"პასუხს ვერ მოვთხოვ იმ ცნობილ ექიმს, ვინც ბრმა ნაწლავის და სწორი ნაწლავის პრობლემები ვერ გაარჩია" - პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"პასუხს ვერ მოვთხოვ იმ ცნობილ ექიმს, ვინც ბრმა ნაწლავის და სწორი ნაწლავის პრობლემები ვერ გაარჩია" - პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა სანდრო ღლონტი ისევ კეთილი ხალხის დახმარების იმედად არის დარჩენილი. სანდრო, ფაქტობრივად, დაბადებიდან იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის. მას იშვიათი დაავადება – ჰირშპრუნგის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, რაც გამოწვეულია ბავშვის მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით.

პატარა ბიჭმა ურთულესი დღეები გამოიარა. 2 წელზე მეტი დასჭირდა ოჯახს, რომ გაეგო დიაგნოზი, თუ რა სჭირდა ბავშვს. ამ დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ოჯახმა ხალხის დახმარებით, ბავშვი თურქეთში არაერთხელ წაიყვანა და სანდროს იქ ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია.

როგორც სანდროს დედა, მარიამ ციცხვაია ამბობს, სანდროს რეაბილიტაცია ისევ სჭირდება და ისევ ხალხის დახმარების იმედად არის დარჩენილი, რადგან 8 000 დოლარია ახლა საჭირო, რომ ბავშვი კვლევებზე ისევ თურქეთში წაუყვანოს. ოჯახს ამისთვის საჭირო თანხები არ აქვს.

სანდროს დედა, მარიამ ციცხვაია:

- სანდრომ უკვე იცის, რომ სტამბოლის კლინიკაში ჩასულს, უშველიან, შეუმსუბუქებენ ტკივილს, რომელიც პერიოდულად ასე აწუხებს. შეეჩვია... დაიღალა ამ ყველაფრით, მაგრამ ითხოვს წასვლას იმ იმედით, რომ მალე კარგად უნდა გახდეს...

ძალიან რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ სხვისი უვიცობის თუ დაუდევრობის გამო, წლების განმავლობაში იტანჯება შენი შვილი. თავის დროზე მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა, ცხოვრებისეულ სირთულედ, დაუსრულებელ ტკივილად და ნერვიულობად იქცა. შეუძლებელია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ სიტუაციასთან გამკლავება ფიზიკურად, ემოციურად თუ მატერიალურად. ბევრი მეკითხება - რატომ გაგრძელდა სანდროს რეაბილიტაცია ასე დიდხანს, იქნებ არასწორად გაუკეთდა ეს ოპერაცია თურქეთში, იქნებ სხვასთან წაიყვანოო. ერთი წუთითაც კი არ მეპარება ეჭვი სანდროს თურქი ექიმების პროფესიონალიზმში და სისწორეში. იცით, კიდევ რამხელა რაღაცებს გადაგვარჩინეს?! ერთადერთი და მთავარი პრობლემა ისაა, რომ 2 წელი არასწორი დიაგნოზით დავრბოდით ქართველ ექიმებში და ყოველი მათგანი ერთმანეთის მიერ დასმული არასწორი დიაგნოზით ხელმძღვანელობდა და როცა რამდენიმე ექიმი ერთსა და იმავეს გეუბნება, შენც უჯერებ სამწუხაროდ, საბოლოოდ კი, ამ ყველაფერმა იმდენად გააუარესა სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღესაც კი ამდენს წვალობს გამოსაჯანმრთელებლად.

ეს დიაგნოზი რომ თავის დროზე დასმულიყო, დღეს ყველაფერი კარგად იქნებოდა! თვითონ თურქმა ექიმებმაც ეს თქვეს - ასე გვიან მსგავსი ოპერაცია ჯერ არ გაკეთებულაო, სანდრო იყო პირველი, ვისაც 2+ წლის ასაკში მოუწია ოპერაციის გაკეთება, შესაბამისად, ასეთი ხანგრძლივი და რთულია მისი რეაბილიტაცია. დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ ბევრ სხვა პრობლემას მისცა პროვოცირება, ყველაფერთან ერთად ბრძოლა კი ძალიან რთულია, მით უმეტეს, ერთი მეორეს რეაბილიტაციას ხელს უშლის.

