თინას სახლი - ერთი დღე მეგობართან იმერეთში
ქუთაისელმა თინა ტოროშელიძემ ბაბუისეულ სახლს ახალი სიცოცხლე ისე შთაბერა, რომ კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის არ გაუწყვეტია, ყველაფერი დიდი სიყვარულით ერთმანეთს შეუხამა და დაუკავშირა.
დღეს თინას ეთნოსახლი ის ადგილია, სადაც ევროპიდან ჩამოსული სტუმრები, და არა მხოლოდ ისინი, დიდ სიამოვნებას იღებენ. ამ სახლის სავიზიტო ბარათი თინას შექმნილ გარემოში იმერულად გამასპინძლებაა. დიასახლისის მიზანია, ყველა სტუმარს თავი იმერული სტუმარმასპინძლობის მონაწილედ აგრძნობინოს, აჩვენოს იმერული კერძების მომზადების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია.

თინა ტოროშელიძე:
- 10 წელიწადია, რაც ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტში ვსაქმიანობ - დიდ ჰოსპიტალში ვმუშაობ. ჯანდაცვის მაგისტრი ვარ, თუმცა პირველი პროფესია იურისტობაა, მაგრამ ჩემი მიმართულება არ აღმოჩნდა...
- ქუთაისში თბილისის ქუჩაზე, შუაგულ საფიჩხიაზე ცხოვრობთ და თქვენი საყვარელი ჰობი საკუთარი ხელით მოწყობილ ბაბუისეულ სახლში სტუმრების იმერული მასპინძლობაა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- აქ ყველა კუთხე-კუნჭული ჩემია, რადგან ჩემი ოჯახის ისტორიაა. მამაჩემიც ამ სახლში დაიბადა, სამშობიაროში კი არა. ძველი ნივთები გადასაყრელად მენანება და მათი შეგროვება-გადარჩენა ჩემი მთავარი სიამოვნებაა და ამ ყველაფრის თავმოყრით დავიწყე... ბებიაჩემისგანაც (მისი სახელი მქვია) ბევრი რამ მომყვება. ის გაზეთის რედაქციის მთავარი ბუღალტერი იყო, მისი წრე - მეგობრები, ძირძველი ქუთაისელები, ცნობილი პოეტები, სპორტსმენები, ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც ამ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ. ბებია დიდებული დიასახლისი და ასეთივე მასპინძელი გახლდათ. ეს მისგან გამომყვა - კარგი გაგებით გიჟი ქუთაისელი, იმერელი მასპინძელი ვარ. თვალებში რომ ვუყურებ ყველა სტუმარს და მათი თვალებიდან რომ ვიგებ, ტყემალს ომბალო ხომ ზუსტად აქვს და ხომ არაფერი აკლია... კი, ეს სტუმრის თვალებში უნდა ამოვიკითხო.
თავიდან მინდოდა, რომ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ისეთი სივრცე შემექმნა, როგორიც ბავშვობაში შინ, ბებიის დამსახურებით იყო. ვინაიდან ეს სივრცე მოძველებული იყო, მისი განახლება დავიწყე. ფული არ მქონდა ხელოსნის დასაქირავებლად და ჩემი ხელით ჯერ ერთი კუთხე გავლესე. ხელფასს რომ ავიღებდი, ტომარა ცემენტს ვიყიდდი, მერე აგურს, საღებავს... ასე ამოვაშენე და გავლესე კედელი, ელექტროგაყვანილობაც გავაკეთე. "ბალგარკით" ავტოფარეხის კარი გავასუფთავე. მერე ჩემს გასუფთავებულზე მეგობარმა ფიროსმანის ნახატი შემიქმნა. მინდოდა მეგობრებისთვის განსხვავებული გარემო შემექმნა, რასაც ქუთაისში ვერ ნახავდნენ. ამაზე 10 წელიწადს ვოცნებობდი. ერთ დღესაც დავპატიჟე ისინი და გაოცდნენ, ფოტოები გადაიღეს, გაავრცელეს და ამბობდნენ, რა განსაკუთრებული სითბოა, ეს ყველაფერი მხოლოდ შენთვის არ დაიტოვო, სტუმრებსაც უმასპინძლეო. რა სტუმრობა-მეთქი, მამამაც ვერ წარმოიდგინა, მასპინძლობაში ფული როგორ უნდა აგვეღო. ასეთი განწყობა მქონდა, სანამ აქ სტუმრობით პირველი გაკვირვებული ადამიანი არ დავინახე. მერე და მერე ჩემს მასპინძლობას შემოსავალი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს დღემდე არა აქვს ბიზნესის სახე. როცა თავისუფალი დრო მაქვს და როცა განწყობაზე ვარ, სტუმარს მაშინ ვიღებ.

