"მაქვს განცდა, რომ საქართველოში არის კარტელური გარიგებები, მაგრამ..." - ლადო პაპავას ანალიზი: გაიაფდება თუ არა პროდუქტი სუს-ის ჩარევით?! - კვირის პალიტრა

"მაქვს განცდა, რომ საქართველოში არის კარტელური გარიგებები, მაგრამ..." - ლადო პაპავას ანალიზი: გაიაფდება თუ არა პროდუქტი სუს-ის ჩარევით?!

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დავოსის ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც, ცხადია, ეკონომიკურთან ერთად არსებითი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, საქართველო არ მიუწვევიათ, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, საქართველოს ხელისუფლება მაღალ ფასებზეა კონცენტრირებული - სუს-ი სუპერმარკეტებში შევიდა და დოკუმენტებს ამოწმებს, პრემიერმა კი განაცხადა, რომ მაღალი ფასების მიზეზი ქვეყანაში ბევრი მარკეტის არსებობაა... რეალურად რა კავშირია ბევრ მარკეტსა და მაღალ ფასებს შორის, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი და საერთოდ, რა მოლოდინები არსებობს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.

- დავიწყოთ იმით, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ნურც ზედმეტად გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობდა, რომ საქართველო იქ ოფიციალურად ყოფილიყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება ფასების საკითხს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ზოგადად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა, იმიტომ, რომ უშუალოდაა დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, თუ ფასები მაინც მაღალია, ფასების ზრდა, როგორც წესი, "აფერმკრთალებს" ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ დადებით შედეგებს. პრობლემა ის არის, რომ

საქართველოში განსაკუთრებით მაღალია სასურსათო პროდუქტების ფასები, ხოლო სურსათი არის სამომხმარებლო კალათის უმთავრესი განმსაზღვრელი კომპონენტი, განსაკუთრებით, შეჭირვებული ოჯახებისთვის, რადგან მათი ბიუჯეტის ლომის წილი სწორედ სურსათ-სანოვაგეზე მოდის. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, *როგორ იქნება ეს ფასები ისე დარეგულირებული, რომ სურსათის გაძვირება მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის არ იყოს ძალიან მტკივნეული.

როგორც წესი, ფასების რეგულირების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ერთია ფასები, რომელთაც ადგენს ან უშუალოდ სახელმწიფო, ანდა უფრო განვითარებული ფორმაა, თუ ადგენენ სპეციალური მარეგულირებელი ორგანოები. ჩვენთანაც არის მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც არეგულირებენ ტარიფებს ელექტროენერგიაზე, გაზზე, საკომუნიკაციო საშუალებებზე. ასევე არის ისეთი საკითხებიც, როცა ფასები "უხილავად" არის დაკავშირებული კონკურენციასთან. თუ კონკურენცია ჯანსაღი არ არის, მაშინ, ბუნებრივია, ხდება გარკვეული კარტელური გარიგებები, რაც ფასების ზრდას იწვევს.

კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი და ეს არის იმპორტდამოკიდებული ქვეყნის პრობლემა. სამწუხაროდ, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, რამდენადაც იმპორტი თითქმის სამჯერ მაინც აღემატება ექსპორტს. სამომხმარებლო კალათაშიც სადღაც 67-68% იმპორტული საქონელია. როდესაც ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და საქონელი იმპორტით შემოდის, ავტომატურად ხდება იმპორტიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტიც. კერძოდ,

თუ საქონელი გაძვირებული ფასით შემოდის, ეროვნული ვალუტა როგორი სტაბილურიც არ უნდა იყოს, იმპორტული საქონელი ჩვენთვის მაინც გაძვირებული იქნება.

ასე რომ, ფასებთან მიმართებაში აი, ეს საკითხები არსებობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჯანსაღი კონკურენციის არსებობაა; კონკურენცია იმისთვის, რომ ბაზარზე არ იყოს შექმნილი რამე, თუნდაც ხელოვნური ბარიერი ახალი კონკურენტის შემოსვლისთვის, ხოლო თუ არსებობს რაიმე ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, მის მოშლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის ადრე არსებობდა მიდგომა, რომლის მიხედვითაც, უნდა ემოქმედა ანტიმონოპოლიური რეგულირების სტრუქტურას. მაგალითად, საქართველოში პირველად ანტიმონოპოლიური სამსახური გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში შეიქმნა, შემდეგ კი ტერმინოლოგია შეიცვალა და სამსახურს კონკურენციის ხელშეწყობის ინსტიტუცია ეწოდება.

მნიშვნელოვანია შესწავლა, ხომ არ არსებობს ბაზარზე კარტელური გარიგებები ან ახალი კონკურენტებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერები, რომლებსაც შესაძლოა ქმნიდეს როგორც სახელმწიფო, ისე კარტელურ გარიგებაში მონაწილე სუბიექტები.