აზრი არ აქვს პასუხი მოვთხოვო იმ ექიმებს, ვინც თვენახევარი ინკუბატორში მყოფ ბავშვს ,,აკვირდებოდა” და სწორ დიაგნოზთან ახლოსაც კი არ იყო. სამშობიაროს გამგე პასუხად მის დაქვემდებარებაში მყოფ ექიმებს აბრალებდა ამ გაურკვევლობას. აზრი არ აქვს პასუხი მოვთხოვო იმ ექიმებს, ვინც სამშობიაროდან გამოტანილი დიაგნოზით ხელმძღვანელობდა და დამატებით კვლევებს არ აკეთებდა, პასუხს ვერ მოვთხოვ იმ ცნობილ ექიმს, ვინც ბრმა ნაწლავის და სწორი ნაწლავის პრობლემები ვერ გაარჩია და კიდევ ათასი სისულელე. მაშინ, როცა რეალურად ეს დიაგნოზი დაბადებიდან 48 საათშიც კი ისმევა, ჩვენ 2 წელი დავკარგეთ და ამასთან ერთად ამ 2 წლის განმავლობაში არასწორი მკურნალობის გამო სანდროს მდგომარეობა დამძიმდა.

ამიტომ, ახლაც კი, ამდენი ხნის შემდეგ, ისევ აუცილებელია სანდროს დროულად წაყვანა სტამბოლის კლინიკაში, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ სანდროს ამ მდგომარეობიდან გამოყვანას. ამ ეტაპზე, წამლების დოზები გაგვიზარდა ექიმმა, პერიოდულად ოყნები სჭირდება, რომ ბოლომდე დაიცალოს ნაწლავი, აქვს სპაზმები და ტკივილები, სავარაუდოდ, რაღაცა ისეთს ვაძლევ, რაც არ ეჭმევა და არ ვიცი ჯერჯერობით რა არის ეს პროდუქტი, ეს აძლევს ამ სპაზმებს.

8 000 დოლარია კვლევებისთვის საჭირო, მესამედი შევკარით ამ ეტაპზე. უნდა გაუკეთდეს 300 ალერგენის ანალიზი, რომ დადგინდეს რისი აუტანლობა აქვს ბავშვს, გლუტეინის აუტანლობის გარდა, რადგან როგორც ექიმმა თქვა, სავარაუდოდ, რაღაცის აუტანლობა გამოიხატა კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ უგლუტეინო დიეტასაც იცავს ბავშვი და წამლებსაც სვამს, რაღაც მაინც აძლევს ცუდ რეაქციას და ეს ხელს უშლის დაზიანებული ნაწლავის რეაბილიტაციას, ასევე, ირიგოგრაფიით უნდა დათვალიერდეს ნაოპერაციევი ნაწლავი, ჩადგა თუ არა ფორმაში, ზოგჯერ საშინლად ებერება ხოლმე ისევ მუცელი, ასევე, უნდა შემოწმდეს სხვა ორგანოების ფუნქციები, რადგან ორგანოების უმეტესობას დეფორმაცია აქვს ,,ჰირშპრუნგის” გამო.

ის 2 წელი, სანამ ოპერაცია გაუკეთდებოდა ნაწლავზე, ეს გადაბერილი და გადავსებული ნაწლავი აწვებოდა სხვა ორგანოებს და ამიტომ დეფორმირდა ისინი.

ისევ მჭირდება თქვენი დახმარება, კეთილო ადამიანებო. ძალიან მიმძიმს ისევ თხოვნა რომ მიწევს, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, ჩემი შვილის კარგად ყოფნისთვის ვიბრძვი. ნუ დამტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო, ისევ თქვენი დახმარების იმედი მაქვს... იმდენი ვალი მაქვს აღებული, რომ ანგარიშის ნომერსაც ვერ ვუთითებ. ამიტომ, ჩემი დის ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა.

ჩვენთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.მადლობა თანადგომისთვის!

მიმღები - ბავშვის დეიდა, ნატო ციცხვაია:

GE82TB7222745064300039 – თიბისი ბანკი

GE45BG0000000499299255 - საქართველოს ბანკი