"ამის ნახვა ჩემთვის შოკი იყო, ძალიან მტკივნეული" - რას ჰყვება ნუცა შანშიაშვილი
"ვმუშაობ, არ ვჩერდები, სიმღერების წერას ვაგრძელებ, დასრულდა ის პერიოდი, როცა სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებს ვუწერდი. მინდა სრულიად ჩემს ქართველ ხალხს დავუთმო ის ნიჭი და შესაძლებლობა, რაც გამაჩნია", - ამბობს მრავალმხრივ ნიჭიერი შემოქმედი, მხატვარი, მსახიობი, მუსიკოსი და კომპოზიტორი ნუცა შანშიაშვილი, რომელმაც სულ ახლახან ორი ალბომი, ჯამში კი 26 სიმღერა ჩაწერა...
ნუცა შანშიაშვილი სიახლეებზე ნიუ-იორკიდან გვესაუბრა.
- ქალბატონო ნუცა, რამდენი წელია, რაც საქართველოში არ ჩამოსულხართ?
- ორი წელია და ეს შედარებით პატარა დროა... 30 წლის წინ, რუსეთში რომ წავედი, სამწუხაროდ, 6 წელი საქართველოში ვერ ჩამოვედი. ახლა ორი წელი მართლაც არ მეჩვენება ბევრი, თან დრო ისე მიქრის, უკან მოხედვას ვერ ვასწრებთ. დრო რომ ასე არანორმალურად აჩქარდა, იმის ბრალია, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება. ცივილიზაციური ეტაპი ჩვენი არსებობისა ახალ ვიბრაციაზე გადადის.
- როგორია თქვენი დღევანდელობა შემოქმედებითი კუთხით?
- ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი... ვმუშაობ, ჩემს საქმეს ვემსახურები, ორი ალბომი გამოვუშვი - "სათამაშო ვიყავი", "სიყვარულის ზღაპრები"... ჯამში, 26 სიმღერაა, რომლებიც მსოფლიოს ძალიან ბევრ პლატფორმაზეა ატვირთული. ჩემი დაწერილია ტექსტი, მუსიკა, როიალზე თავად ვუკრავ. ისეთი სიმღერებია, ჩართავ და მოგყვება, დიდ სტიმულს, კარგ ენერგიას გაძლევს...
არ ვჩერდები, სიმღერების წერას ვაგრძელებ.

დასრულდა ის პერიოდი, როცა სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებს სიმღერებს ვუწერდი. მინდა სრულიად ჩემს ქართველ ხალხს დავუთმო ის ნიჭი და შესაძლებლობა, რაც გამაჩნია. ისე არ არის, რომ საგანგებოდ ვჯდები და ვმუშაობ, რაღაც თავისით მოდის და სასწრაფოდ უნდა ჩავწერო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სწორ ტალღაზე გადავედი. ამ ქაოსში ძალიან ბევრი ადამიანი ეკარგება სამყაროს, ძალიან დიდი ნეგატივია მომძაფრებული, დიდი ილუზორული შიშებია, ადამიანები ამას ან გადალახავენ, ან წაიღებს ყველაფერს ეს მორევი. მე კარგად ვგრძნობ თავს, ჩემი სამყარო მაქვს, ჩემი ხელოვნება, რასაც ვემსახურები...
- ადრე ბევრი გასტროლი გქონდათ, ახლაც ასეა?
- არა, ახლა დიდი კონცერტისთვის ვემზადები. მუშაობის პროცესში უფრო ვარ, ვიდრე მოგზაურობის, გასტროლების... რასაც ვაკვირდები, ყველაფერი ონლაინ, ინტერნეტმოხმარებაზე გადადის. თუ ინტერნეტსამყაროში შენი ადგილი უკვე მოპოვებული გაქვს, ეს უკვე იმის საშუალებას გაძლევს, სამყაროს თავისუფლად გაუზიარო შენი ხელოვნება.
ადრე, დილით ერთ ქალაქში ვიყავი, საღამოს - მეორეში, ადამიანს აღარ ვგავდი. ნაყოფიერი შრომა იყო და დაღლაც უბედნიერესი, მაგრამ სხვა წლები იყო, ამ ყველაფერს ვუძლებდი, საჭიროება მოითხოვდა. ახლა, როდესაც სამყარო შენ იმის საშუალებას გაძლევს, 3-4-ათასიანი დარბაზის მაყურებელი ონლაინ გყავდეს, რომელიც გაფასებს, შენი ხელოვნება უყვარს, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეს გიადვილებს. მოგეხსენებათ, გადაფრენები და გადასვლები რამდენად დიდ ენერგიას მოითხოვს.

- თქვენს შვილზე გვიამბეთ...
- შვილი წარმატებულია სპორტში, დადის ცურვაზე, კუნ-ფუზე უკვე 9 მედალი აქვს - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსი. სულ შეჯიბრებებში მონაწილეობს. ძალიან კარგად იცის ქართული, ქართულად ვესაუბრებით და რაც მთავარია, ქართული კითხვა იცის. ინგლისური მისი ენაა, რუსული იცის მაღალ დონეზე და ჩინურის გაძლიერებულ კლასშია.
ძალიან უყვარს საქართველო. ამბობს, კახელი ვარო და სულ მთხოვს კახეთში ჩავიდეთ. დღემდე ვერ მოვახერხე, საქართველოში მხოლოდ თბილისი-ქობულეთია ჩვენი მარშრუტი... სხვათა შორის, სულ ახლახან, სპექტაკლი ჰქონდა სკოლაში, სადაც მსახიობთა დასში გაწევრიანდა. აი, რას ნიშნავს გენები.

- დედა, ქალბატონი მზია მაღლაკელიძე ამერიკაში როგორ გრძნობს თავს, კვლავაც აქტიურია?
- რაც შეეხება დედას, ახლა უმეტესწილად სახლშია, რადგან ნიუ-იორკში საკმაოდ არასტაბილური ამინდებია, ვირუსები და ასე შემდეგ... ისე კი მაქსიმალურად ვცდილობ, დავაძალო, რომ ივარჯიშოს. მე სავარჯიშო დარბაზის გარეშე არ შემიძლია. ვარჯიშის შემდეგ დიდი ენერგია მეძლევა. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ წლების მატებაზე, არც არის ეგ საინტერესო.
ადამიანმა წლების მატებაზე კი არა, თავის შინაგან კულტურულ განვითარებაზე უნდა იფიქროს სულ.
ძალიან კარგი ნათქვამია, ასაკში კი არ უნდა დაბერდე, უნდა დაბრძენდეო... ასაკი იმიტომ კი არ გეძლევა, დაბერდე, დაჩაჩანაკდე და გაუბედურდე, არამედ, სულიერი განვითარების სწორ დონეს უნდა მიაღწიო.
მე პირადად, არცერთ წუთს უკან არ გადავახვევდი. დღეს როგორიც ვარ, ძალიან მომწონს ჩემი თავი და უფრო მეტ განვითარებასაც ვაპირებ. ეს ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, ჩემი შრომიდან გამომდინარეა.

- ამერიკა შესაძლებლობების ქვეყნაა... თუ გიფიქრიათ ოდესმე საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებაზე?
- ამერიკა ნამდვილად არის შესაძლებლობების ქვეყანა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შინაგანი თავისუფლება, რაც მაქვს, ყველგან წამყვება და ვიქნები ის, რაც ვარ. ამიტომაც აღმოვჩნდი ალბათ ამერიკაში. არ ვიცი, რას გადავწყვეტ. ხვალინდელ დღეზე არასოდეს ვფოქრობ, რადგან არავინ ვიცით, ხვალ რა იქნება. გუშინ რაც იყო, უკვე წარსულს ჩაბარდა.
რაც უფრო მეტი საშუალება მექნება, საქართველოში ხშირად ჩამოვიდე, ჩემი წინაპრების მოგონებებს ჩავეხუტო, ჩემს სახლ-კარს, მამას სახლ-მუზეუმს, მამის, საყვარელი ადამიანების საფლავებზე მივიდე, მით უფრო კარგად ვიგრძნობ თავს. საცხოვრებლად კი იმ ადგილს ავირჩევ, სადაც ჩემი პიროვნული განვითარების გზა მიმიყვანს...
ჩვენი სამშობლო ძალიან დიდი ისტორიის, კულტურის ქვეყანაა და ამას წინათ, ერთი რამ ძალიან მტკივნეულად მომხვდა გულზე: მეტროპოლიტენ მუზეუმში ვიყავი, სადაც უზარმაზარი რუკაა გადაჭიმული, ძველი იმპერიები, სხვადასხვა სახელმწიფოებია - ეგვიპტე, სპარსეთი, სასომხეთი, სხვა ქვეყნები იყო და საქართველო არა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შოკი, ტკივილი იყო. ჩვენ ძალიან ძვირფასი გენის მატარებელი ერი ვართ, ქართული ენა თავისი ფესვებით შუმერულთან ჩადის. კაცობრიობის განძია საქართველო, საგანძურია. ბედნიერი ხალხი ვართ, კარგი ხასიათი გვაქვს და ზედმეტებით არ ვიტანჯავთ თავს და ალბათ საკუთარი სიმდიდრეზეც არ ვზრუნავთ, რაც მაგალითად დიდებულ ებრაელ, სომეხ ხალხს მოდგამს. კარგი იქნებოდა, ჩვენც თუ მეტად ვიზრუნებდით, ჩვენი დიდი ისტორიის შესახებ მსოფლიო მასშტაბით ბევრს გაეგო.
(სპეციალურად საიტისთვის)