"იმდენი ფული, რამდენიც ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორშია, რომეო მიქაუტაძის მეუღლის დაბადების დღის გადახდას არ ეყოფა" - თენგო კირთაძე
რა ფულიც დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და სამოქალაქო სექტორში ტრიალებს, მაგდენი ფული არ ეყოფა რომეო მიქაუტაძის მეუღლის დაბადების დღის გადახდას - სუს-მა ხომ იცის მათ რა ფულიც აქვთ?! თანამშრომლებს ხელფასებს ვერ უხდიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიდიან სამსახურში - ბიძინა ივანიშვილს 50 000 ლარის ეშინია, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ გრანტებთან დაკავშირებული კანონი კიდევ უფრო გაამკაცროს, მათ შორის გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახადოს.
კირთაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ეს თანხაც კი არ აძლევს მოსვენებას, რომ ღამე ნორმალურად ეძინოს.
„რა ფულიც ქართულ [ოპოზიციურ] პოლიტიკურ სპექტრში, სამოქალაქო სექტორში დღეს ტრიალებს, მაგდენი ფული არ ეყოფა რომეო მიქაუტაძის მეუღლის დაბადების დღეს. მართლა, ჯამურად, რაც ტრიალებს. ასეთი თანხაც კი არ აძლევს ბიძინა ივანიშვილს მოსვენებას, რომ ღამე ნორმალურად ეძინოს. ამ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. სუს-მა ხომ იცის პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს რა ფულიც აქვთ?! ხელფასებს ვერ უხდიან და თანამშრომლები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიდიან სამსახურში. დაახლოებით, აქამდეა დასული თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თუ სამოქალაქო ორგანიზაცია. ამის შესახებ ინფორმაცია ხომ აქვთ „ქართული ოცნების ვერტიკალშიც“? უცებ როდესაც აქცენტს აკეთებენ ასეთ ფულზე, ზუსტად აჩვენებს, შენ როგორ შეიძლება იყო მმართველი, ამ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, როგორ შეიძლება დაპირება შეასრულო, თუ 50 000 ლარის გეშინია. ჩვენ რომ ჩვენი ცოლების დაბადების დღის გადასახდელად არ გვყოფნის, იმ ფულის როგორ გეშინია, თუ უძლეველად წარმოაჩენ საკუთარ თავს?! ამიტომაა ეს სწორედ სისუსტის ნიშანი,“ - განაცხადა კირთაძემ.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.
"ინტერპრესნიუსი"