ზვიად გამსახურდიას მთავარი შეცდომა და კითხვა წარსულიდან: რას აკეთებდნენ თბილისში გასაიდუმლოებული სპეცრაზმ "ალფას" წევრები?!
ყველას გვქონია „დეჟავიუს“ შეგრძნება, რომ მოვლენები, რომლებიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში. საქართველოს დღევანდელი არასტაბილური პოლიტიკური გარემო, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და რაც ყველაზე მეტად საშიშია: ორად გაყოფილი და უკიდურესად დაპირისპირებულ-ეგზალტირებული საზოგადოება - ეს ხომ უკვე იყო 1991 და 2003 წლებში და რა შედეგიც მოჰყვა, კარგად გვახსოვს. მაშინაც ხელისუფლება და ოპოზიცია, მართალიც და მტყუანიც, ერთნაირი გულმოდგინებით უთხრიდნენ საძირკველს საქართველოს სტაბილურობას. ამ დროს კი ნამდვილად არსებობდა ის ათვლის წერტილი, საიდანაც შეთანხმების პროცესის დაწყება იყო შესაძლებელი, რათა მტერი არ გაგვეხარებინა და ქვეყანა უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. რატომ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზეც კი?
1991 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ეყრებოდა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რაც დეკემბერში უკვე სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. მანამდე კი კომპრომისებზე არც ხელისუფლება მიდიოდა და არც ოპოზიცია. ორივე მხარე ბრმა სიჯიუტით ეძებდა რეალურ თუ მოგონილ სკანდალურ ინფორმაციას, რათა უფრო გაეშავებინა ოპონენტი და ის „კრემლის პოლიტიკის გამტარებლად“, „სუკ-ის აგენტად“ ან “ერის მოღალატედ“ შეერაცხა. ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ ასეთ „მიმზიდველ“ კომპრომატად მოსკოვიდან ჩამოსული „ოთხეულის“ დაკავების ფაქტი იქცა.
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ვ. ადვაძის მოსკოვიდან მოწვეული პირადი დაცვის წევრების დაკავების, მათი ვინაობის დადგენის, საბჭოთა კავშირის შსს მინისტრისთვის მიმართვის გაგზავნის და ადვაძის, ფაქტობრივად “ერის მოღალატედ“ გამოცხადების (ეს ბრალდება გურამ პეტრიაშვილის მცირე ზომის პასკვილში იყო „განხილულ-დასაბუთებული“) ინფორმაცია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 14 მაისის #93-ში იყო გამოქვეყნებული. იმავე გაზეთმა მეორე დღეს, 15 მაისს, დაბეჭდა ზვიად გამსახურდიას უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის ანგარიში, რომელსაც კითხვა-პასუხის ფორმა ჰქონდა. პრესკონფერენცია 13 მაისს გამართულა. ყურადღება მიაქციეთ თარიღს. „ოთხეულის“ დაკავების დღესვე ზ. გამსახურდიას ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი ცოტა არ იყოს კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ის ჯერ დადასტურებულად აცხადებდა, რომ „ოთხეული“ საკავშირო სუკ-ის თანამშრომლები იყვნენ, ხოლო იქვე - „მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებად“ მოიხსენიებდა. პრესკონფერენციაზე დასმულ ერთ-ერთი კითხვას: „27 აპრილს თქვენ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადეთ, რომ შესაძლებელია 26 მაისის არჩევნები არ ჩატარდეს. რა არის ამის მიზეზი“?
