"უნცია ოქროს ფასმა პირველად ისტორიაში 5 ათას დოლარს გადააჭარბა: რატომ ძვირდება „კეთილშობილი“ ლითონი?" - BBC
„უნცია ოქროს ფასმა პირველად ისტორიაში 5 ათას დოლარს გადააჭარბა: რატომ ძვირდება „კეთილშობილი“ ლითონი?“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე სტატია, რომლის ავტორები, ბიზნესჟურნალისტები პიტერ ჰოსქინსი და ადან ჰენქოქი განიხილავენ ოქროს ფასის გაძვირების მიზეზებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაგრძელდება თუ არა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მიმზიდველ და, იმავდროულად, „ტრაგიკულ“ ლითონზე ფასის მატება?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერთი უნცია (31,10 გრამი) ოქროს საბირჟო ფასმა 5 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა და ისტორიულ ზრდას აგრძელებს, რის შედეგადაც 2025 წელს ამ ძვირფასი ლითონის ღირებულებამ, წინაპერიოდთან შედარებით, 60%-ით მოიმატა.
ფასის ზრდაზე განსაკუთრებით იმოქმედა აშშ-სა და ნატოს წევრებს შორის გაჩენილმა დაძაბულობამ, გრენლანდიის გამო, რამაც გააძლიერა მსოფლიოში ისედაც არსებული დაძაბულობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საერთო ფინანსური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე.
ბირჟებზე შეშფოთებას იწვევს, აგრეთვე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაც, რომელიც მაღალი მერყეობით გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინათ იგი ევროპის ქვეყნებს ტარიფების (ბაჟების) მატებით დაემუქრა, შემდეგ თავისი მუქარა უკან წაიღო, მაგრამ, სამაგიეროდ, კანადას უკვე ბაჟის 100%-იანი მატება აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ ოტავა პეკინთან (ჩინეთთან) სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს.
ოქროს უპირატესობანი
ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები ტრადიციულად ითვლება უსაფრთხო აქტივებად, რომლებსაც ინვესტორები გაურკვეველ და არასტაბილურ პერიოდებში ყიდულობენ ხოლმე. ხუთშაბათს ერთი უნცია ვერცხლის ფასმაც პირველად გადააჭარბა 100 დოლარს და, აქედან გამომდინარე, წინა წლის ფასთან შედარებით 150%-ით მოიმატა.
ძვირფას ლითონებზე მოთხოვნა-მატება ასევე განპირობებულია რიგი სხვა ფაქტორებით - მაგალითად, ინფლაციის ჩვეულებრივზე უფრო მაღალი დონით, აშშ-ის დოლარის დასუსტებით, მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მეტი რაოდენობით შესყიდვით, აგრეთვე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ცენტრალური ბანკის ფუნქციების შემსრულებელი ორგანოს) საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი დაკლებით.
ოქროზე ფასის ზრდას ხელი შეუწყო როგორც ღაზას სექტორში მომხდარმა ომმა, ასევე - აშშ-ის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამაც ანუ მსოფლიოში არასტაბილურმა ვითარებამ ოქროზე მოთხოვნა მკვეთრად გააფართოვა.
ოქროს მიმზიდველობის ერთ-ერთი ფაქტორია მასზე შედარებითი დეფიციტის არსებობა. ოქროს მსოფლიო საბჭოს (სავაჭრო ასოციაციის) World Gold Council-ის ცნობით, კაცობრიობის ისტორიაში მოპოვებულია 216-ათას ტონაზე მეტი „კეთილშობილი" ლითონი . ეს რაოდენობა საკმარისია, რომ შეივსოს ოლიმპიური სტანდარტების (ზომების) მქონე 4 საცურაო აუზი. ოქროს მოპოვება დედამიწის წიაღიდან განსაკუთრებით დაჩქარდა 1950-იანი წლებიდან, როცა სასარგებლო წიაღისეულის ამოღების ტექნოლოგიები მკვეთრად გაუმჯობესდა და ახალი საბადოები იქნა ნაპოვნი.