- კერძებსაც თქვენ უმზადებთ?
- რა თქმა უნდა. სამსახურში ერთი საათი შესვენება მაქვს და იმ დროს მოვივლი ჩემს კოლორიტულ ქუთაისის ბაზარს. სტუმრები, ძირითადად, ევროპელები არიან. ისეთი ტურისტი არც მოდის, ვისაც კულტურა არ აინტერესებს. ისინი ერთი დღით ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც ვმასპინძლობ - ერთი დღე მეგობართან იმერეთში - ასე გრძნობენ თავს ამ სახლში. მე ჩემსას ვუყვები, ისინი თავისას.
- საერთოდ, იმერული მასპინძლობა რას მოიცავს?
- ეს ცალკე ფილოსოფიაა, უამრავი დეტალია. დაწყებული იმით, იმერელი მასპინძელი ქალი სუფრის ხელსაწმენდს როგორ გადაკეცავს, სუფრაზე როგორ დადებს, სტუმარს კერძს როგორ მიართმევს, როგორ ესიყვარულება და სითბოს როგორ უზიარებს... წინასწარ იმის ცოდნა მჭირდება, ვის ველოდები. რა უყვარს, ალერგია ხომ არა აქვს რამე საკვებზე, წიწაკიანი უყვარს თუ არა, ზოგი ქინძს არ ჭამს და ამას მომზადებისას ვითვალისწინებ. დედა სამზარეულოში მეხმარება.
- თქვენს საფირმო კერძებზე გვესაუბრეთ.
- მკვახე პამიდვრის საცივი, კეცის მჭადი ჭყინტ ყველთან, დაფა ყველანაირი მწნილით და მწნილეულობა ბებიაჩემის რეცეპტით, ჩემი ხელით არის დამზადებული. გოჭს სტუმრების თვალწინ შამფურზე მე თვითონ ვწვავ. გოჭებს სამეგრელოში ვეძებ საგანგებოდ, პრემიქსნაჭამი არ უნდა იყოს. საერთოდ, დეტალებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემთან ერთხელ ნამყოფი ადამიანებიც მობრუნებულან, უთქვამთ, თქვენ გამო ჩამოვედით, რომ ეს გემოები ისევ გავსინჯოთო... ასევე უყვართ მანდარინის მურაბა.

- გამორჩეულად რა მოსწონთ?
- გოჭი წიწმატის ფოთლებით, მანდარინის მურაბის, პიტნის, ნადუღის სოუსთან ერთად იმერულ ტყემალში - ყველაფერი სპეციალურად გამომცხვარ პურზე იდება.
- რა საინტერესოა... ღვინოსაც აყენებთ?
- ყურძენს მე ვწურავ და ღვინოსაც ვაყენებ: ოცხანურ საფერეს, ცოლიკაურსა და ქისს. მამა ამ პროცესში რეკომენდაციებითაა ჩართული. მარანი ძველია, ქვევრებიც, ეგ ყველაფერიც ბაბუის შექმნილია. ყურძენს ხან ვყიდულობ, ზოგჯერ ახლობელი ოჯახიდან მომაქვს.

- სამსახურის პარალელურად ამდენს როგორ ახერხებთ?
- დიდი ჰოსპიტლის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვარ. მთელ დღეს მაღალ ქუსლებზე ვატარებ, ფორსმაჟორიც გვაქვს, მაგრამ დაძაბული სამუშაოს შემდეგ ეს ჩემი ჰობი ერთგვარი განტვირთვაა. ამ ორი რამის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. ჩემი ერთგვარი სავანე, ნავსაყუდელი ვიპოვე.
- გემოფესტში მონაწილეობთ?
- მე-13 წელია ქუთაისი ამ ფესტივალს მასპინძლობს. მსგავსი ფესტივალი ჩვენს ქალაქს არა აქვს - ასეთია ქუთაისელების შეფასება. ყოველ წელს დიდი მოლოდინი გვაქვს, როდის დაიწყება. ახლა, მანდარინის სეზონზე, სპეციალურად ფესტივალისთვის უამრავი მურაბა დავამზადე.
- რა გეგმები გაქვთ?
- მინდა აქაურობას კიდევ ბევრი რამ შევმატო, რათა ეს სახლი არა მარტო გასტრონომიის, არამედ კულტურის გაზიარების ცენტრადაც იქცეს; ძველი ვიდეომასალები მოვიძიო და სტუმრებს ვაჩვენო, რა არის საქართველო; ძველი სამოსი, კულტურა, ტრადიციები, ვაჩვენო, როგორი იყვნენ ჩვენი წინაპრები... დავამატო დღეს მიკარგული ბევრი ძველი კერძი. ზოგიერთი უკვე მოძებნილიც მაქვს. მათ რესტორნების მენიუებში ვერ ნახავთ.
რაც შეეხება ღვინოს, იმერული ტრადიციით ვწურავ და ამ მხრივ ახალი გეგმა არა მაქვს, მხოლოდ წარმოებას თუ გავზრდი. ღვინის გაყიდვას არ ვაპირებ, ის ჩემი სტუმრებისთვისაა...
ეზოში ახალ სივრცეებს ძველი იმერული შტრიხებით შევქმნი. უკვე დავამატე ქუთაისური "ზალა", თავის ბროლის ვაზებით, ბებიაჩემს მოგზაურობიდან რომ ჩამოჰქონდა. აქვეა ბაფთიანი გიტარა, გამოფენილია ძველი, ისტორიული ქუთაისის ფოტოები, უკრავს იშხნელების ვინილი.
მასშტაბის გაზრდას არ ვაპირებ სარესტორნო სახის მისაცემად. დავრჩები ამავე ფორმატში, უბრალოდ, გარემო გამრავალფეროვნდება, რათა სტუმრებს, როგორც ვთქვი, მეტი წარმოდგენა შეექმნათ ჩვენზე, თუ საიდან მოვდივართ.