„დღემდე ვერაფრით გავბედე საშიშ ატრაქციონებზე დაჯდომა“
"უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, მთავარია, რას ისწავლი, რა დასკვნებს გამოიტან, ის არასწორი ნაბიჯი რა გამოცდილებას დაგიტოვებს", - ამბობს მომღერალი კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე. რა დროს იტყუება, რა ვერ გაბედა დღემდე, რაში შველის გურული ხასიათი და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1982 წლის 24 ივლისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მფრინავი, ეს პროფესია ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, მაგრამ პირველად რომ ვიფრინე, ჰაერში ყოფნა აღარ მომეწონა. აღმოვაჩინე, რომ ფრენის შიში მქონია. მფრინავობა გადავიფიქრე და არჩევანი მუსიკალური თეატრის მსახიობობაზე შევაჩერე.
- ჩემზე ამბობენ...
- რომ ვარ ძალიან ფიცხი. გურული ვარ და ფეთქებადი ხასიათიც მაქვს. ხასიათში სიფიცხე რომ დამეძლია, ამ მიმართულებით საკუთარ თავზე არასდროს მიმუშავია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წყენას ნახევარ საათში ვივიწყებ, ცუდი ემოციისგან ვთავისუფლდები და ეს ძალიან მომწონს. ამბობენ, რომ კარგი ხასიათის ბიჭი ვარ (იცინის). ბუნებრივად ასეთი ვარ, ვინმე თავის ქებად თუ არ ჩამითვლის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- იმავე საქმეს ავირჩევდი, იმავე გადაწყვეტილებებს მივიღებდი. ჩემი ცხოვრება ძალიან მომწონს და მიყვარს.
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას...
- რჩევას ყოველთვის ჩემს მეუღლეს ვეკითხები. ლელუკა ძალიან კარგი მრჩეველია, 100-დან 100 ქულას მივანიჭებ. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ, ვფიქრობთ. როდესაც მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას საყვარელ ადამიანს ვუთანხმებ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. ლელუკას ყველა რჩევამ ძალიან გაამართლა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო მაშინ, როდესაც "თეატრალური კვარტეტის" 5 წლის იუბილეზე გავაკეთეთ პირველი სოლო კონცერტი. კვარტეტის ბიჭები დავრწმუნდით, რომ შეგვეძლო სერიოზული წარმატებისთვის მიგვეღწია. ყველა ჩვენგანს უდიდესი ემოცია გვქონდა. ახლაც სულ ძიების პროცესში ვართ, ვკამათობთ, ვმსჯელობთ, სულ ვფიქრობთ, მოკლედ, ძალიან მოუსვენრები ვართ (იცინის). ახლა კვარტეტი 22 წლის არის. საქმეში პატარა იმედგაცრუება თუ გვექნება, ერთმანეთს ისევ ჩვენ გავაძლიერებთ, ისევ თავიდან დაწყებით, დაუღალავი შრომით. ჩვენს წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვით ჩვენი ოჯახის წევრებს, მხარში გვიდგანან და ცდილობენ, ყველანაირი სირთულე დაგვაძლევინონ. როცა მახსენდება პირადად მე რა სირთულეები მაქვს გადალახული, დღეს მიკვირს კიდეც, ასე მარტივად როგორ გავუმკლავდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს ასეთი მეუღლე, შვილები, მეგობრები...
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ვითამაშო ფეხბურთი, როგორც პროფესიონალმა, მაგრამ ეს დრო უკვე წავიდა. ბავშვობაში გუნდშიც ვთამაშობდი, მაგრამ პროფესიონალურად ფეხბურთის თამაში ჩემს მიუღწეველ, აუსრულებელ ოცნებად დარჩა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- გაბრაზება დიდხანს არ მიმყვება, მშვიდობისმოყვარე ვარ. მეგობრებს შორის ზოგჯერ გაუგებრობა რომ ხდება, ასეთ დროს სულ ვცდილობ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობის ხიდი გავდო. მეგობრებს შორის მშვიდობის ელჩი ვარ. კონფლიქტური არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი გურული სიფიცხიდან გამომდინარე, ადრე შეიძლებოდა ისეთ რამეზე მქონოდა რეაქცია, რომ დღეს მეცინება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- კვების რეჟიმი ძალიან არეული მაქვს. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩემში ვერავინ დაძლია და ამის გამო ოჯახის წევრებთან სულ კონფლიქტი მაქვს, რეჟიმში ვერაფრით ვერ ჩამსვეს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- აბსოლუტურად ყველაფერი და სხვებსაც ამას ვურჩევ. შეცდომებს არასდროს ვიმეორებ. შეიძლება ერთმა შეცდომამ ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, მაგრამ მთავარია, რას ისწავლი, რა დასკვნებს გამოიტან, ის არასწორი ნაბიჯი რა გამოცდილებას დაგიტოვებს. სხვის შეცდომებზეც არაერთხელ მისწავლია...
- პატიება შემიძლია...
- ხან მარტივად, ხან - არა. ადამიანს პატიების უნარი თუ აქვს, მას ცხოვრების ახლიდან დაწყება არასდროს გაუჭირდება.
- ვიბნევი...
- ძალიან იშვიათად, გურულობა მშველის, სხარტი რეაქციები მაქვს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ექსტრემალი ვარ, ყველანაირი აქტივობა მიყვარს, რასაც ადრენალინი ახლავს, მაგრამ დღემდე ვერაფრით გავბედე საშიშ ატრაქციონებზე დაჯდომა.
