„როცა ფერეიდნელი საქართველოში ჩამოდის, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ემიგრანტად მიდის, ოღონდ თავის სამშობლოში“ - კვირის პალიტრა

„როცა ფერეიდნელი საქართველოში ჩამოდის, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ემიგრანტად მიდის, ოღონდ თავის სამშობლოში“

ფერეიდნელი ქართველები საუკუნეების განმავლობაში გულით ატარებდნენ იმ ქვეყნის სიყვარულს, რომელიც არასდროს ენახათ, საქართველოში დაბრუნების იმედი მათ გულში არასდროს გამქრალა! როგორ ხვდება ისტორიული სამშობლო აქ ჩამოსულ ფერეიდნელებს? - ამ მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრება იურისტი ანდრო ლაჩინანი, რომელმაც არაერთ დაბრკოლებას გაუძლო, მაგრამ საქართველო არ მიატოვა:

- ხშირად მეკითხებიან, როგორ შეინარჩუნეს 4 საუკუნის წინ კახეთიდან და ჰერეთიდან ირანში გადასახლებულმა ქართველებმა თავიანთი ენა და საქართველოს სიყვარულიო. ამაზე მე ერთი პასუხი მაქვს: ფერეიდანში ბავშვი რომ დაიბადება, დედ-მამა ჯერ ქართულს ასწავლის. ამიტომ სკოლაში შესვლამდე ბევრმა ბავშვმა სპარსული არ იცის. მეც ასე ვიყავი: სკოლაში რომ მივედი, სპარსული ენა არ ვიცოდი, რადგან ოჯახში სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. ახლაც დედაჩემმა ან მამაჩემმა რომ დამირეკონ, ქართულად დაველაპარაკები. უბრალოდ, ფერეიდნელების ქართული განსხვავებულია, მაგალითად, ჩემი მშობლების საუბარს რომ მოუსმინოთ, სულხან-საბას დროინდელი ქართული გაგახსენდებათ. ჩვენი კილო აჭარულსაც წააგავს, ამიტომ ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ბევრს აჭარელი ვეგონე.

ჩვენ წარმოშობით კახელები ვართ, ქიზიყიდან. მე-16 საუკუნეში კახეთის ზოგიერთ კუთხეში მცხოვრებთა გვარებს "ნი" დაბოლოება ჰქონდა, როგორც სვანეთშია. "ლაჩინანი" ძველებური, არქაული ფორმაა. დროთა განმავლობაში ჩემი გვარის შვილები ლაჩაშვილები გახდნენ; ვინაიდან ლაჩინანი ძველქართული ფორმაა, მე ეს გვარი დავიტოვე.

პირველად საქართველოში 2009 წელს ჩამოვედი. 2012 წლამდე ირანში მივდიოდი და უკან ვბრუნდებოდი. 2013 წელს კი აქ დარჩენა დავწყვიტე. ქართული ენა და საქართველოს ისტორია საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში შევისწავლე. მანამდე ისპაჰანის უნივერსიტეტში სამართალს ვსწავლობდი და ბოლოს ისევ სამართალს დავუბრუნდი - "საქართველოს უნივერსიტეტი" დავამთავრე. ფერეიდანში ჩემი მშობლები და დედმამიშვილები ცხოვრობენ, ირანში წელიწადში 3-4-ჯერ მაინც ჩავდივარ - ბუნებრივია, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.

ქართველი ვარ და საქართველო ჩემი სამშობლოა, მაგრამ ირანში დავიბადე, გავიზარდე და ცხადია, ამ ქვეყნის სიყვარულიც მაქვს, მით უმეტეს, რომ ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს.

- რა პრობლემებს აწყდებიან ფერეიდნელი ქართველები საქართველოში?

- ფერეიდნელი ქართველი საქართველოში რომ ჩამოდის, ჯერ თანამემამულის სტატუსი უნდა მოითხოვოს. ნებისმიერ ქართველს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, თავიდან ეს სტატუსი ენიჭება, მერე ბინადრობის უფლება უნდა მიენიჭოს და 2-3 წლის შემდეგ, თუ აქ დარჩება, საქართველოს მოქალაქეობა. ფერეიდნელების 80%-ს თანამემულის სტატუსს აძლევენ, მაგრამ ზოგს უარს ეუბნებიან, რატომ? - ეს არავინ იცის. თუმცა მთავარი პრობლემა ბინადრობის უფლებიდან იწყება: ამის მიზეზია "საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ", რომლის მე-18 მუხლის მიხედვით, აკეთებენ დასკვნას, რომ პიროვნება, რომელმაც ბინადრობის შესახებ განცხადება შეიტანა, ქვეყანას საფრთხეს უქმნის!

