გასული წლის სამეცნიერო აღმოჩენები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერება
სანამ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ჩანაცვლებით „"იმუქრება", ხოლო მეცნიერება ბევრად ძლიერი და ჭკვიანი ადამიანის გენომის შექმნას აპირებს, ჯობს თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს გადავხედოთ. თანამედროვე მეცნიერებამ 2025 წელს აარაერთი სამეცნიერო აღმოჩენა ჩაწერა კაცობრიობის ისტორიაში. სიახლეებია ადამიანის მარადიული ინტერესის ობიექტის, კოსმოსის შეცნობაში, საიდანაც თანამგზავრები დედამიწას ახალ მონაცემებს აწვდიან. მათგან უპირველესი გასულ წელს პლანეტა მარსზე სიცოცხლის უტყუარი კვალის აღმოჩენა იყო. ამ და სხვა თემებზე მკვლევარი თინა ჩხარტიშვილი გვესაუბრება.
- 5 წლის წინ მარსზე ხომალდ "პერსევერანსის" დაშვებას ლამის მთელი დედამიწა აკვირდებოდა. მას შემდეგ ხომალდი მარსზე მუშაობს. მთავარია., რა აღმოაჩინა მან წითელ პლანეტაზე.
- არაერთი რამ, თუმცა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა მაინც მარსზე სიცოცხლის კვალის მიგნებაა, რასაც ხომალდმა მარსის დამშრალი მდინარის კალაპოტში მიაკვლია, მან დალექილ თიხაში ლამი იპოვა, შემდეგ რადიოსპექტრით დედამიწაზე გამოგზავნა და ასე დადგინდა, რომ ახალი აღმოჩენა მართლაც ლამია. თიხაში დანალექი ლამები წარმოადგენს ნივთიერებას, რომელშიც ბინადრობენ და ცოცხლობენ მიკრობები, ძალიან საინტერესო ორგანიზმები. ცნობილია, რომ მათი მიკრობიომა წარმოქმნის გაცილებით მეტ გენს, ვიდრე, მაგალითად, ადამიანის გენომი, რომლის ზომა მერყეობს დაახლოებით 2 მლნ მონაკვეთამდე, როდესაც მიკრობიომის ბევრად მეტია. მარსის გეოლოგიური სტრუქტურის ანალიზი ადასტურებს, რომ მარსის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები წყლით იყო დაფარული, ე.ი. ამ პლანეტაზე სიცოცხლე შესაძლებელია იმაზე დიდხანს იყო, ვიდრე წარმოგვიდგენია, მათ შორის ახლო ასტრონომიულ წარსულშიც.
გასული წლის კოსმოსის მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესო აღმოჩენაა სამყაროში უძველესი და უდიდესი შავი ხვრელი, რომლის მასა ჩვენი მზის მასას დაახლოებით 300-მილიონჯერ აღემატება. სამეცნიერო გათვლებით, ის წარმოქმნილია ე.წ. დიდი აფეთქებიდან "სულ რაღაც" 690 მლნ წელიწადში. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, გასაკვირია, რომ ხვრელი ამ დროში ასეთი მასშტაბით იზრდებოდა - ის ძალიან დიდია. მეცნიერების თეორიით, შესაძლოა კოსმოსური სამყაროს ობიექტები ადრე უფრო დიდი სიჩქარით ფართოვდებოდნენ, ვიდრე ამჟამად, თუმცა მერე ეს ტემპი როგორღაც შენელდა.
- ანუ სამყაროს გაფართოება შეიძლება მომავალშიც შენელდეს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ დღეებში ცნობილმა მეცნიერმა გია დვალმა განაცხადა, მზე იმდენად სწრაფად ფართოვდება, რომ ერთ დღესაც შესაძლოა დედამიწა შთანთქას, დედამიწის ბინადრებს კი სხვა პლანეტაზე მოუწიოს გადასახლებამო.
- მზის გაფართოება დადასტურებულია სამეცნიერო დაკვირვებებით. თუმცა ამასთანავე სამყარო ცოცხალია, დინამიკური ორგანიზმი. Aამიტომაც, მასზეც, როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმზე, ძნელია დასკვნის გამოტანა, თუ მომავალში რას მოიმოქმედებს.