ზ. გამსახურდიამ ამგვარად უპასუხა: „მე უშუალოდ ასეთი განცხადება არ გამიკეთებია. მე ვთქვი, რომ კრემლი იბრძვის, რათა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, რადგან მას ეშინია ამ არჩევნების. გუშინ, მაგალითად, მოხდა კრემლის ძალზე არასასიამოვნო პროვოკაცია. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი წარმომადგენელი, რომელნიც ახლდნენ პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს და არაკანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოში, დროებით დაკავებულნი იქნენ. ამ კანდიდატმა მოსკოვიდან მოიწვია სსრკ-ის სპეცსამსახურის, სუკ-ის თანამშრომლები, მისი პირადი დაცვის მიზნით. ისინი აქ საიდუმლოდ ჩამოვიდნენ ჩვენი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნებართვის გარეშე. მათ თავი წარმოგვიდგინეს ამ კანდიდატის მცველებად, სინამდვილეში კი ჩვენ არ ვიცით, ისინი რა ფუნქციას ასრულებენ. როგორც კანდიდატი ამბობს, მან ისინი მოიწვია, როგორც მოსკოვის ერთ-ერთი კოოპერატივის წევრები, მაგრამ ამ დროს მათ აქვთ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები. გუშინ საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები იყო, თუ როგორ შემოიჭრნენ ეს სუკ-ის აგენტები, რომლებიც თავს მილიციის თანამშრომლებს უწოდებენ. მაგრამ ცნობილია, რომ სუკ-ი ხშირად იყენებს ამ მეთოდს და აძლევს თავის წარმომადგენლებს მილიციის თანამშრომლის მოწმობას. ეს ერთ-ერთი პროვოკაციაა ჩვენი არჩევნების წინააღმდეგ. ცენტრი ცდილობს, რომ იაქტიუროს წინასაარჩევნო კამპანიაში და მას ჰყავს ამისათვის ისეთი ხალხი, როგორიც ხსენებული კანდიდატია, რომელიც საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატია“ (ციტატის დასასრული). საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაეს საბჭოში მოქმედებდა „თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისია“ (თავმჯდომარე ვაჟა ადამია ), რომლის მთავარი ამოცანა სწორედ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმის საკანონმდებლო უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ განხორციელდა.

ზვიად გამსახურდია, ვაჟა ადამია და დილარ ხაბულიანი
პირველი პრეზიდენტი ერთი წლის მანძილზე ცდილობდა, ქვეყანა სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ემართა, არც ძველს ენდო, ახლის ფორმირებაც არ დაიწყო: ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა! ამის გამო გამსახურდია დარჩა "თვალისა და ყურის" გარეშე: ის ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა, არ ჰქონდა რეალური და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გააჩნდა რა ქართველი ხალხის უზარმაზარი ნდობა, ზვიად გამსახურდიას შეეძლო, ნამდვილად ეროვნული სპეცსამსახურების (დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და „სამთავრობო დაცვის“) შექმნისთვის ჩაეყარა საფუძველი. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ზ. გამსახურდიას პიროვნული ფაქტორიც და საბჭოთა უშიშროების სისტემასთან მისი დამოკიდებულების მძიმე ისტორიაც. „ოთხეულის“ დაკავებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი შესაძლოა, დეტალებში არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას საკავშირო სუკ-ისა და მილიციის ფუნქცია-მოვალეობებზე, მათ შესაძლებლობებსა და რესურსებზე, თუმცა საქართველოს შსს-ს, სუკ-ისა და პროკურატურის ხელმძღვანელებს ეს უნდა სცოდნოდათ. უფრო მეტიც: მათ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია მოსკოველი ვიზიტორების შესახებ, რადგანაც „სტუმრები“ მანამდეც არა ერთხელ იმყოფებოდნენ საქართველოში და მონაწილეობას იღებდნენ ყველაზე გახმაურებულ სპეცოპერაციებში. ამ მონაცემების დაზუსტების შემდეგ პრესკონფერენცია საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელობას უნდა გაემართა და დაესაბუთებინა, თუ რა სამართლებრივი ნორმები დაირღვა ამ „ოთხეულის“ ვიზიტით. მანამდე კი აუცილებელი იყო მათი ოპერატიულ-ტექნიკური კონტროლი და საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზნებისა და დაინტერესების ობიექტების დადგენა. მკითხველი ქვემოთ დაინახავს, რომ ეს „ოთხეული“ ძალზე სპეციფიკური ოპერაციების ოსტატები იყვნენ.