- ვნანობ...
- ყველა იმ ქმედებას, რომელიც შეეხო ჩემს პირადს და ჩემს ოჯახს. გულით და სულით ვნანობ.
- მკითხველი ვერ გაიგებს, რას გულისხმობ...
- უფრო კონკრეტულად ვთქვა? არა, ჩემთვის დავიტოვებ. რაღაცები არ უნდა ჩამედინა.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ვცხოვრობდე გაერთიანებულ, დამშვიდებულ საქართველოში, ქუჩაში ბედნიერ, ღიმილიან ადამიანებს ვხედავდე. მინდა მშვიდობა იყოს მსოფლიოში.
- მეზარება...
- დილით ადრე გაღვიძება, მაგრამ მიწევს.
- სიყვარული, ეს...
- ვერ ავხსნი, რა არის, მამოძრავებელი ძალაა, ყველაფრის ინსპირაციაა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- გავგიჟდი, გადავირიე (იცინის). ბავშვობის წლებში გატაცებები ყველას გვაქვს. სერიოზული სიყვარული ჩემს ცხოვრებაში 23 წლის წინ შემოვიდა. ლელუკა თელია დათო არჩვაძის მხრიდან გავიცანი, ბავშვობის მეგობრები არიან. 15 წელია, ერთად ვართ. მგონი, კარგი მეუღლე ვარ. თუმცა ამაზე ლელუკამ ილაპარაკოს. ხასიათით რომანტიკოსი ვარ. წლების წინ მისთვის სიურპრიზის გაკეთება რომ მინდოდა, რაღაც მოვლენებს წინ ვუსწრებდი და არ გამომდიოდა. ახლა ვისწავლე, ბოლო დროს უფრო გამომდის, უფრო კარგად ვახერხებ, მოთმინება გამიღრმავდა.
- როგორი მამა ხართ?
- ძალიან მეგობრული, შვილების აღზრდის პროცესში შეძლებისდაგვარად ჩართული ვარ. შვილები ძალიან მკაცრი შემფასებლები არიან, მათი კრიტიკა არაერთხელ დამხმარებია.
- ბავშვებიც მღერიან?
- მუსიკალური მონაცემები ორივეს აქვს, მაგრამ სურვილი - ნაკლებად, ერთი ფეხბურთითაა გატაცებული, მეორე - ბალეტით.
- ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს...
- კარგი მუსიკა, ღიმილი, ადამიანების ერთმანეთისადმი გამოხატული სითბო, კარგი, გულიანი სალამი... მსმენელი ხშირად მაჩერებს ქუჩაში. როგორ შეიძლება, არ გაიხარო, როცა უცნობი ადამიანი სითბოს და სიყვარულს გჩუქნის, ეს უდიდესი მოტივაციაა. ჩემი ერთი სიმღერა ერთ ადამიანს მაინც თუ გააბედნიერებს, თავად ასმაგად ბედნიერი ვიქნები.
- მაკვირვებს...
- ამდენი ბოროტება, ამდენი ნეგატივი, ამდენი სისასტიკე რატომ არის ამ პლანეტაზე?
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ავტომობილების სიყვარულია. ამ მხრივ გამოუსწორებელი ვარ, ეს ემოციები ჩემში ვერ ჩავაცხრე.
- ვამაყობ...
- რომ ქართველი ვარ.
- მეშინია...
- იმ ბოროტების, რაც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარებს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- საყვედურებს ხშირად არ ვიღებ, ჩემს არეულ კვებას თუ არ ჩავთვლით.
- ვიტყუები, როცა...
- ვხუმრობ. რაღაც ამბავი მეტად სახალისო რომ გამოვიდეს, პატარა ტყუილებით შევამკობ ხოლმე.
- თავისუფლება არის...
- პასუხისმგებლობა. ადამიანი სულიერად უნდა იყოს თავისუფალი. ბევრს ეს ცნება უკუღმა ესმის. თავისუფლება "ყველაფერი მოსულა" არ არის, ეს აღვირახსნილობაა.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ბავშვებს და მოხუცებს დავეხმარებოდი. პირადად ჩემთვის გაცილებით ნაკლებს დავხარჯავდი, ზომიერების ფარგლებს არ გავცდებოდი.
- მენატრება...
- ბავშვობა, მაშინდელი სილაღე, მაშინდელი ურთიერთობები და უსაზღვროდ ბევრი დრო რომ მქონდა. სულ მენატრება ბავშვობის მეგობრები, რომლებსაც ხშირად ვერ ვნახულობ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქიდან გასვლა მიყვარს. ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ბუნებასთან სიახლოვე ნეგატივთან ბრძოლაში ყველაზე მეტად მეხმარება. მთავარია გვერდით ის ადამიანები მყავდნენ, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- წლების წინ ბიძაჩემმა მითხრა, დროა შენი თავი იპოვო და იფიქრო შენს მომავალზე! მაშინ ისეთი პერიოდი იყო, პროფესია უნდა ამერჩია და საკუთარი თავის განვითარებაზე მეზრუნა. ეს სიტყვები მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა.
- დაბოლოს გეტყვით...
- დავეხმაროთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ, დავაფასოთ ჩვენს გვერდით მყოფები... გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ოჯახი, ერთმანეთი... ასე უფრო ბედნიერები ვიქნებით!
თამუნა კვინიკაძე