რა ძალებს მოუყარა თავი ამერიკამ ირანის წინააღმდეგ და როდის დაიწყება დიდი ოპერაცია?!
ბოლო დღეებში ინტენსიურად მიმდინარებს აშშ-ის სამხედრო ძალების თავმოყრა ახლოაღმოსავლეთის რეგიონში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვრებიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში...
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 37-ი F-15E Strike Eagle დამრტყმელი თვითმფრინავი, ასევე - USS Abraham Lincoln-ის ავიამზიდის საჰაერო ჯგუფის, დაახლოებით, 10 F-35C Lightning II და 30 F/A-18E/F Super Hornets უკვე თავმოყრილია ირანის უშუალო სიახლოვეს.
ისრაელს, რომელიც აუცილებლად მხარს აუბამს ამერიკელებს, თუკი ტრამპმა მაინც მიიღო ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება, საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს 48 F-35I Adir გამანადგურებელი, ასევე - 173 F-16 გამანადგურებელი და სხვადასხვა მოდიფიკაციის 66 F-15 გამანადგურებელი.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ბაზებზე დამატებით 35 F-15E ტიპის დამრტყმელი თვითმფრინავი და 54 F-35A ტიპის გამანადგურებელია განლაგებული, რომლებიც 16 ერთეული KC-135 ტიპის საჰაერო ტანკერიდან ჰაერში საწვავით დამატებით გაწყობის შედეგად, სწრაფად შეიძლება გადაბაზირდნენ ახლოაღმოსავლეთში, ირანის წინააღმდეგ საჰაერო შეტევის მხარდასაჭერად.
აშშ-ის საჰაერო ძალების 24 ერთეული A-10C Thunderbolt II მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ასევე ახლოაღმოსავლეთშია განლაგებული, ცალკე კატეგორიას წარმოადგენს. სანამ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა ბოლომდე არ იქნება ნეიტრალიზებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს თვითმფრინავები თავად განახორციელებენ თავდასხმებს ირანის ციდან. მათი გამოყენება იორდანიის აეროდრომებიდან უფრო ეფექტიანად შეიძლება, ირანული კამიკაძე-დრონების ლაზერული დამიზნების APKWS II რაკეტებით ჩამოსაგდებად.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან ახლოაღმოსავლეთში, სულ მცირე, ექვსი მძიმე ამერიკული C-17A Globemaster III ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გაფრინდა.
ისინი იორდანიაში, მუვაფაკ სალტის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც ამერიკული გამანადგურებლების დიდი ჯგუფია განლაგებული, ასევე, კატარის ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე, ქუვეითის ალი ალ სალემის საჰაერო ბაზაზე და საუდის არაბეთში, პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე.
ბოლო კვირის განმავლობაში, C-17A Globemaster III სატრანსპორტო თვითმფრინავებმა, დაახლოებით, 20 რეისი განახორციელეს ახლოაღმოსავლეთში, სამხედრო ტვირთის გადაზიდვით. ახლოაღმოსავლეთში, ასევე, ჩაფრინდა აშშ-ის EA-37B თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო, ნავიგაციისა და რადარის სისტემების ჩასახშობად.
ახლოაღმოსავლეთის რეგიონში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის - Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები და Terminal High Altitude Area Defense (THAAD) სარაკეტო თავდაცვის სისტემები განლაგდება, რათა თავი დაიცვან ირანის შესაძლო კონტრშეტევებისგან, ამერიკული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და გაერთიანებული სამეფო, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალებს ლოჯისტიკურ და სადაზვერვო მხარდაჭერას გაუწევენ -აცხადებენ ისრაელის მასმედიაში.
აშშ-სა და ისრაელის ძალებს საკმარისი თვითმფრინავები აქვთ ირანის წინააღმდეგ, ძლიერი, მაგრამ შედარებით ხანმოკლე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად, რომელთაგან თავის დაცვას ირანი, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს.
გასულ წელს,12-დღიან ისრაელ-ირანის საჰაერო ომში ირანის საჰაერო თავდაცვა და საჰაერო ძალები უძლური აღმოჩნდნენ მხოლოდ ისრაელის საჰაერო დარტყმების კამპანიის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-ის საჰაერო დარტყმები პირდაპირ მხარს უჭერდა, მხოლოდ კონფლიქტის ბოლო ეტაპზე.
ასევე დაგაინტერესებთ: მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალს სამხედრო ტექნიკა გადასცა,რაც უკრაინაში მებრძოლმა რუსმა სამხედროებმა გააპროტესტეს...
გეოპოლიტიკური "ცისფერი მთები" ანუ გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი... ოღონდ ალაგ-ალაგ?!
ამჟამად, როდესაც ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია აშშ-მა და ისრაელმა შეიძლება გაერთიანებული ძალებით წამოიწყონ, თეირანისთვის პროგნოზი კიდევ უფრო ნაკლებად იმედის მომცემია.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ძალისხმევისა და რესურსის დახარჯვა სურს დონალდ ტრამპს ირანზე თავდასხმაში და რამდენ ხანს სურს მონაწილეობა, რომ ძირითადი ამოცანა შესრულებულად ჩათვალოს.
მაგრამ რა არის ეს ძირითადი ამოცანა - ირანის ხელისუფლების მხოლოდ დაშინება რამდენიმედღიანი დემონსტრაციული დაბომბვების სახით თუ უფრო მნიშვნელოვანი -აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის ჩამოგდება ირანში?
თეირანიდან უკვე გაისმის მუქარის ტონი - ირანი აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას „სრულმასშტაბიან ომად“ მიიჩნევს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები „მზად არიან ყველაზე უარესი სცენარისთვის“, ამიტომ ირანში ყველა დიდ მზადყოფნაშია. გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომისთვის მზადაა, თუ ვაშინგტონს „მისი გამოცდა“ სურს. მან დასძინა, რომ ირანს ახლა „ფართო და ფართომასშტაბიანი სამხედრო მზადება“ აქვს, გასული წლის 12-დღიან ომთან შედარებით…
დასავლურ მედიაში დარწმუნებულნი არიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე დღეში გასცემს ბრძანებას ირანის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დასაწყებად...