თუმცა ამის მიუხედავად, 1991 წლის 13 მაისის დილას მოხდა მათ დაკავება და ტელევიზიის ეთერით ინფორმაციის გავრცელება. შემდეგ კი პრესკონფერენციაც გაიმართა, სადაც გამოჩნდა, რომ ზ. გამსახურდიასა და მის ახლოგარემოცვას ამ ფაქტის გახმაურება და პოლიტიკური სკანდალი უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე -სამართლებრივი შეფასება. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას: „როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტის შემდგომ იგი (იგულისხმება ვ. ადვაძე - ბ.ა.) მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში“? - ზ. გამსახურდიამ ამგვარად უპასუხა:
„მე არ ვიცი, ეს მასზეა დამოკიდებული. გუშინ ტელევიზიით ნაჩვენები იყო, რომ იგი თანამშრომლობს საბჭოთა სპეცსამსახურთან, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ვერ იპოვნა დაცვა საქართველოში და რატომ მოიწვია სპეცსამსახური მოსკოვიდან, მან უპასუხა, მე არ ვენდობი ქართველებს და ამიტომ მოვიწვიე ისინი მოსკოვიდანო. მაშინ მას ჰკითხეს: თუ თქვენ არ ენდობით ქართველებს, რად გინდათ, რომ გახდეთ პრეზიდენტი“? (ციტატის დასასრული).
რა თქმა უნდა „საბჭოთა სპეცსამსახურთან“ საქართველოს პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატის (ასევე, პრეზიდენტისაც) თანამშრომლობა დაუშვებელია, თუმცა ამას ხომ მტკიცებულებები სჭირდება? „ოთხეულის“ დაკავება რომ არ ეჩქარათ, იქნებ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებდნენ, ვიდრე - პოლიტიკური ოპონენტის კომპრომეტირების ეს მცდელობა იყო? მით უფრო, როდესაც ზ. გამსახურდიას არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა!
ახლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე: ვინ იყვნენ რეალურად „მოსკოველი სტუმრები“ და რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ? იქნებ ხაჭაპური, ხინკალი და ქართული ღვინო მოენატრათ? ისე, შეიძლება არც უამისობა იყო: სხვადასხვა წლებში ეს „ოთხეული“ რამდენჯერმე იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, თუმცა მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებში მათი ნამდვილი ვინაობა იყო მითითებული. ესენი გახლდნენ: მაიორი მიხეილ მაქსიმოვი, უფროსი ლეიტენანტი ვალერი კანაკინი, ლეიტენანტი ალექსანდრე იურინი და ლეიტენანტი სერგეი პრიდიუსი.

