"ემიგრაციაში იძულებით წავედი" - მულახელი დათო ნავერიანის გზა ფილადელფიამდე და კაფე ამერიკაში, რომლის ყველა თანამშრომელიც ქართულად მღერის
ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ერთ-ერთი კაფეს თანამშრომლები ქართულ საკრავებზე როგორ უკრავენ და მღერიან, ამაში გასაოცარი არაფერი იქნებოდა რომ არა ის, რომ ეს კაფე პენსილვანიის შტატში, კერძოდ, ქალაქ ფილადელფიაში მდებარეობს. როგორც ირკვევა, მისი თანამშრომლები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც ისე სასიამოვნოდ მღერიან და ისეთი შეხმატკბილება აქვთ, რომ მათი ვინაობის გარკვევა გადავწყვიტეთ. მაშ, ვინ არიან ქართველები, რომლებიც სამზარეულოში არა მარტო შრომობენ, მთლიანად კაფეს სივრცეში საოცარ ცეცხლს ანთებენ? როგორ შეიკრიბა ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად ან რამ აქცია ისინი ემიგრანტებად? - ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი - დათო ნავერიანი მოგვიყვება, რომელსაც ფილადელფიაში დავუკავშირდით. ჩვენი რესპონდენტი მესტიიდანაა, კერძოდ, სოფელ მულახიდან.
დათო ნავერიანი:
- ამ კაფეს მეპატრონე, ბატონი დავით ღვინიანიძე ოპერის მომღერალია და ამ სივრცეს სახელიც "კაფე მაესტრო“ - პროფესიიდან გამომდინარე შეურჩია. საერთოდ ქართველებს სიმღერა არ გვიკვირს და სტაფის წევრებიც გარკვეული ნიჭით ვართ დაჯილდოებული - ყველა ვმღერით, ვუკრავთ, ვცეკვავთ... მე მენეჯერის პოზიციაზე ვარ. რატომღაც ასე ხდება ხოლმე, ჩემ ირგვლივ ყოველთვის ნიჭიერი, მუსიკალური საახლობლო და სამეგობრო იკრიბება. სხვაგვარად ცხოვრება არ შემიძლია...
ერთხელაც, როდესაც თანამშრომლების შეცვლა მომიწია, რამდენიმე პოზიციაზე ახალი თანამშრომელი მივიღე - ერთ-ერთი გიორგი ქავთარაძე, ვისთან ერთადაც ვმღერი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ. მოკლედ, სტაფი ასე მეგობრებით და ახლობლებით დავაკომპლექტე.
კაფეში, სადაც, ფაქტობრივად, თორმეტ საათს ვატარებთ, რადგან რესტორნის სისტემაა ასეთი, ვცდილობთ, რთული სამუშაო გრაფიკი პერიოდულად შევიმსუბუქოთ და თუნდაც სიმღერით ცოტათი განვიტვირთოთ. ნებისმიერი საქმიანობის დროს ადამიანი ხომ ღიღინებს და ჩვენც სამსახურში სულ ღიღინ-ღიღინში ვართ...
- კარგია, რომ თქვენს მშვენიერ ნამღერს ინტერნეტმომხმარებელსაც გვიზიარებთ... ამ კაფეში პირადად თქვენ როგორ აღმოჩნდით?
- საერთოდ, 22 წელია სარესტორნო ბიზნესში ვსაქმიანობ. ამერიკაში რომ ჩამოვედი, სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. კაფეს მეპატრონემ, ბატონმა დავით ღვინიანიძემ, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია, სამუშაოდ დამიძახა.
- ფილადელფიაში ბევრი ემიგრანტია, მათ შორის - ქართველი ემიგრანტიც. ალბათ ხშირად გსტუმრობენ?
- ძალიან ბევრი ემიგრანტია. ქართველებიც არიან და ძირითადად სლავური ქვეყნებიდან: რუსეთიდან, უკრაინიდან. გვსტუმრობენ ისინი, ვინც იცის ქართული სამზარეულო. ჩვენს ვიზიტორებს შორის ამერიკელებიც არიან. სამზარეულოში, მომსახურე პერსონალი სულ ქართველი ემიგრანტები ვართ.
- როგორც მითხარით, მესამე წელია, ამერიკაში ხართ. როგორ აფასებთ უცხო ქვეყანაში გატარებულ ამ პერიოდს? რა გამოწვევის პირისპირ გიწევთ ყოფნა?
- როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გქონდეს და ვინც არ უნდა გყავდეს აქ, მაინც ცარიელი ხარ. ეს არის ემიგრანტის ცხოვრება... როცა ტოვებ ფუძეს, შენს სამშობლოს, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს, ტოვებ საყვარელ ადამიანებს - ოჯახს, დედას, უდიდეს სამეგობროს, აქ რამდენი ახალი მეგობარიც არ უნდა გაიჩინო, რამდენ მეგობართან ერთადაც არ უნდა ჩამოხვიდე, მაინც მარტო ხარ...
შენი ძირითადი ატმოსფერო, გარემო იქ, საქართველოშია... აქ ცხოვრების სხვა რიტმი და მუშაობის სხვა სტილია, ერთ დღეს ვერ ჩააგდებ. გაქვს ცხოვრების ნორმალური პირობები, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი სევდა და ტკივილი ახლავს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შენს ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი იცვლება...
საერთოდ საქართველოდან ვინც ემიგრაციაში რაღაც პერიოდით მიდის, ფიქრობს, რომ უკან დაბრუნდება, მაგრამ ასე იშვიათად ხდება...