ეს პროცესი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საკითხი ფართო კონტექსტში დააყენა - ეს არა მხოლოდ კონკურენციის სააგენტოს, არამედ სურსათის უვნებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების შესასწავლი თემაცაა. მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში დარჩეს და არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება. ყურადსაღებია პარლამენტის როლიც - თუ კანონმდებლობაში ხარვეზია, პარლამენტმა შესაბამისი კომისია უნდა შექმნას და საკითხი დაარეგულიროს. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობასა და ბიზნესს შორის ჯანსაღ კომუნიკაციას. ისიც უნდა ითქვას, რომ სოლიდარობის პრინციპი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებასაც გულისხმობს, თუმცა, ბუნებრივია, ბიზნესი წაგებაზე ვერ იმუშავებს. სხვა სიტყვებით, საერთო ჯამში, საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არ მოხდეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტება.

- პრემიერმა აქცენტი მარკეტების სიჭარბეზე გააკეთა, რომ ესეც მაღალ ფასებს განაპირობებს. ფიქრობთ, მარკეტების რაოდენობის შემცირება პროდუქტს გააიაფებს? ან ეს სხვა პრობლემებს, მაგალითად, უმუშევრობას ხომ არ გამოიწვევს, რომ არაფერი ვთქვათ ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე?

- "ბევრი" და "ცოტა" პირობითი, ფარდობითი ცნებებია, რას ნიშნავს "ბევრი" და რას ნიშნავს "ცოტა". მთავარია არა სუპერმარკეტების რაოდენობა, არამედ ის, თუ ვინ დგას მათ უკან. თუ რამდენიმე ქსელს ერთი და იგივე პირი აკონტროლებს, ეს აზიანებს კონკურენციას, რადგან ბაზარზე კონკურენცია იზღუდება. ეს საკითხი კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ძირითადად მაღალპროფესიული კადრებითაა დაკომპლექტებული, უნდა შეისწავლოს და ფაქტები დაადგინოს; ხოლო თუ პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზშია, პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები უნდა მიიღოს ან ახალი რეგულაციები შემოიღოს.

- პრემიერის მიერ ამ კომისიის შექმნა რამდენად ოპტიმალურად მიგაჩნიათ? არის ეს კომისია რეალურად პრობლემის მომგვარებელი?

- როცა ასეთი კომისია იქმნება, მასში მონაწილეობს ყველა ის წარმომადგენელი, რომელსაც ამ ფუნქციის განხორციელება ეხება. ამ შემთხვევაშიც, რამდენადაც საჯარო ინფორმაცია მაქვს, იქ შესულია ყველა ის სტრუქტურა, რომელთაც ეს ევალებათ.

ახლა ერთ მტკივნეულ თემას გავიხსენებ "ნაციონალური" მმართველობიდან: როდესაც ბენდუქიძე მოსკოვიდან საქართველოში ჩამოიყვანეს, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება იყო, იმ მოტივით, იქ კორუფცია არისო. ეს მცდარი მიდგომაა, ეს იგივეა, რომ ექიმთან მივიდეს კაცი და უთხრას, თავი მტკივაო, ექიმმა კი ურჩიოს, მოდი, თავი მოიჭერი და აღარ გეტკინებაო. თუ ანტიმონოპოლიურ სამსახურში კორუფცია იყო და ამის გამო უნდა გაუქმებულიყო, მაშინ კორუფცია იყო მთელ საქართველოშიც და ხომ დანაშაული იქნებოდა გვეფიქრა ქართული სახელმწიფოს გაუქმებაზე!

მიხეილ სააკაშვილს უყვარდა მთავრობის სხდომების საჯაროდ, ტელევიზიით გადაცემა. ერთხელაც პრეზიდენტი აღშფოთებული საუბრობდა, საქართველოში მარილი გაძვირდა, მონოპოლიაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსასპობადო. მთავრობის სხდომაზე წამოდგა შს მინისტრი და უთხრა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, სამინისტროს მარაგებიდან ქსელში მარილი გავიტანეთ, ფასები დავწიეთ და მონოპოლია აღარ არისო. გახარებულმა პრეზიდენტმა მას უთხრა, ახალ დავალებას გაძლევ, შეისწავლე, რა ხდება შაქრის ბაზარზე, იქაც მონოპოლიაა და იმასაც უნდა ვებრძოლოთო.

ახლა ნახეთ კურიოზული საკითხი - მაშინ, როცა ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს და მის ნაცვლად ფორმალური, ქმედუუნარო სამკაციანი სააგენტო შექმნეს, შსს-მ, რომელიც ძირითადად პოლიციაა, მარილის მონოპოლია საკუთარი მარაგების ბაზარზე გატანით "დაამარცხა". იბადება პასუხგაუცემელი კითხვები, საიდან ან რატომ ჰქონდა სამინისტროს ამდენი მარილი? რა ფასად იყიდა ან რა ფასნამატით გაყიდა? რომელ ქსელში გაიტანა, როცა სახელმწიფოს სავაჭრო ქსელი არა აქვს? და სად წავიდა ამოღებული თანხა? ასეთ მტკივნეულ ეპოქაში ვცხოვრობდით, ხოლო თითქმის ყველა ის, ვინც დღეს მთავრობას აკრიტიკებს ფასების დარეგულირების საკითხში, მაშინ, უკეთეს შემთხვევაში, ხმას არ იღებდა.