ვალერი კანაკინი

ალექსანდრე იურინი
ისინი ძალღონით სავსე 30-40 წლის ოფიცრები იყვნენ და მათ ერთი გარემოება აკავშირებდათ: ყველა ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ალფას“ წევრები გახლდნენ. დღესაც ბევრი მითია შემორჩენილი კა-გე-ბეს ამ სპეცრაზმის შესახებ, რომელიც 1974 წლის 29 ივლისში შეიქმნა და ძალზე პროზაული სახელწოდება: ჯგუფი „ა“ ჰქონდა. უკვე შემდეგ, კა-გე-ბესთან „დაახლოებულმა“ ჟურნალისტებმა, მეტი პომპეზურობისთვის, „ალფად“ მონათლეს. 1974-1991 წლებში „ალფა“ კა-გე-ბეს მე-7 სამმართველოს (გარეთვალთვალი), მე-5 განყოფილების შემადგენლობაში იყო. ამ განყოფილების ძირითადი ფუნქცია საბჭოთა კავშირში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოების დაცვა და, პარალელურად, მათზე მეთვალყურეობა-თვალთვალი იყო. ძნელი სათქმელია, ამ ჯგუფის ჩამოყალიბებით რა მიზნები ჰქონდა კა-გე-ბეს ხელმძღვანელობას: დიპლომატების დაცვა-თვალთვალი თუ მართლაც ის, რაც „ალფას“ დებულებაში იყო ჩაწერილი: „ჯგუფი „ა“ წარმოადგენს სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სუკ-ის მე-7 სამმართველოს მე-5 განყოფილების სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ასრულებს სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სპეციალურ დავალებებს, რათა თავიდან აიცილოს ტერორისტული, დივერსიული და სხვა განსაკუთრებით საშიში დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ჩადენილია მტრულად განწყობილი უცხოელი და საბჭოთა მოქალაქეთა ექსტრემისტული ელემენტების მიერ, უცხოური მისიების, მათი თანამშრომლების, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების, ასევე სსრკ-ის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე, რკინიგზის სადგურებსა და საზღვაო და მდინარის პორტებში ეკიპაჟის წევრებისა და სატრანსპორტო საშუალებების მგზავრების ხელში ჩაგდების მიზნით.“
„ალფას“ პირადი შემადგენლობა თავდაპირველად ოცდაათი კაცით განისაზღვრა, უპირატესობა ყოფილ და მოქმედ სპორტსმენებს ენიჭებოდათ. 1981 წლის 21 დეკემბრისთვის სპეციალური დანაყოფის პირადი შემადგენლობა 222 კაცამდე გაიზარდა. 1984 წლის 30 ივნისს, კა-გე-ბეს თავმჯდომარის - ვ. ჩებრიკოვის №0085 ბრძანებით შეიქმნა “ა“ ჯგუფის პირველი რეგიონული ქვეგანყოფილება - ხაბაროვსკში (21 კაცი). 1990 წლის 3 მარტს, №0031 ბრძანებით, ასევე შეიქმნა დანაყოფები: კიევში, მინსკში, ალმა-ატაში, კრასნოდარში და სვერდლოვსკში. სსრკ-ის დაშლის შემდეგ აღნიშნული დანაყოფები გადაეცა შესაბამისად: უკრაინას, ბელარუსსა და ყაზახეთს და საფუძვლად დაედო ეროვნული სპეციალური დანიშნულების რაზმების ფორმირებას. რუსეთში კი ის ეფ-ეს-ბეს სპეციალური დანიშნულების ცენტრის (დეპარტამენტის) სტრუქტურული ერთეულია.
არსებობს რამდენიმე ვერსია „ალფას“ შექმნასთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით, 1972 წელს, მიუნჰენში ოლიმპიური თამაშების დროს, პალესტინელი ტერორისტების მიერ ისრაელის დელეგაციაზე განხორციელებული თავდასხმა გახდა ამ სპეცრაზმის შექმნის მიზეზი. მეორე ვერსიით, ანტიტერორისტული ჯგუფის შემქნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1970 და 1973 წლებში საბჭოთა კავშირში თვითმფრინავების გატაცებისა და მგზავრების მძევლად აყვანის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით წარუმატებელი იყო 1973 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში, კა-გე-ბესა და საბჭოთა მილიციის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია.
გასული საუკუნის 70-იან წლებში „ალფა“ სხვადასხვა ოპერატიული სირთულის ოპერაციებში მონაწილეობდა, ერთ-ერთი იყო საიდუმლო გაცვლა ციურიხის აეროპორტში.
ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დიდი მონდომების შედეგად, 1976 წლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებასთან მიღწეული იქნა შეთანხმება საბჭოთა დისიდენტის, ვლადიმერ ბუკოვსკის ჩილელ კომუნისტ ლუის კორვალანზე გაცვლის შესახებ. საპატიმროში მყოფი ბუკოვსკის ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ მასთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას მის მოხუც დედას და მძიმედ ავადმყოფ ნათესავსაც მისცემდნენ. 1976 წლის 18 დეკემბერს მოსკოვთან ახლოს მდებარე ჩკალოვის სამხედრო აეროდრომიდან კა-გე-ბეს შეფის, იური ანდროპოვის სამსახურებრივი თვითმფრინავი აფრინდა, სადაც ხელბორკილდადებული ბუკოვსკი, მისი დედა და ავადმყოფი ნათესავი იმყოფებოდნენ. საბჭოთა იმპერიისთვის დამახასიათებელი შტრიხია ის, რომ „ალფას“ სპეცრაზმელებით გაძეძგილ თვითმფრინავში ბუკოვსკის ხელბორკილები მანამ არ მოხსნეს, სანამ ტუ-134-მა საბჭოთა საჰაერო სივრცე არ დატოვა. იმავე დღეს ციურიხის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა გაცვლა. ამერიკელები მოსკოვს დიდად არ ენდობოდნენ და მათგან ყოველგვარ სიმუხთლეს ელოდნენ. ამიტომაც მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ჯერ ბუკოვსკის და მის ახლობლებს უნდა დაეტოვებინათ აეროპორტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანდნენ კორვალანს. ასეც მოხდა. მას მერე, რაც ბუკოვსკი უკვე სამშვიდობოს იყო, შვეიცარიაში აშშ-ის ელჩის თანხლებით საბჭოთა თვითმფრინავის ტრაპთან ლუის კორვალანი და მისი მეუღლე მიიყვანეს. ეს გაცვლა აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერების მკაცრი პოზიციის შედეგი იყო, სხვა შემთხვევაში, ბუკოვსკი დარჩენილ წლებსაც საბჭოთა საპატიმროებში გაატარებდა.
პირველი ნამდვილი საბრძოლო გამოცდა „ალფას“ 1979 წლის 27 დეკემბერს ოპერაცია "შტორმი-333" იყო.

"თაჯ-ბეკის" საპრეზიდენტო რეზიდენცია შტურმის შემდეგ და ცოცხლად დარჩენილი საბჭოთა სპეცრაზმელების ნაწილი
1979 წელს ავღანეთში რთული შიდაპოლიტიკური ვითარება იყო. პრემიერ-მინისტრი ამინი, რომელიც ქვეყნის სათავეში "თანამოაზრის", პრემიერ-მინისტრ ნურ მოჰამედ თარაკის ლიკვიდაციის შემდეგ მოვიდა, საკუთარი ძალაუფლების გამყარებას საბჭოთა არმიის დახმარებით გეგმავდა. მისი არა ერთი თხოვნა ჯარის შეყვანის შესახებ საბჭოთა პოლიტბიურომ მხოლოდ 1979 წლის 25 დეკემბერს დააკმაყოფილა. ამინის პიროვნების ირგვლივ სერიოზული დაპირისპირება იყო საბჭოთა ხელმძღვანელობაში. თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები მას უჭერდნენ მხარს, ხოლო კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი ამინს "ამერიკის აგენტად" მიიჩნევდა და მის ლიკვიდაციას, ხოლო პრემიერ-მინისტრის ადგილზე ბაბრაქ ქარმალის (რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვასთან 1960-იანი წლებიდან თანამშრომლობდა და იმ დროისათვის ჩეხოსლოვაკიაში ავღანეთის ელჩის პოსტი ეკავა) მოყვანას მოითხოვდა. ანდროპოვმა შეძლო ბრეჟნევის დარწმუნება და პოლიტბიურომ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის აუცილებელ წინაპირობად პრემიერ-მინისტრ ამინის ლიკვიდაციისა და სახელმწიფო გადატრიალების საიდუმლო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესრულება კა-გე-ბესა და გე-ერ-უს ხელმძღვანელებს დაევალათ.