- თუკი დღეს ეს გაფართოება მართლაც მიმდინარეობს, რამდენად ვშორდებით დედამიწელები სხვა კოსმოსურ ობიექტებს?
- კაცობრიობის ყველაზე თანამედროვე "ჰაბლის" ტელესკოპით გამოთვლით, ჩვენგან ანუ მზის სისტემისგან დაახლოებით 3 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული სხეული ყოველწლიურად წამში 73 კილომეტრით გვშორდება; მსგავსი დაშორებები მიმდინარეობს მზის სისტემაშიც. მაგალითად, მთვარე დედამიწას წელიწადში 3.8 სმ-ით შორდება. ეს დადგენილი ციფრებია. თუმცა არსებობს სხვა სამეცნიერო მონაცემებიც, რომელთა მიხედვით, სამყაროს გაფართოება უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს შემჭიდროება. ასე რომ, საუკეთესო ვარიანტია ამაზე არ ვიფიქროთ.
შემიძლია გიამბოთ გლობალურ აღმოჩენებზეც, რომლებიც ჩვენ თვალწინ ხდება და დედამიწის რელიეფს ცვლის, რაც ასევე სიცოცხლის დინამიკასაც ადასტურებს.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ აფრიკა-აზიის კონტინენტებიც ერთმანეთს შორდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაპრალი გაჩნდა ეგვიპტესა და სინაის ნახევარკუნძულს შორის, ე.წ. სახმელეთო ხიდზე, რომელიც აზია-აფრიკას აკავშირებს.B
ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ის წელიწადში 55 მმ-ით ფართოვდება, ანუ თითქოს უმნიშვნელო მანძილი ხლეჩს ორ კონტინენტს, თუმცა ამ ტემპმა შესაძლოა ორი კონტინენტი მხოლოდ ათასობით წლის გავლის შემდეგ დააშოროს ერთმანეთს.
ბუნება განსაზღვრავს და აწესებს ასეთ დინამიკას, რომელსაც შემდგომ ჰარმონიულად ეგუებიან ცოცხალი ორგანიზმები. ბუნებრივი მოვლენებისას, სასიცოცხლო პროცესების დაცვა და სიცოცხლზე მორგება სხვა მასშტაბური უბედურების დროსაც ხდება. ამის მაგალითია ჩერნობილი, სადაც ცხოველებმა და რეპტილიებმაც კი გამოსხივებასთან შეგუება დაიწყეს. იგივე ითქმის მცენარეებზეც. მაგალითად, მიტოვებულ შენობებში გამრავლდა მუქი შავი სოკო. როგორც აღმოჩნდა, ამ ფერით ის რადიაციას შთანთქავს, ისევე როგორც სხვა მცენარეები შთანთქავენ მზის სინათლეს ზრდისთვის. ჩერნობილის გაუქმებული რეაქტორის მახლობლად უკვე 37 სახეობის ასეთი სოკო იზრდება.
ახლა თეთრ დათვებზეც გეტყვით. გამოვლინდა, რომ ისინი ყინულის დნობაზე უკვე ძალიან სწაფად რეაგირებენ და თანაც გენომის ცვლილებით, გენეტიკური ადაპტაციით. ინგლისის ერთი უნივერსიტეტის კვლევისას, რომელშიც გრენლანდიური თეთრი დათვები გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ მათი გენომი ძალიან აქტიურობს კლიმატის ცვლილებებზე. კერძოდ, მათ დნმ-ში გააქტიურებულია ე.წ. მოძრავი სეგმენტები, ტრანსპოზონები, რომელიც გენებში მოძრაობს და აქ დაკანონებულ წესებს ცვლის კლიმატურ დათბობაზე მორგებით. ხომ წარმოგიდგენიათ, სხეულის ათასწლოვანი წესრიგი იცვლება, როდესაც ამის საჭიროებაა.
