"მოკალით ყოველთვე 50 000 რუსი!.." - დიდი სასაკლაოს სტატისტიკა: ვინ რამდენი მებრძოლი დაკარგა რუსეთ-უკრაინის ომში
ვინ მოაწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი სასაკლაო ევროპაში...
რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობა ოთხ წელს უახლოვდება და მისი მასშტაბისა და ინტენსივობიდან გამომდინარე, საბრძოლო დანაკარგები პირად შემადგენლობაში ორივე მხარეს ძალიან დიდი აქვს...
ომში პირადი შემადგენლობის საბრძოლო დანაკარგი გამოითვლება დაუბრუნებელი (დაღუპულები) და სანიტარული (დაჭრილები, დაშავებულები, კონტუზირებულები ანუ ვინც მკურნალობის შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს ფრონტის ხაზზე) დანაკარგის გათვალისწინებით.
ჩვენ ვერ დავუჯერებთ ვერც უკრაინის და, მით უმეტეს, ვერც რუსეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწინააღმდეგის დანაკარგის შესახებ ყოველდღიურად გამოქვეყნებულ მონაცემებს, რადგან მათგან აშკარად გამოსჭვივის პროპაგანდისტული სულისკვეთება - სიტყვიერად შეამცირონ საკუთარი დანაკარგი და რაც შეიძლება გააზვიადონ მოწინააღმდეგის მსხვერპლის რაოდენობა.
ამისთვის საჭიროა მესამე, ნეიტრალური მხარის ანალიზი და ასეთი ფუნქცია თავის თავზე აიღო CSIS-სმა (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ვაშინგტონის ცენტრმა), რომელმაც გამოაქვეყნა რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დანაკარგებზე, მეომარი ქვეყნების პირად შემადგენლობაში.
ცენტრის კვლევებში მითითებულია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან (მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას) მოყოლებული, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთო ჯამში, დაკარგეს 1,2 მლნ სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 325 ათასი დაუბრუნებელ დანაკარგს ანუ დაღუპულს წარმოადგენს, დანარჩენები კი სანიტარული დანაკარგია, დაჭრილებისა და დაშავებულების სახით, რომელთა დიდი ნაწილიც შემდგომში შეიძლება ისევ დაუბრუნდა ფრონტის ხაზს და ხელმეორედაც კი დაიჭრა.
ოღონდ ამ რიცხვში არ შედის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მობილიზებულების დანაკარგები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები CSIS-მა შემდეგნაირად განსაზღვრა- 600 ათასამდე საერთო დანაკარგი, რომელშიც 100-დან 140 ათასამდე დაღუპულია.
ის, რომ აგრესორი რუსეთის საბრძოლო დანაკარგები პირად შემადგენლობაში ორჯერ აღემატება უკრაინისას, გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები მუდმივ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ, უკრაინელები თავდაცვაში არიან და, შესაბამისად, ფრონტის ხაზზე შემტევ მხარეს მეტი მებრძოლი ეღუპება და ეჭრება.
გარდა ამისა, პუტინის რუსეთი აგრძელებს სტალინის საბჭოთა კავშირის „ტრადიციას“ და ომებში არ უფრთხილდება თავის ჯარისკაცებს, აგზავნის რა მათ ისეთ იერიშებზე, სადაც გადარჩენის მინიმალური შანსიც კი არ არის.
1,2 მლნ მებრძოლის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ სხვა ქვეყანა, ალბათ, შეაჩერებდა საბრძოლო მოქმედებებს და ზავის დადებაზე იფიქრებდა, თუნდაც მის მიერ ყოფილიყო ეს ომი წამოწყებული, მაგრამ - არა რუსეთი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი სასაკლაო მოაწყო ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ - როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვისაც.
1950-53-იანი წლების კორეის ომში ამერიკელებს 54,4 ათასი სამხედრო დაეღუპათ, ვიეტნამის ომში - 47,3 ათასი, ხოლო ავღანეთში კი - 2001-2021 წლებში მხოლოდ 2,4 ათასი.
1979-89 წლებში საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში დაკარგა 15 031 მებრძოლი, ხოლო სანიტარული დანაკარგი დაჭრილებისა და დაშავებულების სახით შეადგენდა 53 753 სამხედროს.
გამოდის, რომ ბრეჟნევის საბჭოთა არმიამ ავღანეთის ცხრაწლიანი ომის განმავლობაში 21,6-ჯერ ნაკლები მებრძოლი დაკარგა, ვიდრე - პუტინის არმიამ უკრაინასთან ოთხწლიან ომში, თუმცა ამას თავის ობიექტური მიზეზები აქვს...
„ავღანეთში საბჭოთა არმიის შეზღუდული კონტინგენტის“ (მაშინ მოსკოვი ასე შეფარვით მოიხსენიებდა ავღანეთში შეყვანილ, ფაქტობრივად, საოკუპაციო საბჭოთა ჯარებს) მაქსიმალურმა რაოდენობამ 1986 წელს მიაღწია 108 789-ს მაშინ, როდესაც გასულ 2025 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების რაოდენობა უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე 700 ათასს გადასცდა.
ასევე დაგაინტერესებთ: რუსული "გერანების" ნავარდი კიევის ცენტრში ანუ როგორ ეხმარება ილონ მასკი თავისდაუნებურად პუტინს უკრაინის წერტილოვან დაბომბვებში
რა ძალებს მოუყარა თავი ამერიკამ ირანის წინააღმდეგ და როდის დაიწყება დიდი ოპერაცია?!
გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებების მასშტაბისა და ინტენსივობის შედარებაც აჩვენებს, რომ თუკი ავღანეთში საბჭოთა ჯარებს მოჯაჰედები ძირითადად მხოლოდ პარტიზანულად ებრძოდნენ გზებზე ჩასაფრებებისა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე უეცარი სწრაფი თავდასხმა-უკუქცევის ტაქტიკით, რუსეთ-უკრაინის ომში ორ ათას კმ-მდე გადაჭიმული ფრონტის ხაზი შეიქმნა, ორივე მხრიდან არტილერიის, რაკეტების, ავიაციისა და, რა თქმა უნდა, კამიკაძე-დრონების ფართო გამოყენებით.
სწორედ ამიტომაც, რუსეთ-უკრაინის ომის შედარება უპრიანია სწორედ მეორე მსოფლიო ომთან, მით უმეტეს, რომ ამ ომმა ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო გერმანია-საბჭოთა კავშირის 1941-45 წლების ომსაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თვეში 30 ათასამდე რუსი ოკუპანტი მაინც იღუპება, ხოლო ახალდანიშნულმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, 34 წლის მიხაილ ფედეროვმა დააკონკრეტა სტრატეგიული ამოცანა - ამ ომის ერთ თვეში არანაკლებ 50 ათასამდე რუსი ოკუპანტის ლიკვიდირება...
ეს ციფრები იქიდან მოდის, რომ რუსეთი ყოველთვიურად 30 ათასამდე ახალ რეკრუტს აგზავნის ომში, რითაც აკომპენსირებს დაუბრუნებელ საბრძოლო დანაკარგებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში და თუკი რუსი სამხედროების საბრძოლო დანაკარგი ყოველთვიურად 50 ათასს მიაღწევს, წესით, კრემლს უნდა გაუჭირდეს თავის არმიის საბრძოლო დანაყოფების შევსება და, შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალები დაკარგავენ საბრძოლო ინიციატივას და მუდმივ იერიშებზე გადასვლის თავიც აღარ ექნებათ...