ასევე დაგაინტერესებთ: "ზვიად გამსახურდიამ ქართველი ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმომცა და დამავალა, დამემოწმებინა მათი უშიშროების აგენტობა" - როგორ უახლოვდებოდა საქართველოს დიდი უბედურება
ოთხი-ხუთი დღის მრავალმხრივი დეზინფორმაციული მუშაობის შედეგად, საბჭოთა სპეცსამსახურებმა შეძლეს ავღანეთის პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვისა და მისი ერთგული საჯარისო ნაწილების მეთაურთა ყურადღების მოდუნება.

ვიქტორ კარპუხინი - ფოტოზე ცენტრში
ამინს იმდენად სჯეროდა "რუსი ძმების", რომ მხოლოდ საბჭოთა სამხედროების და ექიმების რჩევებს და მკურნალობის მეთოდებს ენდობოდა. 1979 წლის 27 დეკემბერს ამინი ახალ რეზიდენციაში - "თაჯ-ბეკის" სასახლეში ნებივრობდა, თავის მრავალრიცხოვან ცოლებთან და ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა "რუსი ძმების" ვერაგობას. საბჭოთა სპეცსამსახურებს ხელთ ჰქონდათ რეზიდენციის დეტალური გეგმა (ოთახების და კომუნიკაციების განლაგება) და ინფორმაცია დაცვის რაოდენობისა და საცეცხლე წერტილების განლაგების შესახებ. შტურმის წინ საბჭოთა "სპეცნაზის" მებრძოლებს პოლიტსწავლებები ჩაუტარეს და ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად "საიდუმლოდ" გაანდეს, რომ პრემიერ-მინისტრი ამინი ავღანელი ხალხის მოღალატე და "ამერიკის აგენტი" იყო და ამიტომაც მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია საბჭოთა კავშირის "ინტერნაციონალური ვალია". თუმცა ეს ვერსია მხოლოდ "სპეცნაზელების" გაოცებას იწვევდა და

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო და ავღანეთის პრემიერ-მინისტრი ჰაფიზულა ამინი
მათ კონტრშეკითხვაზე, - თუ ამინი ამერიკის აგენტია, მაშინ საბჭოთა ჯარების შემოყვანას რატომ გვთხოვსო? - საბჭოთა "კომისრები" პასუხს ვეღარ პოულობდნენ. შტურმი 27 დეკემბერს, საღამოს დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ამინი და ავღანელი სამხედროები კარგა ხანს ვერ იჯერებდნენ, რომ მათ "რუსი ძმები" დაესხნენ თავს. კავშირგაბმულობის არხების მწყობრიდან გამოყვანის გამო, რაც კა-გე-ბეს სპეციალისტებმა შტურმამდე ნახევარი საათით ადრე მოახერხეს, ამინმა ვერ შეძლო დამხმარე ძალების გამოძახება. „ალფა“ ამ სამხედრო სპეცოპერაციაში მონაწილეობდა "გრომის" (მეთაური - მაიორი რომანოვი, შემადგენლობა - 25 მებრძოლი) კოდური სახელწოდებით. ყველაფერი 43 წუთში დამთავრდა. ამინი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის ხუთი და რვა წლის ვაჟები, დაუნდობლად ამოჟლიტეს. საბჭოთა მხრიდან ოფიციალურად 19 მებრძოლი (მათ შორის ორი „ალფას“ წევრი) დაიღუპა, რაც ავღანელების "დამსახურება" ნაკლებად იყო. არსებული ინფორმაციით, სიბნელეში საბჭოთა სამხედროები შეცდომით თავად ესროდნენ ერთმანეთს. ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა 1988-1991 წლებში „ალფას“ მეთაური ვიქტორ კარპუხინი. იმ წლებში „ალფა“ აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში, მათ შორის - 9 აპრილის დარბევის ოპერაციაში.
(მესამე ნაწილის დასასრული)