ბუნების წესრიგი, იზრუნოს სიცოცხლეზე, უკიდურესად ყოვლისმომცველია. ამ მხრივ გასული წელიწადი იაპონელი მეცნიერების უდიდესი აღმოჩენით დაგვირგვინდა. მათ ხის ბაყაყის კუჭში აღმოაჩინეს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რომელმაც უნიკალური შედეგები აჩვენა მღრღნელებში სიმსივნის განსაკურნავად. ამ კვლევებს ის დაედო საფუძვლად, რომ
რეპტილიები და ამფიბიები პრაქტიკულად არასოდეს ავადდებიან სიმსივნით. ამიტომაც გადაწყვიტეს იაპონელებმა ეს ფენომენი გამოერკვიათ და საკვლევ ობიექტად ხის ბაყაყი აიღეს, რომლის კუჭში აღმოჩნდა ის ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს ანადგურებს. ამ ნივთიერებისაგან დამზადებულმა მედიკამენტმაც უნიკალური შედეგები მოიტანა. მართალია, ჯერ მხოლოდ მღრღნელებში, მაგრამ ფაქტია, მან სიმსივნით დაავადებული თაგვები განკურნა.
ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რამდენად უსაფრთხო იქნება ბაყაყის კუჭისაგან დამზადებული მედიკამენტი ადამიანებისათვის, თუმცა, სავარაუდოდ, ასეც იქნება და კაცობრიობას წინ დიდი შვება ელის სიმსივნესთან ბრძოლაში.
გასულ წელს ერთი ცოცხალი ორგანიზმი გამოვლინდა, რომელმაც დედამიწის ყველა კატაკლიზმს გაუძლო, არც გამყინვარების და არც მეტეორის ჩამოვარდნის შემდეგ გადაშენდა. ეს არის ულამაზესი პეპელა, ფრთაქერცლიანების წარმომადგენელი, რომელიც 236 მილიონი წლის წინ დაფრინავდა და დღესაც დაფრინავს. ამ პეპლის ნაშთი აღმოაჩინეს არგენტინაში და განეკუთვნება ცნობილ ლოსსატა-ს სახეობას. აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუნების ეს ლამაზი წარმომადგენელი საკვებს 236 მილიონი წლის წინაც თითქმის ისეთივე ხორთუმით მოიპოვებდა, როგორც მისი ჯიშის სხვა პეპლები დღეს.
- გლობალური დათბობის ამჟამინდელ მიმდინარეობაზეც ვთქვათ. ერთ-ერთ საშიშ ფაქტორად ყინულის დნობით წყლის დონის აწევა იგულისხმება. ყველაზე მეტად ეს სად შეინიშნება?
- გრენლანდიაში. იქ ყინულის დნობის ის სისწრაფე, რომელსაც მეცნიერები 2070 წლამდე არ ელოდნენ, უკვე დღეს ფიქსირდება. ყინული 6-ჯერ სწრაფად დნება, ვიდრე 1980-იან წლებში.
სამეცნიერო კვლევებით დღეისათვის დაკარგულია გრენლანდიის თითქმის 14 მილიარდი ტონა ყინულის საფარი. თუკი ასე გაგრძელდა, იქ ყინულს გაქრობა ემუქრება, რის გამოც წყალი მსოფლიოს არაერთ ქალაქს წაართმევს ტერიტორიას.
ამასობაში, წყალს დაკარგავს ზოგიერთი სახელმწიფო, რომელთაც წყლის დეფიციტი აქვთ. სამეცნიერო კვლევებით, ირანი ასეთი პროცესების ერთ-ერთი სიმბოლოა და რატომ: ქვეყანა ამდენ ხანსაც სარგებლობდა მიწისქვეშა წყლებით, რომელთა მარაგი უკვე ძალიან სწრაფად იცლება. ამ მხრივ ირანს ძალიან რთული მდგომარეობა დაახლოებით 31400 კვკმ ფართობზე აქვს. როდესაც მიწისქვეშა წყლები შრება, იქ მიწა "ჯდება".A ასე რომ, ირანის ამ რაიონებში მიწა დაახლოებით 10 მილიმეტრით "დაჯდა", დაიძირა. თუმცა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ზოგან გაცილებით მძიმე მდგომარეობაც არის, სადაც წელიწადში მიწის 34 სანტიმეტრამდე დაწევა დაფიქსირდა. ასე რომ, ამ მხრივ ირანი დედამიწის ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია.