"პატარძლის ოჯახში მიდიოდნენ, ამბობენ, მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა და ხეს შეეჯახნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.Bბმვ_ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეეჯახა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ახალგაზრდები მარნეულის სოფელ სადახლოს მაცხოვრებლები არიან. ჩვენ დავუკავშირდით ამ სოფელში მერის წარმომადგენელს, მაგრამ მან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. გარდაცვლილები არიან 24 წლის ბიჭები უფუგ ბადალოვი და უმუდ ადგოზალოვი. მათთან ერთად მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი კი მიყენებული დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე მანქანა გოგოს ოჯახში მიდიოდა და სწორედ მექორწილეებს მოუხდათ ავარია.
"ასე გავიგე, რომ პატარძლის ოჯახში მიდიოდნენ, ამბობენ, მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა და ხეს შეეჯახნენ. სასწრაფო მალე მოვიდა, მაგრამ ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ერთი გადაყვანილია საავადმყოფოში. უმძიმესი სანახავია მანქანა, ყველაფერი სისხლში იყო მოსვრილი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები. დაღუპულებს მე არ ვიცნობდი, მითხრეს რომ სოფელ სადახლოდან არიან. მარნეულში სამწუხაროდ ხშირია ავარიები. მიზეზი ისევ სიჩქარეა. როგორც ჩანს, ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა მძღოლმა და ხეს შეასკდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს და მთელ მარნეულს. არ ვიცი რა გამოასწორებს ამ უბედურებებს. ძალიან სწრაფად დადიან მანქანებით ახალგაზრდები. ბევრს ჰყავს bmv და მართლა სულ მეშინია, მანქანით რომ ვმოძრაობ, ვინმე არ დამეჯახოს. ვფრთხილობ ძალიან. ყველა ხედავს ამას, მაგრამ პოლიციას არ აქვს რეაგირება, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, დღე არ გავა არ გავიგოთ მძიმე ავარიების შესახებ ”, - ამბობს ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.
სადახლოში მაცხოვრებელი გვიდასტურებს, რომ ახალგაზრდები ქორწილში მიდიოდნენ. მისი თქმით, სუფრა გოგოს სახლში იყო გაშლილი და დღეს იქ უნდა გამართულიყო ქორწილი. “დღეს ქორწილი იყო გოგოს სახლში, იქ მიდიოდნენ ყველანი და ამ დროს მოხდა ავარია, დაიღუპა ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა. მეტი რა უნდა გითხრათ. ახლა საავადმყოფიში ვარ და საუბარს ვერ შევძლებ”, მითხრა მან და ტელეფონი გამითიშა.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)