„მე სიყვარულს ვამჯობინებ...“
2025 წლის დეკემბრის მიწურულს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული კინოლეგენდა ბრიჟიტ ბარდო. მსახიობი სენ-ტროპეში უკანასკნელ გზაზე გააცილეს მირეი მატიემ, ჟან-პოლ ბელმონდოს ვაჟმა და საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარი ლე-პენმა. დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც კულტურის მინისტრი. ემანუელ მაკრონმა ბრიჟიტის ოჯახს დაკრძალვის ორგანიზება შესთავაზა, მაგრამ ოჯახმა უარი განაცხადა. როგორც ამბობენ, ეს ბარდოს სურვილი იყო...
დაკრძალვაზე ბრიჟიტის ერთადერთი ვაჟი, ნიკოლა შარიე, ნორვეგიიდან ჩავიდა ოჯახთან ერთად.
ბრიჟიტ ბარდოს გარდაცვალებამდე კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ამის შესახებ დაკრძალვის დღეს ფრანგულ გამოცემასთან ისაუბრა მისმა ქმარმა, ბერნარ დ,<ორმალმა. მსახიობს ორი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და სიცოცხლის ბოლო პერიოდში ზურგის ძლიერი ტკივილი აწუხებდა. დ <,ორმალმა, რომელმაც ბარდოსთან 1992 წელს იქორწინა, გამოცემას მეუღლის ბოლო დღეების შესახებ უამბო: "მე გვერდიდან არ ვშორდებოდი, ვუვლიდი და გვერდში ვედექი მედდების დახმარებით. დილით იმ საუზმეს ვუმზადებდი, რომელიც ძალიან უყვარდა. ნაშუადღევს რძიან ჩაისა და კრუასანს შეექცეოდა ხოლმე".
დ,ორმალი ბარდოს უკანასკნელ დილას ასე იხსენებს: "მის გვერდით ნახევრად მძინარე ვიჯექი, როცა გავიგონე, როგორ დამიძახა "პიუ-პიუ", ჩვენ ერთმანეთს ასე, მეტსახელებით მივმართავდით, წამოვჯექი და შემდეგ ყველაფერი დასრულდა... მის სახეს სიმშვიდე გადაეფინა. კვლავ საოცრად ლამაზი გახდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ახალგაზრდობაში. ვერავინ იფიქრებდა, რომ 91 წლის იყო".
90 წლის ბრიჟიტ ბარდომ 2024 წელს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ფრანგულ გამოცემას მისცა. ის სულიერ სიმშვიდეზე საუბრობდა, რომელიც მარტოობასა და სიჩუმეში იპოვა საკუთარ სახლში, საფრანგეთის სამხრეთში.
"სიბერეზე არასდროს მიფიქრია, ის ნელ-ნელა მოვიდა და არ შევუწუხებივარ" - ამბობდა ბრიჟიტი. მიუხედავად ძვლების ტკივილისა და მოძრაობის სირთულისა, თავს იღბლიანად მიიჩნევდა: "არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბევრად მძიმე მდგომარეობა აქვთ. მე გამიმართლა", - ამბობდა მსახიობი.
ბრიჟიტ ბარდოზე მსოფლიო მედია უამრავ სტატიას აქვეყნებს, არც ერთი მისი ნაბიჯი უცნობი არ დარჩენილა: სამსახიობო კარიერა, პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები, ურთიერთობა შვილთან და ცხოველების სიყვარული. ბრიჟიტის ხასიათს ყველაზე კარგად მისი ერთ-ერთი ძველი ინტერვიუ გადმოსცემს. 1994 წელს მსახიობი ესაუბრა ჟურნალისტს ალან ელკანს, ზუსტად ამ ინტერვიუში ჩანს ბრიჟიტის ხასიათი. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ბრიჟიტი თავის ცხოვრებაზე საუბრობს.
- მალე სამოცი წლის გახდებით. ეს გაწუხებთ?
- ის, რაც ორმოცდაცხრამეტის შემდეგ მოდის, არ მაწუხებს!
- რომელია თქვენი ყველაზე ძვირფასი მოგონება?
- როცა ყინულის ნაჭერზე შემდგარს ხელში პატარა სელაპი მეჭირა.
- როგორ შედგა თქვენი დებიუტი?
- ისე, როგორც ყველა დამწყები მსახიობის - ჩვეულებრივად.
