„რუსთავს საბჭოთა კლიშე ჰქონდა, მაგრამ ქალაქმა თავისი იდენტობა მაინც იპოვა“ - კვირის პალიტრა

„რუსთავს საბჭოთა კლიშე ჰქონდა, მაგრამ ქალაქმა თავისი იდენტობა მაინც იპოვა“

აბა, გამოიცანით, საქართველოს რომელ რიგით ქალაქშია პრესტიჟული ცხოვრება ისე, რომ რამდენიმე წლის წინ ამის ნიშნებიც არ იყო? რუსთავი, ქალაქი, რომელიც გასულ წლებში მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოს ნაყოფად აღიქმებოდა, თანდათან იძენს საკუთარ იდენტობას და აქ ცხოვრებაც პრესტიჟული ხდება. ამის უტყუარი მონაცემებია მსხვილი სამშენებლო კომპანიების გაყიდული ბინები - ბოლო პერიოდში რუსთავში იმაზე მეტი ბინა იყიდება, ვიდრე დედაქალაქში. ცარიელ ადგილზე დაარსებულ რუსთავს ქალაქის წოდება 1948 წელს ნათლისღების დღესასწაულზე მიენიჭა და წლევანდელ ნათლისღებას 78 წლის გახდა. თუმცა, საერთო აზრით, რუსთავის პრესტიჟულობა შექმნეს თავად რუსთაველებმა, რომლებიც აქ 1944 წლიდან ქალაქის ასაშენებლად დასახლდნენ. არის სხვა ამბებიც, რომელზეც ძირძველი რუსთაველი და ქალაქის მშენებელი გივი მუხრანელი გვიამბობს:

- 90-იან წლებში არაერთმა ქალაქმა დაკარგა სასიცოცხლო რიტმი, მათგან­ ყველაზე მეტად რუსთავმა - ერთ დროს ინდუსტრიულ ქალაქში ცხოვრება აღარავის უნდოდა...

- ქალაქში, რომელშიც ინდუსტრია გუგუნებდა, დაახლოებით 10 უმსხვილესი ქარხანა დაიხურა, რომელთა ნახევარი ჯართად გაიყიდა. შუქზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეწყდა სასმელი წყალი, რომლის გარეშეც არსებობა წამოუდგენელია. თუმცა ბევრმა რუსთაველმა ქალაქი მაინც არ დატოვა, იმიტომ, რომ ქალაქის მოსახლეობა, ძირითადად, რაიონებში შრომაში გამოწრთობილი ოჯახებიდან იყო და არსებობისთვის ურთულეს პირობებს გაუძლო. მეც მაგ თაობას ვეკუთვნი. პატარა ვიყავი, თუმცა მახსოვს გერმანელი ტყვეები, რომლებიც ქალაქს აშენებდნენ, და მამაჩემის საუბარი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე. მამა ამბობდა, რომ ქარხნის აშენება სტალინს უნდოდა, მაგრამ არა რუსთავში, არამედ თბილისში. თუმცა საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ დაარწმუნა, რომ ქარხნის აშენება თბილისისაგან მოშორებით ჯობდა. სტალინის დაყოლიება ძნელი იყო, თუმცა მაშინდელმა საქართველოს პირველმა პირმა, ჩარკვიანმა, ეს მაინც მოახერხა.

r11-1769372497.jpg

- ამბობენ, რომ ბოლო დრომდე სწორედ საბჭოთა სახელმწიფოს მემკვიდრის იარლიყი უშლიდა ხელს რუსთავს ავტორიტეტულ ქალაქად ჩამოყალიბებაში, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და ქალაქი პრესტიჟული ხდება.