ამასთან, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასების თანახმად, რომელიც დაზვერილი საბადოების რაოდენობას ემყარება, პლანეტის წიაღიდან ჯერ კიდევ არის შესაძლებელი 64 ათასი ტონა ოქროს ამოღება და თუ საერთაშორისო მოვლენების ტემპერატურაც დაიკლებს, უახლოეს წლებში ოქროზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: საშიში "წინასწარმეტყველება": „მშვიდობის საბჭო" ერთდროულად აბსურდულიც არის და - სახიფათოც“ - The Independent
რატომ უყვართ ადამიანებს ოქრო?
„როცა თქვენ ოქროს მფლობელი ხართ, თავს შედარებით მშვიდად გრძნობთ, რადგან თქვენი ოქრო, ფულისგან განსხვავებით, სხვა ადამიანებისაგან ვალად არ აგიღიათ, ის არ არის დაკავშირებული აქციებთან და ობლიგაციებთან, რომელთა შემოსავლიანობა კომპანიის საქმიანობაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ნიკოლას ფრაპელი, ABC Refinery-ს ექსპერტი, - „შეიძლება ითქვას, რომ ოქრო ნამდვილად კარგი და საიმედო ინსტრუმენტია ქონების დივერსიფიცირებისთვის, ამ არეულ და არასტაბილურ მსოფლიოში“.
ოქროს ფასისთვის 2025 წელი რეკორდული გახდა: მისი ღირებულება წლიურად ყველაზე მაღალია 1979 წლიდან - შარშან ინვესტორებმა მასობრივად დაიწყეს ოქროს შეძენა. ფინანსური ბაზრები შეშფოთებულნი (და დაშინებულებიც) არიან აშშ-ის არამდგრადი საფინანსო-სავაჭრო პოლიტიკით. „ვფიქრობ, რომ ოქროს ფასის მკვეთრი ზრდა სწორედ აშშ-ის პოლიტიკის უკიდურესი არასტაბილურობისა და გაურკვევლობის ბრალია“, - აცხადებს ნიკოს კაველისი, კონსალტინგური კომპანია Metals Focus-ის ექსპერტი.
რა თქმა უნდა, ოქროს მხოლოდ ბანკები და ინვესტორები არ ყიდულობენ. მოსახლეობაც, რიგითი ადამიანებიც დაინტერესებულნი არიან „კეთილშობილი“ ლითონის შეძენით, რაც განპირობებულია ტრადიციული კულტურული რიტუალებით და სხვა მიზეზებით. ბევრ ქვეყანაში ოქროს ნაკეთობებს საჩუქრის სახით ყიდულობენ და ქორწინებების, დაბადების დღეებისა და სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საზეიმო მოვლენების დროს ახლობლებს, მეგობრებს და ძვირფას ადამიანებს მიართმევენ (უძღვნიან) ხოლმე.
არსებობს ტრადიციული ფესტივალებიც, რომლის დროსაც ოქროს ნაკეთობების შეძენა ხდება. ინდოეთში, მაგალითად, ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი „დივალი“, რომლის დროსაც ოქროულობის ყიდვა სიმბოლურია - „სიმდიდრე და იღბალი დაგებედებათ“. ინდოელი დიასახლისები, სამკაულების სახით, ამჟამად დაახლოებით, 3,8 ტრილიონი დოლარის ოქროულობას ინახავენ, რაც ქვეყნის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 88,8%-იან ეკვივალენტს წარმოადგენს.
ინდოეთის მეზობელი ჩინეთი კი მსოფლიოში უდიდეს ოქროს ბაზარს წარმოადგენს: უძველესი ტრადიციით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოქროულობის ყიდვა წარმატების საწინდარია.
„ჩვენ ხშირად ვართ მოწმენი ოქროზე მოთხოვნის „აფეთქებებისა“, ვთქვათ, ჩინური ახალი წლის მოახლოებისას, რომელიც ახლაც შეიმჩნევა“, - ამბობს ნიკოს კაველისი. მას მხედველობაში აქვს ცხენის წლის დადგომა ჩინური კალენდრით, რომელიც თებერვალში იწყება.
მოამზადა სიმონ კილაძემ