რუსული "გერანების" ნავარდი კიევის ცენტრში ანუ როგორ ეხმარება ილონ მასკი თავისდაუნებურად პუტინს უკრაინის წერტილოვან დაბომბვებში - კვირის პალიტრა

რუსული "გერანების" ნავარდი კიევის ცენტრში ანუ როგორ ეხმარება ილონ მასკი თავისდაუნებურად პუტინს უკრაინის წერტილოვან დაბომბვებში

გუშინ, 26 იანვრის შუადღისას, კიევის, უკვე მრავალისმნახველი მაცხოვრებლებიც კი გაოცებული დარჩნენ, როდესაც დედაქალაქის ცენტრის თავზე დაბალ სიმაღლეზე წრეებს არტყამდა რუსული კამიკაძე-დრონი „გერან-2“-ი...

საქმე ის არის, რომ ირანული „შაჰიდ-136“-ის რუსულ კლონებს „გერან-2“-ებს კრემლი ისედაც იყენებს ყოველ ღამით უკრაინულ ქალაქებზე შესატევად, მაგრამ დედაქალაქი კიევი ყველაზე მეტადაა დაცული საზენიტო საშუალებებით და რუსულ „გერანს“ ასე „თავხედურად“ აქამდე არ „უნავარდიათ“ კიევის ცენტრის თავზე, მათ დედაქალაქის მისადგომებთან აგდებდნენ...

მაშინ რა მოხდა და რატომ იზრდება საფრთხე კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისთვის?

როგორც აღმოჩნდა, რუს ოკუპანტებს „გერანის“ ტიპის კამიკაძე-დრონებზე დაუმონტაჟებიათ ილონ მასკის „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის ანტენები, რაც მათ უზუსტესი საჰაერო დარტყმის უნარს ანიჭებს...

თავდაპირველად, ამ ომის პირველი ეტაპიდან რუსეთი იყენებდა ირანში ნაყიდ „შაჰიდ-136“-ებს, შემდეგ მათ კლონებს „გერან-2“-ებს, რომელთა მართვის სისტემა მოიცავდა ინერციულ და GPS სისტემებს ანუ სტარტაღებული „შაჰიდი/გერანი“ უკრაინაში სამიზნემდე მიფრინავდა ინერციული სისტემის დახმარებით, რომელიც ფრენის მარშრუტზე აგროვებდა ცდომილებას, რომლის გამოსწორებას ახდენდა GPS სისტემის დრო და დრო ჩართვა,რის შედეგადაც ეს რუსული კამიკაძე-დრონი უძრავ სამიზნეზე(რომლის კოორდინატები სტარტამდე იყო შეყვანილი დრონის მართვის სისტემის მეხსიერებაში) ათიოდე მეტრი სიზუსტით გადიოდა.

1-ger-1769502814.jpg
ირანული „შაჰიდის“ რუსული კლონი „გერანი“ კვლავ რჩება დიდ საფრთხედ უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობისთვის...

ომის შემდგომ ეტაპზე უკრაინელმა სამხედროებმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების უფრო ფართოდ გამოყენების შედეგად მიაღწიეს „გერანების“ GPS სისტემების მეტ-ნაკლებად ჩახშობას უკრაინული ქალაქების სიახლოვეს და, შესაბამისად, ამ რუსულ კამიკაძე-დრონებს გაუჭირდათ მიზნების ზუსტად დაზიანება, რადგან მართვის ინერციული სისტემა არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით და უფრო მეტ ცდომილებას აგროვებს, რაც უფრო შორ მანძილზე მიფრინავს.

თითქოს რუსული „შაჰიდ/გერანებისგან“ მომდინარე საფრთხის დონე უკრაინელმა სამხედროებმა შეამცირეს და მშვიდობიანმა მოსახლეობამაც ცოტათი ამოისუნთქა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ შეიმჩნევა, რომ რუსული კამიკაძე-დრონების თავდასხმები ბევრად უფრო ზუსტი გახდა და თანაც არა მარტო უძრავი სამიზნეების მიმართ - რუსულმა „გერანებმა“ მოძრავი სამიზნეების - სარკინიგზო შემადგენლობებისა და თვით ცალკეული ავტომობილების ზუსტი აფეთქებებიც კი დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ GPS სისტემების ჩახშობა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაძლიერდა...

მოძრავ სამიზნეზე დრონის ზუსტად „გასვლა“ კი იმას მიანიშნებს, რომ ამ „გერანს“ ოპერატორი „ლაივ“ რეჟიმში მართავს და ამხელა „გერანი“, ფაქტობრივად, იმ მინიატურულ FPV-დრონად გადაიქცა, რომლებსაც ფრონტის ხაზზე ათასობით იყენებენ მებრძოლი მხარეები.

მაგრამ, FPV-დრონის მოქმედების რადიუსი მხოლოდ 20-40 კილომეტრია, სადამდეც წვდება ოპერატორის ვიდეოსიგნალი, მაშინ, როდესაც „გერანის“ გაშვება უკრაინული სამიზნიდან რამდენი ასეული კმ-ის დაშორებიდან ხდება.

ჩამოვარდნილ/ჩამოგდებულ მოდერნიზებულ „გერან-2“-ზე უკრაინელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ვიდეოკამერა და თბოვიზორიც, რაც ამ „გერანების“ დისტანციურად მართვის საშუალებას იძლეოდა, დღისითაც და ღამითაც (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი „შაჰიდ/გერანები“ „გაუშვი-დაივიწყეს“ პრინციპით მოქმედებდნენ და მათზე არ ეყენა ვიდეოკამერები), მაგრამ მაინც რჩებოდა მთავარი კითხვა - ამდენი ასეული კმ-ის სიშორიდან როგორ ახერხებდა რუსი ოპერატორი ვიდეოსიგნალის გადაცემა-მიღებას?

2-ger-1769503359.png
უკრაინელი სპეციალისტი ათვალიერებს ჩამოგდებულ რუსულ „გერან-2“-ს...

თავიდან იყო ეჭვი, რომ ერთმანეთის მიყოლებით სტარტაღებული და მფრენი „გერანები“, ერთმანეთის დახმარებით, მწკრივში აწვდიდნენ ვიდეოსიგნალებს მართვის პუნქტს, მაგრამ როდესაც მხოლოდ ერთი „გერანი“ კიევის ცენტრის თავზე თითქმის ნახევარი საათი დაფრინავს და ირჩევს სამიზნეს, აქ საქმე უკვე სხვანაირადაა...

და მართლაც, ჩამოგდებულ „გერანზე“ აღმოჩინეს „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის ანტენები...

სწორედ იმ „სტარლინკის“, რომლითაც ასე ამაყობს ილონ მასკი!

ილონ მასკს რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე უდიდესი საქმე აქვს გაკეთებული უკრაინისთვის, როდესაც რამდენიმე ათეულათასი „სტარლინკის“ ანტენა აჩუქა უკრაინას, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები წარმატებით იყენებდნენ და იყენებენ საბრძოლო მოქმედებების დროს.

თუმცა შემდგომში, ილონ მასკის მითითებით, რამდენჯერმე დაიბლოკა „სტარლინკის“ სისტემის ფუნქციონირება უკრაინის ტერიტორიაზე და თანაც სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინის გენშტაბი სერიოზული კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებას იწყებდა და ეს ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა მასკისა და პუტინის სატელეფონო საუბრებს.

ამჟამად უკრაინის არმია ისევ იყენებს ილონ მასკის „სტარლინკს“ (რისი მომსახურების ფასსაც პოლონეთი იხდის), თუმცა ფრონტის ხაზზე მისით სარგებლობა რუსმა ოკუპანტებმაც დაიწყეს.

მართალია, რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს „სტარლინკი“ და მისი ანტენებიც ოფიციალურად არ იყიდება რუსეთში, მაგრამ რუსი სამხედროები მათ კონტრაბანდულად იღებენ და ამუშავებენ ფრონტის ხაზის გასწვრივ, სადაც „სტარლიკი“ მოქმედებს უკრაინის არმიის ინტერესებში.

„გერანზე“ დაყენებული „სტარლინკის“ სისტემის მოქმედების ჩახშობა, როგორც ეს GPS-ის შემთხვევაში ხდება, ურთულესია.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ძალებს მოუყარა თავი ამერიკამ ირანის წინააღმდეგ და როდის დაიწყება დიდი ოპერაცია?!

მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალს სამხედრო ტექნიკა გადასცა,რაც უკრაინაში მებრძოლმა რუსმა სამხედროებმა გააპროტესტეს...

ტრაგიკომედია რუსულად: სამ ასოზე გაშვებულ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვისთვის რუსული სასამართლო უკრაინელი ოფიცრისგან 2,2 მლრდ რუბლის კომპენსაციას მოითხოვს

გეოპოლიტიკური "ცისფერი მთები" ანუ გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი... ოღონდ ალაგ-ალაგ?!

სამაგიეროდ, სადღაც, რუსეთის შუაგულში, თბილ ოთახში, მოხერხებულ სავარძელში მოკალათებული ოპერატორი, სწორედ ილონ მასკის „სტარლინკის“ სისტემის მეოხებით უშუალოდ უკრაინის ცაში უპრობლომოდ მართავს „გერანს“ და ის არათუ უძრავ, მოძრავ სამიზნეზეც ერთი-ორი მეტრის სიზუსტით გაჰყავს...

3-ger-1769503370.png
ჩამოგდებულ რუსულ „გერანზე“ აღმოჩენილი მართკუთხედი ფორმის „სტარლინკის“ ანტენის ფრაგმენტები...

„სტარლინკის“ დაყენება რუსულ „გერანს“ სიჩქარეს ვერ მოუმატებდა, მაგრამ ის მაინც უფრო ძნელად ჩამოსაგდები გახადა, რადგან ოპერატორს შორი მანძილიდან მისი მართვა შეუძლია, რათა გვერდი აუაროს უკვე გამოვლენილ უკრაინულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ამასთან, „გერანის“ ფრენა განახორციელოს ძალიან დაბალ (50-100 მ) სიმაღლეზე, რაც ძალზე ართულებს ამ „გერანების ადრეულ აღმოჩენასა და მათ ჩამოგდებას...

ილონ მასკის „სტარლინკის“ სისტემით აღჭურვილი რუსული „გერანებისა“ და სხვა ტიპის კამიკაძე-დრონების მომრავლება უკრაინის ცაში კიდევ ერთ დიდ საფრთხეს ქმნის აგრესორ რუსეთთან ისედაც ასეთ უთანასწორო ომში მყოფი უკრაინისთვის...