"ყინულის მატლი": ამერიკელების ზესაიდუმლო პროექტი გრენლანდიაში - რა მისია ეკისრებოდა "საუკუნის ბანაკს" მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში
გრენლანდიის თემამ ანუ პრეზიდენტ ტრამპის დაჟინებულმა სურვილმა, რაც არ უნდა დაუჯდეს, აშშ-ს მიუერთოს დედამიწის ეს ყველაზე დიდი კუნძული, უკვე სერიოზულად დაძაბა არა მარტო აშშ-ისა და დანიის (რომელსაც ეკუთვნის გრენლანდია) ურთიერთობა, არამედ ნატოსა და ევროკავშირის წევრ კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთანაც, რაც დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ერთიანობაში დიდ ნაპრალს აჩენს რუსეთისა და ჩინეთის გასახარად.
თუკი პირველი "ცივი ომის" (რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო და 1991 წლის მიწურულამდე გაგრძელდა, საბჭოთა კავშირის ჩამოშლამდე) ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი არ ყოფილა, რომელსაც ასე სურს გრენლანდიის მიტაცება, სხვა ამერიკელი პრეზიდენტების პერიოდშიც არაერთი ზესაიდუმლო სახიფათო ექსპერიმენტი თუ გამოცდა ჩაუტარებიათ ამერიკელ სამხედროებს გრენლანდიის ტერიტორიაზე, რამაც ამ უნიკალურ კუნძულს დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა.
1941 წლის 9 აპრილს დანიის ელჩმა შეერთებულ შტატებში ჰენრიკ კაუფმანმა, რომელმაც უარი თქვა გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციის აღიარებაზე, ხელი მოაწერა დანია-ამერიკის თავდაცვის შეთანხმებას გრენლანდიისთვის, რომლის მიხედვითაც ამერიკის საჰაერო ძალებს გრენლანდიაში ბაზების აშენებისა და ჯარების განლაგების უფლება მიენიჭათ. შეთანხმება დაამტკიცა აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმა 1941 წლის 7 ივნისს, მაგრამ ხელშეკრულება რატიფიცირებული არ ყოფილა 1951 წლამდე, რის შედეგადაც საჰაერო ბაზა "ტულე" მუდმივ საჰაერო ძალების ბაზად გადაკეთდა.
ამრიგად, საჰაერო ბაზის ოფიციალური დაარსების თარიღი 1950-იანი წლები იყო. ამერიკული საჰაერო ბაზები უშუალოდ დანიის ტერიტორიაზეც ფუნქციონირებდნენ პირველი "ცივი ომის" დროს, თუმცა ოფიციალურმა კოპენჰაგენმა ამერიკელებს იქ ბირთვული საავიაციო ბომბების დასაწყობების უფლება არ მისცა. სამაგიეროდ, ამერიკულმა მხარემ გრენლანდიის საჰაერო ბაზა "ტულეში" განალაგა თერმობირთვული ბომბების გადამტანი Boeing B-52G ტიპის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენების საავიაციო ფრთა, რომლებიც ამ ბომბებით საპატრულო ფრენებს ასრულებდნენ საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ.
250-ტონიანმა ცეცხლწაკიდებულმა უზარმაზარმა Boeing B-52G ტიპის ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა გრენლანდიაში, ტულეს აეროდრომთან, რის შედეგადაც დაიმტვრა და გაიფანტა ოთხი თერმობირთვული საავიაციო ბომბის დეტალები...
1968 წლის 21 იანვარს გრენლანდიაში, საჰაერო ბაზა "ტულეს" ახლოს კატასტროფა განიცადა რვაძრავიანმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52G -მ, რომელსაც ოთხი თერმობირთვული ბომბი გადაჰქონდა. მართალია, ეს თერმობირთვული ბომბები არ აფეთქებულა, მაგრამ დაიშალნენ და კუნძულის კონკრეტული ნაწილი რადიაციულად დააბინძურეს, რისი დეზაქტივიზაციისთვის ამერიკელ და დანიელ სპეციალისტებს ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ - რადიოიზოტოპებით დაბინძურებული გრენლანდიის ყინულის ზედა ნაწილი მოიჭრა და სპეციალური კონტეინერებით გაიტანეს აშშ-ში ბირთვულ სამარხში მოსათავსებლად.
გარდა თერმობირთვული ბომბების ავარიული ჩამოვარდნისა, გრენლანდია ამერიკელი პოლიტიკოსებისა და გენერლების წყალობით ვერც... ყინულქვეშა ატომური რეაქტორის დაყენებას გადაურჩა.
