ციდან "ჩამოხსნილი" მორიგი რუსული „იხვნისკარტა“ და აეროდრომებზე აფეთქებული კიდევ 15 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი
გუშინდელი დღე, 28 იანვარი წარმატებული აღმოჩნდა უკრაინელი მეზენიტეებისთვის, რომლებმაც მორიგი რუსული „იხვნისკარტა“-Су-34-ის ტიპის რუსული საფრონტო ბომბდამშენი ჩამოაგდეს...
ეს დანაკარგი და, ასევე, „იხვნისკარტას“ ეკიპაჟის ორივე წევრის დაღუპვა უკვე დაადასტურეს რუსულმა სამხედრო ბლოგერებმა, რაც უკვე საკმარისია, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ამას არ აღიარებს.
ეს რუსული „სუ“ ჩამოგდებული იქნა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ზმეინის რაიონში, რომელიც უკრაინის სანაპიროდან 50 კმ-ზეა დაშორებული, რაც აჩენს ვარაუდს, რომ თავი გამოიჩინა უკრაინული „პეტრიოტის“ საზენიტო გათვლამ.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინასთან ომში დაკარგა არანაკლებ 41 ერთეული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი, რაც თითქმის ორი საავიაციო პოლკის შემადგენლობაა.
თითოეული მორიგი რუსული „იხვნისკარტას“ ჩამოგდება უკრაინის გენშტაბში განსაკუთრებით იმიტომაც უხარიათ, რომ რუსეთი სწორედ ამგვარი Су-34 -ებიდან უშვებს პლანირებისა და კორექციის უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ 500,1 500 და 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს, რომლებიც გამოირჩევიან მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტით და წარმოადგენენ ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს უკრაინის არმიის თავდაცვითი პოზიციებისთვის, ფრონტის ხაზზე.
ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინულ "პეტრიოტებს" 140-ზე მეტი რუსული "ისკანდერი" და "კინჟალი" ჩამოუგდიათ...
რა ძალებს მოუყარა თავი ამერიკამ ირანის წინააღმდეგ და როდის დაიწყება დიდი ოპერაცია?!
თუმცა 28 იანვრის „შავი დღე“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის მარტო ერთი „იხვნისკარტას“ ჩამოგდებით არ დასრულებულა - ამავე დღეს რუსეთმა, სავარაუდოდ, ასევე დაკარგა Су-30СМ ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავიც, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქში ჩამოვარდა, ოღონდ - უკრაინელი მეზენიტეების „დახმარების“ გარეშე, ტექნიკური პრობლემების გამო.
რუსეთის სამხედრო ავიაციის საბრძოლო დანაკარგებთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მის დაქვემდებარებაში მყოფი უპილოტო საფრენი აპარატების სპეცდანაყოფმა „ალფამ“ გასულ, 2025 წელს იერიშები მიიტანა რუსეთის ხუთ სამხედრო აეროდრომზე, მათ შორის - ანექსირებულ ყირიმშიც, რის შედეგადაც აეროდრომებზევე განადგურებული იქნა 12 რუსული თვითმფრინავი (მათ შორის Су-30СМ, Су-34, Су-27, Су-24, МиГ-31 ტიპის საბრძოლო და ერთი Ан-26 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი) და სამი შვეულმფრენი (დამრტყმელი Ми-28, სატრანსპორტო Ми-8 და მსოფლიოში უდიდესი Ми-26), ასევე, საავიაციო ბომბებისა და რაკეტების საცავიც.
და რაც ყველაზე საინტერესოა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თითოეულ ამ რუსულ თვითმფრინავსა და შვეულმფრენზე უკრაინული კამიკაძე-დრონების მოხვედრის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც დადო...
ვიდეო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის „ალფას“ სპეცდანაყოფის მიერ 2025 წლის განმავლობაში რუსულ აეროდრომებზე აფეთქებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ვიდეოკადრები