„თეატრში მას რობიკოს არასდროს დავუძახებ“ - კვირის პალიტრა

„თეატრში მას რობიკოს არასდროს დავუძახებ“

მსახიობი ნინო არსენიშვილი ცნობილ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, ამბობს, რომ ზღაპრული ბავშვობა ჰქონდა, დროის დიდ ნაწილს ბაბუასთან, მხატვარ რობერტ სტურუასთან ატარებდა, თეატრის მხატვრობაზე ოცნებობდა, მაგრამ პროფესიული არჩევანი­ სამსახიობი­ ფაკულტეტზე შეაჩერა და თეატრალურის დასრულების შემდეგ ბიძის, რობერტ­ სტურუას თეატრალურ სამყაროში აღმოჩნდა.

- ჩვენს დიდ სახლში მუდმივად ხალხმრავლობა იყო, თავადაც ბევრნი ვიყავით. ქიაჩელის ქუჩაზე, ლამაზ, დიდ სახლში­ ვცხოვრობდით, კარგი ეზო გვქონდა და სტუმრებს სიხარულით ვმასპინძლობდით. ასეთ თბილ გარემოში გავიზარდე. სტუმრად მოდიოდნენ ბაბუას, ბიძაჩემის, მამას (პოლიტიკოსი გია არსენიშვილი) დედას, ჩემი და ჩემი ძმის, ბიძაშვილების მეგობრები და იყო ერთი მხიარულება. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ზღაპარში გავიზარდეთ მე, ჩემი ძმა და ორი ბიძაშვილი. ბავშვობაში ჩემში მყარად ნაშენებმა საძირკველმა განაპირობა ის, რომ 90-იანებში ყველანაირ სირთულეს გავუძელი და დღემდე არაფერი მაშინებს.

- ბაბუაზე, უფროს რობერტ სტურუაზე მიამბეთ...

- ბაბუა სულ ხატავდა, სპეციალური განათება ჰქონდა მოწყობილი და სიბნელეშიც შეეძლო ეხატა. საოცარი ადამიანი იყო. თავად "ბაბუა" ხომ უთბილესი სიტყვაა და ჩემი ბაბუა არანორმალურად თბილი იყო. მან მასწავლა, რომ უსიყვარულოდ არაფერი არ უნდა მეკეთებინა. სახლსაც კი სიყვარულით ვალაგებ, მის ამ დანაბარებს ვერ ვუღალატებ. პატარა რომ ვიყავი, გვერდიდან არ ვშორდებოდი, სულ ვუყურებდი, როგორ ხატავდა. ტილოებს ერთად ვგრუნტავდით. საღებავებს რომ მოიტანდა, ამბობდა - "ჩვენია". იმ სახლში ყველაფერი "ჩვენი" იყო, ასეთი მიდგომა ჰქონდა. დღემდე მაქვს შემონახული მისი საღებავები, პიგმენტები. ახლა, როცა რაღაცას ვაკეთებ და არ გამომდის, თითქოს ისევ მას ვუხმობ და ვთხოვ დამეხმაროს.

სამწუხაროდ, ბაბუმ ძალიან ადრე დაგვტოვა, 64 წლის იყო. მაშიIნ მე 14 წლის ვიყავი. სახლში მამაჩემის გარდა ყველა ვხატავდით. ძლიერი გენი აღმოჩნდა და ჩემი შვილებიც კი ხატავენ... სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, სხვა სფეროში ჩემი თავი ვერც წარმომედგინა, მაგრამ ბაბუას გარდაცვალების შემდეგ შეგრძნება მქონდა, რომ უპატრონოდ დავრჩი. ბაბუა ყველაფერში მეხმარებოდა, სკოლის გაცდენაშიც კი (იცინის). იტყოდა ხოლმე, დღეს უნდა ვხატო, ეს ბავშვი მჭირდება, სკოლაში ნუ გაუშვებთო!.. სამხატვრო აკადემია არ დამიმთავრებია, მაგრამ ბაბუასგან მხატვრობაში ისეთი ჯადოსნური ხერხები ვიცი, ვერც ერთ ინსტიტუტში ვერ ისწავლი.

- არჩევანი თეატრის მსახიობობაზე შეაჩერეთ, რატომ?

- თეატრში ბავშვობიდან დავდიოდი, მეორე სახლივით იყო. რუსთაველის თეატრში დასის წევრად რომ მივედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, იქ უკვე ყველას ვიცნობდი, ის გარემოც ჩემთვის ძალიან მშობლიური იყო.

