„უნიკალური“  თოფი, „გულმოდგინე“ ჭირისუფლები და მკურნალობა გურულად - კვირის პალიტრა

„უნიკალური“  თოფი, „გულმოდგინე“ ჭირისუფლები და მკურნალობა გურულად

მერი ბებო, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გურული ქალია, რომელიც ყველა ზამთარს თბილისში ატარებს: შვილებსა და შვილიშვილებს ჩამოჰყავთ, რომ სოფელში მარტო არ დარჩეს. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ ეს ჭაღარა თვალებციმციმა მოხუცი იუმორის იშვიათი ნიჭითაა დაჯილდოებული. სამწუხაროდ, გამოჩენა არ სურს და ამბობს, ყველა სახუმარო ამბავს მოგიყვებით, ნენა, რაც გურულებზე გამიგონია, მარა თავი არ მომჭრათ, ჩემი ვინაობა არ გაამხილოთო!

ამ თხოვნას ვუსრულებთ და მერი ბებიას მოყოლილ სხარტულებსა და სახუმარო ისტორიებს თითქმის უცვლელად გთავაზობთ:

===

იუმორის გარეშე არც ჭირი ვარგა და არც ლხინი, ნენა, ამიტომ გურიაში ჭირის დროსაც ხუმრობენ. ჰოდა, ერთი კვიმატი ამბავი მახსენდება: ერთ სოფელში მოხუცი ქალი იყო ავად, კვდებოდა, მეზობლები ღამეს უთევდნენ. მომაკვდავმა ერთი ამეიხრიალა და გაშეშდა, გურულად რომ ვთქვა, გაჩხიკინდა და აღარ სუნთქავს.

- მოკვდა! - თქვა შეწუხებულმა მეზობლის კაცმა და მოხუცს პირში ორი ჭიქა არაყი ჩაასხა, რომ მიცვალებული მალე არ გაფუჭებულიყო. გავიდა რამდენიმე წუთი და დაიწყეს მსჯელობა, გასვენებისთვის რაფერ მომზადებულიყვენ და რამდენი კილო ლობიო დასჭირდებოდათ. უცებ მოხუცმა თვალები გაახილა და ამოიკვნესა:

- კი მარა, მარტო ოტკა რომ დამალევიეთ, მაი ლობიე თუ გქონდენ გაკეთებული, ვერ მაჭამეთ?! მოით და წნევა გამისინჯეთ, თავი მიბრუალობს რაცხა! - ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა ამბავი დატრიალდებოდა? "იმერულ ესკიზებში" რომაა, იმფერი.

===

გურიაში კაცი მოკვდა. ბევრი იფიქრეს, ჩაეყოლებინათ თუ არა ყაბალახი, რომელიც ძალიან უყვარდა.

ერთმა ჭირისუფალმა თქვა, ამ პაპანაქება სიცხეში რად უნდა მაგას, ძამა, ყაბალახიო?!

- ზამთარში შენ წუუღებ, თუ?! - ჩეეკითხა მეორე.

===

გურულმა კვიჭიჭე მსხალი წაიღო ბაზარში გასაყიდად. მივიდა კლიენტი, გასინჯა მსხალი და არ მოეწონა, ამას სოფელში ღორიც არ ჭამს და აქ რამ ჩამოგატანიაო, ჰკითხა უკმაყოფილო სახით. ღორმა რომ არ ჭამა, იმიზა ჩამევიტანე, ძამა, აქანე, აბა, ტყვილად სიარული კი არ მიხაროდაო, უპასუხა გაგულისებულმა გურულმა.

===

გურული ტყის პირას მდინარეში თევზაობს. ამ დროს დაადგებიან თავზე ტყისმცველები და ეუბნებიან:

- უნდა დაგაკავოთ, აქ თევზაობა აკრძალულია!

- ჩემს დაჭერილ თევზს ხედავთ, ძამა, სადმე? - გოუკვირდა გურულს.

- არა.

- აპა, ჩემს ჭიაყელას საცხა ვაბანავებ, მაი არაა თქვენი საქმე...

===

გურული თევზს ყიდის:

- ძამია, რატოა აი თევზი მოღუნული?

- იმიზა, ქალბატონო, რომე პავაროტში დევიჭირე!