- რას გაიხსენებთ როჟე ვადიმთან შეხვედრის შესახებ?
- მე მხოლოდ ვიწყებდი, ის კი უკვე ცნობილი რეჟისორი იყო.
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება მაშინ? ძალიან შეიცვალა?
- დიახ. იმ წლებში, ორმოცდაათიანი წლების შუახანებში, ყველაფერი შეიცვალა. კინოში დებიუტმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
- ამ ცვლილებაში თქვენს სილამაზეს რამდენად დიდი როლი ჰქონდა?
- სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს განსაკუთრებულად არ ვთვლი. ასე იყო ყოველთვის და ეს არც შეცვლილა.
- ელოდით ასეთ დიდ წარმატებას?
- არა. წარმატება არაპროგნოზირებადია.
- რომელ ფილმებთან გრძნობთ ყველაზე ძლიერ კავშირს?
-„"სიმართლე", "ღმერთმა შექმნა ქალი" და "დათვი და თოჯინა".
- თქვენ შარლ დე გოლს შეხვდით. რას გაიხსენებთ?
- ის მართლაც გამორჩეული პიროვნება იყო.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ მსახიობური კარიერის დასრულება? ნანობთ თუ არა ან დაბრუნება ხომ არ გსურთ?
- არაფერს ვნანობ. მსახიობობა ისევ რომ მნდომოდა, კინოს არ დავტოვებდი.
- ვინ იყვნენ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორები?
- კლუზო, ვადიმი, ოტან-ლარა და მიშელ დევილი.
- მსახიობებზე რას იტყვით?
- მსახიობები არ მაინტერესებს.
- რას იხსენებთ რომსა და კაპრიზე იმ დროიდან, როცა გოდართან ერთად ფილმ "ზიზღზე" მუშაობდით?
- გოდარი მახსოვს... მახსოვს ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო - უნიკალური პიროვნება.
- გახსოვთ ალბერტო მორავია?
- რა თქმა უნდა. მის წიგნებსაც ვკითხულობდი.
- სიყვარული და სექსი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- მე ვნებასა და სინაზეს ვამჯობინებ.
- ხშირად გხედავდნენ ღამის კლუბებში, გიტარით ხელში, ფეხშიშველს. გართობა მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- დიახ, მაგრამ თავს არასოდეს ვაძალებ ცეკვას ან სიმღერას.
- თქვენ გერმანელ მილიონერ გიუნტერ ზაქსის მეუღლე იყავით. ალბათ, სასიამოვნოა ძალიან მდიდარი კაცის ცოლობა?
- მე არასოდეს მიმიდვია ვინმესთვის იარაღი თავზე, რომ მას ჩემზე ექორწინა, არავისთვის დამიძალებია.
- ფული მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- მე სიყვარულს ვამჯობინებ.
- როგორ ცხოვრობთ დღეს?
- ისე, როგორც მე მომწონს.
- აცნობიერებთ, რომ ლეგენდა ხართ?
- არა, საბედნიეროდ, თქვენ შემახსენეთ.
„მას ხომ ჩემსავით ძალიან უყვარდა ცხოველები“
ოლივია ჰასი ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს ბრიჟიტ ბარდოსთან შეხვედრას:
"ბრიჟიტი ვარსკვლავი იყო! იჯდა მაგიდის თავში, უხასიათოდ, და ძლივს ამჩნევდა ხალხს, რომელიც მას თავს დასტრიალებდა. ისეთი საოცარი იყო, მეგონა, ფილმს ვუყურებდი. ძალიან ცოტას ჭამდა და უფრო ცოტას ლაპარაკობდა. ირგვლივ მყოფი მამაკაცები რას არ აკეთებდნენ, რომ ბრიჟიტს რომელიმე მათგანისთვის შეეხედა. ბართან მჯდომი კაცი გულში ღმერთს მადლობას ეუბნებოდა, რომ იმ დღეს რესტორანში შევიდა. ბარდომ სწორედ მას ჩაუკრა თვალი და მეგონა, სიხარულისგან სკამიდან გადმოვარდებოდა...
მე ძალიან ვღელავდი და არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა. მერე მივხვდი, რომ ერთადერთი თემა, რომლითაც ბარდოს გულის მოგება შეიძლებოდა, ცხოველები იყო, მას ხომ ჩემსავით ძალიან უყვარდა ცხოველები".