თეატრის მხატვრობა დღემდე ჩემი ოცნებაა, მთელი გულით მინდოდა, მაგრამ ამას აკადემიაში ჩაბარება სჭირდებოდა. როცა სპექტაკლი ნაწილდება, ჩემი ფიქრი პირველად მხატვრობისკენ მიდის, ზოგჯერ ესკიზებსაც კი ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამხატვრო სკოლა მაქვს გავლილი, ჩემს თავს თეატრის მხატვარს ვერ ვუწოდებ...

- რას ნიშნავს თქვენთვის სტურუას გვარი?­

- ეს ჩემი ოჯახის გვარია... ბაბუას შემდეგ ჩემთვის რობერტ სტურუა არის ხელოვნებაში მთავარი ადამიანი. მის სპექტაკლებზე გავიზარდე და როგორც არ უნდა ჩამითვალონ, ვიტყვი, რომ რობერტ სტურუას შემოქმედებაზე კარგი არაფერი მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთაც ვესწრები წარმოდგენებს და საქართველოშიც თეატრალურ ფესტივალებზეც კარგი სპექტაკლები ჩამოაქვთ. ძალიან ბევრი მომწონებია, მაგრამ... ხელოვნებამ ემოცია უნდა მოგიტანოს და ისეთი ემოცია, როგორიც რობერტ სტურუას სპექტაკლებს მოაქვს, სხვას არაფერს მოუტანია.

თეატრში ის ჩემი ბიძა არ არის, ჩემთანაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც სხვა მსახიობებთან. თავდაპირველად მასთან მუშაობა ძალიან გამიჭირდა, დრო დამჭირდა, რომ შევჩვეოდი როგორც რეჟისორს. ახლა რობერტ სტურუასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

ბიძაჩემის მხრებზე გავიზარდე, ყოველ დღე შინ რომ მოდიოდა, კისერზე ვახტებოდი, მაგრამ მუშაობის პროცესში სრულიად სხვა ადამიანი გავიცანი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მაგრამ თეატრში მას რობიკოს არასდროს დავუძახებ.\

ბიძაჩემი ჩემთვის ყველაზე მყარი კედელია, კეთილი ჯადოქარია. მისი სიკეთე­ები წინ ხშირად დამხვედრია. ძალიან საინტერესო ადამიანია და მასთან ურთიერთობა არასდროს მოგბეზრდება. რეპეტიციების დროს ისეთ სიბრძნეებს ამბობს, ზოგჯერ ვეკითხები, ეს ვისი დაწერილია, რომელ წიგნშია-მეთქი? რა წიგნი, მე გეუბნებიო. რამდენჯერ მსახიობებს მისი სიტყვები იქვე ჩაგვიწერია...

არასდროს მიფიქრია, კაცს თუ ვითამაშებდი, რადგან ჩემში კაცი ნულოვანი დოზითაა, თუმცა ვითამაშე და ჩემი თავის გამიკვირდა. სტურუამ თუ მოინდომა, ჩიტს ადამიანად გადააქცევს... ბოლო დროს ძალიან ხშირად იხსენებს რამაზ ჩხიკვაძეს, მის თამაშს. სხვა დრო იყო, სხვაგვარად ძლიერი დასი...

- რა არის მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი?

- ჩემთვის ამ პროფესიის მთავარი ხიბლი ის სიამოვნებაა, რომელსაც თეატრში ვიღებ. პროცესია მთავარი - რეპეტიციიდან სპექტაკლამდე - და მეც ვცხოვრობ ჩემს პერსონაჟთან ერთად. მსახიობობა შენი სურვილების დაკმაყოფილებაც არის, ჩვენ გვაქვს უფლება, სცენაზე გავაკეთოთ ის, რასაც ცხოვრებაში არ და ვერ ვაკეთებთ. ეს პროფესია სულიერ, ფსიქოლოგიურ შრეებში ჩასვლაა, გამოძიებასავით არის, კარგი დეტექტივი უნდა იყო, სწორი მიგნებები რომ გააკეთო.

ადამიანები მთელი ცხოვრება მუშაობენ ხელფასისთვის და ეზარებათ საქმე,­ რომელსაც ემსახურებიან. ჩემთვის მსახიობობა რუტინა არასდროს გახდება.

- ბატონ რობერტს კომპლიმენტები სჩვევია?

- ნაკლებად. შეიძლება ხანდახან რაღაც ფრაზა "გესროლოს", თუმცა აფიშაზე ჩემთვის ძალიან კარგი სიტყვები დაუწერია... ცხოვრებაში ყველანაირად გამიმართლა და ღმერთს ვთხოვ, სულ ასეთი ბედნიერი ვიყო.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ვიცი, ამ ყველაფერზე საჯაროდ არასდროს გისაუბრიათ.

- დიახ, ინტერვიუები არ მიყვარს, არც კი ვიცი, თქვენ როგორ დაგთანხმდით.

თამუნა კვინიკაძე