===

სოფელ შემოქმედში გზაზე მღვდელი დგას, ჩამეიარა ტაქსმა და გააჩერა.

- შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები, ლიხაურში გამიყვანე.

- ვერა, მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე, - აწუწუნდა მძღოლი.

- შვილო, სამადლო საქმეა, ნამეტანი მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.

- კაი მამაო, დაჯექი, წაგიყვან.

მოკლედ, წაიყვანა ტაქსისტმა და დეიწყო თავის ქება: მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ და ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო. ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა, ვიფიქრე, ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს-მეთქი, მარა ახლოს არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო, არ მინდა შენი ხუთი ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა, მივეხმაროთ აქიდან.

- ბიჯო, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულით ჯოჯოხეთიდან სამოთხეში? - უპასუხა მღვდელმა.

===

ორი გურული ეკლესიაში მივიდა და მღვდელს სთხოვენ, ზეთი გვცხეო.

- მარხულობთ? - ეკითხება მამაო.

- არა, არ ვმარხულობთ.

- მონათლულები თუ ხართ?

- არა, მამაო, მონათლულებიც არა ვართ.

- აბა, ზეთის ცხება რეიზა გინდათ, ჭრაჭუნობთ თუ?

===

კოხტად გამოწკეპილი გურული ბიჭი გასაუბრებაზე მივიდა:

- თქვენი საქმიანობის სფერო?

- აფერისტი!

- როგორ თუ აფერისტი?! რას აკეთებთ ასეთს?

- აფერს! - მხრები აიჩეჩა სამუშაოს მაძიებელმა.

===

ორი გურული კამათობს:

- აგი პრტყელი ლიანდაგი როა გასტორებულ-გაშვლიპინებული, აგი მრგვალი ბორბლები რეიზა რახუნობენ ზეთ?

- მიყურე აგერ, ყაზილარო, აპა, შენ თუ მეტყვი, რას უდრის წრის ფართობი?

- რას და, პი-ერ კვადრატს.

- ხოდა, მაი კვადრატია, რომ რახუნობს.

===

გურიაში ავარია მოხდა. მანქანა ბოძს შეასკდა. მოკლედ, დიდი ამბავი ატყდა. ჟურნალისტებიც მივიდნენ და ვინცხას ეძებენ, რომ ინტერვიუ ჩაწერონ. იქვე კაცი შენიშნეს, რომელიც პაპიროსს აბოლებდა და ამ ამბავს ჩუმად აკვირდებოდა. მიცვივდენ და ამ კაცს ეკითხებიენ:

- ბატონო, თუ შეიძლება გვითხარით, რა მოხდა?

- აგერ იმ ბოძს ხედავთ? - კითხვითვე უპასუხა გურულმა.

- კი, კი, ვხედავთ!

- ხოდა, იმგენმა ვერ დეინახეს!

===

გურული ექიმთან მივიდა, ექიმო, ვკვდები კაცი, მიჭირს, ნელ-ნელა ვშარდავო... ექიმმა გასინჯა და პროსტატის წამლები გამოუწერა. მივიდა გურული აფთიაქში, იანგარიშა გოგონამ და უთხრა, 127 ლარისაა თქვენი წამლებიო.

- მომე, ჩემო დაია, მაი რეცეპტი და წევედი სახლში, ნელა-ნელა მოვშარდავ, არსა არ მეჩქარება მე!

===

- ექიმო, ძალიან მტკივა ჭიპქვეშა ალაგი, - შესჩივის გურული პაციენტი ექიმს.

- აბა, გაიხადე და გაგსინჯავ!

- რავა, ჩემი არ გჯერა თუ?!

===

გურულმა ბაღანამ რავარც იქნა დაარწმუნა კომისარიატის ექიმი, რომ მხედველობა არ უვარგოდა და იმ საღამოსვე კინოში შევიდა ახალი ფილმის სანახავად. ფილმი დაიწყო და, ჰოი, საოცრებავ - ეს ექიმი გვერდით არ უზის?! გურული არ დაიბნა, მიუბრუნდა ექიმს და ეკითხება:

- უკაცრავად, ბატონო, აი ავტობუსი ჩოხატაურში ხო გეიარს?

