"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს..." - ვიქტორ ყიფიანის პროგნოზი: არის თუ არა გამოსავალი?! - კვირის პალიტრა

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს..." - ვიქტორ ყიფიანის პროგნოზი: არის თუ არა გამოსავალი?!

დონალდ ტრამპის დაფუძნებულ "მშვიდობის საბჭოში", რომელიც, გეგმის თანახმად, მუშაობას დაიწყებს ღაზაში კონფლიქტის მოგვარებით და შემდეგ გააფართოებს საქმიანობას სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად, საქართველოს ადგილი არ აღმოჩნდა. ჩვენმა მეზობელმა ყველა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მიიღეს მიწვევა, თუმცა საქართველო იქ არავინ დაპატიჟა, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მიიწვიეს დავოსში გამართულ მორიგ ეკონომიკურ ფორუმზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კარგა ხნის განმავლობაში - ჯერ კიდევ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევამდე და შემდეგაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპისა და მათი ხედვები ისე ემთხვეოდა ერთმანეთს, აშშ-სთან უცებ გააუმჯობესებდნენ ურთიერთობას, ეს ასე მარტივი არ აღმოჩნდა. მეტიც, ახლა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებისგან სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ თურმე აშშ-ის პრეზიდენტი "დიფ სთეითის" გავლენაში მოექცა - მაგალითად, ის "დიფ სთეითის" დაკვეთით ევროპას ანგრევინებს" და ა.შ. ფაქტი კი ის არის, რომ აშშ ჩვენი რეგიონით სულ უფრო მეტად ინტერესდება - ზანგეზურის დერეფნის ამერიკული ინვესტიციებით მშენებლობა უკვე რეალობაა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჩვენს მეზობლებს თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა, საქართველოს ხსენება კი ისევ არსად არის. ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტად ქრება არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდანაც კი... ამ დროს ხელისუფლება ფიქრობს ქვეყანაში პოლიტიკური დებატები დააბრუნოს, მასთან დაახლოებული სასულიერო პირები ოპოზიციასთან შერიგებაზე ლაპარაკობენ, ოპოზიცია კი ისევ გაერთიანების იდეით "იტანჯება". რას ნიშნავს ყოველივე ეს და სად მიიყვანს ეს პროცესები საქართველოს? - გვესაუბრება პოლიტიკური ინიციატივის "ჯერ საქართველო" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი:

- იმ ყველაფერს, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. ძალიან გვინდა მათი განცხადებების დავიჯეროთ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო", მოკლედ, მაგათ ლაპარაკს ბოლო ისეთი მოჰყვება ხოლმე, გვიკვირს კი არა, გვაშფოთებს...

ავიღოთ მათივე თქმით, "ჯანსაღი დებატებისკენ" მოწოდება. ამისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა, ამას სჭირდება შესაბამისი პირობებისა და ფონის შექმნა. გარდა ამისა, მეორე მხარეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განწყობა და სურვილი, რომ გაიზიაროს შენი მოწოდება, როგორც გულწრფელი შეთავაზება.

მაშინ, როდესაც წინადღეს დებატების დაბრუნებაზე ლაპარაკობ და მეორე დღეს ვხედავთ რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედებას სასამართლოს სხდომათა დარბაზებში, ეს ნამდვილად ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ვინმემ დაიჯეროს ხელისუფლების და მასთან დებატებს დათანხმდეს.

"ჯერ საქართველო" იმავე საღამოს გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, მაგრამ დებატებს აქვს თავისი წესი, წანამძღვრები, რის გარეშეც ის ფიქციაა. ამასთანავე, თუ მართლაც გინდა ჯანსაღი დებატების გამართვა, ის უნდა გაიმართოს არსებული ხელისუფლების პირველ პირებთან. ისე არ უნდა იყოს, რომ შეიქმნას მხოლოდ ილუზია, ეფექტი, რომ არის დებატები, რომ ეს იყოს მხოლოდ ემოციების ნიაღვარი, მხოლოდ ოპტიკის შექმნა, რომელსაც შემდგომ "ქართული ოცნება" სათავისოდ "გაყიდის" უცხოეთში, როგორც პოლიტიკური პროცესების "განორმალურების" ტენდენციას. ყოველივე ის, რაც კობახიძის განცხადების შემდეგ მოვისმინეთ "ქართული ოცნებისგან", ჩემი აზრით, ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს, საბოლოოდ კი ეს გულწრფელი განცხადება არ არის.

ასეთივე განცხადებები მოვისმინეთ ცალკეული სასულიერო პირებისგან. მოწოდებები შერიგებისკენ გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც ერთხანს ძალიან ენერგიულად უჭერდნენ მხარს "ქართული ოცნების" კურსს.