- სრული სიმართლეა. რუსთავის მიმართაც ზუსტად ის დაგვემართა, რაც სხვა საბჭოთა მოვლენების მიმართ - იმდენად გვინდოდა საბჭოთა სინამდვილის გონებიდან ამოღება, რომ ამ ეპოქის შედევრებიც ამოვიღეთ, რაც დიდი შეცდომა იყო. რა დამავიწყებს რუსთაველის ერთ-ერთი მშვენიერი შენობიდან ლენინ-სტალინის ბიუსტების ამონგრევას, რომლებიც შესანიშნავი ქმნილებები იყო და ღირდა ისტორიის ნაწილად დაგვეტოვებინა. რუსთავის იდენტობის ძიებაც ამ იარლიყმა შეიწირა. არადა, მახსოვს, როგორ აშენებდნენ ქალაქს დისციპლინირებული გერმანელი ტყვეები. რუსთავს 10 000 გერმანელი ტყვე აშენებდა. იმ დროს იქ მხოლოდ ცარიელი ადგილი იყო, ირგვლივ არაფერი იყო, გარდა კარვების ქუჩისა და რამდენიმე სახლისა, რომლებიც გერმანელებმა პირველი რუსთაველებისთვის ააშენეს. დანარჩენი, სამედიცინო და სხვა პერსონალის ჩათვლით, კარვებში ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე არც ერთი ხელოსანი არ ცხოვრობდა, ბინაში სკამიც კი არ დაგვხვდა და ადამიანური ცხოვრების დაწყებაში გერმანელები დაგვეხმარნენ, ხან სკამს გამოგვითლიდნენ, ხან მაგიდას. დედაც დიდი მოწიწებით უმასპინძლდებოდა გერმანელებს, ხან ხილით, ხან ლორით. იმდენად წესიერი ხალხი იყო, რომ ქალაქში სიარულს არავინ უშლიდა. სანამ წავიდოდნენ, ოჯახების ჩამოყვანის ნებაც კი მისცეს. მათი შვილები ჩვენთან სწავლობდნენ. 90-იანი წლების შემდეგ რუსთაველები გერმანიაში ჩავედით, რუსთავში ტყვედ ნამყოფი გერმანელები დაგვხვდნენ და საარაკოდ გვიმასპინძლეს, თან ტიროდნენ, თან გვეფერებოდნენ სიყვარულით.

r12-1769372497.jpg

- რუსთავი მრავალეროვნული ქალაქი იყო. ახლაც ასეა?

- ბევრზე ძალიან დაგვწყდა გული, რადგან მათგან შრომისა და პატივისცემის მეტი არაფერი გვახსოვს. ვფიქრობ, დღესაც ისევ მრავალეროვნული ვართ. ქალაქში ყველაზე მეტი უკრაინელია. სამშობლოდან ლტოლვილებმა სწორედ რუსთავში შეიძინეს ბინები და არა თბილისში. არის სხვა ეროვნების ხალხიც, მაგრამ მათში ყველაზე ბევრი ინდოელი და უზბეკია.

ავტომობილების უმეტესობა რუსთავის ავტობაზრობაზე იყრის თავს, საიდანაც სწორედ უზბეკებს გაჰყავთ შუა აზიაში სარეალიზაციოდ. აი, ამიტომ გვყავს ქალაქში ბევრი უზბეკი. რაც შეეხება ინდოელებს, თუ არ ვცდები, მათ შეიძინეს რუსთავის ყოფილი ავტოქარხანა, სადაც ახლა ბეტონის ფილებს აწარმოებენ.

რუსთაველი კაცი მრავალეროვნულობის მოწინააღმდეგე ვერასოდეს ვიქნები, მაგრამ არ მინდა, რომ რომელიმე ეროვნებამ ძირძველ რუსთაველებს გადააჭარბოს, მეც ველი, ხელისუფლება როდის დააწესებს ამაზე კონტროლს.

უსამართლობა იქნებოდა, არ მეთქვა, რომ ხელმძღვანელობაში ქალაქზე მზრუნველი ხალხია, მაგრამ ქალაქის პრესტიჟულობა ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყვარს ხალხს თავისი ქალაქი. გარდა ამისა, თბილისთან სიახლოვეც ბევრს განაპირობებს. რუსთავიდან დედაქალაქის ცენტრში უფრო ადრე მიხვალ, ვიდრე დედაქალაქის ერთი უბნიდან მეორეში, საცობებით გადატვირთული ქუჩების გავლას ზოგჯერ საათები სჭირდება.

ასეა თუ ისე, ახლა ნამდვილად შეიძლება რუსთავით ვიამაყოთ. ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, მიუხედავად იმისა, საბჭოთა კლიშე ჰქონდა თუ არა. რუსთავმა თავისი იდენტობა იპოვა და ეს გასახარია.