===

გურული მატარებლით მგზავრობს. ხედავს, რომ მის წინ მჯდომი ქალი ძალიან ნერვიულობს.

- რა განერვიულებთ, ქალბატონო?

- ჩემი ქმარი ჟურნალის საყიდლად ჩავიდა, მატარებელი დაიძრა და ის დარჩა. რა მეშველება ახლა მე? - აქვითინდა ქალი.

- ეუჰ, მაგიზა იკლავ თავს?! მაი აფერი, აგერ მე გათხუებ ჟურნალს.

===

გურული თოფს ყიდის:

- შეიძინეთ უნიკალური ნივთი, იმფერი უნიკალურია, რომეეე...

- რა აქვს მაგ ჟანგიან თოფს უნიკალური? - დაცინვით ჰკითხა გამვლელმა.

- ამ თოფით ხვიჩამ გოჩა მოკლა. არ იცი, შე აბდალა, "მამლუქი"?

- კი მარა, ხვიჩამ გოჩა ხმლით არ მოკლა?!

- ხოდა, იმიტომაა იშვიათი და უნიკალური აგი თოფი.

===

გურულ მოხუცს უხსნიან, ატომური ბომბი რომ ჩამოვარდება, მერე აღარც საჭმელია, აღარც სასმელი და ხმა აქვს ძალიან დიდიო.

- მაი, ბიძია, ჩვენთან დიდი ხნის ჩამოვარდნილია, მარა ხმაი რომ არ ყოფილა?!

===

გურული და სვანი ომში ერთად არიენ და "აკოფში" წვანან. გაგანია სროლაა, თან მტერიც ახლოვდება. სვანი ამოყოფს თავს და დამიზნებით ესვრის, გურული თავის აუწევლად გადაყოფს ავტომატის ლულას და მიაყრის. სვანი გადეირევა და გურულს ეუბნება:

- ეგრე რატო ისვრი, თავი აწიე, გახედე მტერს და ისე ისროლე, - ჭკუას არიგებს.

- დამანებე, ძამა, თავი, მაგენს დასანახად ვერ ვიტან მე! - უპასუხა გაგულისებულმა "მეომარმა".

===

ბოლოს ერთი ძველი ამბავი უნდა გიამბოთ: საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია და ერთ სოფელში აბანოში დედაბერი არაყს ხდის. რაღაცა დასჭირდა, გამევიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული, შეეხვეწა, სანამ მოვბრუნდები, ნენა, არაყს მიმიხედეო. ამ ყაძახმა ნახა, რომ სახდელ აპარატს წყალი აკლია, ვედროს ხელი დაავლო და წყლისთვის გარეთ გამევიდა. ამ დროს შემოვლაზე გამოსულმა მილიციელებმა შენიშნეს, რომ აბანოდან ბოლი გამოდის, იფიქრეს, ამ აბანოში რაღაცა ხდებაო! შევიდნენ და არყის სახდელი აპარატი არ დგას? გახარებულები უცდიენ, როის მოვა "დამნაშავე", რომ ახსნა-განმარტება ჩამოართვან და დასაჯონ. შევიდა თუ არა მეზობელი, ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს, ახლავე ახსნა-განმარტება დაგვიწერე, ოტკას როგორ ხდიდიო. ისიც დაჯდა და წერს, ხელიდან კალამს ვერ აგდებიებენ... წერა რომ დაამთავრა, მილიციელმა "ახსნა-განმარტებას" დახედა და გადაფითრდა - იქ შავით თეთრზე ეწერა: გამევედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ხანძარი მეგონა. ვედროს ხელი დავავლე და წყალს მივარბენიებ, რომ ჩავაქრო, მარა აბანოში უცნაური სურათი დამხვდა: ორი მილიციელი დამჯდარა არყის ქვაბთან და "ოტკას" ხდისო. ჩემი მტერი დადგეს, ნენა, იმისთანა ხასიათზე, ის მილიციელები რომ დადგენ მაშინ...

სწორედ ასე - ღიმილით და მომავლის იმედით ახერხებდა ჩვენი ხალხი თავის გატანას, ტყვილა კი არ თქვეს ჩვენმა წინაპრებმა: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო.

ხათუნა ჩიგოგიძე