ჩემი აზრით, "ოცნების" წიაღში მიმდინარე პროცესებმა გაახსენა მათ, რომ დადგა შერიგების დრო. მოკლედ, ამ მოწოდებების რეალურ მოტივებზე სერიოზული კითხვები იბადება.

- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესსაც შევეხოთ მოკლედ. ბოლო თვეების საკრალურ თემად არის გადაქცეული გაერთიანება-არგაერთიანების საკითხი. როგორ ფიქრობთ, დღეს ამის პერსპექტივა თუ ჩანს და რა შეიძლება მოიტანოს ამან შედეგად, როდესაც უახლოეს მომავალში არჩევნები არ იგეგმება?

- ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია. შეიძლება ითქვას, ის, რასაც პოლიტიკას ვუწოდებთ, ქვეყანაში აღარ არსებობს. დიახ, არის გულწრფელი ემოციები, არის განცხადებები, მოქმედებები, მაგრამ ამას მწყობრ, სტრუქტურირებულ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სწორედ ოპოზიციურ სპექტრს, თორემ ხელისუფლება რასაც აკეთებს, კი ვიცით - მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკა ჩაკვდეს, რათა შესატყვისი პოლიტიკური ინსტრუმენტები გაუქმდეს. არადა, ამ ინსტრუმენტების აღორძინება, დანერგვა და ეფექტიანად გამოყენება არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა.

არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს საყვედურს ვამბობ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინდივიდუალურ თავდადებაზე, მაგრამ დღეს ვცხოვრობთ ისეთ ვითარებასა და ეპოქაში, როდესაც ინდივიდუალური თავდადება ვერ გადაწონის ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ მიდგომას. პარტიული ოპოზიციური სპექტრი ვერ უმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. არავინ არავის ნიშნს არ უგებს და არც ჩასაფრებული ვარ, სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა კრიტიკულად გადააფასონ განვლილი პერიოდი და თუ მათი რესურსი არ არის საკმარისი ძირეული ცვლილებებისთვის, იფიქრონ დამატებით რესურსზე. ეს შეიძლება იყოს აღმოცენებადი პარტიული სტრუქტურები, მე მათ ვუწოდებდი პოლიტიკურ სტარტაპებს, რომელთა ჩამოყალიბებისა და პოლიტიკურ პროცესში შესვლის დრო უკვე დადგა. აქედან გამომდინარე, თუ ახალი მოთამაშეების ჩამოყალიბების პროცესი იქნება მზარდი, მე არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებდი, არ შეუშალონ ხელი მას. ეს არ უნდა გადაიქცეს შიდა კონკურენციად და კინკლაობად, რადგან ეს საერთო მიზნებს დააზიანებს. არ ჩამითვალოთ ზედმეტობაში, მაგრამ ასეთ სტარტაპად მივიჩნევთ ჩვენს პოლიტიკურ ინიციატივას "ჯერ საქართველო". ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ვერც ერთი ცენტრი თუ ჯგუფი ვერ აიღებს საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი მთავარი დევიზი, რომ "ძალა ერთობაშია", უნდა გამოიხატოს იმ პროცესშიც, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფებას ემსახურება. რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად უნდა მოხდეს განახლებული ენერგიის, რესურსის შედინება.

ასევე დაგაინტერესებთ: „ოპოზიცია არაადეკვატურია, როდესაც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“ - რამაზ საყვარელიძის ანალიზი

"სასწაული ხდება, სიტუაცია მარაზმამდე მიდის" ანუ ვინ იქნება ქართული პოლიტიკის "ლენინი"?! - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: რა სჭირს ოპოზიციას?

პრეზიდენტებისა და პრემიერების დილემა საქართველოში - დამსახურებული პენსია თუ... - კიდევ ვის "ელოდება" რუსთავის მე-12 "სამთავრობო-გამოსასწორებელი“ დაწესებულება?!

ქართული კრიზისის დილემა: "სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის ყველაზე სახიფათოა" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რისთვის ემზადება "ოცნება" და გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დროის დეფიციტი, რაც განპირობებულია გარე კონიუნქტურით, რომელიც ძალზე შემაშფოთებლად ვითარდება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხდება უამრავი რამ როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა და ჩვენი ქვეყანა არსად, არც ერთ დიდ თუ პატარა თემასთან კავშირში არ ფიგურირებს. პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ისეთი მწარე რეალობის წინაშე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" და მასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა ქვეყანა მოაქციეს საკუთარ თავთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. დამეთანხმებით, რომ ასეთი მდგომარეობა, როდესაც თავი მართალი გგონია და მთელი მსოფლიო თურმე შენთან მტყუანია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაადგება ვერც ქვეყნის უსაფრთხოებას და ვერც მის განვითარებას.

წაიკითხე ვრცლად