უკრაინულ "პეტრიოტებს" 140-ზე მეტი რუსული "ისკანდერი" და "კინჟალი" ჩამოუგდიათ...
მეოთხე წელია უკრაინა თითქმის ყოველღამე დაუნდობლად იბომბება რუსეთის მხრიდან (მაგალითად,გასულ 2025 წელს მხოლოდ ოთხი ღამე იყო გამონაკლისი,როდესაც უკრაინაში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა) და ბოლო დროს ასეთი საჰაერო შეტევები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, მათ შორის უფრო მეტი რუსული ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით...
რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან სტარტაღებული „ისკანდერ-მ“ ტიპის კვაზიბალისტიკური და „მიგ-31კ“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიდან გაშვებული „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად უკრაინელი მეზენიტეების განკარგულებაში მხოლოდ ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ სარაკეტო-საზენიტო სისტემებია, რადგან სხვა, დასავლურ საზენიტო საშუალებებს არ ძალუძთ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა და თავად „პეტრიოტსაც“ ეს მხოლოდ კონკრეტული ანტირაკეტით,PAC-3-ით თუ შეუძლია...
თუ რამდენად გამოიჩინეს თავი ამერიკელებისა და გერმანელების მიერ მიწოდებულმა „პეტრიოტებმა“ უკრაინის ცაში რუსული „ისკანდერების“ მოგერიების სახით,აქამდე უცნობი რჩებოდა, სანამ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ნება არ დართო „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მეთაურს ინტერვიუ მიეცა,რომელშიც ის აცხადებს,რომ დღემდე მისმა დივიზიონმა შესძლო 250 საჰაერო სამიზნის განადგურება, რომელთა შორის 140-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა იყოო...
ეს სწორედ ის დივიზიონია, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს გაიგზავნა აშშ-ებში „პეტრიოტების“ შესასწავლად და მალავე მათ, პირველად მსოფლიო ისტორიაში, 2023 წლის 4 მაისს შესძლეს საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი „კინჟალის“ ჩამოგდება, რომელსაც რუსული პროპაგანდა ჩამოუგდებლად ნათლავდა...
უკრაინელი მეზენიტე ოფიცრის განცხადების-140-ზე მეტი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ-გადამოწმება ძალიან რთულია,თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაში ყველაზე მეტად სწორედ უკრაინელი მეზენიტეები გაიწაფნენ და ისიც იმ პირობებში, როდესაც ასე ძვირადღირებული და დეფიციტური თვითეული ანტირაკეტის ბოლომდე გაფრთხილება უწევთ, რომ ახლოს ჩაფრენილ რომელიმე რუსულ „გერანზე“ არ მიახარჯონ...
ისრაელის საჰაერო თავდაცვამაც კარგად „წაივარჯიშა“ ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერაში გასული წლის 12 დღიან საჰაერო ომში, მაგრამ ისრაელის არმიას ტრამპისგან გულუხვად ნაჩუქარი არც „პეტრიოტის“ ანტირაკეტები აკლდა და არც საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და მიუხედავად ამისა,ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ისრაელის რამდენიმე მსხვილი ქალაქების ცენტრებამდეც კი მიაღწიეს...
ბალისტიკური რაკეტების მოგერიება ურთულესი საქმეა, თანაც თითოეული მათგანის ჩამოსაგდებლად არანაკლებ ორი ანტირაკეტა უნდა იქნეს გაშვებული,ასეთი ფუფუნება კი უკრაინის გენშტაბს არ აქვს და „პეტრიოტის“ ანტირაკეტების მიწოდებაზე,უკრაინა მთლიანად აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ „ზამთრის ომის“ პერიოდში, როდესაც რუსი აგრესორები მიზანმიმართულად უტევენ უკრაინის თბო და ელექტროსადგურებს,უკრაინის ქალაქების მოსახლების გასაყინად, რუსული მხარე უფრო მეტი რაოდენობის „ისკანდერებითა“ და „კინჟალებით“ უტევს, რათა უკრაინელმა მეზენიტეებმა რაც შეიძლება მეტი „პეტრიოტის“ ანტირაკეტები გახარჯონ და ერთ დღესაც საერთოდ გამოელიოთ ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი „პეტრიოტების“ ანტირაკეტები.
ამასთან,თუკი ტრამპი მაინც გადაწყვეტს ირანზე საჰაერო შეტევას,ირანელები საპასუხოდ აუცილებლად გაუშვებენ ასობით თავიანთ ბალისტიკურ რაკეტას ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით და მათ მოსაგერიებლად ამერიკელებსა და ისრაელს კიდევ უფრო მეტი „პეტრიოტის“ ანტირაკეტის გამოყენება დასჭირდებათ,ეს კი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვას, რადგან ტრამპი ყოველთვის უპირველეს ყოვლისა სწორედ ისრაელს დაეხმარება და არა უკრაინას...