"ყინულის მატლი" - სწორედ ასეთი საინტერესო შიფრი მიანიჭა პენტაგონმა ზესაიდუმლო პროექტს, რომლის განხორციელების მიზნით გრენლანდიაში 1959-67 წლებში ფუნქციონირებდა ამერიკული "საუკუნის ბანაკი", რომელსაც თეთრი სახლი წარმოადგენდა, როგორც არქტიკულ სამხედრო სამეცნიერო-კვლევით ბაზას. სინამდვილეში კი "საუკუნის ბანაკი" წარმოადგენდა სამი კმ საერთო სიგრძის 21 ყინულქვეშა გვირაბს, რომელშიც უნდა განთავსებულიყო "ყინულის მატლის" პროექტის სამეთაურო შტაბი, ყაზარმა ორას კაცზე, მაღაზია, ეკლესია და ა.შ.
ყინულქვეშა "საუკუნის ბანაკის" გასანათებლად, გასათბობად და მისი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთ ყინულქვეშა გვირაბში ამერიკელებმა დანიელებისგან ფარულად დაამონტაჟეს მსოფლიოში პირველი ნახევრად მობილური ატომური რეაქტორი, რომელიც გასაგრილებელ წყალს უშუალოდ გრენლანდიის ყინულებიდან იღებდა და შესაბამისად, ის რადიოაქტიურადაც დააბინძურა.
ყოველივე ეს ამერიკელებს სჭირდებოდათ "ყინულის მატლის" ასამოქმედებლად, რომელიც ითვალისწინებდა გრენლანდიის ყინულქვეშ... 4 000 კმ-ზე გვირაბების გაჭრას, რომლებშიც მალულად განთავსდებოდა საბჭოთა კავშირზე დამიზნებული 600-მდე კონტინენტთაშორისი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა.
მაგრამ ამერიკელების ეს გრანდიოზული და ფანტასტიკური სარაკეტო პროექტი განუხორციელებელი აღმოჩნდა, რადგან გრენლანდიის ყინულქვეშ გაჭრილი გვირაბები დროთა განმავლობაში დეფორმირდნენ და საჭირო შეიქნა მათი მუდმივად გამაგრება, რის გამოც 1967 წელს ამერიკელებმა უარი თქვეს ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების განთავსებაზე გრენლანდიის ყინულქვეშ გაჭრილ გვირაბებში და ატომური რეაქტორის დემონტაჟიც ჩატარდა, თუმცა დატოვეს დაკონსერვებული რადიოაქტიური და სხვა ნარჩენები.
გარდა ამისა, ამერიკელებს სწორედ გრენლანდიაში ჰქონდათ მოწყობილი Nიკე Hერცულეს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების წინწაწეული სასტარტო პოზიციები, რომლებსაც ადრეულად უნდა მოეგერიებინათ საბჭოთა ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, თუკი ისინი აშშ-ს არქტიკის მხრიდან შეუტევდნენ.
ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება საზენიტო რაკეტებით დღესაც კი ურთულესი საბრძოლო ამოცანაა, ხოლო 60 წლის წინ ეს თითქმის შეუძლებლად მიიჩნეოდა. ამიტომაც Nike Hercules-ის საზენიტო რაკეტები აღჭურვილი იყვნენ ბირთვული ქობინებით, რომელთა საბრძოლო გამოყენების შემთხვევაში რადიაციულ დაბინძურებას ისევ გრენლანდიის კუნძული მიიღებდა (თუმცა რა გვინდა შორეულ გრენლანდიაში, როდესაც პირველი "ცივი ომის" დროს ასევე ბირთვულქობინიანი საბჭოთა საზენიტო რაკეტები თბილისის გარშემო, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებშიც საბრძოლო მორიგეობაზე იდგნენ და მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში ევალებოდათ საჰაერო ბირთვული აფეთქებები ცაში, თუკი ნატოს ბომბდამშენები გამოჩნდებოდნენ).
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა ატომური „ჯორჯიიდან“ ირანს „ტომაჰავკები“ დაუმიზნა... რა მოხდება ხვალ?
თბილისში აწყობილი და შემდეგ მოპარული გამანადგურებლები ამერიკის ცაში
როკის გვირაბის საიდუმლოება - რატომ ვერ ააფეთქეს ქართველებმა ეს დაწყევლილი "შავი ხვრელი"?!
ყოველივე მიუთითებს, რომ