"ამერიკელებმა ტანკერ "მარინერას" ქართველი კაპიტანი ბრიტანეთიდან გაიყვანეს": ირღვევა თუ არა საქართველოს მოქალაქის უფლებები?! - რას წერს BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ რუსული სამსახური (BBC russian) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რა ხდება ტანკერ „მარინერასა“ და მისი ეკიპაჟის ირგვლივ: ამერიკელებმა გემის ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთიდან გაიყვანეს“. პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ დაკავებული რუსული დროშით მცურავი ტანკერის ეკიპაჟის მდგომარეობა: რა ბედი ეწიათ მეზღვაურებს?
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ „მარინერას“ კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც ცნობილია, რუსეთის დროშით მცურავი ეს გემი ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს იმ ეჭვის საფუძველზე, რომ სხვადასხვა დროს მას ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა დაკავებისას ტანკერი ცარიელი იყო.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებით, კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე (იგი საქართველოს მოქალაქეა, 47 წლისაა და ბათუმში ცხოვრობს) და მისი თანაშემწე ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ „მუნროს“ ბორტზე იმყოფება. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები - რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები - დიდ ბრიტანეთს მალე დატოვებენ.
სასამართლო შოტლანდიაში
ის ფაქტი, რომ ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან უკვე გაყვანილი იყო, მხოლოდ სასამართლოს სხდომის დროს გახდა ცნობილი. სხდომაზე მისი ნათესავები ცდილობდნენ მიეღწიათ, რომ დაკავებული ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთიდან არ გაყვანილიყო. კაპიტნის მეუღლის - ნათია ძაძამიას ადვოკატების მტკიცებით, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის სასამართლოსა და ადამიანის უფლებების ევროპული კანონმდებლობის მიერ უნდა იყოს დაცული.
სასამართლომ მართლაც შეაჩერა ყოველგვარი მოქმედებები ავთანდილ კალანდაძის მიმართ იმ მომენტამდე, სანამ მისი საქმე უფრო ფართოდ არ იქნებოდა განხილული, მაგრამ ამ დროს შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა, ქალბატონმა რუთ ჩარტერისმა მოსამართლეს აცნობა, რომ კაპიტანი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფებოდა: „კაპიტანი და მისი თანაშემწე ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ „მუნროს“ ბორტზე იმყოფებიან და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული წყლებიდან გასულები არიან“, - თქვა მან.
სასამართლოს სხდომის შემდეგ კაპიტნის ცოლის [მიერ დაქირავებულმა] ადვოკატმა აამერ ანვარმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიიდან, „ფაქტობრივად გაიტაცა“. „ორ კვირაზე მეტხანს გემი, რომელსაც უცხოური [ამერიკული] შეიარაღებული ძალები იცავდნენ, შოტლანდიის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა, მაგრამ [ბრიტანეთის] ხელისუფლებას არავითარი ეფექტიანი ზომები არ მიუღია თავისი იურისდიქციის განსახორციელებლად და გემის ბორტზე მყოფი ადამიანთა კანონიერი უფლებების დასაცავად“, - ამბობს ადვოკატი.
ასევე დაგაინტერესებთ: "უნცია ოქროს ფასმა პირველად ისტორიაში 5 ათას დოლარს გადააჭარბა: რატომ ძვირდება „კეთილშობილი“ ლითონი?" - BBC
გემის ეკიპაჟის წევრების ბედი
აშშ-ის რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ცნობით, ამერიკული სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 5 ქართველის, 17 უკრაინელის, 3 ინდოელისა და 2 რუსი მეზღვაურისაგან შედგება.
შოტლანდიური სასამართლოს სხდომის დროს, რომელიც ონლაინრეჟიმით ჩატარდა, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის იმიგრაციულმა სამსახურმა ეკიპაჟის 25 წევრი ტანკერიდან სასტუმროში გადაიყვანა, ქალაქ ელგინში, რომელიც ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა „ლოსიმუტთან“ ახლოს მდებარეობს.
სამშაბათს, 27 იანვარს, ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ მეზღვაურები ელგინის სასტუმროს ტოვებდნენ, შემდეგ კი ისინი ქალაქ აბერდინის სასტუმროში დააბინავეს.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ეკიპაჟის ხუთი წევრი შოტლანდიიდან აშშ-ში მალე გაფრინდებიან, დანარჩენები კი - თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდებიან.
როგორც გენპროკურორმა რუთ ჩარტერისმა აღნიშნა, არც ერთ მეზღვაურს ბრიტანეთში თავშესაფარი არ უთხოვია, მათ თავიანთი ნებით მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარ ბედზე.
ჯერ კიდევ 9 იანვარს, ტანკერის დაკავების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ორი რუსი მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ 24 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს რუსი მეზღვაურები არ გაუთავისუფლებია და უცნობია, როდის შესრულდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ტანკერ „მარინერას“ ეკიპაჟში მართლაც იყვნენ უკრაინელი მოქალაქეები. BBC-ის უკრაინული სამსახურის ვარაუდით, ისინი, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინათ იყვნენ წასულები უკრაინიდან ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ყირიმში) ცხოვრობდნენ, თუმცა ეს ვარაუდი ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
მოამზადა სიმონ კილაძემ