რატომ შეუქმნიან ფერეიდნელი ქართველები საფრთხეს თავიანთ სამშობლოს, ჩემთვის გაუგებარია. ამ აბსურდული ბრალდებით არაერთი ფერეიდნელი გააძევეს ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ თანამემაულის სტატუსი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობდა, იმიგრაციის დეპარტამენტმა ასე გადაწყვიტა!

- თუ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ამ ადამიანების უფლებებს დაიცავენ?

- ამ საკითხებზე ორი ორგანიზაცია მუშაობს: "ფერეიდნელთა სახლი" და "ფერეიდნიდან საქართველომდე". ფერეიდნელებს აქ ისედაც ბევრი პრობლემა ხვდებათ: ჯერ ერთი, ძველი ქართულით ლაპარაკობენ, ქალაქს კარგად არ იცნობენ, კანონები არ იციან და ბევრი მათგანი ამ დაბრკოლებების გადალახვას ვერ ახერხებს. ამ ყველაფერს ემატება მატერიალური პრობლემებიც: ადამიანმა ბინა ხომ უნდა იქირაოს, ქუჩაში ხომ ვერ იცხოვრებს?

როცა ფერეიდნელი საქართველოში ჩამოდის, ცხოვრებას ნულიდან იწყებს: უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ემიგრანტად მიდის, ოღონდ თავის სამშობლოში. აქ ცხოვრება ისედაც რთულია და როცა ბინადრობის უფლების მინიჭებაზე ამხელა გართულებაა, ძალიან ჯიუტი ადამიანი უნდა იყო, რომ ამ წნეხს გაუძლო. ერთი ჩემი ახლობლის მაგალითს მოვიყვან: ის ძალიან ჭკვიანი და საქმიანი გოგოა, საქართველოში შვიდი წელი იცხოვრა; პროფესიით ბუღალტერია და საბუღალტრო კომპანიაც დააფუძნა, მაგრამ მოქალაქეობის გამო ისე გააწვალეს, დაიღალა და ქვეყნიდან წავიდა, ახლა დუბაიში ცხოვრობს. ერთი წამით წარმოიდგინეთ: ადამიანი ტოვებს ყველაფერს - სახლ-კარს. ჩამოდის და აქ ერთწლიან ბინადრობის უფლებას აძლევენ, თანდათან ცხოვრებას აქ იწყობს, ერთი წლის შემდეგ კი ეუბნებიან, აქედან უნდა წახვიდეო!

- არსებობს ასეთი იდეა: ფერეიდნელი ქართველები ჩამოვიყვანოთ და ისეთ სოფლებში დავასახლოთ, სადაც ხალხი ცოტააო. თქვენი აზრით, ეს ჩანაფიქრი რეალურია?

- ეს 50-60 წლის წინ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ფერეიდნელებს ირანში საკმაოდ მაღალი თანამდებობები აქვთ; ბევრმა მათგანმა დიდ წარმატებას მიაღწია: მამაჩემი, მაგალითად, უნივერსიტეტის დირექტორი იყო, მე კი ისპაჰანში ბიზნესი მქონდა, ორი და მყავს და ერთი უნივერსიტეტში დირექტორის მოადგილეა, ხოლო მეორე - ჩოგბურთის მწვრთნელი. როცა ადამიანი მოსამართლეა, ადვოკატი ან ექიმი, ალბათ გაუჭირდება მიწაზე მუშაობა. თუმცა ეს კარგი იდეაა, მსურველებიც გამოჩნდებიან. ფერეიდანი მაღალმთიანი რეგიონია და ამით სამცხე-ჯავახეთს წააგავს, კახეთი კი ჩვენი ისტორიული მხარეა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ფერეიდნელ ქართველებს გულშემატკივრობს, მაგრამ მათ იქ საკმაოდ ძლიერი, მდიდარი ოჯახები აქვთ, შესაბამისად, ვინც იქიდან მოდის, მხოლოდ საქართველოს სიყვარულით და არა გაჭირვების ან ანგარების გამო. მე ახლაც მაქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან შემოთავაზება, შემიძლია იქ სრული დაფინანსებით ვისწავლო, შემიძლია ამერიკაში დავრჩე, მაგრამ რადგან საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, აქ ვცხოვრობ და თუ ფერეიდნელ ქართველებს სამართლებრივი დახმარება დასჭირდებათ, ყველას დავეხმარები.

- ჩვენი ინტერვიუს ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ: ირანში დატრიალებულ ტრაგედიას ფერეიდნელი ქართველებიც შეეწირნენ. მათ შორის თქვენი ნაცნობები ხომ არ არიან?

- ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ მარტყოფში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, მსხვერპლი არ არის. დიდ ქალაქებში 20-დან 30-მდე ფერეიდნელი დაიღუპაო, ასე ვარაუდობენ. სამწუხაროდ, ირანში ინტერნეტი ისევ გათიშულია და ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე