"სოსოს დედა გვიყვებოდა, - ოპერაცია გაიკეთა, წონაში დაიკლო და ახლა კარგად არისო. თავი რატომ უნდა მოეკლა, როდესაც ბედნიერი ოჯახი ჰქონდა?"
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის, 52 წლის სიმონ (სოსო) წაქაძის ცხედარი 26 იანვარს, სუს-ის შენობასთან, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში ნახეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ნახეს წერილიც, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
"ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი იყო, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა."რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს", - ამბობენ სუს-ში.
მოგვიანებით სუს-მა დამატებით გაავრცელა ინფორმაცია მომხდარზე და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს. “კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით. უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს. უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბუნებრივია საზოგადოებაში მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებებია და ეჭვებია - მომხდარი ტრაგედია განხილვის საკითხი გახდა და ახლა ელოდებიან გამოძიების დასრულებას. სოსო წაქაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირიდან იყო. მას და მის ოჯახს მთელი სოფელი იცნობს და ყველა განიცდის მომხდარს. გარდაცვლილი უკვე მიასვენეს მშობლიურ სოფელში და ოჯახი სამძიმარს იღებს. თანასოფლელებს ძალიან უკვირთ მომხდარი, ამბობენ, რომ მთავარ კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ელოდებიან. მათი თქმით, სოსო დეპრესიული ადამიანი არ იყო. რა წერია წერილში, რომელიც მან დატოვა, ამის გარკვევას ყველა ცდილობს.ერთ-ერთი ინფორმაციით, წაქაძე აქტიურად მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამოძიებაში, თუმცა ამაზე ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს.