უზენაესი ლიდერის ძმას, ჰადი ხამენეის, ასევე კონფლიქტი აქვს აიათოლასთან. ჰადი ხამენეი გამოსცემდა ორ გაზეთს, სანამ ისინი აიკრძალებოდა. მოჰამედ ხათამის პრეზიდენტობის დროს (1997-2005) მას რამდენჯერმე თავს დაესხნენ სამოქალაქოფორმიანი პირები... თავად აიათოლას დედა, ხადიჯა მირდამადი, აიათოლა ჰაშემ ნაჯაფაბადი მირდამადის ქალიშვილი იყო. მირდამადის ოჯახიც აკრიტიკებს ამჟამინდელი უზენაესი ლიდერის მმართველობას. ბიძამ, ჰოსეინ მირდამადიმ, 2009 წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავის დისშვილს ღია წერილებით მიმართა,­ ხოლო მისი ვაჟი, ჟურნალისტი სირაჯუდინ მირდამადი, 2014 წელს დააპატიმრეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, 5 წლით ჟურნალისტური საქმიანობის აკრძალვით. ხამენეის კიდევ ერთი ბიძა, ალი მირდამადი, 2009 წლის არჩევნების შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაიქცა.

ბოლო უზენაესი ლიდერი?

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუჰოლა ხომეინისგან განსხვავებით, ალი ხამენეი არასდროს ყოფილა გამორჩეული მეცნიერი ან ქარიზმატული ლიდერი. მიუხედავად ამისა, მან გამოიყენა თავისი მოკრძალებული ხასიათი, რათა სხვადასხვა ჯგუფისთვის თავი მოეწონებინა.­ ახალგაზრდობაში, სანამ ლიდერი გახდებოდა, ხამენეი მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა და, როგორც ჩანს, ამით კმაყოფილდებოდა. თუმცა შემდეგ მან მეტოქეები ერთმანეთის მიყოლებით მეთოდურად განდევნა პოლიტიკური ველიდან, ამისთვის კი უპირველესად "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა" და სადაზვერვო აპარატის ნდობა მოიპოვა. ეს იყო ორი ჯგუფი, რომლებიც მას კრიტიკოსებისა და მტრების იდენტიფიცირებისა და ჩამოშორებისთვის სჭირდებოდა. ამის შემდეგ ხამენეიმ განიმტკიცა ძალაუფლება და ყველას აჩვენა, რომ მისი ხელისუფლება არასდროს შეცვლის თავის სოციალურ, კულტურულ ან პოლიტიკურ ხაზს. 2009 წლიდან ის ცდილობს ისლამური ერის დიდი ლიდერი გახდეს. გარშემო მყოფების მორჩილებამ ალი ხამენეი დაარწმუნა, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც ირანს ისეთ ძლევამოსილ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს, რომელიც არაბული ქვეყნებისა და ისრაელის მეტოქეობას შეძლებს. ჯერჯერობით აიათოლა ინარჩუნებს რევოლუციური გვარდიის ერთგულებას. ალი ხამენეი ირანს უკვე სამჯერ მეტი ვადით მართავს, ვიდრე მისი წინამორბედი აიათოლა ხომეინი. ის აპრილში 87 წლის გახდება. თუმცა საკითხავია, რა მოხდება, თუ მის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი ისეთ მასშტაბს მიაღწევს, რომ მისი მმართველობა დაემხობა?! ან რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აიათოლა ჩაახშობს პროტესტს და კვლავ გაიმარჯვებს?!

"21-ე საუკუნეში ძნელი დასაჯერებელია, რომ ახალგაზრდა, თანამედროვე ირანელი მოსახლეობა მზად იქნება, კვლავ მართავდეს უზენაესი ლიდერი, რომელსაც დედამი­წაზე ღმერთის­ წარმომადგენლობაზე აქვს პრეტენზია, - ამბობს ქარიმ საჯადპური ვაშინგტონში მდებარე კარნეგის ფონდიდან, - ამიტომ შესაძლებელია ის ირანის უკანასკნელი უზენაესი ლიდერი იყოს".

აიათოლა ალი ხამენეი 76 წელია სასულიერო პირია და 47 წელზე მეტია, ისლამური რევოლუციის მცველია. უზენაესი ლიდერი თვლის, რომ მხოლოდ ღვთის წინაშეა პასუხისმგებელი.

შორენა ბიწაძე