დღეს კი, რა თქმა უნდა, ის კომისია, რომელიც შეიქმნა, ინსტიტუციურად გამართლებულია. მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და პროცესი მკაცრად კანონის ჩარჩოებში დარჩეს.

- ვიდრე ამას ვნახავთ, თქვენ რას ფიქრობთ, ფასების სიძვირე ხელოვნურია? ამ მაღალ ფასებს რა განაპირობებს და როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს?

- ოპოზიცია ხშირად ამბობს, მოდი, შევამციროთ ან გავანულოთ გადასახადები და ფასები დაიწევსო. რეალურად, ფასები გადასახადების ცვლილებით კი არა, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით დადგინდება. თუ ბიზნესს გადასახადებს შეუმცირებ, ის ფასს კი არ დასწევს, არამედ მეტ მოგებას მიიღებს. ამიტომ ფასების შესამცირებლად აუცილებელია რეალური კონკურენტული გარემო.

იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ფასების მაღალ დონეს ზოგადად იმპორტი და უშუალოდ საწვავის ფასის ზრდა განაპირობებს, ქვეყნის შიგნით კი - კარტელური გარიგებები. ამ ყველაფერს კანონის ფარგლებში შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.

- ცოტა ხნით მაღალი ფასები გვერდით გადავდოთ, ქვეყანაში არ არის კარტელური გარიგებები?

- მე მაქვს განცდა, რომ ასეთი გარიგებები ნამდვილად არის, მაგრამ ერთია განცდა და მეორე - საკითხის კვალიფიციურად შესწავლა. მე, როგორც მეცნიერს, რომც მქონოდა სურვილი, ამას ვერ შევისწავლიდი, რადგანაც ამისთვის საჭიროა კანონმდებლობით აღჭურვილი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, კანონის საფუძველზე გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტები და შეისწავლოს. სწორედ ამიტომ არსებობს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო.

- რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი რაღაც შედეგამდე მიგვიყვანს?

- ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ პოზიტიურ შედეგს მოიტანს, თუმცა მთავარია, რამდენად შთამბეჭდავი იქნება ის და გამოიწვევს თუ არა ფასების მნიშვნელოვან შემცირებას. იქ, სადაც იმპორტი ძვირდება, ასეთი კომისიაც პრაქტიკულად უძლური იქნება, თუმცა კარტელური გარიგებების შემთხვევაში, მას შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ამიტომ ფრთხილ პოზიტიურ შედეგებს ველი, თამამი პროგნოზის გაკეთებისგან კი ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- მაღალ ფასებზე მუდმივად არის ლაპარაკი და პრემიერმა ახლა გააკეთა განცხადება, თითქოს აქამდე ეს პრობლემა არ ყოფილა. კორუფციაზე წლებია მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი, მაგრამ ახლა დასჭირდათ და დაიჭირეს ყოფილი პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები. ეს ყველაფერი ხომ არ არის რაღაც შიგა დინებების შედეგი და რეალურად რას მოიტანს?

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური მოვლენა და გადაწყვეტილებაა, თუნდაც ამის უკან გარკვეული შიგა დინებები იდგეს. როდესაც კორუფციის წინააღმდეგ იწყება ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება დაკავებულ პრემიერ-მინისტრს, საუბარია იმაზე, რომ მას ბიუჯეტიდან ფული არ მოუპარავს, მაგრამ სახლში 6,5 მილიონი დოლარი ჰქონდა შენახული და მისი წარმომავლობა ლეგალური არ არის - იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყო და ეს ფული ბიზნესიდან, წესით, არ უნდა ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა და იყო მისი გათეთრების მცდელობა. მართალია, მე დადებითად ვაფასებ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მიღწევებს - განსაკუთრებით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ასოცირების შეთანხმებას თუ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ეს მას კორუფციის შესახებ კითხვებისგან არ ათავისუფლებს. წარმოუდგენელია, შინ ნაღდი ფულის სახით გქონდეს 6,5 მილიონი დოლარი. ბიზნესმენებსაც კი თანხა ბანკებსა და სხვადასხვა აქტივში აქვთ. ეს ფულის გათეთრების მცდელობაზე მიუთითებს, შესაბამისად, ამის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტია.

ნებისმიერ შემთხვევაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სჯობს პოლიტიკური მოსაზრებებით მასზე თვალის დახუჭვას, რადგან ეს სახელმწიფოსთვის ძალიან დამაზიანებელია. მეტიც, კორუფციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ახალი რეიტინგებით საქართველო პროგრესს განიცდის და არა მხოლოდ ევროკავშირის ყველა კანდიდატ, არამედ ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი უსწრებს. ასევე მომეწონა მთავრობის ამბიციური განცხადებაც, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაბალი კორუფციის მქონე ქვეყნების სამეულში უნდა შევიდეს. ეს წინსვლა რეალურია, მას დასავლური ინსტიტუტები ერთიანი მეთოდოლოგიის საფუძველზე ადგენენ. ასე რომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მისასალმებელია და ის ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ აქტს წარმოადგენს.

წაიკითხე ვრცლად